Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-417(კ-23) 16 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ. ქ-ე (კანონიერი წარმომადგენელი - გ. ბ-ე)

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი; ლ. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 26 ივნისს გ. ბ-ემ, როგორც დ. ქ-ეის კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ) სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... და 2018 წლის 30 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილებისა და ლ. მ-ეის სახელზე მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ლ. მ-ეის სახელზე რეგისტრირებული ხონში, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაუქმებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილების მიღებამდე საჯარო რეესტრში არსებული მდგომარეობის აღდგენის მოპასუხისათვის დავალება. მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო რეესტრმა სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკმაყოფილა ლ. მ-ეის განცხადება და არასრულწლოვანის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაარეგისტრირა მოპასუხე ლ. მ-ეის სახელზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით არასრულწლოვან დ. ქ-ეის (კანონიერი წარმომადგენელი გ. ბ-ე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ. ქ-ეის კანონიერმა წარმომადგენელმა - გ. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები. სააპელაციო პალატამ კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტზე, როგორც მოსარჩელის უფლებების დაცვის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტზე მხარის მითითებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულება არ არის დაცული კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით და შესაბამისად, დ. ქ-ეის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხი არ დგას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დ. ქ-ეის მიმართ არც კანონიერი ნდობის პრინციპის საკითხი არ გამოიყენება, ვინაიდან ეს ორი პრინციპი უფლების წყაროდ გადაიქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით ზიანი არ ადგება სხვა პირის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი, და ვერც გასაჩივრებული აქტის არამართლზომიერება იქნა კონკრეტული არგუმენტით დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-ეის კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

გ. ბ-ეის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით დაირღვა ბავშვის უფლებები. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც საქმის არასწორი გადაწყვეტა გამოიწვია. გაუგებარია რა გახდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი. კასატორის კანონიერი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო აქტით, უკანონოდ და დაუსაბუთებლად, ძალადაკარგულად გამოცხადდა აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც ბავშვის სახელზე, სრულიად კანონიერად იქნა რეგისტრირებული საკუთრების უფლება. დ. ქ-ეის საკუთრების უფლება კანონის მოთხოვნის შესაბამისად იქნა რეგისტრირებული.

კასატორის კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2020 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... და 2018 წლის 30 დეკემბრის №... გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებით, ფაქტობრივად, გაუქმდა ჩუქების ხელშეკრულება. სასამართლოს ასევე ყურადღება არ გაუმახვილებია, რომ სარჩელი ეფუძნება არასრულწლოვნის უფლებების დარღვევას.

მხარემ ასევე სადავოდ გახადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობები საქმის კოლეგიური წესით განხილვის, არასრულწლოვანი მოსარჩელისათვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის და საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ქ-ეის (კანონიერი წარმომადგენელი - გ. ბ-ე) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ეის (კანონიერი წარმომადგენელი - გ. ბ-ე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 20 მარტის №36 განკარგულებით და №33 საკუთრების უფლების მოწმობით და. ქ-ეს საკუთრებაში გადაეცა ხონის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 2658 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობით, რაც გახდა და. ქ-ეის სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი. 2018 წლის 25 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით და. ქ-ემ აღნიშნული უძრავი ქონება აჩუქა არასრულწლოვან შვილს - დ. ქ-ეს.

დადგენილია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 17 მაისის №60 39 განკარგულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე კომისიის 2018 წლის 20 მარტის განკარგულება №36 და 2018 წლის 20 მარტის საკუთრების უფლების მოწმობა №33.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისს წარედგინა №... სარეგისტრაციო განცხადება (დაინტერესებული პირი: ხონის მუნიციპალიტეტის მერია, მესაკუთრე: დ. ქ-ე (პ/ნ ...)), რომლითაც მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთზე (უძრავი ნივთის მისამართი: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., ზონა: ხონი, სექტორი: ..., საკადასტრო კოდი: ...) უფლებათა ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება). განცხადებას თან ახლდა ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №60 39 განკარგულება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე კომისიის 2018 წლის 20 მარტის №36 განკარგულება და №33 საკუთრების უფლების მოწმობა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 ივნისის №... სადავო გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მარტის №... და 2018 წლის 30 დეკემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ივნისს და. ქ-ეის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ხონის მუნიციპალიტეტის მერიის, ხონის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირის - ლ. მ-ეის მიმართ და მოითხოვა კომისიის 2019 წლის 17 მაისის №60 39 განკარგულებისა და ამავე კომისიის 2019 წლის 10 მაისის სხდომის ოქმის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმდა კომისიის №36 განკარგულება და №33 საკუთრების უფლების მოწმობა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, და. ქ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით, რომელიც და. ქ-ეის საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №ბს-32(კ-21) განჩინებით. ხსენებულ დავაში, სასამართლოებმა დაადგინეს, რომ კომისიის №60 39 განკარგულება ეფუძნებოდა უტყუარ მტკიცებულებებს, რომლის თანახმად, და. ქ-ეის საკუთრებად აღიარებული, ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში მდებარე 2658 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მოიცავდა 16.03.2017წ. №170265496 სამკვიდრო მოწმობით დადგენილ ლ. მ-ეის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას - 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობასთან ერთად. შესაბამისად, სასამართლოებმა არ გაიზიარეს მხარის (მოსარჩელის) მოსაზრება, რომ ლ. მ-ეის განცხადებაზე დართული მასალები არ ქმნიდა და. ქ-ეის სახელზე საკუთრების მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადების იურიდიულ საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩამოყალიბებული ერთიანი სასამართლო პრაქტიკით, ჩუქების ხელშეკრულება არ არის დაცული კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით (სსკ-ის 185-ე მუხლი), რადგან ამ ტიპის გარიგების შემთხვევაზე კეთილსინდისიერების პრეზუმფციის დამდგენი ნორმა არ ვრცელდება (სუსგ №ას- 397-397-2018, 19.04.2019წ); ჩუქების, როგორც უსასყიდლო გარიგების დროს, არ არსებობს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი შემძენს უბრუნდება (სუსგ №ას-1230-2018, 14.12.2018წ). ამრიგად, პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დ. ქ-ეის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხი არ დგას, ხოლო თავად ჩუქების ხელშეკრულება შეფასებულ იქნა საქმის განმხილველი სასამართლოების მიერ და დადგინდა, რომ ჩუქების ხელშეკრულება ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს. რაც შეეხება სადავო აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას, პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლზე, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია და შესაბამისად, უდავოა, რომ უფლება, რომელიც და. ქ-ემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა არასრულწლოვან შვილს - დ. ქ-ეს, მას არ ეკუთვნოდა, უფრო მეტიც, მოიცავდა სხვა პირის - ლ. მ-ეის უფლებას. და. ქ-ემ განკარგა ქონება, რომელიც სხვა პირის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა. უკანონო საკუთრება კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროში ვერ ექცევა, რადგან ამ დროს თავად საკუთრების უფლების არსებობაა საეჭვო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება №1/2/384 საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14). ამდენად, დ. ქ-ეის მიმართ ასევე არ არსებობს კანონიერი ნდობის პრინციპისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი, ვინაიდან კანონიერი ნდობა უფლების წყაროდ გადაიქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით ზიანი არ ადგება სხვა პირის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის თაობაზე, კერძოდ, დასახელებული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ და. ქ-ეის უფლების დამდგენი დოკუმენტების ძალადაკარგულად ცნობა და შესაბამისად მის სახელზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის უკანონობა იწვევს შემდგომში განხორციელებული რეგისტრაციების, როგორც თანამდევი სამართლებრივი შედეგის ბათილობასაც.

ბავშვის უფლებების და მისი საუკეთესო ინტერესების შელახვის თაობაზე საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო საკუთრება, რომელიც ამავდროულად სხვა პირის უფლებებს ლახავს, კანონით დაცულ სფეროში ვერ ექცევა, მათ შორის, არც ბავშვის შემთხვევაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული მხარის პოზიცია მასზედ, რომ საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო ბავშვზე, როგორც განსაკუთრებული უფლებების მქონე სუბიექტზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობები საქმის კოლეგიური წესით განხილვის, არასრულწლოვანი მოსარჩელისათვის სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნის და საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოში დაყენებულ ზემოაღნიშნულ თითოეულ შუამდგომლობასთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ გარკვეული კატეგორიის საქმეთა ერთპიროვნულად განხილვის შესაძლებლობას, რომელთა შორის განსაზღვრულია საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავაც. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს საქმე არ უნდა განეხილა ერთპიროვნულად, ვინაიდან საქმე ეხება ბავშვის უფლებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითითებული საფუძვლით სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმე ერთპიროვნულად განეხილა, ვინაიდან სადავო საკითხი სწორედ სარეგისტრაციო ჩანაწერებს ეხება. კასატორის (აპელანტის) მითითება კი, არ ადასტურებდა სასამართლოს ვალდებულებას განსახილველი საქმის კოლეგიური წესით განხილვაზე.

არასრულწლოვანი მოსარჩელისათვის საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს თანმიმდევრული და კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. ხოლო 41 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარე გადახდისუუნაროა და, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე მხარის კანონიერი წარმომადგენელი წარმოდგენილი იყო ადვოკატით, რომელსაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს როგორც საერთო, ისე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“, ბავშვთა უფლებების (სამოქალაქო) სპეციალიზაციის განხრით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზეც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოსარჩელისათვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, არ არსებობს ნორმატიული დანაწესი, რომელიც, განსახილველ შემთხვევაში, სახაზინო ადვოკატის დანიშვნას დაავალდებულებდა სასამართლოს. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას, ანუ იმ დროს, როდესაც მოსარჩელის ინტერესებს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენელი - დედა იცავდა, დაკმაყოფილდა მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა და არასრულწლოვან დ. ქ-ეს დაენიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.

რაც შეეხება საქმეში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართვის თაობაზე შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. დებულების მე-2 მუხლი სააგენტოს მიზნებად ასახელებს: ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობას; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველყოფას; გ) მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, დახმარებას და რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. მე-3 მუხლში კი სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია განსაზღვრული, რომელთა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში, დავის საგნიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩართვის აუცილებლობა სახეზე არ არის. ამრიგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით მხარეს მართებულად ეთქვა უარი დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ქ-ეის (კანონიერი წარმომადგენელი - გ. ბ-ე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე