საქმე №ბს-96(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 20 აპრილს ნ. კ-იმ და ნ. წ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილებით, ნ. კ-ი და ნ. წ-ი დაჯარიმდნენ 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. კერძოდ, აშენებული იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური კედელი ჭიშკრით. აღნიშნული ობიექტები ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 4 მარტის №218 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ისა და ნ. წ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილების გაუქმების თაობაზე.
მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილებით დაჯარიმდნენ 25 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №..., ...ის I შესახვევი (ყოფ. ...ის ...) მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. კერძოდ, აშენებული იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური კედელი, რომლებიც სცდება საკადასტრო საზღვრებს. კაპიტალური კედელი გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო კაპიტალური შენობა - სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 მარტის №301 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ისა და ნ. წ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილების გაუქმების თაობაზე.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... და ამავე თარიღის №... დადგენილებების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 მარტის N218 და 2021 წლის 16 მარტის N301 ბრძანებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ისა და ნ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 მარტის №218 და 2021 წლის 16 მარტის №301 ბრძანებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... და №... დადგენილებები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე მუხლებზე, 131-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 123-ე, 125-ე, 127-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის მე-4 პუნქტზე.
სააპელაციო პალატამ საქართველოს "სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 122-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც შესაძლოა გავრცელდეს სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში არსებული ნორმების მოქმედება. ზოგადი წესის თანახმად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის განმახორციელებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა და მხოლოდ ასეთი პირის მოუძიებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ქონების მესაკუთრეს ანდა მოსარგებლეს. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული გამოიკვლიოს და დაადგინოს სამართალდამრღვევის ვინაობა და მხოლოდ აღნიშნულის შეუძლებლობის შემდეგ გადაიტანოს პასუხისმგებლობა მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის მწარმოებელი პირის დასადგენად განხორციელებული გარემოებები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2014 წლის ორთოფოტოზე სადავო ობიექტების არსებობა თავად დაადასტურა მოპასუხემ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არც კი გამოუკითხავს სადავო ობიექტების 2018 წლამდე (მოსარჩელის მიერ საკუთრების შეძენამდე) არსებული მესაკუთრისათვის, სადავო მშენებლობის შესახებ, იმ დროს, როდესაც მხარე მიუთითებდა 2018 წელს საკუთრების უფლების მოპოვების დროს უძრავი ნივთის არსებული სახით გადაცემაზე. გასაჩივრებულ აქტებში არ არის შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ არ იქნა დადგენილი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... და №... დადგენილებები გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. სასამართლოების შეფასებით დაუშვებელია ერთი სამართალდარღვევის სუბიექტის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო პასუხი აგოს სხვა სუბიექტმა, რის გამოც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე უნდა იქნეს წარმოებული სათანადო დამრღვევის მიმართ, რამდენადაც დარღვევის გამოსწორების დავალებით არასათანადო დამრღვევისათვის ვერ მიიღწევა კანონის მიზანი - არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
კასატორი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისში ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი N...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური კედელი ჭიშკრით, რომლებიც ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.tas.ge) განთავსებული 2010 და 2014 წლების აეროფოტოგადაღებით (ორთოფოტო) დგინდება, რომ სადავო 2020 წლის 04 დეკემბრის №... დადგენილებით განსაზღვრული ობიექტები 2010 და 2014 წლებში იყო განხორციელებული, შესაბამისად, ხსენებული მშენებლობის კანონიერების შესასწავლად გამოყენებულ უნდა იქნეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დანაწესი. კასატორი მიუთითებს ზემოაღნიშნული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტზე, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, 65-ე და 66-ე მუხლებზე, მე-3 მუხლის 74-ე პუნქტზე. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, მოცემული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, რაც მოსარჩელეებს არ გააჩნდათ. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ნ. კ-ი და ნ. წ-ი. ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ ნ. კ-ის და ნ. წ-ის მიმართ საქმისწარმოება დაწყებულ იქნა, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეების მიმართ და სადავო დადგენილებით ხსენებულ პირებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორც მესაკუთრეებს. ნ. კ-ისა და ნ. წ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი წარმოშვა მათმა უმოქმედობამ, რამდენადაც აღნიშნულმა პირებმა ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში სამართალდარღვევა არ აღმოფხვრეს.
კასატორმა მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N255 დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებზე, ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, მე-3 მუხლის ,,ჰ18" პუნქტზე. კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის I შესახვევის (ყოფ. ...ის №...) მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, აშენებულია კაპიტალური შენობა და კაპიტალური კედელი. ამასთან, კაპიტალური კედელი გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო კაპიტალური შენობა გადადის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეების მიერ დადასტურებულია ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მათ მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტი. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ გაიზიარებენ, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მოსარჩელეების მიერ წარმოების ფაქტი არ დგინდებოდა და მათ არსებული სახით შეიძინეს ქონება, მოსარჩელეებს პასუხისმგებლობა მაინც უნდა დაეკისრებოდათ საკუთარი უმოქმედობის და არა სხვისი ბრალის გამო, რამდენადაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების დროს ისინი წარმოადგენდნენ უძრავი ნივთის მესაკუთრეებს შესაბამისად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვალდებულება სწორედ მათ ეკისრებოდათ, რაც მათ არ განახორციელეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... და ამავე თარიღის N... დადგენილებებისა და მათზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 მარტის №218 და 2021 წლის 16 მარტის №301 ბრძანებების კანონიერება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №..., ...ის I შესახვევი (ყოფ. ...ის №...-ის მიმდებარედ), №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 107 კვ.მ და 62 კვ.მ მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ. კ-ისა და ნ. წ-ის სახელზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 15 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნ. კ-ისა და ნ. წ-ის მიმართ №... მითითება შეადგინა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №..., ...ის I შესახვევის (ყოფ. ...ის №...) მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ნ. კ-ისა და ნ. წ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აშენებული იქნა კაპიტალური შენობა და კაპიტალური კედელი, რომლებიც სცდებიან საკადასტრო საზღვრებს. კაპიტალური კედელი გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო კაპიტალური შენობა - სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე მითითებით ნ. კ-ისა და ნ. წ-ის განესაზღვრათ 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა სადავო ობიექტის დემონტაჟის ან ამავე მითითების გაცემის მომენტამდე არსებული შესაბამისის სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად.
2020 წლის 6 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ შეადგინა №... შემოწმების აქტი, რომლითაც 2020 წლის 15 ივლისის №... მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, ნ. კ-ისა და ნ. წ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ნ. კ-იმ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 6 ოქტომბრის №4-3/284-გ/20 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივლისის №... მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი შედგა 2020 წლის 6 აგვისტოს), ნ. კ-ისა და ნ. წ-ის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ობიექტის განმეორებითი გადამოწმებით გამოვლინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივლისის №... მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა, რაც დაფიქსირდა ფოტომასალაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილების მიხედვით, ნ. კ-ი და ნ. წ-ი დაჯარიმდნენ 25 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №..., ...ის I შესახვევი (ყოფ. ...ის ...) მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. კერძოდ, აშენებული იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური კედელი, რომლებიც სცდება საკადასტრო საზღვრებს. კაპიტალური კედელი გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო კაპიტალური შენობა - სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით ნ. კ-ის და ნ. წ-ის დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ნ. კ-ისა და ნ. წ-ის წარმომადგენელმა 2021 წლის 18 იანვარს №19/01210183375-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილების გაუქმება მოითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 მარტის №301 ბრძანებით ნ. კ-ისა და ნ. წ-ის წარმომადგენლის 2021 წლის 18 იანვრის №19/01210183375-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილება.
საჯარო რეესტრის 12.12.2018წ. ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 289 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობა ფართით 60,38 კვ.მ. წარმოადგენს ნ. კ-ის და ნ. წ-ის საკუთრებას.
საჯარო რეესტრის 09.03.2018წ. ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის მქონე 62 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ნ. კ-ის საკუთრებად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 15 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციის მიერ ნ. კ-ისა და ნ. წ-ის მიმართ შედგა №... მითითება, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. კერძოდ, აშენებული იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური კედელი ჭიშკრით, რომლებიც ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით, უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად.
2020 წლის 6 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ №... შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2020 წლის 15 ივლისის №... მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ფაქტი დააფიქსირა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში, ნ. კ-ისა და ნ. წ-ის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 25 აგვისტოს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც ნ. კ-იმ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 6 ოქტომბრის №4-3/285-გ/20 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 15 ივლისის №... მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი შედგა 2020 წლის 6 აგვისტოს), ნ. კ-ისა და ნ. წ-ის მიმართ დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელდა 2 თვით. ამავე ბრძანების თანახმად, ნ. კ-ისა და ნ. წ-ის მიმართ, დადგენილების მიღებისათვის გაგრძელებული ორთვიანი ვადის ათვლა განხორციელდა 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
2020 წლის 4 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღო №... დადგენილება, რომლითაც ნ. კ-ი და ნ. წ-ი დაჯარიმდნენ 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის. კერძოდ, აშენებული იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური კედელი ჭიშკრით. აღნიშნული ობიექტები ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე დადგენილებით ნ. კ-ისა და ნ. წ-ის დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
დადგენილია, რომ ნ. კ-ისა და ნ. წ-ის წარმომადგენელმა 2021 წლის 18 იანვარს №19/01210183325-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილების გაუქმება მოითხოვა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 4 მარტის №218 ბრძანებით ნ. კ-ისა და ნ. წ-ის წარმომადგენლის 2021 წლის 18 იანვრის №19/01210183375-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 დეკემბრის №... დადგენილება.
სსიპ საჯარო რეესტრის 08.02.2021წ. ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 267 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა- ნაგებობა ფართით 60,38 კვ.მ წარმოადგენს ნ. კ-ისა და ნ. წ-ის საკუთრებას.
დადგენილია, რომ 2010 წლის და 2014 წლის აეროფოტოგადაღებების (ორთოფოტოების) მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება კაპიტალური შენობა-ნაგებობა და კაპიტალური კედელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულია, რომ მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა ან ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.
სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ შეტყობინებას, სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამის მშენებლობის ნებართვას. შესაბამისად, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება უნებართვო მშენებლობას.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (123-ე მუხლის პირველი პუნქტი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ (124-ე მუხლის მე-3 პუნქტი).
ზემოთ მითითებული კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)... ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარის ოდენობით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით; გ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – 20 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); დ) დემონტაჟი (არსებული შენობა- ნაგებობის დაშლა/დანგრევა); ე) ლანდშაფტური მშენებლობა. ამავე წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტში მითითებულია სამშენებლო/სანებართვო პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას მშენებლობის ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი; ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი; გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი; დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე; ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უტყუარად დაადასტუროს მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის შეუძლებლობა და უნებართვო მშენებლობისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ გადააკისროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეების განმარტებაზე მასზედ, რომ №..., №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს 2018 წელს. ამასთან, №... საკადასტრო კოდზე განთავსებული კაპიტალური შენობის და ჭიშკართან ერთად არსებული კაპიტალური კედლის სამშენებლო სამუშაოები მათ არ განუხორციელებიათ და ორივე უძრავ ქონებაზე სადავო ობიექტები არსებობდა შეძენის დროს. მოსარჩელეების განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილების მიღების შემდეგ დაკორექტირდა №... საკადასტრო ერთეულის საზღვრები და ობიექტები მოქცეულია კუთვნილ საკადასტრო საზღვრებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გადაუმოწმებიათ მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ის გარემოება, რეალურად როდის და ვის მიერ არის განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, ქ. თბილისში, ...ის (ყოფ. ...ის) I შესახვევი №..., ...ის I შესახვევი (ყოფ. ...ის ...) მიმდებარედ, №... და ამავე ქუჩაზე N...-ში №... მდებარე უძრავ ქონებებზე. ამდენად, რეალურად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფასება არ მისცემია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენისთვის არსებით გარემოებებს. საკასაციო პალატის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშია ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი, პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია სადავო სამუშაოების მწარმოებელი პირი, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის მწარმოებელი პირის დასადგენად განხორციელებული მოქმედებები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2014 წლის ორთოფოტოზე სადავო ობიექტების არსებობა თავად დაადასტურა მოპასუხემ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სადავო ობიექტების 2018 წლამდე (მოსარჩელის მიერ საკუთრების შეძენამდე) არსებული მესაკუთრისათვის არ გამოუკითხია სადავო მშენებლობის შესახებ. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოურიცხია მოსარჩელეების არგუმენტი მასზედ, რომ 2018 წელს საკუთრების უფლების მოპოვების დროს უძრავი ნივთები არსებული სახით გადაეცათ. გასაჩივრებულ აქტებში არ არის შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ არ იქნა დადგენილი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა