Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-463(კ-23) 15 მაისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - პ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები (სასკ 16.2) - ა. ნ-ი, მ. ნ-ა, რ. ნ-ა, სს „ს...“, სს „თ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

პ. ნ-იმა 2020 წლის 2 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის №... (მესამე პირების მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავდროულად, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ნ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით პ. ნ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ნ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ პ. ნ-ის მოთხოვნის უარყოფა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით გაუქმდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება და პ. ნ-ის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2020 წლის 18 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე პ. ნ-იმა წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 აგვისტოს №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ, ამავე სასარჩელო მოთხოვნით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2020 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილების (უძრავ ქონებაზე მესამე პირების თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) მოქმედების შეჩერება საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებაზე.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაებნენ სს „თ...“ და სს „ს...“. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაერთნენ მ. ნ-ა და რ. ნ-ა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით პ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ნ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით პ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ნ-იმა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში.

კასატორის მითითებით, 2013 წლის 19 სექტემბერს გაცემული №130989666 სამკვიდრო მოწმობით დასტურდება ნ. ნ-ას სახელზე რეგისტრირებული №... მთლიანი უძრავი ქონების არასრულწლოვანი პ. ნ-ის მხრიდან მემკვიდრეობით მიღებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტი. მესაკუთრეთა გრაფაში მიეთითა მხოლოდ ერთი მესაკუთრე - ნ. ნ-ა. ნ. ნ-ას გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 19 სექტემბერს გაცემული №130989666 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, არასრულწლოვანმა პ. ნ-იმა მემკვიდრეობით მთლიანი უძრავი ქონება მიიღო და დაირეგისტრირა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით.

კასატორი მიუთითებს, რომ უძრავი ქონების ნ. ნ-ას საკუთრებაში რეგისტრაციის ან მემკვიდრეობით მიღების დროს, საჯარო რეესტრის ამონაწერში რაიმე სახის მითითება ან ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ეს ქონება იყო კომლის საკუთრება, არ არსებობდა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ №... ქონების თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2020 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 22 იანვრის №... გადაწყვეტილების კანონიერება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია 2020 წლის 17 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაცია, რომლითაც სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა ა. ნ-ის, მ. ნ-ასა და რ. ნ-ას თანასაკუთრების უფლებით.

კასატორი მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ძალაშია, ამ დოკუმენტის საფუძველზე უძრავი ქონება მთლიანად რეგისტრირებულია პ. ნ-ის საკუთრების უფლება, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა ეს ქონება დაერეგისტრირებინა მესამე პირების თანასაკუთრებაში. სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე მითითებით დაიცვა მესამე პირების უფლება საკუთრებაზე, რითიც უგულებელყო არასრულწლოვანი პ. ნ-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქონების პ. ნ-ის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ (19.09.2013), მან მშობლების დახმარებით, ქონება დატვირთა იპოთეკით „თ...ში", აიღო კრედიტი და მიწის ნაკვეთზე ააშენა მეორე შენობა-ნაგებობა 224.08 კვ.მ ფართობით. ქონება რომ არ ყოფილიყო მის საკუთრებაში, მათი ოჯახი ამ ხარჯებს არ გაიღებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივი შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 30.07.2018 წლის ცნობის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ მარნეულის რაიონის სოფ. ...ს სასოფლო საკრებულოს სოფელ ...ს 1986-2009 წ.წ. საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ. ს. კ. ნ-ა, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: კ. ა. ნ-ი (გადახაზულია, გარდაიცვალა) - შვილი; მ. ა. ნ-ია - შვილი: ე. გ. ნ-ა (გადახაზულია) - რძალი; ა. კ. ნ-ვ (გადახაზულია) - შვილიშვილი; ო. მ. ნ-ი - შვილი; მ. კ. ნ-ვ - შვილიშვილი; ა. კ. ნ-ვ - შვილიშვილი; რ. კ. ნ-ვ - შვილიშვილი; ა. კ. ნ-ვ - შვილიშვილი; შ. კ. ნ-ვ - შვილი; ი. ა. კ. ნ-ა - რძალი.

10.03.2003 წლის №6293/2003 მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ნ-ა ნ. ს. კ.-ს საკუთრებაში ირიცხება მარნეულის რაიონის სოფელი ...ში მდებარე 0.378 ჰა ფართობის უძრავი ქონება ს/კ - ით ... უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია: სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია.

03.08.2012 წელს ნ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მარნეულის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.08.2012 წლის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ. ნ-ას განცხადება და უძრავი ქონებაზე (ს/კ ..., ფართი - 3697.09 კვ.მ) დარეგისტრირდა ნ. ნ-ას საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საკომლო წიგნის ჩანაწერები და პირადი განცხადება.

19.09.2013 წლის №13098966 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, არასრულწლოვანმა პ. ნ-იმა, როგორც ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო გარდაცვლილ ნ. ნ-ას სამკვიდრო ქონება სრულად.

27.09.2013 წელს პ. ნ-იმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მემკვიდრეობის საფუძველზე, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია №... ს/კ-ის მქონე უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.10.2013წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ. ნ-ის განცხადება, უძრავი ქონებაზე ს/კ ..., ფართით - 3697.09 კვ.მ დარეგისტრირდა პ. ნ-ის საკუთრების უფლება და გაიცა შესაბამისი ამონაწერი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 19.09.2013 წ. სამკვიდრო მოწმობა №130989666.

31.08.2019 წელს სს „ს...მა“ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, წარადგინა იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვა უძრავ ქონებაზე ს/კ ... იპოთეკის უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.09.2019 წლის №... გადაწყვეტილებით, პ. ნ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე ს/კ ... დარეგისტრირდა სს „ს...ს“ იპოთეკის უფლება.

09.09.2019 წელს პ. ნ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა (მამამ) - ად. ნ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა №... ს/კ-ს მქონე უძრავ ქონებაზე, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების შეტანა, განცხადებას თან დაურთო შიდა აზომვითი ნახაზი, აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.09.2019 წლის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა პ. ნ-ის განცხადება და №... ს/კ-ის მქონე უძრავ ქონებაზე გაიცა ამონაწერი.

22.10.2019 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართეს რ. ნ-ამ, ა. ნ-იმა (როგორც კომლის აქტიურმა წევრებმა) და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვეს უძრავ ნივთზე, ს/კ ..., ცვლილების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.10.2019 წ. №... გადაწყვეტილებით რ. ნ-ასა და ა. ნ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. 21.11.2019 წელს ა. ნ-იმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს 28.10.2019წ. №... გადაწყვეტილების გაუქმება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.01.2020 წ. №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ნ-ის საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 28.10.2019 წ. №... გადაწყვეტილება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.01.2020 წ. №... გადაწყვეტილებით, გაუქმდა გასაჩივრებული აქტი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ უძრავ ქონებაზე ს/კ ... პ. ნ-ის საკუთრების უფლებასთან ერთად უნდა დარეგისტრირებულიყო საარქივო ცნობაში მითითებული კომლის ყველა იმ აქტიური წევრის თანასაკუთრების უფლება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აკმაყოფილებდა კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პირობებს.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.01.2020წ. №...-04 გადაწყვეტილებით, რ. ნ-ას განცხადებაზე განახლდა წარმოება. 21.02.2020 წ. პ. ნ-ის წარმომადგენელმა ო. მ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და №... განცხადებასთან დაკავშირებით მოითხოვა დაინტერესებულ პირად ჩაბმა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2020წ. №... გადაწყვეტილებით, რ. ნ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, უძრავ ქონებაზე ს/კ ... დარეგისტრირდა პ. ნ-ის, მ. ნ-ას, რ. ნ-ას და ა. ნ-ის თანასაკუთრების უფლება და გაიცა შესაბამისი ამონაწერი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 17.08.2020წ. №... გადაწყვეტილება პ. ნ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ, 17.08.2020წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მარეგისტრირებელი ორგანოს №... გადაწყვეტილებით პ. ნ-ის უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, იმ საფუძვლით, რომ საკითხი მიეკუთვნებოდა სასამართლოს განსჯადობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მესამე პირების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, მან სადავო უძრავი ქონება მიიღო ერთპიროვნულად სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხა საკუთრების უფლებით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მარეგისტრირებელმა ორგანომ შეზღუდა მისი როგორც მესაკუთრის უფლებები და უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), როგორც მამკვიდრებლის კომლის წევრებზე, ასევე აღრიცხა მესამე პირთა საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით. დასახელებული მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. პირის უფლება - დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით (უფლებაში ჩარევის საგამონაკლისო შემთხვევების გარდა), ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში. კონვენციის მიზნებისთვის, საკუთრების ცნება მოიცავს მფლობელობას და მთელ რიგს სხვა მატერიალურ-ფინანსურ უფლებებს. ამასთან, ცნებას ავტონომიური მნიშვნელობა აქვს და დამოუკიდებელია ეროვნული სამართლის რეგულირებისგან (იხ. Marckx v. Belgium, ECHR, 1976წ; Sporro№g a№d Lo№roth v. Swede№, ECHR 1982წ; James a№d Others v. the U№ited Ki№gdom, ECHR 1986 წ;

დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტზე რომლითაც განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (1964 წლის რედაქცია). აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით (123.1 მუხლი).

„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბერის №487 ბრძანების 40.1 მუხლის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს 2007 წლის 20 სექტემბრისა. უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლის 61 პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა საკუთრების უფლების განსაზღვრისთვის, აუცილებელია საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების, სადავო რეგისტრაციების განხორციელებამდე და მას შემდეგ რეგისტრირებული მონაცემების შესწავლა და ურთიერთშედარება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივის 30.07.2018 წლის ცნობაზე, რომლის შესაბამისად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული მარნეულის რაიონის სოფ. ...ს სასოფლო საკრებულოს სოფელ ...ს 1986-2009წწ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ. ს. კ. ნ-ა (მოსარჩელის მამკვიდრებელი), კომლის შემადგენლობაში სხვა პირებთან ერთად ირიცხებიან მესამე პირები: მ. კ. ნ-ვი - შვილიშვილი; რ. კ. ნ-ვ - შვილიშვილი; ა. კ. ნ-ვი - შვილიშვილი; ამასთან ირკვევა, რომ ნ. ს. კ. ნ-ას კომლიდან გამოყოფას, ცალკე კომლად რეგისტრაციას ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს, იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 03.08.2012 წელს ნ. ნ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.08.2012 წლის № ... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ნ. ნ-ას განცხადება და უძრავი ქონებაზე ს/კ ... დარეგისტრირდა მისი საკუთრების უფლება. ამასთან, რეგისტრაციის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა საკომლო წიგნის ჩანაწერები.

საკასაციო პალატა მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით უტყუარად დგინდება, რომ მესამე პირები ნ. ნ-ას კომლში რეგისტრირებული იყვნენ 20.09.2007 წლის მდგომარეობით და შესაბამისად, მათ კომლის ქონებაზე, როგორც კომლის წევრებს, მოსარჩელის მამკვიდრებლის ანალოგიურად გააჩნდათ საკუთრების უფლება. ამასთან, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ნ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია ფაქტობრივად კომლის საერთო ქონებაზე (ს/კ ...) განახორციელა, ვინაიდან, ნ. ნ-ას საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად) სწორედ საკომლო წიგნის ჩანაწერები გახდა.

19.09.2013 წლის №13098966 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელე მხარემ - არასრულწლოვანმა პ. ნ-იმა, როგორც ნ. ნ-ას ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.10.2013წ. №... გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება (ს/კ ...) აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. საფუძვლიანია სასამართლოთა დასკვნა, რომ პ. ნ-იც, როგორც ნ. ნ-ას მამკვიდრებელი, წარმოადგენს კომლის ქონების თანამესაკუთრეს, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მამკვიდრებელს თავადაც კომლის ქონებაზე გააჩნდა თანასაკუთრების უფლება, შესაბამისად, პ. ნ-იმაც სწორედ ამ მოცემულობით მიიღო სამკვიდრო. სსკ-ის 1328-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო შეიცავს მამკვიდრებლის ქონებრივ უფლებას, რომელიც მას ჰქონდა გარდაცვალების მომენტისათვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ კომლის შესახებ ინფორმაცია მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ხელმისაწვდომი იყო საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე და ცნობილი უნდა ყოფილიყო მემკვიდრისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სადავო გადაწყვეტილებების (22.01.2020წ. №..., 17.08.2020წ. №...) კანონიერების საკითხთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებების საფუძველზე, კომლის ქონება აღირიცხა კომლის აქტიურ წევრებზე (აღნიშნულ დავაში მესამე პირებზე) თანასაკუთრების უფლებით, რაც საქმის ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით სრულად შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2020 წლის №... გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.08.2020 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს (სუსგ №ბს-1695-1651(კ-10), 25.05.2011წ. და №ბს-408-403(2კ-14), 14.07.2015წ.).

საკასაციო სასამართლო კვლავაც ადასტურებს, რომ სასამართლოს კომპეტენციის არსებობა რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, შეისწავლოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება, თუმცა საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2020 წლის №... გადაწყვეტილების (რომელზედაც შეტანილ იქნა საჩივარი) კანონიერება და დაადგინა რა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიზანს პირველადი რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა, მოცემული მომენტისთვის აღარ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2020 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე არც გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საჭიროება, რამეთუ ამ აქტის ბათილად ცნობა ვერ განაპირობებს მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის დადგომას და ფაქტობრივად ვერ გამოიწვევს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. პ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

ნ.სხირტლაძე