Facebook Twitter

საქმე №ბს-85(კ-24) 28 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 19 ნოემბერს ა.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს შეიძინა უძრავი ქონება ქ. თბილისში, ...ის გამზირზე N31, სართ. 13, ბ. N... ს/კ: ...; მ-ის მითითებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების გაცემის თაობაზე მიმართა 2020 წლის 17 ნოემბერს, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო 2020 წლის 16 დეკემბრის N1000728894 გადაწყვეტილება და განმცხადებელს უარი უთხრა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. 2021 წლის 23 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თუმცა სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის N1000728894 გადაწყვეტილებით ა.მ-ის კვლავ უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე იმავე საფუძვლით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია თუ რაში გამოიხატება მისი მხრიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნა. მოსარჩელე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არასდროს ყოფილა ნასამართლევი და ერთხელ უკვე ჰქონდა ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრებოდა 2020 წლის 19 ნოემბრამდე. ამასთან მ-ი მიუთითებს, რომ საქართველოში ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც ბინადრობის ნებართვა გააჩნიათ.

ამდენად, წარდგენილი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №1000728894 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ა.მ-ის მიმართ საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №1000728894 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ა.მ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შემოწმების ფარგლებში, ინფორმაციის მიღების მიზნით, მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მისი 2021 წლის 26 ოქტომბერს SSG 8 21 00153739 წერილის გაცნობის შედეგად, მიიჩნია, რომ მოპასუხემ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ სადავო აქტის მიღების საფუძვლად მითითებული ინფორმაციის გამოთხოვის და გაცნობის შედეგად აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები სათანადო სტანდარტით არ ქმნიდა საფუძვლიან ვარაუდს, რომ ა.მ-ი საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტსა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა. სააგენტოს მითითებით, მან უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ა.მ-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №1000728894 გადაწყვეტილების კანონიერება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მოსარჩელის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი კი უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 დეკემბრის №100641697 გადაწყვეტილებით ა.მ-ის მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 14 დეკემბრიდან 2019 წლის 14 დეკემბრამდე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის №1000688942 გადაწყვეტილებით ა.მ-ის გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2020 წლის 20 ნოემბრამდე. 2020 წლის 17 ნოემბერს, მოსარჩელე - ა.მ-მა, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №1000728894 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ნოემბრის №1000728894 განცხადება და ა.მ-ის უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №1000728894 გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ა.მ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე სააგენტომ კვლავ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დადგენილია, რომ მოსარჩელეს საქართველოში ჰყავს ოჯახი. სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის მიერ, 2021 წლის 24 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად - ა. მ-ი სწავლობს აღნიშნულ სკოლაში მე-... კლასში და 2021-2022 სასწავლო წლის მე-... კლასელთათვის საბაზო საფეხური (მე-9 კლასი) დასრულდება 2027-2028 სასწავლო წელს. საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება. შპს ,,...ის’’ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ა.მ-ი მუშაობს ...ის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ყოველთვიური ხელფასი შეადგენს - 750 ლარს. მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 მაისის №49/6/1/2-02541891 ცნობის თანახმად, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, მოქალაქე ა.მ-ი არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება. მოსარჩელის მეუღლის, ა.ზ-ის, დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადაა - 2027 წლის 19 იანვარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

2024 წლის 26 აპრილს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 2 ნოემბრის №1000728894 გადაწყვეტილებით ა.მ-ის (A.M; დაბ.: ...წ., ირანში, პასპორტის ნომერი: ...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ოქტომბრის SSG 8 21 00153739 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია ა.მ-ისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო) ა.მ-ის შესახებ.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის 15 მაისს წარმოდგენილი ინფორმაციას და მიიჩნევს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირება. მიღებული ინფორმაცია კი არ ქმნის საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 12.07.2023წ. №14506 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინება.

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.07.2023წ. №14506 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა