№ბს-783(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი.ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ქ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №03/5697 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) დაევალოს მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი.ქ-ისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ი.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 15 აპრილის №03/5697 გადაწყვეტილება ი.ქ-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარემოებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის განაცხადი საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ განიხილა, ვინაიდან მხარეს არ მიუთითებია გარემოების შეცვლის თაობაზე და არ წარუდგენია ახლად აღმოჩენილი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელემ სააგენტოს ბრძანება დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოში არაერთხელ გაასაჩივრა, თუმცა საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, ი.ქ-ის მიერ სარჩელის გამოხმობის თუ სარჩელზე უარის თქმის გამო. მართალია, მოსარჩელემ სააგენტოს განცხადებით მიმართა, მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და წარადგინა 2018 და 2019 წლის განჩინებები, აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა და წერილები, დევნილის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლები, თუმცა აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად. მითითებული ინფორმაცია სააგენტოსთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საკითხის განხილვისას. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მოსარჩელის საკითხზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა და ხელმეორედ საკითხის განხილვის საფუძველი არ გამოვლენილა, სააგენტომ მოსარჩელის განცხადება დატოვა განუხილველი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №827 ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 1 მაისის №01-01/06-5166 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ჩამოერთვა ი.ქ-ის (ს.ფ 16); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №827 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 დეკემბრის №3/6262-18 განჩინებით ი.ქ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 20 მაისის №827 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრულ ადმინისტრაციულ სარჩელზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის №3/6427-19 განჩინებით წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო (ს.ფ 122-124, 156-158); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ივნისის №04-1085/ო ბრძანებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის 2019 წლის 12 ივნისის №04-10393 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე ი.ქ-ის ეთქვა უარი (ს.ფ 150); დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით ი.ქ-ის სახელზე 2002 წელს შევსებულ განცხადება-ანკეტაში, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2021 წლის 1 ოქტომბერს გაცემულ საინფორმაციო ბარათში ი.ქ-ის დაბადების ადგილად მითითებულია - ...ში (ს.ფ 206-207); ე) 07.04.2021 წელს, ი.ქ-მა განცხადებით (№...) მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. განმცხადებელმა განმარტა, რომ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2018 წლის 3 ივნისს გასცა ცნობა №337, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე ი.ქ-ი (დაბ. ...წ., ...ში) დაბადებიდან 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფ. ...ში. ცნობის გაცემისას გამგეობამ იხელმძღვანელა, დაინტერესებული პირის პირადობისა და დევნილის მოწმობებით, პასპორტით და სხვა ოფიციალური ინფორმაციით. გამგეობის 11.04.2019წ. №243 წერილით განმარტებულია, რომ ამ ორგანოში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამის ქსელში გაშვება მოხდა 2019 წლის იანვრის ბოლოს, რამაც გამოიწვიოთ ტექნიკური ხარვეზი და ინფორმაციის პროგრამაში მოგვიანებით ასახვა. აღნიშნულის გარდა, თავის დროზე სსიპ მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტს, 18.05.2019წ. მიეწოდა შსს ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რითაც მოწმეები ადასტურებენ, რომ 1993 წლამდე ი.ქ-ი ცხოვრობდა აფხაზეთის ა/რ ქ. სოხუმში და არა ...ის რ-ნი სოფელ ...ში. მოწმეთა მიერ დადასტურებულია ისიც, რომ ქ. სოხუმში ი.ქ-ის შეეძინა ქალიშვილი - ც.დ-ა. განმცხადებელმა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვიტა მიმართოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმ ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები ოფიციალურად ადასტურებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის პერიოდში, იგი მუდმივად ცხოვრობდა ამ რეგიონში (ს.ფ 73-74); ვ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №03/5697 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი.ქ-ის განცხადება არ იქნა განხილული იმ საფუძვლით, რომ მისი საკითხი უკვე განხილულია, წარმოდგენილი განცხადებით კი არ იკვეთება გარემოების შეცვლა, რაც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას (ს.ფ 36-37).
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მე-2 მუხლი). ამ კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში; ბ) ხელს უწყობს დევნილის ინტეგრაციას მისი რეგისტრაციის ადგილზე; გ) ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას (მე-3 მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესი“, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი.ქ-ი №... განცხადების ფარგლებში ითხოვდა დევნილის სტატუსის მინიჭებას, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 15 აპრილის №03/5697 აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მისი საკითხი უკვე განხილულ იქნა და განცხადებაში არ იყო მითითებული დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ახალი ან შეცვლილი გარემოებების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულ ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი.ქ-ი დაბადებიდან 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ზემო აფხაზეთის სოფელ ...ში. საქმეში ასევე წარმოდგენილია აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი.ქ-ი წარმოადგენს ზემო აფხაზეთის სოფელ ...დან იძულებით გადაადგილებულ პირს, რის თაობაზეც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებული) მიერ გაცემულ იქნა შესაბამისი ცნობა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ი.ქ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შესახებ. მოსარჩელის განცხადების არსებითად განუხილველად სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ არის გამოკვლეული/დასაბუთებული სადავო აქტის გამოცემის საფუძველი და მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები - მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, აკმაყოფილებს თუ არა ი.ქ-ი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას და შეფასებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის. საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იმსჯელოს ი.ქ-ის განცხადებაზე და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე