საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-6(კ-24) 14 მაისი, 2024 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ყ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 25 თებერვალს ზ. ყ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან დევნილი, ომის ვეტერანი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი. 1993 წლამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში. 1993 წლის შემდეგ კი, მისი ოჯახი (მეუღლე და შვილი) ცხოვრობს ქ. თბილისში, თბილისის ...ში მდებარე სანატორიუმ ,,...ში“. 2007 წელს მისი ქალიშვილი გათხოვდა და ცხოვრობს ცალკე, ხოლო თვითონ და მისი მეუღლე, რომელიც ასევე არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მუდმივად ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ მისამართზე. მის ოჯახს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N70), სანატორიუმ „...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
მოსარჩელემ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3702/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე ზ. ყ-ას ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3702/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ზ. ყ-ას ოჯახთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და ზ. ყ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზ. ყ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 03 ნოემბრის №03-3702/ო გადაწყვეტილება ზ. ყ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ყ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 და მე-10 მუხლებზე და განმარტა, რომ ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ძირითად წესს განსაზღვრავს: 1) თუ დევნილი ოჯახი დროებით ცხოვრობს უსაფრთხო საცხოვრებელში - ქულათა (ზოგად საჭიროებათა) პრიორიტეტულობის საფუძველზე, თანმიმდევრულად და 2) თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის ნგრევად საშიშ შენობაში, სახელმწიფო ქულების მიუხედავად ანიჭებს უპირატესობას დევნილ ოჯახს და უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებლით მას.
სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ზ. ყ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აფხაზეთიდან, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობა. ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 26 ივლისის ცნობით დასტურდება, რომ ზ. ყ-ა და ლ. ო-ა რეგისტრირებულები არიან დევნილად, მისამართზე: ქ. თბილისი, ნაძალადევი, თბილისის ... (...ი), 1996 წლიდან ცნობის გაცემის დღემდე. აღნიშნულ მისამართზე მდებარე სასტუმრო ,,...ი“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ 2021 წლის 17 მაისს და 8 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი რეალურად არ ცხოვრობდა სადავო ფართში, რის გამოც სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3702/ო ბრძანებით ზ. ყ-ას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე იმ ფაქტს, რომ მონიტორინგის დროს იგი სასტუმრო ...ში არ იყო, ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შენობაში ცხოვრება დაკავშირებული იყო მისი სიცოცხლის მოსპობის საშიშროებასთან და იძულებული იყო ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ზამთარში, ეცხოვრა ნათესავთან, თუმცა მას არ მიუტოვებია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობდა სასტუმრო ,,...ში“ დასტურდება ასევე მოწმეების ჩვენებითაც, ასევე სს ,,თ...ს“ ბრუნვის ისტორიით, რომელშიც ასახულია აბონენტის N... მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ისტორია 2015 წლის ნოემბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მონიტორინგის დროს მისამართზე არყოფნა არ ნიშნავდა სხვა მისამართზე საცხოვრებლად გადასვლას. სააპელაციო პალატის მითითებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასტუმრო „...ი“ წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, რამაც შეიძლება განაპირობოს იქ მცხოვრები პირების მიერ შენობის დროებით დატოვება, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ პირმა მიატოვა მისი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელე სწორედ საცხოვრებელი შენობის ნგრევადობიდან გამომდინარე ასაბუთებს მისი გარკვეული პერიოდით შვილთან ცხოვრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ვიზიტისას მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილ მონიტორინგის მასალებს, რომელიც არ ასახავს რეალურ, ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია, რომ 2003 წლიდან მოსარჩელის მეუღლის - ლ. ო-ას საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, გლდანი, კორპ. N..., ბინა N23, რომელიც სწორედ ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტის გამოთავისუფლების პერიოდში გაასხვისა ოჯახმა. ამასთან, პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, არ ათავისუფლებს მოპასუხეს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს დევნილებთან ურთიერთობაში, მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისაგან. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო აქტის გამოცემის პერიოდისთვის როგორც მოსარჩელე მხარეს, ისე მის ოჯახის წევრს არ უფიქსირდება უძრავი ქონება საკუთრებაში ან სხვა საცხოვრებელი ადგილი, გარდა ყოფილი სასტუმრო ,,...ისა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა იმ გარემოებით, რომ სასტუმრო ,,...ი“, სადაც რეგისტრირებული იყო მოსარჩელე, წარმოადგენდა ნგრევად ობიექტს და მიიჩნია, რომ იმის მიუხედავად, მოსარჩელე ფაქტობრივად ცხოვრობდა თუ არა ზემოაღნიშნულ მისამართზე უნდა დაკმაყოფილებულიყო საცხოვრებელი ფართით.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე მეუღლესთან ერთად არ იყო ნგრევადი ობიექტის სასტუმრო ,,...ის" ფაქტობრივი მაცხოვრებელი. აღნიშნული გარემოება დასტურდება არა მხოლოდ მოკვლევის სამმართველოს მიერ ადგილზე განხორციელებული ვიზიტით, რომელიც შედგა პირველად ობიექტის აღწერის დროს 2021 წლის 17 მაისს, არამედ მოსარჩელე ზ. ყ-ას მიერ დამატებით გადამოწმების მოთხოვნის შემდეგაც. 2021 წლის 8 ივლისს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დამატებით განხორციელდა ვიზიტი სასტუმრო ,,...ში", თუმცა ოჯახი მისამართზე არ იმყოფებოდა.
ამასთან, საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ 2003 წლიდან მოსარჩელის მეუღლის - ლ. ო-ას საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გლდანი, კორპ. N..., ბინა N23, რომელიც სწორედ ზემოაღნიშნული ნგრევადი ობიექტის გამოთავისუფლების პერიოდში გაასხვისა ოჯახმა. კასატორის განმარტებით, დამატებით ის გარემოება, რომ მოსარჩელე არც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და არც სარჩელის შეტანის დროს არ ცხოვრობდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ნგრევად ობიექტში, დასტურდება ასევე სარჩელის პირველ გვერდზე მოსარჩელის მიერ მითითებული მისი ფაქტობრივი მისამართით, კერძოდ, ქ. თბილისი, გლდანის მე-... მ/რ, კორპ...., ბინა N..., რომელიც არის მისი შვილის - ა. ყ-ას საკუთრება. სსიპ საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ასევე დასტურდება, რომ მ. შ-ა, რომელიც არის მოსარჩელის სიძე (ა. ყ-ას მეუღლე) ასევე ფლობს საკუთრებას ქ. თბილისში.
კასატორის განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამგვარი მდგომარეობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით.
კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, ფაქტობრივი გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები სრულებით საკმარისი იყო იმის დასადასტურებლად, რომ სააგენტომ აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე. მოსარჩელე არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში და მას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე კრიტერიუმების გარეშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3702/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის, ზ. ყ-ას ოჯახის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ. ყ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, აფხაზეთიდან. დროებითი საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, ნაძალადევი, თბილისის ..., „...ი“. იგი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. 2022 წლის 11 თებერვლის სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული NSSVA 00003714 ცნობის მიხედვით, ზ. ყ-ა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2005 წლის 22 სექტემბრიდან, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისია ნგრევად ობიექტში ცხოვრება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა 2021 წლის 17 მაისის და 18 ივლისის მონიტორინგის ოქმები, რომელთა თანახმად, ვიზიტი განხორციელდა თბილისში, ნაძალადევში, თბილისის ...ში მდებარე სასტუმრო „...ში“ და მონიტორინგის განხორციელებისას ზ. ყ-ა არ იმყოფებოდა ნაძალადევში, თბილისის ...ში მდებარე სასტუმრო „...ში“ არსებულ ფართში. მოსარჩელე ზ. ყ-ა მონიტორინგის დროს მისამართზე არ ყოფნას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შენობაში ცხოვრება დაკავშირებული იყო მისი სიცოცხლის მოსპობის საშიშროებასთან და ის იძულებული იყო ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ზამთარში ეცხოვრა ნათესავთან. ამდენად, დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, მოსარჩელე ზ. ყ-ა მუდმივად ცხოვრობდა თუ არა ქ. თბილისში, ნაძალადევში, თბილისის ...ში მდებარე სასტუმრო „...ში“.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში შესაძლოა მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას“ (სუსგ №ბს-326(კ-21), 22.07.2021წ.). ამდენად, აღსანიშნავია, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 3 ნოემბრის №03-3702/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე