Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-166(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - თ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლიდან დღემდე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და ცხოვრობს ...ის ტერიტორიაზე სასტუმრო ,,...ში“. ამ ხნის განმავლობაში იგი არ ყოფილა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი, მიუხედავად ამისა, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №03/9604 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სასტუმრო ,,...ში“ ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №03/9604 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 სხდომის ოქმის თ. გ-ას ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის №03/9604 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 სხდომის ოქმი თ. გ-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განუხილველობის (არ დაკმაყოფილების) ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა თ. გ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის არსებითი განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. (დევნილი ოჯახი), რეგისტრაციის N ..., მუდმივი საცხოვრებელი ადგილი - სოხუმი, ... ქუჩა N..., დროებითი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი - ქ. თბილისი, ..., სასტუმრო ,,...ი“ (ოთახი N...). დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, მოსარჩელის დევნილი ოჯახი შეფასებულია 5 ქულით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 18 მაისის მდგომარეობით თ. გ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: საქართველო, თბილისი, გლდანი - ნაძალადევის რაიონი; ...ა ...ი, კორპუსი; 4 სართ, ბინა N.... ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13.03.2017 წლის N001357917 დასკვნის თანახმად - ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, სასტუმრო ,,...ის“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტს. შესაბამისად, განისაზღვრა იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 10 ივნისის N03/9604 გადაწყვეტილების მიხედვით, დევნილ თ. გ-ას ოჯახის ქალაქ თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე შენობიდან (,,...ი“) კრიტერიუმების გარეშე გასახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის სხდომაზე (N28) არ იქნა განხილული, ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის კონკრეტული დროის მონაკვეთში საცხოვრებელ მისამართზე არ ყოფნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე დევნილი ოჯახი ფაქტობრივად, არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში. შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის ან/და სხვა მიზეზით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ფაქტობრივი (რეგისტრაციის) საცხოვრებლის დატოვება (თუნდაც ნათესავთან, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და სხვ.), თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი, აღარ წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელს და ამდენად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას და არ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც არ გააჩნია სხვა ალტერნატიული საცხოვრისი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ. გ-ას პერიოდულად უწევს საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილზე არ ყოფნა, უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის ,,ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არ ცხოვრების“ ფაქტს და გამორიცხავს, მისი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება მოსარჩელე თ. გ-ას სარგებლობაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შეფასებები და დასკვნები ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, თ. გ-ას დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის გარეშე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა მხოლოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ. გ-ა თავის დროზე რეგისტრირებული იყო მისამართზე, ქ. თბილისი, ... სასტუმრო ,,...ი“. ვინაიდან, აღნიშნული ობიექტი გახლდათ ნგრევადი იმის მიუხედავად მოსარჩელე ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა თუ არა მუდმივად, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით.

როგორც საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, ობიექტის აღწერის დროს მოსარჩელე ადგილზე არ იმყოფებოდა. არც ფაქტობრივ მაცხოვრებლებს მიუწოდებიათ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია. თავად მოსარჩელესაც არ მიუმართავს განცხადებით ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას და არ მოუთხოვია მისამართზე მისვლა და მისი გადამოწმება. აღნიშნულის გათვალისწინებით მონიტორინგის სამმართველოს თ. გ-ასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ვერ მოხდა მისი საკითხის დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე გატანა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ბათილად ცნო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 28 აპრილის კომისიის სხდომის ოქმი, სადაც საერთოდ არ ყოფილა მოხსენიებული თ. გ-ა, მის ნაწილში კომისიას არც უმსჯელია და ოქმიც არ გამოცემულა მოსარჩელესთან დაკავშირებით.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამგვარი მდგომარეობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. მინისტრის N01-30/ნ ბრძანება ნორმატიული ხასიათისაა. ბრძანების უმთავრესი დანიშნულებაა, დევნილებში, ყველაზე უფრო მეტად შეჭირვებული კატეგორიის გამოვლენა და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება. მოსარჩელის საკითხის განხილვისას კომისიას წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნულ ობიექტში ჩატარებული გადამოწმების შედეგად შედგენილი მონიტორინგის მასალა. იმის გამო, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობდა მითითებულ ნგრევად ობიექტში, მისი საკითხი არ განხილულა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე.

კასატორის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 4 აპრილის N28 სხდომის ოქმი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ვინაიდან თ. გ-ას საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე არ განხილულა, შესაბამისად, მის ნაწილში ოქმის ბათილად ცნობაც სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ თ. გ-ასათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ნგრევად შენობაში ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).

ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე - თ. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი რეგისტრაციის მისამართია ქ. თბილისი, ...ა, ,,...ი“. თ. გ-ამ 2016 წლის 22 იანვარს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის წერილის თანახმად, თ. გ-ას ოჯახი, 2021 წლის 29 დეკემბერს, ობიექტის (,,...ი’’) აღწერის დროს, მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე არ დახვდა და არც ფაქტობრივად მცხოვრებლებს მიუწოდებიათ მასზე ინფორმაცია. ამასთან, მოქალაქე თ. გ-ას, მის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით, სააგენტოსთვის განცხადებით არ მიუმართავს და შესაბამისად, ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროების შესწავლა მონიტორინგის სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა.

საქმეში არსებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 21 აპრილის №28 სხდომის ოქმის თანახმად დგინდება, რომ კომისიას წარედგინა 2017 წლის 13 მარტის ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული N001357917 დასკვნა ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, სასტუმრო ,,...ის’’ ტექნიკური (მდგომარეობა) შესახებ. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს სასტუმრო ,,...ში მცხოვრებ დევნილ ოჯახთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა განეხილათ მინისტრის 08.04.2021 წლის N01- 30/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით. სულ კომისიას განსახილველად წარედგინა 60 დევნილი ოჯახისაგან შედგენილი რეესტრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისში, ...ის დასახლებაში მდებარე, სასტუმრო ,,...ი“, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე, არის ნგრევადი ობიექტი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის კონკრეტული დროის მონაკვეთში საცხოვრებელ მისამართზე არ ყოფნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის მტკიცებულებად, რომ მოსარჩელე დევნილის ოჯახი, ფაქტობრივად, არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას“ (სუსგ №ბს-326(კ-21), 22.07.2021წ.). ამდენად, აღსანიშნავია, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო აქტი თ. გ-ას დევნილის ოჯახის საკითხის არ განხილვის ნაწილში, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე