Facebook Twitter
საქმე ბს-333 (გ-24) 30 მაისი, 2024 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი


საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ს. რ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს. რ-იმა 17.07.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 08.06.2023წ. N MIA 2 23 01622966 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე ს. რ-ისათვის საზღვრის კვეთისა და საქართველოს ვიზის აღების ნებართვის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. ის 2020 წლის ნოემბერში გაემგზავრა საქართველოდან ირანში გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების მიზნით. ოპერაციის შემდგომ, 05.12.2022წ. მას საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა არ მიეცა გაურკვეველი მიზეზით. აღნიშნული დროისათვის ს. რ-ის ჰქონდა მოქმედი საქართველოს ბინადრობის ნებართვა და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას. 01.03.2023წ. მან კვლავ სცადა საქართველოს საზღვრის კვეთა, თუმცა ისევ უარი ეთქვა. იგივე განმეორდა 01.06.2023წ.. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უარის თქმის საფუძვლად ასახელებს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 11.1 მუხლის "ი" ქვეპუნქტს, თუმცა უარის თქმის მიზეზი ბუნდოვანი და გაურკვეველია. მოსარჩელს მითითებით იგი საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას, მას წარსულში რამდენჯერმე ჰქონდა საქართველოს ბინადრობის მოწმობა და საქართველოში ცხოვრების მთელი პერიოდის მანძილზე არ ჩაუდენია რაიმე სახის კანონდარღვევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.07.2023წ. განჩინებით ს. რ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს - ს. რ-ის უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე (...) საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგნიდან და სადავო აქტის შინაარსიდან გამომდინარე, რომლითაც ს. რ-იმ ვერ დააკმაყოფილა საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლისათვის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმე განხილული უნდა იქნეს შემთხვევის, სადავო ქმედების განხორციელების ადგილის მიხედვით, აღნიშნულს კი წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახური (...), რომელიც მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში. ამდენად, მოცემული დავის განსჯად სასამართლოს ბოლნისის რაიონული სასამართლო წარმოადგენს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 04.10.2023წ. განჩინებით ს. რ-ის სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 12.03.2024წ. განჩინებით საქმე სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.10.2023წ. Nბს-999(გ-23) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დავის ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რომლის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართლადარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს განმარტება და აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი სამსახური, რომელსაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია და მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებლად და დეპარტამენტის სახელით, რის გამოც მოსარჩელის მიერ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის შემთხვევაშიც არ იცვლება მოპასუხე და შესაბამისად, განსჯადობის დადგენილი წესი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად არ მიუღია შინაარსობრივად განსხვავებული აქტი, მან მხოლოდ პირველადი მოწესრიგების კანონიერება დაადასტურა. სასამართლომ უზენაესი სასამართლოს 05.10.2023წ. Nბს-999(გ-23) განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო აქტები გამოცემულია ერთი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში, ქვემდგომი (ტერიტორიული) თანამდებობის პირის მიერ და შემდეგ გადასინჯვის ფარგლებში, ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ უცვლელად არის დატოვებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ბოლნისის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ტერიტორიული განსჯადობა არის ტერიტორიის მიხედვით საქმის სასამართლოსადმი განსჯადობა, რომელზედაც ვრცელდება მოცემული სასამართლოს საქმიანობა. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 მაწილი ზოგადად უშვებს სასამართლოებს შორის დავას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით (სსკ-ის 24-ე მუხ.), დავის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოებს შორის დაიშვება არა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა, არამედ აგრეთვე ინსტანციურ და ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა. სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებით დავა დაიშვება მხოლოდ ადმინისტრაციული ან მხოლოდ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განმხილველ სასამართლოებს შორის, ტერიტორიულ განსჯადობაზე დავა შეუძლებელია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველ სასამართლოებს შორის, მათ შორის დასაშვებია დავა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობაზე. მოცემულ შემთხვევაში საგნობრივ განსჯადობაზე დავას ადგილი არ აქვს, დავა წარმოიქმნება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმის ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის (order publie) შემადგენელ ნაწილად. კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს სასამართლოს განჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონით, საპროცესო კოდექსებით. სასამართლო ვალდებულია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საქმის განსჯადობა სარჩელის დასაშვებობის სტადიაზე. სასკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. მოსამართლეს, რომელსაც არ გააჩნია საქმის განხილვის იურისდიქცია, არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა განაცხადოს ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც განსჯადობის საკითხს არცერთი მხარე არ აყენებს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს არსებითი განხილვისათვის გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 08.06.2023წ. N MIA 2 23 01622966 ბრძანების ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითებულია, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს შემთხვევის, სადავო ქმედების განხორციელების ადგილის მიხედვით, რომელსაც წარმოადგენს - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახური (...), რომელიც მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში. საქალაქო საამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს იმ ნორმაზე მითითებას, რომელიც სადავო ქმედების განხორციელების ადგილის მიხედვით დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ბოლნისის რაიონულ სასამართლოს განსჯადობაში მოქცევა ხელს შეუწყობს ადგილზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და იმპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბრობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს საკანონმდებლო საფუძველს და არა განსჯადობის მიზანშეწონილობის მოსაზრებებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). სასამართლო არ არის უფლებამოსილი განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას შეიმუშავოს დავის ტერიტორიული განაწილების ახლებული, კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი წესი. საკასაციო სასამართლოს მითითებით მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის საქართველოში დაშვება არ მოხდა ...ს სასაზღვრო პუნქტზე, არ ასაბუთებს დავის ბოლნისის რაიონული სასამართლოსადმი კუთვნილებას, რადგან აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისას განმსაზღვრელი არ არის ის ტერიტორია, სადაც აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი მოცემულობა განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერების შეფასება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლის 261-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა. დავა არ შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოცემული აქტის კანონიერებას, რომელსაც სასკ-ის მე-6 მუხლის თანახმად განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე, განსახილველი დავის არსი მდგომარეობს საქართველოში უცხოელის დაშვებაზე უარის თქმის მართლზომიერების დადგენაში, რაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება (იხ. სუსგ 05.10.2023წ. Nბს-999(გ-23)).
საერთო წესის თანახმად რამოდენიმე მოპასუხის (ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოს) შემთხვევაში სსკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე ტერიტორიული განსჯადობის გადაწყვეტა ხდება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში როდესაც საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლებამოსილება მოსარჩელეს ეკუთვნის. აღნიშნული ეხება იმ შემთხვევას, როდესაც თანამოპასუხეები არიან სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული ორგანოები ან ერთიანი სისტემის ზედა და ქვედა რგოლის სტრუქტურები. სსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, თუ საქმე რამოდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის ვარიანტებს ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში განაპირობებს სარჩელის წარდგენა რამდენიმე მოპასუხისათვის, რომლებსაც ადგილმდებარეობა სხვადასხვა ტერიტორიაზე აქვთ ან რამდენიმე სასარჩელო განცხადების გაერთიანება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოსარჩელეს მოპასუხედ არ დაუსახელებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახური (...), რომელიც მდებარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში. არ დაიშვება მოპასუხის მოთხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ სათანადო მოპასუხე არ დაასახელა, დაუშვებელია სარჩელის განსჯადობით გადაგზავნა იმ სასამართლოსათვის, რომლის მოქმედების ტერიტორიაზე მდებარეობს სასამართლოს აზრით სათანადო მოპასუხე. სასამართლო საკუთარი ინიციატივით არასათანადო მხარეს ვერ შეცვლის. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო ვალდებულია განიხილოს საქმე და უარი უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ტერიტორიულ განსჯადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შესრულების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეზე ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანოს კომპეტენციის ფარგლებზე და მდებარეობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს არამხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამეტის 08.06.2023წ. NMIA 2 23 01622966 ბრძანების ბათილად ცნობას, არამედ აგრეთვე მოსარჩელისათვის საზღვრის კვეთის და ვიზის აღების ნებართვის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულებას. „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 30.12.2013წ. N386 დადგენილების 5.3 მუხლის, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 23.06.2015წ. N280 დადგენილების მე-13 მუხლისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების 11.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით საქართველოს ვიზას გასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთვარი სამმართველო, რომელიც დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების 6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ვიზის აღების ნებართვის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
მართებულია ბოლნისის რაიონული სასამართლოს მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.10.2023წ. Nბს-999(გ-23) განჩინებაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს განსჯადობის საერთო წესის შესაბამისად, მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით, რადგან უკეთუ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ტერიტორიული განსჯადობის განსაზღვრის რაიმე სპეციფიურ წესს არ ითვალისწინებს, სასამართლო ხელმძღვანელობს ტერიტორიული განსჯადობის დამდგენი ზოგადი წესით. სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38, ხოლო გასაჩივრებული აქტი - ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 11.11.2022წ. ბრძანება გამოცემულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ. ამდენად, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ს. რ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია. ამასთან აღსანიშნავია, რომ პირველადი აქტის - საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 03.09.2022წ. გადაწყვეტილების მიმღებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახური (...), რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ თანახმად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამსახურია (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-11 მუხ. 1-ლი პ. "დ.დ" ქვ.პ.). იგი მოქმედებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით და მას დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნია. შსს მინისტრის 25.04.18წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების" მე-6 მუხლის მიხედვით საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო თავის მხრივ არის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული (მე-6 მუხ. "ე" ქვ.პ. ), ის არ განეკუთვნება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს (მე-6 მუხ. მე-2 პ.). სასაზღვრო კონტროლის სამსახური (...) არის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შემადგენელი ნაწილი, სწორედ აღნიშნულის გამო, ადმინისტრაციული საჩივარი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საგზაო კონტროლის სამსახურის (...) 01.06.23წ. გადაწყვეტილებაზე განხილულ იქნა არა მთავარი სამმართველოს, არამედ საპატრულო პოლიციის დირექტორის მიერ. ქვეყანაში შემოსვლის საკითხები, საქართველოს კონსტიტუციის 7.1 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს. მოცემული დავის ფარგლებში პირველადი აქტის ბათილად ცნობა მოთხოვნილი არ არის, თუმცა მისი გასაჩივრების შემთხვევაშიც არ შეიცვლებოდა განსჯადი სასამართლო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით, მოპასუხის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელის (ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38) მიხედვით. ამდენად, ს. რ-ის ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. რ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ.გოგიაშვილი