საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1161(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები - ს. ჭ-ა, ა. მ-ე (კანონიერი წარმომადგენელი - ს. ჭ-ა)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 5 ივლისს ს. ჭ-ამ და ა. მ-ემ (კანონიერი წარმომადგენელი - ს. ჭ-ა) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენენ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახს. უძრავი ქონება მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი (ს/კ ...). ქვათაცვენის გამო მასში ცხოვრება იყო საშიში, რაც ასევე დასტურდება საინჟინრო- გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის შესაბამისად, ქვათაცვენის პროცესის პერიოდული რეაქტივიზაციის შედეგად სახლმა განიცადა დეფორმაცია. ასევე დეფორმირებულია დამცავი სამაგრი კედელი და აღენიშნება დაზიანების ნიშნები. შესაბამისად, იქ ცხოვრება არის საშიში, მით უფრო მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.
მოსარჩელის განმარტებით, განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, რაზედაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 31 მაისის №03-2575/ო ბრძანებით ეთქვა უარი, იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული სახლი არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 31 მაისის №03-2575/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელის ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ჭ-ასა და არასრულწლოვან ა. მ-ეის კანონიერი წარმომადგენლის - ს. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 31 მაისის №03-2575/ო ბრძანება. მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ს. ჭ-ასა და არასრულწლოვან ა. მ-ეის ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე და განმარტა, რომ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება საქართველოს კანონმდებლობით ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის, საფუძველია. დადგენილია, რომ ს. ჭ-ას მიერ 2019 წლის 28 მარტს შევსებულ იქნა განაცხადი ეკომიგრანტის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე. განაცხადში ს. ჭ-ას ოჯახის წევრად ფიქსირდება - შვილი - ა. მ-ე. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტია, სოფელი ...ი. ა. მ-ე არის ს. ჭ-ას შვილი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მესტიის რაიონში, სოფელი ...ში „...“ მდებარე 809 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი შენობით (ს/კ ...) ეკუთვნის ს. ჭ-ას. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, ს. ჭ-ას საცხოვრებელი სახლის დაზიანება შეფასდა II კატეგორიად. ს. ჭ-ას განაცხადის შეფასების მიხედვით, განაცხადს მიენიჭა 13 ქულა, აქედან 7 ქულა მიენიჭა საცხოვრებელი სახლის დაზიანების II კატეგორიის გათვალისწინებით, 6 ქულა - ოჯახს არ აქვს სხვა საკუთრება.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2022 წლის 2 და 3 მაისის სხდომაზე, ს. ჭ-ას განაცხადი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ დაზიანებული ქონება არ წარმოადგენს განმცხადებლის საცხოვრებელს. შესაბამისად, ოჯახი არ ჩაითვალა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 31 მაისის №03-2575/ო ბრძანებით ს. ჭ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქმეში დაცულ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 აგვისტოს №21/2577 წერილზე, რომლის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, უტყუარად დგინდება შემდეგი: „ტერიტორიის დათვალიერებისას გზის ვაკისზე დაფიქსირდა ქვათაცვენის პროცესის პერიოდული რეაქტივიზაციის შედეგად წარმოქმნილი დეფორმაციის, აგრეთვე გზის ვაკისის გასწვრივ აგებული ქვათაცვენისგან დამცავი სამაგრი კედლის დეფორმაცია-დაზიანების ნიშნები, ამასთან, დამცავი კედლის უკან მასალის სააკუმულაციო სივრცე სრულად ამოვსებულია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. პერიოდულად გააქტიურებული ქვათაცვენის პროცესით გამოწვეული დეფორმაციის კვალი მკაფიოდ ფიქსირდება ს. ჭ-ას კუთვნილი ნაგებობის აღმოსავლეთ კედელზე ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში წარმოქმნილი ბზარების სახით. ამასთან აღინიშნა, რომ სავსებით რეალურია გრავიტაციული პროცესის მკვეთრი აქტივიზაცია, რაც საშიშროებას შეუქმნის, როგორც ს. ჭ-ას კუთვნილ კაპიტალურ ნაგებობას (კაფე-ბარი და საცხოვრებელი ბლოკი) და ტერიტორიას, ისე მისი ოჯახის წევრთა, ობიექტის სტუმართა და საავტომობილო გზაზე გადაადგილებულ პირთა და ტრანსპორტის უსაფრთხოებას. აღნიშნული დასკვნით აუცილებელი იყო ს. ჭ-ას კუთვნილი კაპიტალური ნაგებობის გეოლოგიურად მდგრად უსაფრთხო ადგილზე გადატანა“.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ჭ-ასა და არასრულწლოვანი - ა. მ-ეის მუდმივი საცხოვრებელი სახლი, მდებარე: მესტიის რაიონში, სოფელი ...ში „...“, 809 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი შენობით (ს/კ ...), მდებარეობს პერიოდულად გააქტიურებული ქვათაცვენით დაზიანების საშიშროების ქვეშ. მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული დაზიანების კატეგორია განსაზღვრულია II კატეგორიით. ამასთან, ს. ჭ-ასა და ა. მ-ეის ოჯახს სხვა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ან სარგებლობაში არ გააჩნიათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების ოჯახი წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახს (ეკომიგრანტ ოჯახს).
რაც შეეხება აპელანტის პოზიციას ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურის (დანართი№1) მე-2 მუხლის მე-12 და მე-17 პუნქტებზე, რომლის შესაბამისად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეების მინიჭებული 13 ქულა სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ შემცირებულა, მათ შორის, უცვლელი დარჩა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში მინიჭებული 6 ქულაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს აუცილებლობიდან გამომდინარე, შეუძლია ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ მოსარჩელე და მისი შვილი ძირითადად ცხოვრობენ დედასთან - მანანა ჭკადუასთან. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 2022 წლის 2 და 3 მაისის სხდომაზე, ს. ჭ-ას განაცხადი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ დაზიანებული ქონება არ წარმოადგენს განმცხადებლის საცხოვრებელს.
კასატორის მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სადავო პერიოდში მოქმედი 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით და სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, რომლებიც თავდაპირველად, სხვებთან შედარებით უფრო ადრე საჭიროებენ საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელთაც სხვებთან განსხვავებით არ გააჩნიათ არანაირი საცხოვრებელი და საჭიროებენ სასწრაფო დაკმაყოფილებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სააგენტოს მიერ ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის ოჯახის დაკმაყოფილების საჭიროება. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ს. ჭ-ას, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ პროცედურაზე (დანართი№1), რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყრის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მე- 3 პუნქტი იძლევა ეკომიგრანტი ოჯახის განმარტებას, რომლის თანახმად, ეს არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენური კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
მითითებული პროცედურის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროების შეფასებისას მონაცემთა ბაზაში დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ეკომიგრანტი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ჭ-ას მიერ 2019 წლის 28 მარტს შევსებულ იქნა განაცხადი (№03-108544) ეკომიგრანტის მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე. განაცხადში ს. ჭ-ას ოჯახის წევრად მითითებულია შვილი - ა. მ-ე. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტია, სოფელი ...ი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე, მესტიის რაიონში, სოფელი ...ში „...“, 809 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდგომი შენობით (ს/კ ...) ეკუთვნის ს. ჭ-ას.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, ს. ჭ-ას საცხოვრებელი სახლის დაზიანება შეფასდა II კატეგორიად. ს. ჭ-ას განაცხადის შეფასების მიხედვით, განაცხადს მიენიჭა 13 ქულა, აქედან 7 ქულა მიენიჭა საცხოვრებელი სახლის დაზიანების II კატეგორიის გათვალისწინებით, 6 ქულა - ოჯახს არ აქვს სხვა საკუთრება.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 აგვისტოს №21/2577 წერილით წარდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის - მესტიის მუნიციპალიტეტის რიგ დასახლებულ პუნქტებში საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების არსებული მდგომარეობის შესახებ დასკვნის თანახმად, მოქალაქე ს. ჭ-ას კუთვნილი ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობა მდებარეობს მდ. ...ის ...ის მარცხენა, ძლიერ ციცაბოდ დახრილი (40-47 გრადუსამდე) ფერდობის ქვედა ნაწილში, ზუგდიდი-...ი მესტიის საავტომობილო გზის გაყვანის დროს ჩამოჭრილ და მოსწორებულ ზედაპირზე. საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს ხელოვნურად ჩამოჭრილი ფერდის ძირიდან 10-12 მ-მდე დაშორებით, ხელოვნურად მოსწორებულ ზედაპირზე, რომელიც დასავლეთის მიმართულებით რელიეფში მკვეთრი გარდატეხის შემდეგ, ძლიერ ციცაბოდ დახრილი ფერდის სახით ეცემა წყალსაცავის მიმართულებით. ტერიტორიის დათვალიერებისას გზის ვაკისზე დაფიქსირდა ქვათაცვენის პროცესის პერიოდული რეაქტივიზაციის შედეგად წარმოქმნილი დეფორმაციის, აგრეთვე გზის ვაკისის გასწვრივ აგებული ქვათაცვენისგან დამცავი სამაგრი კედლის დეფორმაცია-დაზიანების ნიშნები, ამასთან დამცავი კედლის უკან მასალის სააკუმულაციო სივრცე სრულად ამოვსებულია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. პერიოდულად გააქტიურებული ქვათაცვენის პროცესით გამოწვეული დეფორმაციის კვალი მკაფიოდ ფიქსირდება ს. ჭ-ას კუთვნილი ნაგებობის აღმოსავლეთ კედელზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში წარმოქმნილი ბზარების სახით. ამასთან აღინიშნა, რომ სავსებით რეალურია გრავიტაციული პროცესის მკვეთრი აქტივიზაცია, რაც საშიშროებას შეუქმნის, როგორც ს. ჭ-ას კუთვნილ კაპიტალურ ნაგებობას (კაფე-ბარი და საცხოვრებელი ბლოკი) და ტერიტორიას, ისე მისი ოჯახის წევრთა, ობიექტის სტუმართა და საავტომობილო გზაზე გადაადგილებულ პირთა და ტრანსპორტის უსაფრთხოებას. აღნიშნული დასკვნით აუცილებელი იყო ს. ჭ-ას კუთვნილი კაპიტალური ნაგებობის გეოლოგიურად მდგრად უსაფრთხო ადგილზე გადატანა.
საკასაციო პალატის განმარტებით, ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენების გამო ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე მიწის ნაკვეთზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. შესაბამისად, ასეთ მიწის ნაკვეთზე ცხოვრება ოჯახის ეკომიგრანტად მიჩნევის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე კასატორი, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს არსებობს თუ არა ოჯახის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) მიჩნევის საფუძველი. ამასთან, ასევე უნდა განისაზღვროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პრიორიტეტულობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხთან მიმართებით, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებული ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ ს. ჭ-ას საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი კაპიტალური ნაშენი შენობა, რომელიც დგას ...ის საავტომობილო გზაზე, აღნიშნულ ფართში განმცხადებელს კაფე აქვს გახსნილი, შესაბამისად, დაზიანებული ქონება არ წარმოადგენს განმცხადებლის საცხოვრებელს, რის გამოც ოჯახი არ ჩაითვალა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 2022 წლის 2 და 3 მაისის სხდომაზე ს. ჭ-ას წარდგენილი განაცხადი განიხილა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე (№03-108544) შეფასების შედეგად მინიჭებული 13 ქულის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ განაცხადს აღნიშნული ქულა მიენიჭა პირველადი შეფასების შედეგად, საიდანაც 6 ქულას შეადგენდა კრიტერიუმი - სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვს საკუთრებაში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული კრიტერიუმისათვის მინიჭებული ქულა ადგილზე გადამოწმების შედეგად ან სხვა სახის მტკიცებულებების მოპოვების საფუძვლით არ შეცვლილა. შესაბამისად, უდავოა, რომ ს. ჭ-ასა და არასრულწლოვან - ა. მ-ეის ოჯახს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ გააჩნიათ. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ადგილზე დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნულია, რომ ოჯახი ძირითადად ცხოვრობს დაზარალების ადგილზე, თუმცა უამინდობის დროს შვილთან ერთად მიდის დედის ოჯახში - სოფელ ...ში. მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით ასევე დგინდება ის გარემოება, რომ, მართალია, ს. ჭ-ას საკუთრებაში არსებული შენობის პირველი სართული მოწყობილია კომერციული დანიშნულებით, თუმცა მეორე სართული მოწყობილია საცხოვრებლად. ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული - ნ. ჭ-ას ჩვენებით დგინდება, რომ ს. ჭ-ა თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მესტიის რაიონში, სოფელი ...ში „...“, სადაც დგას დაზიანებული სახლი. აღნიშნული ადგილი არის ქვათაცვენის საშიშროების ქვეშ, რის გამოც ს. ჭ-ა ძირითადად ვერ რჩება ღამის გასათევად აღნიშნულ სახლში და საღამოობით მიდის დედასთან, სოფელ ...ში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ...ში არსებული სახლი ეკუთვნის ს. ჭ-ას დედის ოჯახს, სადაც ცხოვრობს სხვა ოჯახიც. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მეუღლეს გაშორებულია, ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს. ჭ-ას განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დაფუძნება იმ გარემოებაზე, რომ მეწყრული მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლი არ არის ს. ჭ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართი და ოჯახს არ სჭირდება განსახლება, დაუსაბუთებელია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავდაპირველი შეფასებით მოსარჩელის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 13 ქულა და ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას არ ჰქონია დადგენილი რაიმე ისეთი გარემოება, რაც ს. ჭ-ას განაცხადის თავდაპირველი შეფასებისას პროცედურით დადგენილი წესით ქულის შემცირების საფუძველი გახდებოდა.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება არ გამორიცხავს დევნილის ამ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებად მიჩნევას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში ის გარემოება, რომ მოსარჩელე თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად არ ცხოვრობს მესტიის რაიონში, სოფელი ...ში „...“, სადაც დგას დაზიანებული სახლი და მას იყენებს მხოლოდ კომერციული დანიშნულებისთვის. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე