Facebook Twitter

№ბს-86(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.რ-მა 2019 წლის 5 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის, მისი მეუღლის უცხო ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო და დროული ღონისძიებების განუხორციელებლობისა და საქართველოში მისი მნიშვნელოვნად დაგვიანებით გადმოსვენების გამო, მიყენებული მორალური ზიანის სახით - 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე - ო.რ-ი 1999 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ. 2016 წელს მასთან კავშირი შეწყდა, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სამსახურების მიერ მეუღლის მოძებნა მოითხოვა. 2018 წლის 12 იანვარს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ...ის ფედერალური სამსახურიდან მიღებული მიმართვის საფუძველზე, აცნობა, რომ 2017 წლის მარტში მიტოვებულ შენობაში ნაპოვნი იქნა გვამი, რომელსაც ჯიბეში აღმოაჩნდა პასპორტი ო.რ-ის პირადი მონაცემებით. იდენტიფიცირებისთვის კი საჭირო იყო ოჯახის ორი წევრის დნმ-ის ანალიზი. ჩატარებული დნმ-ის ანალიზის დასკვნის საფუძველზე დადასტურდა, რომ გვამი ეკუთვნოდა მ.რ-ის მეუღლეს - ო.რ-ის, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 20 მარტს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2017 წელს გარდაცვლილი მეუღლე საქართველოში ჩამოუსვენეს 2018 წლის 28 დეკემბერს. იგი ამ დროის განმავლობაში არსად არ იყო დაკრძალული. აღნიშნული გარემოებები, მოსარჩელის მოსაზრებით, ოჯახის წევრების ნერვიულობისა და ძლიერი სტრესის მიღების მიზეზი გახდა, განსაკუთრებით გარდაცვლილის მეუღლის - მ.რ-ისათვის, რომელსაც შეერყა ჯანმრთელობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი მეუღლის უცხო ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო და დროული ღონისძიებების განუხორციელებლობისა და საქართველოში მისი მნიშვნელოვნად დაგვიანებით გადმოსვენების გამო მიყენებული მორალური ზიანის - 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-5, მე-13-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, განმარტა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ვალდებულია იზრუნოს, ადგილსამყოფელი ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე, მათ შორის, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირებასთან, გადმოსვენებასთან, ასევე გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის დროულ და ქმედით განხორციელებაზე. სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დასტურდებოდა მოსარჩელე მ.რ-ის მეუღლის - ო.რ-ის სიცოცხლის უფლებით დაცული სფეროს დარღვევა პოზიტიური თვალსაზრისით (პროცედურულ ნაწილში), რის შედეგადაც მოსარჩელემ განიცადა მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესი, მას უნდა ანაზღაურებოდა მისთვის მიყენებული მორალური ზიანი - 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ასანაზღაურებელი თანხის მითითებული ოდენობა იყო მიყენებული ზიანის გონივრული და პროპორციული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაგვიანებული მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, სულ მცირე 7 თვით გახანგრძლივდა მ.რ-ის მეუღლის - ო.რ-ის ნაპოვნი გვამის იდენტიფიცირებისა და მისი საქართველოში გადმოსვენების პროცესი, რადგან საკონსულომ გაურკვეველი მიზეზების გამო, მისთვის შეტყობინების გაგზავნიდან მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა შესაბამის პოლიციას და მიიღო ინფორმაცია ნაპოვნი გვამის თაობაზე, ხოლო შემდგომ, მისთვის 2018 წლის 16 თებერვალს გაგზავნილი ექსპერტიზის დასკვნა და ნიმუშები, 3 თვის დაგვიანებით - მაისში გადასცა პოლიციას დნმ-ის ანალიზის ჩასატარებლად.

სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208.1 მუხლებზე და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის არაგონივრულობასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეუღლის ადგილსამყოფლის, საეჭვო გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისა და საქართველოში გადმოსვენების პროცედურების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მოპასუხისთვის 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ქართული ლარის დაკისრება მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციულია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.რ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.რ-მა 2017 წლის 16 აგვისტოს მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხოლო საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსულის, ...ის პოლიციის სერჟანტსა და დაკარგულ/ამოუცნობ პირთა ეროვნული სისტემის რეგიონული სისტემების ადმინისტრატორს შორის განხორციელებულ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ნაწარმოებ მიმოწერაში საუბარია მანამდე განხორციელებულ აქტივობებზე, რისთვისაც წერილის ავტორი მადლობას უხდის პოლიციის სერჟანტს. ზემოაღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საკონსულო ამ პერიოდამდე აწარმოებდა გარკვეულ მოქმედებებს დაკარგული ო.რ-ის მოძიების მიზნით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საკონსულოს მიერ ...ის პოლიციისადმი მიწერილ 2017 წლის 12 დეკემბრის მიმოწერაზე, რომელშიც საუბარია წინა პერიოდში განხორციელებულ სატელეფონო კომუნიკაციაზე, რაც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის ო.რ-თან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ასევე მიმდინარეობდა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობითაც. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შესაბამისი ნიმუშები 2018 წლის 16 თებერვალს გააგზავნა ქ. ნიუ-იორკში მდებარე საქართველოს საკონსულოში, რომელმაც იმავე წლის 21 მარტს დნმ-ის ნიმუშები გადასცა ამერიკულ მხარეს.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 1006-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საკონსულომ მის ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით გონივრულ ვადაში მოიძია ინფორმაცია დაკარგული საქართველოს მოქალაქის შესახებ. საკონსულომ განახორციელა შესაბამისი მოქმედებები ო.რ-ის გადმოსვენებისა და გარდაცვალების გარემოებების დადგენის მიზნით, რაც ბუნებრივია მოითხოვდა გარკვეულ დროს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის წინაპირობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სააპელაციო წესით საქმის განხილვისას წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და ...ის პოლიციას შორის არსებულ 2017 წლის 17 ოქტომბრის მიმოწერაზე და მიუთითა, რომ აღნიშნულით დასტურდებოდა საკონსულოს მიერ ო.რ-ის მოძიების მიზნით ჩატარებული მოქმედებები. კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული წერილების ავთენტურობა არ არის დადგენილი, ამ მიმოწერით ასევე არ დგინდება საკონსულოს აქტიურობა რაში გამოიხატა, რა თემაზე ისაუბრეს მხარეებმა. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ ვარაუდს ემყარება. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 2018 წლის 21 აპრილის ელექტრონული მიმოწერით დასტურდება ამერიკული მხარის მიერ დნმ-ის ნიმუშების ლაბორატორიაში მიღების ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო სასამართლოსთვის წარედგინა წერილობითი მტკიცებულება დნმ-ის ნიმუშების მიღება-ჩაბარების თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საკონსულოს 2017 წლის ოქტომბერშიც ჰქონდა ინფორმაცია არაიდენტიფიცირებული პირის გვამის საქართველოს მოქალაქის - ო.რ-ის პასპორტით პოვნის თაობაზე, რის შესახებაც მ.რ-ისთვის არ უცნობებია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. გონივრული ვადა ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაზე შემჭიდროებულ ვადებში უნდა იმოქმედოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის მორალური ზიანის დაკისრების ყველა წინაპირობა სახეზე იყო, კერძოდ: 1. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უკანონო ქმედება, რაც გამოიხატა მათი მხრიდან საკითხისადმი დაგვიანებულ რეაგირებაში; 2. ზიანი, რომელიც მიადგა მ.რ-ს და 3. დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოპასუხის უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირი განხილვის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.რ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, მოსარჩელის მეუღლის უცხო ქვეყანაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების სათანადო და დროული ღონისძიებების განუხორციელებლობისა და საქართველოში მისი მნიშვნელოვნად დაგვიანებით გადმოსვენების გამო, მოსარჩელის - მ.რ-ის სასარგებლოდ მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.რ-მა 2017 წლის 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. განცხადების თანახმად, მისი მეუღლე - ო.რ-ი სამუშაოდ იმყოფებოდა აშშ-ში, მასთან მუდმივად ჰქონდა სატელეფონო კონტაქტი, თუმცა 2016 წლის დეკემბრიდან აღარ ჰქონდა კომუნიკაცია. მისთვის უცნობი იყო ო.რ-ის მდგომარეობა, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვა შესაბამისი დახმარება.

დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე, იმავე დღეს წერილობით მიმართა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულს ო.რ-ის ადგილსამყოფლის დადგენისა და მოსარჩელე მ.რ-ის ინფორმირების მიზნით.

ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 აგვისტოს წერილობით განუმარტა, რომ საკონსულოს მიერ გამოიკითხნენ მოსარჩელის მეუღლის - ო.რ-ის ნაცნობები, რომელთაგან ერთ-ერთმა განმარტა, რომ მიმართული ჰქონდა ქალაქ ...ის პოლიციისთვის შესაბამისი განცხადებით, ასევე ქალაქში არსებული საავადმყოფოებისა და მორგებისთვის, თუმცა ვერ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი. ამასთან, ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო ცდილობდა ქალაქ ...ის პოლიციასთან დაკავშირებას. ამავე წერილში აღინიშნა, რომ 2016-2017 წლებში ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს საემიგრაციო სამსახურიდან არ მიუღია შეტყობინება ო.რ-ის დაკავების ან გარდაცვალების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 31 აგვისტოს მ.რ-ს აცნობა, რომ საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ვერ მოხერხდა ო.რ-ის ადგილსამყოფლის დადგენა.

ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსულის 2017 წლის 28 დეკემბრის წერილით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეცნობა, რომ 2017 წლის მარტის თვეში, მიტოვებულ შენობაში ქ. ...ის პოლიციამ იპოვა ადამიანის გვამი, რომლის ამოცნობაც შეუძლებელი იყო, თუმცა მას თან ჰქონდა პასპორტი ო.რ-ის პირადი მონაცემებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის წერილით მ.რ-ს წერილობით ეცნობა, რომ ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით ქ. ...ის პოლიციის დეპარტამენტის უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების განყოფილების მიერ 2017 წლის მარტში ნაპოვნი გვამის იდენტიფიცირების მიზნით, საჭირო იყო დნმ-ის ანალიზის ჩატარება, რისთვისაც აშშ-დან გადმოგზავნილი იქნა ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გაუგზავნა ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა და შესაბამისი ნიმუშები. ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი 2018 წლის 30 ნოემბრის წერილის თანახმად დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილი იყო ო.რ-ი. ო.რ-ის ნეშტი 2018 წლის დეკემბერში გადმოასვენეს საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ხარჯით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, არსებითია დადასტურდეს ქმედების უკანონობა, ხოლო ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული დანაწესით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამავე კოდექსის 1006-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებით კანონმდებელმა იმთავითვე შეზღუდა მიყენებული არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების შემთხვევების უსაფუძვლო გაფართოების შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილია მისი მეუღლის აშშ-ში გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დროული ღონისძიებების განუხორციელებლობის და საქართველოში გადმოსვენების პროცედურების დაგვიანების საფუძვლით.

„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლი ადგენს საკონსულო საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს საკონსულო დაწესებულების, საკონსულო თანამდებობის პირისა და საკონსულო მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ფარგლებს, მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმებს, განსაზღვრავს საკონსულო თანამდებობის პირის ფუნქციებს და მათი შესრულების სამართლებრივ საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომ − საქართველოს იურიდიული პირები) უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება საკონსულო მომსახურებისა და საკონსულო დახმარების ფორმებით; მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობის, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; მე-4 პუნქტის მიხედვით კი, საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების თანახმად, საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას. სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ კანონი საკონსულო საქმიანობის განხორციელების კალენდარულ ვადებს არ ადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ იმ წესების დარღვევა, რაც კანონმდებლობით არაა დარეგულირებული, სახელმწიფო ორგანოსთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ შეიძლება გახდეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ.რ-ის განცხადებასა და ო.რ-ის ძიების პროცესთან დაკავშირებით ქ. ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს მხრიდან განხორციელდა სხვადასხვა ტიპის მოქმედებები, კერძოდ, გამოიკითხნენ დაკარგული პირის ახლობლები, ასევე კომუნიკაცია წარმოებდა ქ. ...ის პოლიციის შესაბამის უწყებებთან.

საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაგონივრულ ვადებში განახორციელა მ.რ-ისთვის მისი მეუღლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება, აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მ.რ-მა 16.08.2017წ. მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან, საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსულს, ...ის პოლიციის სერჟანტსა და დაკარგულ/ამოუცნობ პირთა ეროვნული სისტემის რეგიონული სისტემების ადმინისტრატორს შორის 2017 წლის 17 ოქტომბრის მიმოწერის შინაარსით დასტურდება, რომ საუბარია მანამდე განხორციელებულ კომუნიკაციაზე. ელექტრონული შეტყობინების ველში: თემად მითითებულია ო.რ-ი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საკონსულო ამ პერიოდამდე ახორციელებდა გარკვეულ მოქმედებებს დაკარგული ო.რ-ის მოძიების მიზნით.

2017 წლის 12 დეკემბრის მიმოწერით დადგენილია, რომ საკონსულოს თანამშრომელი ...ის პოლიციის სერჟანტს სთხოვს რამდენიმე დეტალის გაზიარებას ო.რ-თან დაკავშირებით, რათა ინფორმაცია საქართველოში გააგზავნოს, ოჯახის ინფორმირებისთვის. წერილში ასევე საუბარია წინა პერიოდში განხორციელებულ სატელეფონო კომუნიკაციაზეც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა აშშ-ში დაკარგული ო.რ-ის ძებნასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ განხორციელებული მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ სასამართლო დავალების შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა წარდგენილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134.1 მუხლის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმის საფუძველზე მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი ელექტრონული ფორმით წარმოებული წერილები არის წერილობითი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას წარმოდგენილი ამონაწერების არაავთენტურობასთან დაკავშირებით, რამეთუ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ელექტრონული მიმოწერით (21.03.2018წ, ტ.1. ს.ფ 329) დასტურდება, რომ ქ. ნიუ-ორკში არსებულმა საკონსულომ ამერიკულ მხარეს დნმ-ის ნიმუშები გადასცა 2018 წლის 21 მარტს, შესაბამისად არამართებულია კასატორის მოსაზრება ზემოაღნიშნული მასალის 2018 წლის მაისში გადაცემასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მოპასუხის მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებიდან, რაც უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ “საკონსულო საქმიანობის” შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევის გარეშე შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ნიუ-იორკში მდებარე საქართველოს საკონსულო დაკარგული პირის მოძიებისას განსახორციელებელი მოქმედებების შესრულების თანმიმდევრობასა და პერიოდის კონკრეტულ კანონისმიერ ვადებში შეზღუდული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულომ გონივრულ ვადაში მოიპოვა ინფორმაცია დაკარგული პიროვნების თაობაზე და არ იკვეთება მისი უმოქმედობა, რაც გახდებოდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ო.რ-ის ძიების პროცესი მიმდინარეობდა სხვა ქვეყნის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველოს საკონსულო რეგულარულ კომუნიკაციას აწარმოებდა სამართალდამცავ უწყებებთან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ მიუთითა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონკრეტულად მასზე დაკისრებული რომელი ვალდებულება არ შეასრულა. ამდენად, კასატორმა ვერ დაადასტურა ზიანის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი ელემენტი - ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. ვინაიდან არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად აუცილებელი არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი არ დგინდება. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, რათა მისი უფლებები და ინტერესების დაცვა უკეთ იყოს უზრუნველყოფილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის №ბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“, სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ №ას-1150-2020, 29.11.2021წ.)

საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არ იკვეთება საქმის ზეპირი განხილვის საჭიროება. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სხდომა, ამდენად, მხარეთა საპროცესო უფლებები სრულად რეალიზებულია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ფორმა სრულად შეესაბამება საკანონმდებლო დანაწესებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრით მ.რ-ი სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებას ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე გადაიდო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რაც კანონმდებლობის შესაბამისად კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ვინაიდან კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხის გადაწყვეტა გადადებულია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, კასატორს დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მ.რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, მ.რ-ის უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. მ.რ-ის დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 90 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა