Facebook Twitter

№ბს-1279(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 9 თებერვლის №03-2759 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ნ.მ-ის 2022 წლის 24 იანვრის №7124 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.მ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-ემ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლოში მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა სხვა მოთხოვნა, რაზეც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა როგორც ახლადგამოვლენილი გარემოება. გაუგებარია, თუ მოსარჩელე ითვლებოდა კომპენსირებულ პირად, რატომ მოხდა მისი სხვა ფართით დაკმაყოფილება, რომელიც მას დღემდე საკუთრებაში არ გადასცემია. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია შემდეგი საკითხები: ა) მიუხედავად იმისა, რომ ნ.მ-ე ცხოვრობდა თავისი ძმის ოჯახში, მიიღო თუ არა მან კომპენსაცია; ბ) 2004 წლის ხელშეკრულების გაფორმებისას, ი.მ-ე წარმოადგენდა თუ არა ნ.მ-ის ნდობით აღჭურვილ პირს, არსებობს თუ არა რაიმე სახის წერილობითი შეთნხმება და მიიღო თუ არა მოსარჩელემ ფულადი კომპენსაცია ი.მ-ისგან.

კასატორის მითითებით, მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ ნ.მ-ე იძულებული იყო სასტუმრო „...ში“ თავის ძმასთან ერთად ეცხოვრა, რადგან არ ჰქონდა სხვა საცხოვრებელი ბინა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე კომპენსირებულ პირად უნდა ჩათვლილიყო. ხელშეკრულების მხარე - ი.მ-ეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნ.მ-ეს კომპენსაცია არ მიუღია, რადგან იგი სხვა ოჯახად ითვლებოდა და ჰქონდა ინდივიდუალური დევნილის ანკეტა.

სასამართლოს უნდა ემსჯელა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის მართებულობაზე, ასევე, წარდგენილი იყო თუ არა მხარის მიერ ახალი გარემოება. მიუხედავად ამისა, სასამართლო შევიდა საჩივრის შინაარსში, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული გარემოებები არ გამოუკვლევია. ადმინისტრაციულ ორგანოს საქმე წარმოებაშიც არ მიუღია იმ საფუძვლით, რომ ერთხელ უკვე იმსჯელა ამ საკითხზე და არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ნ.მ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მასზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 85). სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, ნ.მ-ე, მისი ოჯახის წევრებთან, კერძოდ, ი.მ-ესთან, გ.ყ-სთან, ჯ.მ-სთან და გ.მ-სთან ერთად შესახლებული იყო სასტუმრო „...ში“, სადაც მათ დაკავებული ჰქონდათ №... ოთახი (ს.ფ 91-95); ბ) 2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთი მხრივ, სს „...ის“ გენერალურ დირექტორსა და მეორე მხრივ, ი.მ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი.მ-ე ათავისუფლებს ქ. თბილისში, ...ის სახელობის ...ზე №...-ში მდებარე სასტუმრო ...ში მის მიერ დაკავებულ №... ოთახს, ხოლო სასტუმროს ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაცია ვალდებულია გადაუხადოს ი.მ-ეს მატერიალური დახმარება 7000 აშშ დოლარი წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ, 2004 წლის პირველი ნოემბრიდან, ხოლო მოქალაქე ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ 2004 წლის 1 დეკემბრამდე უპირობოდ გაათავისუფლოს სასტუმრო ...ში მისი და მისი ოჯახის მიერ დაკავებული ფართი (ოთახი №...). ამავე ხელშეკრულების თანახმად, ი.მ-ე იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი ოჯახის წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება (ს.ფ 91-95); გ) 2017 წლის 26 აპრილს ნ.მ-ემ №18429/01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. საჩივარში ნ.მ-ემ მიუთითა, რომ მას სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია არ მიუღია და ითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის (აპლიკაციის) შევსების უფლება და საცხოვრებელი ფართით დამოუკიდებლად უზრუნველყოფა (ს.ფ. 76-78). საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის №05-01/06/12760 წერილით ნ.მ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, 2004 წელს მაისიდან გამოსახლების პროცესში, იგი ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით, რის გამოც სამინისტროს აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ დააკმაყოფილოს ნ.მ-ის საჩივარი (ს.ფ 79-80); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის №05-01/06/12760 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.მ-ის მიერ გასაჩივრდა სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 23 მაისის №05-01/06/12760 გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხარეთა მიერ სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.მ-ის სააპელაციო საჩივარი და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის №05-01/06/12760 გადაწყვეტილება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა, ნ.მ-ეს მისცემოდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადის შევსების შესაძლებლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის №ბს-1067(კ-18) გადაწყვეტილებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 102-106); ე) ნ.მ-ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა ნ.მ-ის კომპენსირებულთა სიიდან ამორიცხვის და ფართით დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 9 თებერვლის №03/2759 აქტით ნ.მ-ეს განემარტა, რომ სააგენტოს მონაცემთა ელქტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, ნ.მ-ე 2004 წელს მაისიდან გამოსახლების პროცესში, სადაც ის იმ დროისათვის ცხოვრობდა ფაქტობრივად, ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით. ამასთან, 2017 წელს იგივე მოთხოვნით, მას შეტანილი ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, რომელმაც განიხილა ნ.მ-ის საჩივარი და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.მ-ეს განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რომ განიხილოს ნ.მ-ის მიერ წარდგენილი საჩივარი (ს.ფ 38, 40, 73-74).

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საფუძველზე, რომლის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და სათანადო ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, თუ დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარებით ან რომელიმე უზრუნველყოფის ალტერნატიული ვარიანტით, იგი ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულად და მასზე რაიმე სახის დახმარება აღარ გაიცემა, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია ერთ ოჯახად ცხოვრება.

მოცემულ შემთხვევაში ნ.მ-ის მიერ გასაჩივრებულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 9 თებერვლის №03-2759 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა მისი საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ნ.მ-ეს განემარტა, რომ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, ნ.მ-ე 2004 წელს მაისიდან გამოსახლების პროცესში, სადაც ის იმ დროისათვის ცხოვრობდა ფაქტობრივად, ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით. ასევე, მოსარჩელეს მიეთითა, რომ 2017 წელს იგივე მოთხოვნით, მას შეტანილი ჰქონდა ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, რომელმაც განიხილა ნ.მ-ის საჩივარი და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ინვესტორის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისას, ჩასახლების ობიექტის ადმინისტრაცია იღებდა ვალდებულებას, სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა დევნილი პირის სახელობითი სიის შესაბამისად და ობიექტში მცხოვრები თითოეული დევნილი პირის მიერ დაკავებული ფართის სანაცვლოდ, გაეცა ფულადი კომპენსაცია. ხელშეკრულება ფორმდებოდა კანონით დადგენილი წესით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაცია გამოთავისუფლებული ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას აფორმებდა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრთან. შესაბამისად, ოჯახის სხვა წევრებიც ითვლებოდნენ თანხის მიმღებ პირებად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2004 წლის 30 ოქტომბერს, ერთი მხრივ, სს „...ის“ გენერალურ დირექტორსა და მეორე მხრივ, ი.მ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ი.მ-ე ათავისუფლებს ქ. თბილისში, ...ის სახელობის ...ზე №...-ში მდებარე სასტუმრო ...ში მის მიერ დაკავებულ №... ოთახს, ხოლო სასტუმროს ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ი.მ-ე იძლევა გარანტიას, რომ მას მიღებული აქვს №... ოთახში განთავსებული ყველა სრულწლოვანი ოჯახის წევრის თანხმობა, რომ მათი სახელით გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება.

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ნ.მ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადის შევსების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ.მ-ე წარმოადგენდა ი.მ-ის ოჯახის წევრს და ერთჯერადად მიღებული ფულადი თანხა ეკუთვნოდა ოჯახს, რომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ნ.მ-ე, ი.მ-ე, გ.ყ-ი, ჯ.მ-ე და გ.მ-ე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, (1) განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას; (2) თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 23 მაისის №05-01/06/12760 აქტით ნ.მ-ეს ეცნობა, რომ იგი ოჯახის წევრებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნა საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციით, რის გამოც სამინისტროს აღარ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, რომ დაეკმაყოფილებინა ნ.მ-ის საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ.მ-ის სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა, ასევე ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების (მტკიცებულებების) არსებობა, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე