საქმე Nბს-109(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ა-ისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 10 ოქტომბერს ს. თ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობა დაიწყო 1999 წლიდან, 1999-2003 წლებში მუშაობდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილებაში ...ად, 2003-2004 წლებში შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ...ის საგამოძიებო სამსახურში ...ად, 2004-2005 წლებში შსს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის ...ის საგამოძიებო სამსახურში, 2008-2015 წლებში შსს მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს პოლიციის მე-..., მე-..., მე-... განყოფილებაში, 2019 წლის ივნისიდან - შსს ... განყოფილებაში ...ად. მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის დასკვნა. მოსარჩელე განმარტავს, რომ არის პოლიციის ..., იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალკვალიფიციურობით.
მოსარჩელემ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 0... ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ...ის, (პოლიციის ...) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მის სასარგებლოდ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება ს. თ-იმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განჩინებით ს. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განჩინება ს. თ-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ს. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით ლ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ადმინისტრაციულ N3ბ/142-23 საქმეზე მოსარჩელის ს. თ-ის გარდაცვალების გამო შეწყდა საქმის წარმოება მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ს. თ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ...ის (პოლიციის ...) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1-ლი ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. თ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. მ. ა-ი და ნ. თ-ი დადგენილ იქნენ მოსარჩელე ს. თ-ის უფლებამონაცვლეებად N3ბ/142-23 ადმინისტრაციულ საქმეში - „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 0... ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ასევე, ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - მისი გარდაცვალების დღემდე (29.08.2021წ-მდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობა, მოსარჩელე ს. თ-ის უფლებამონაცვლეებად, N3ბ/142-23 ადმინისტრაციულ საქმეზე მ. ა-ისა და ნ. თ-ის დადგენის თაობაზე, „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 0... ბრძანების ბათილად ცნობისა და ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მისი გარდაცვალების დღემდე (2021 წლის 29 აგვისტომდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების მოთხოვნების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ. ა-ისა და ნ. თ-ის (ს. თ-ის უფლებამონაცვლეები) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. თ-ი შსს გენერალური ინსპექციის 2019 წლის 20 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 0... ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. ს. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები (დისციპლინური გადაცდომის სახეებია - ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ, ასევე მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს).
სააპელაციო პალატამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ა. ო-ის წერილობით ახსნა-განმარტებასა და ...ის სამმართველოს ... განყოფილებაში არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერზე და დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ს. თ-იმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიმდინარე გამოძიებაზე თითქოსდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, დაიბარა ა. ო-ი და ამ მიზეზით მასთან პირადი ურთიერთობის დამყარება სცადა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ს. თ-ის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც საზოგადოებაში ნეგატიურ განცდას აჩენს მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემული შემთხვევის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ დაასაბუთა ს. თ-ითან მიმართებაში სახდელის ყველაზე მკაცრი სახის გამოყენების საჭიროება. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული, თავის მხრივ, დაკავშირებულია დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-იმა და ნ. თ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 0... ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ასევე, ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მისი გარდაცვალების დღემდე (29.08.2021წ-მდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების მოთხოვნის ნაწილში) დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, ს. თ-ის გათავისუფლების შესახებ შსს მინისტრის ბრძანება არაავთენტურია და არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. კასატორები სადავოდ ხდიან ს. თ-ის განთავისუფლების შესახებ შსს მინისტრის 23.09.2019წ. ბრძანების როგორც მატერიალურ, ასევე ფორმალურ კანონიერებას. კასატორები აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი წარმოადგინა ერთ ფურცლად, შტამპი პირველივე გვერდზეა. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მოპასუხემ ზემოაღნიშნული სადავო ბრძანება წარმოადგინა ორ ფურცლად, ამ შემთხვევაში ბეჭედი დოკუმენტის ცარიელ ფურცელზეა დატანილი, რაც არალოგიკურია. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას მასზედ, რომ სადავო ბრძანება ხელმოწერილია ელექტრონულად. ს. თ-იმა გათავისუფლების თაობაზე შეიტყო 2019 წლის ნოემბერში, გათავისუფლების შესახებ ბრძანების თუნდაც ელექტრონული ფორმით არსებობის შემთხვევაში, იგი მოსარჩელისთვის უნდა გადაეცათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ა-ისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იყო „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 23 სექტემბრის MIA 3 19 0... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, ს. თ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ...ის, (პოლიციის ...) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხის მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით ლ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ადმინისტრაციულ N3ბ/142-23 საქმეზე მოსარჩელის ს. თ-ის გარდაცვალების გამო შეწყდა საქმის წარმოება მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ს. თ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ...ის, (პოლიციის ...) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1-ლი ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ს. თ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. მ. ა-ი და ნ. თ-ი დადგენილ იქნენ მოსარჩელე ს. თ-ის უფლებამონაცვლეებად N3ბ/142-23 ადმინისტრაციულ საქმეში - „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 0... ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ასევე, ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მისი გარდაცვალების დღემდე (29.08.2021წ-მდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების დავალების მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ს. თ-ის უფლებამონაცვლეებად, მ. ა-ისა და ნ. თ-ის დადგენის თაობაზე, „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის NMIA 3 19 0... ბრძანების ბათილად ცნობისა და ს. თ-ის სამსახურიდან დათხოვნის დღიდან მისი გარდაცვალების დღემდე (2021 წლის 29 აგვისტომდე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალების მოთხოვნების ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნებისთვის ითვალისწინებს სასარჩელო მოთხოვნებს, მოთხოვნათა საბოლოო ფორმულირებას და იმსჯელებს მათზე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე ს. თ-ი 1999 წლიდან 2019 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2019 წლის 1 ივნისიდან გათავისუფლებამდე - 2019 წლის 23 სექტემბრამდე, დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ...ის, პოლიციის ...ს თანამდებობაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2019 წლის 23 სექტემბერს გამოსცა NMIA 3 19 0252120 ბრძანება, მოსარჩელე ს. თ-ისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძვლად მითითებულია გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის თანახმად, ს. თ-იმა ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) და ,,დ’’ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2019 წლის 19 სექტემბერს შევიდა მოქალაქე ა. ო-ის N2481793 შეტყობინება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ს. თ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე.
მოქალაქე ა. ო-ის 2019 წლის 19 სექტემბერს მიცემული ახსნა- განმარტებით, დასტურდება, რომ 2019 წლის 18 იანვარს გამოიცა შემაკავებელი ორდერი მისი ყოფილი მეუღლის - ლ. მ-ის მიმართ და ასევე დაიწყო გამოძიება. 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, მას დაუკავშირდა უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო, როგორც მისი საქმის გამომძიებელი, სახელად, სა. თ-ი. მან უთხრა, რომ საქმეში იყო ახალი გარემოებები და დეტალებთან დაკავშირებით მას და პროკურორს სურდათ შეხვედრა. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ა. ო-იმა ვერ შეძლო 2019 წლის 18 სექტემბერს ღამის 12 საათამდე ტელეფონის აღება, ...ის მიერ საქმეზე დაბარების გამო ა. ო-ი 2019 წლის 19 სექტემბერს 01:30 საათზე გამოცხადდა ...ის მე-... განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ...ის - ს. თ-ის არაეთიკური ქცევების გამო თავი უხერხულად და დამცირებულად იგრძნო.
"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებს გარემოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებაზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითა, რომ "არსებითია ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლებული პირის პიროვნება, მისი ზოგადი დამოკიდებულება დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას, მანამდე არსებული დისციპლინური გადაცდომების არსებობა, ასევე, ის, თუ რა კონკრეტული ზიანი მიაყენა ჩადენილმა ქმედებამ ადმინისტრაციულ ორგანოს, რა დოზითა და სახით შეაფერხა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირება, აგრეთვე, სხვა ისეთი ფაქტორები, რომელიც ცალსახად უპირობოდ გაამართლებს ი. მ-ეის სამსახურიდან დათხოვნას. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით" (სუსგ №ბს-643(კ-კს-19) 2 აპრილი, 2020 წელი).
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმ გარემოებებზე ყურადღების გამახვილებას, რამაც განაპირობა ს. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლება. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია ს. თ-ის დისციპლინური გადაცდომა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, სახეზეა ს. თ-ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც გამოიხატა მისი მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირადი მიზნებისთვის ა. ო-ის საგამოძიებო უწყებაში დაბარებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი საქართველოში დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციური ნორმებით, საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების თაობაზე გადაწყვეტილებათა მომზადების, მიღებისა და გამოქვეყნების წესები, პროცედურები კი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რაც მათი ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მართლზომიერ დაბალანსებაში ვლინდება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის პოლიციელის მიმართ სამსახურიდან დათხოვნა გათვალისწინებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-3 მუხლით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცალსახად პროპორციულია ჩადენილ გადაცდომასთან მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს. თ-ის მსგავსი ტიპის ქმედების გამო ადმინისტრაციული სახდელი ერთხელ უკვე დაედო. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე 2017 წელს შს მინისტრის N1320474 ბრძანებით გამომძიებელ ს. თ-ის შეეფარდა დისციპლინური სახდელი - სასტიკი საყვედური.
საკასაციო სასამართლო საქმეში დაცული ა. ო-ის წერილობით ახსნა-განმარტებით და ... განყოფილებაში არსებულ ვიდეოთვალის ჩანაწერზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს. თ-იმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიმდინარე გამოძიებაზე თითქოსდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, დაიბარა ა. ო-ი და ამ მიზეზით მასთან პირადი ურთიერთობის დამყარება სცადა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დგინდება ს. თ-ის მიერ კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, რაც შეუფერებელია საჯარო მოსამსახურისთვის და საზოგადოებაში სამართალდამცავი უწყების მიმართ ნდობის კუთხის საფრთხისშემცველია. შსს სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში ისე მის გარეთ, მათ უნდა გააჩნდეთ მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. პოლიციელებს ევალებათ პროფესიონალიზმთან ერთად განუხრელად დაიცვან ეთიკა, რათა საზოგადოებაში ავტორიტეტი შეინარჩუნონ.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რა დროსაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ უსაფუძვლოა კასატორების მოთხოვნა განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული, თავის მხრივ, დაკავშირებულია დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორები საკასაციო საჩივარში სადავოდ ხდიდნენ ს. თ-ის განთავისუფლების შესახებ შსს შინაგან საქმეთა მინისტრის 23.02.2019წ. ბრძანების ფორმალურ კანონიერებასაც.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან (სუსგ ბს-627(კ-19), 11.06.2019წ.)
საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2019 წლის 23 სექტემბრის №MIA 3 19 0... ბრძანებაზე (ორ ფურცლად), რომელზეც დატანილია შსს მინისტრის - ვ. გ-ის ხელმოწერა. მითითებული ბრძანების პირველ გვერდზე დატანილი ბეჭდით დგინდება, რომ დოკუმენტი ხელმოწერილია ელექტრონულად (შტამპდასმულია). ბრძანების ორივე ფურცელზე ასევე დასმულია შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ბეჭედი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში დამატებით წარმოდგენილი სადავო აქტის (№MIA 3 19 0... ბრძანების) რეგისტრაციის დოკუმენტში (23.09.2019წ.) აღნიშნულია დოკუმენტის ტიპი (წახალისება/დასჯა (შსს)), შიდა ნომერი (№...), თარიღი (23/09/2019), ინიციატორი (ს-ი გ. (...), ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი/ საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფის სამმართველო/სამსახურის გავლის უზრუნველყოფის განყოფილება), თემა (დისციპლინური წესით დასჯა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ (ქ. თბილისი)), ავტორები (გ-ი ვ. (მინისტრი) შ.ს.ს.), ვიზირებები და ადრესატები, ხოლო დოკუმენტის საფუძვლად მითითებულია დასკვნა/ანგარიში (შსს) ... (20.09.2019წ.)
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი არის ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა („ა“ ქვეპუნქტი); ხელმომწერი არის ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს („გ“ ქვეპუნქტი); შტამპის დამსმელი არის იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონულ შტამპს ქმნის.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის თანახმად, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. კვალიფიციური ელექტრონული შტამპი იძლევა ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას – ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობა და წარმომავლობა უტყუარად ითვლება, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-4 და მე-6 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. საკმარისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. ამავე კანონის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას მასზედ, რომ სადავო ბრძანება არაავთენტურია, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება ს. თ-ის ან მისი უფლებამონაცვლეების მიერ საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნა წარდგენილი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ს. თ-ისთვის ხელმოუწერელი სადავო ბრძანების ჩაბარების ფაქტის დადასტურების პირობებშიც, არარელევანტურია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 23 სექტემბრის №MIA 3 19 0... ბრძანება გამოცემულია აქტის ფორმალური კანონიერების კრიტერიუმების დაცვით, კერძოდ, გამოცემულია (ხელმოწერილია) უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისთვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა