საქმე ბს-1164 (გ-23) 30 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ს. ა-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხალვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ა-იმა 22.12.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) 03.09.2022წ. გადაწყვეტილების და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 11.11.2022წ. N MIA 5 22 03186558 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც 03.09.2022წ. უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოში შემოსავლაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი საქართველოში ცხოვრობს თითქმის ერთი წელია, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ ჩაუდენია კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2023წ. განჩინებით ს. ა-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...ს) მიერ ვიზის გაცემასა და საქართველოში შემოსვლაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც ს. ა-იმა ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთვის დადგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა იქნეს ფაქტის ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო - სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყვეტილიყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ. სასამართლოს მოსაზრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, საქალაქო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ განსჯადობის ამგვარი გადაწყვეტისას დაცული იქნება სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 28.06.2023წ. განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 20.10.2023წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება“, რომლის თანახმად დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). დებულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო კონტროლს, გასცემს საქართველოს ვიზას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...) შედის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა ფაქტის ადგილის, არამედ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. დავაზე მოპასუხეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38. ამდენად, დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოებს შორის წარმოიშვა დავა საქმის ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით. ტერიტორიული განსჯადობა არის ტერიტორიის მიხედვით საქმის სასამართლოსადმი განსჯადობა, რომელზედაც ვრცელდება მოცემული სასამართლოს საქმიანობა. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 მაწილი ზოგადად უშვებს სასამართლოებს შორის დავას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით (სსკ-ის 24-ე მუხ.), დავის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოებს შორის დაიშვება არა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა, არამედ აგრეთვე ინსტანციურ და ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა. სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით დავა დაიშვება მხოლოდ ადმინისტრაციული ან მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის, ტერიტორიულ განსჯადობაზე დავა შეუძლებელია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველ სასამართლოებს შორის, მათ შორის დასაშვებია დავა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობაზე. მოცემულ შემთხვევაში საგნობრივ განსჯადობაზე დავას ადგილი არ აქვს, დავა წარმოიქმნება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (order publie) შემადგენელ ნაწილად. კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს სასამართლოს განჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით, საპროცესო კოდექსებით. სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საქმის განსჯადობა სარჩელის დასაშვებობის სტადიაზე. სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით დავის განსჯადობით გადაცემა სხვა სასამართლოსათვის, რაც მხარეს იცავს მისი საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვისაგან იმ შემთხვევაში როცა მისთვის ცნობილი არ არის არაგანსჯადობის შესახებ, კანონიერ საფუძველს უნდა ემყარებოდეს და უნდა იყოს დასაბუთებული. სასკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. მოსამართლეს, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არცერთი მხარე არ აყენებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისათვის გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. განსჯადობის წესების დაცვით სასამართლო განხილვა არის სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.11.14წ. N1/4/557,576 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", პ.106).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) 03.09.2022წ. გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 11.11.2022წ. N MIA 5 22 03186558 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითებულია, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს ფაქტის ადგილის მიხედვით, რომელსაც წარმოადგენს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (...) სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. საქალაქო სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს იმ ნორმაზე მითითებას, რომელიც ფაქტის მოხდენის ადგილის მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განსჯადობაში მოქცევა ხელს შეუწყობს ადგილზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და იმპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპის დაცულობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს საკანონმდებლო საფუძველს და არა განსჯადობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიხედულებას, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა კანონით განისაზღვრება. რაც შეეხება სასამართოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული საჩივრის საშუალებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების საშუალების გამოყენების ვალდებულება თავისთავად განაპირობებს ცენტრალური ორგანოების ადგილმდებარეობის მიხედვით ანუ დედაქალაქის სასამართლოში ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების გარკვეულწილად თავმოყრას, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებებით არის განპირობებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშავოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებული, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი. სასამართლო არაა უფლებამოსილი საკუთარ თავს თვითნებურად მიანიჭოს განსჯადობის გადაწყვეტის კომპეტენცია, მას არ აქვს კომპეტენციის მინიჭების კომპეტენცია, კომპეტენციის მინიჭება ხდება მხოლოდ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანით. განსჯადობის საკითხს ადმინისტრაციულ სასამართლოწარმოებაში ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის საქართველოში დაშვება არ მოხდა ...ს სასაზღვრო პუნქტზე, არ ასაბუთებს დავის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსადმი კუთვნილებას, რადგან აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების კანონიერების შეფასება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლის 261-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. დავა არ შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, რომელსაც სასკ-ის მე-6 მუხლის თანახმად განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე, განსახილველი დავის არსი მდგომარეობს საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენაში, რაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება (იხ. სუსგ 05.10.2023წ. Nბს-999(გ-23)).
საერთო წესის თანახმად რამოდენიმე მოპასუხის (ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს) შემთხვევაში სსკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში როდესაც საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლებამოსილება მოსარჩელეს ეკუთვნის. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც თანამოპასუხეები არიან სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული ორგანოები ან ერთიანი სისტემის ზედა და ქვედა რგოლის სტრუქტურები. სსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, თუ საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის ვარიანტებს ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში განაპირობებს სარჩელის წარდგენა რამდენიმე მოპასუხისათვის, რომლებსაც ადგილმდებარეობა სხვადასხვა ტერიტორიაზე აქვთ ან რამდენიმე სასარჩელო განცხადების გაერთიანება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოსარჩელეს მოპასუხედ არ დაუსახელებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...). არ დაიშვება მოპასუხის მოთხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი. ამდენად, განსახილველი საქმე რომც იყოს რამოდემიმე სასამართლოს განსჯადი, სასამართლოს განსჯადობა წყდება მოსარჩელის არჩევით, მოცემულ შემთხვევაში ასეთი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლო. იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ სათანადო მოპასუხე არ დაასახელა, დაუშვებელია სარჩელის განსჯადობით გადაგზავნა იმ სასამართლოსათვის, რომლის მოქმედების ტერიტორიაზე მდებარეობს სასამართლოს აზრით სათანადო მოპასუხე. სასამართლო საკუთარი ინიციატივით არასათანადო მხარეს ვერ შეცვლის. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო ვალდებულია განიხილოს საქმე და უარი უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, რადგან უკეთუ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38, ამასთანავე, ზემდგომი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია წარმოადგინოს ქვემდგომი და არა პირიქით. საკასაციო სამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 11.11.2022წ. ბრძანება მიღებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ, ხოლო პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 03.09.2022წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც თავის მხრივ სამმართველოებად და სამსახურებად არის დაყოფილი. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შორის სახელდება საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.), რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სავიზო და საპასპორტო კონტროლს (11.2 მუხ. „დ“, „ე“ ქვ.პ.). შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აერთიანებს: საზღვრის მართვის განყოფილებას, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...), სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...), აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს და სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურს (...) (11.1 მუხ.), ხოლო თავის მხრივ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...) (11.1 მუხ. „ე.ა“ ქვ.პ.). მართალია უწყების იერარქიული სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოების დაქვემდებარება ზემდგომისადმი, უკანასკნელის მიერ ქვემდგომის გადამოწმების შესაძლებლობა არ იწვევს მექანიკურად ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის სასამართლო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს დეპარტამენტს, "საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების" მე-6 მუხლის მიხედვით საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, არის რა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული (მე-6 მუხ. "ე" ქვ.პ.), დებულების თანახმად (დებულების მე-6 მუხ. მე-2 პ.) ის არ განეკუთვნება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს. "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში (12.1 მუხ.). სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი უცხოელს აძლევს თანხმობას ან უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე. ამდენად, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...) შედის დასავლეთ სამმართველოს შემადგენლობაში, ეს უკანასკნელი კი არის შსს საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენელი ნაწილი (მე-11 მუხ.), მოსარჩელესთან მიმართებით პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 29.04.2023წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებლად და დეპარტამენტის სახელით. "საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების" მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...), ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო: ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სავიზო და საპასპორტო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით გასცემს საქართველოს ვიზას (მე-11 მუხ. მე-2 პ. "დ", "ე", "ზ" ქვ.პ.). ამდენად, სამსახურებრივი სუბორდინაცია მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს მმართველობის რგოლებს შორის ჰორიზონტალურ ურთიერთობებს. ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს დადგენისას მხედველობაში არ არის მისაღები ის, თუ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო რომელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. ქვეყანაში შემოსვლის საკითხები, საქართველოს კონსტიტუციის 7.1 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია ერთიდაიმავე ადმინისტრაციული ორგანოს ქვემდგომი და ზემდგომი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული აქტები, შესაბამისად, ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით, მოპასუხის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელის (ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38) მიხედვით. "რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.20წ. N3 დადგენილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა, რომელიც მოიცავს საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ა-ის ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ.გოგიაშვილი