№ბს-60(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ.შ-ი, მოპასუხე- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 22 აპრილს გ.შ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
გ.შ-ის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 5.10.2020წ. №000289 დადგენილებით დაჯარიმდა 4 000 ლარით და ასევე დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქ. N25, კორპ. N6, ბინა N... -ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონების აივანზე უნებართვოდ განთავსებული ლითონის გისოსის დემონტაჟი. მოსარჩელემ მის მიმართ გამოტანილი დადგენილება გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც ჩატარდა ზეპირი მოსმენა. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას გ.შ-მა განაცხადა, რომ უძრავი ქონების შეძენისას ჟალუზი უკვე არსებობდა (გაკეთდა 1977 წელს), რისი დადასტურება მეზობლებსაც შეუძლიათ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2021წ. №308 ბრძანებით გ.შ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, გ.შ-მა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 5.10.2020წ. №000289 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2021წ. №308 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 27.02.2020წ. შედგა №000289 მითითება, ქ. თბილისში, ...ის ქ. №25, კორპ. №6, ბინა №...-ში (ს/კ ...) არსებულ აივანზე, უნებართვოდ ლითონის გისოსის განთავსების ფაქტზე. გ.შ-ს მითითებით განესაზღვრა ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ლითონის გისოსის უსაფრთხოების წესების დაცვით დემონტაჟისათვის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 22.04.2020წ. შედგენილი №000289 შემოწმების აქტით დადგინდა მითითების პირობების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 5.10.2020წ. №000289 დადგენილებით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ.შ-ი დაჯარიმდა 4 000 ლარით, ლითონის გისოსის უნებართვოდ განთავსებისთვის და დაევალა აღნიშნული გისოსის დემონტაჟი, რაც მან გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2021წ. №308 ბრძანებით გ.შ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. №255 დადგენილების დანართის მე-4 მუხლზე და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე, 123.1, 124.3, 125.1, 127-ე, 131-ე, 93-ე, 94-ე მუხლებზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №25, კორპ. №6, ბინა №...-ში (ს/კ ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი იყო ლითონის გისოსი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ვერც მოსარჩელის მიერ და ვერც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა მოძიებული მშენებლობის ნებართვის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ.შ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრეს, ვინაიდან უტყუარად ვერ დადგინდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრე, მართალია, არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას ამავდროულად წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, გ.შ-ის პასუხისმგებლობის საფუძვლებს წარმოშობს მისი უმოქმედობა, რამდენადაც მის, როგორც მესაკუთრის მიერ, არ იქნა შესრულებული მუნიციპალური ინსპექციის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით გ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 05 ოქტომბრის №000289 დადგენილება გ.შ-ის 4000 ლარით დაჯარიმების ნაწილში. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 05 ოქტომბრის №000289 დადგენილების მე-2 პუნქტი (რომლითაც გ.შ-ს დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ლითონის გისოსის დემონტაჟი). გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 მარტის №308 ბრძანება. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გ.შ-ი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (სუსგ 2012 წლის 12 ივნისი, საქმე №ბს-126-125(კ-12)) რომლის თანახმად უნებართვო მშენებლობა დენადი სამართალდარღვევაა. იგი უწყვეტად გრძელდება დროში და ითვლება დენადად მანამ, სანამ არ მოხდება მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება შესაძლებელია როგორც დემონტაჟის, ასევე ლეგალიზების გზით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის დადგენილება №153 განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის (შემდგომში – ობიექტი ან მისი ნაწილი) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ამავე წესის მეორე მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო (შემდგომში – შესაბამისი ორგანო), ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა გ.შ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №25, კორპუსი №6, ბ №...-ში უნებართვოდ მოწყობილი გისოსი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან დღეის მდგომარეობით უნებართვოდ დამონტაჟებული გისოსები ლეგალიზებულია, არ არსებობს მისი დემონტაჟის დავალების საფუძველი. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 05 ოქტომბრის №000289 დადგენილების მე-2 პუნქტი, რომლითაც გ.შ-ს დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ლითონის გისოსის დემონტაჟი.
სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის ‘’ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: მშენებლობის ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანი, რომელიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში. პალატის მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იქნა აცილებული თავად გ.შ-ის აქტიური მოქმედების შედეგად, კერძოდ, ლეგალიზებულია უნებართვოდ მოწყობილი გისოსი. პალატამ მიიჩნია, რომ გ.შ-ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან და უნდა გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.03.2021 წ. №308 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან იგი მთავარი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების თანმდევ შედეგს წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის არასწორი განმარტების შედეგად. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 9.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დგინდება სადავო ლითონის გისოსის განთავსების დრო, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-4 მუხლზე, ასევე „საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 93-ე, 94-ე, 95-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ პირველი კლასის შენობა-ნაგებობის კანონიერად განხორციელების საფუძველს წარმოადგენს მარტივი შეტყობინების განხორციელების თაობაზე, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №25-ში, №6 კორპუსში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართში განთავსებულია ლითონის გისოსი. ზემოაღნიშნული გისოსის კანონიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც მიუთითებს განხორციელებული სამუშაოების უკანონო ხასიათზე. რაც შეეხება სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებელ სუბიექტს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს უძრავი ნივთის მესაკუთრეს.
კასატორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფაქტობრივი შემადგენლობა, შესაბამისად, არსებობდა მუნიციპალური ინსპექციის მიერ სადავო აქტების გამოცემისა და გ.შ-ის დაჯარიმების საფუძველი. დემონტაჟთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ დემონტაჟის დავალება წარმოადგენს მუნიციპალური ინსპექციის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომელიც ემსახურება სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზანს. კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, სამართალდარღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი მხოლოდ ზედამხედველი თანამდებობის პირის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში შეიძლება იქნეს გამოყენებული. კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ გისოსის ლეგალიზების ფაქტის გათვალისწინებით სადავო აქტის ბათილად ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორის საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ეთანხმება სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 ოქტომბრის №000289 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 მარტის №318 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტების კანონიერების შემოწმებისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს მოცემულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც წარმოშობდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას გ.შ-ის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შეფასება უნდა მიეცეს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეებზე სანქციის შეფარდების პროცესში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურმა ინსპექციამ გ.შ-ის მიმართ შეადგინა №000289 მითითება, რომლის თანახმადაც სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №25, კორპ. №6, ბინა №...-ში (ს/კ: №...) არსებულ აივანზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის გისოსის განთავსება. ამავე მითითებით დგინდება, რომ დარღვევის გამოსწორების მიზნით, მითითების სუბიექტს დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ლითონის გისოსის დემონტაჟი. 2020 წლის 22 აპრილს ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა №000289 შემოწმების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 27 თებერვალს გაცემული №000289 მითითებით გათვალისწინებული პირობები გ.შ-ის მიერ არ იყო შესრულებული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 ოქტომბრის №000289 დადგენილებით გ.შ-ი დაჯარიმდა 4 000 (ოთხი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №25, კორპ. N6, ბინა №-ში (ს/კ N...) მდებარე უძრავი ქონების აივანზე უნებართვოდ განთავსებული ლითონის გისოსისათვის. ამავე დადგენილებით გ.შ-ს დაევალა უნებართვოდ განთავსებული ლითონის გისოსის დემონტაჟი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 მარტის №308 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ.შ-ის 2020 წლის 3 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 ოქტომბრის №000289 დადგენილება.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა გ.შ-ის განცხადება და ლეგალიზებულია ქ. თბილისში, ...ის ქ.№25, კორპუსი №6, ბინა №...-ზე უნებართვოდ მოწყობილი გისოსი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხ.). ამასთან, ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, საქმის განმხილველმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დავის გადაწყვეტის დროს არსებული ვითარება, გადაცდომის ჩამდენი სუბიექტის პიროვნება, მის მიერ წარსულში მსგავს გადაცდომათა ჩადენის ფაქტი, გადაცდომის ჩადენის წინარე ქმედებები, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სადავო დადგენილება ეფუძნება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიაზე უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის გარეშე რეკონსტრუქციად ითვლება ისეთი რეკონსტრუქცია, რომლის დროს არ იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და სახურავის პარამეტრები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმა მიმართულია უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოების წინააღმდეგ და ადგენს სანქციის კონკრეტულ ზომას. შესაბამისად, დასახელებული ნორმა დავის თავისებურებების გათვალისწინებით არ იძლევა ჯარიმის მინიმუმის ან მაქსიმუმის განსაზღვრის შესაძლებლობას. თუმცა, ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით სანქციის მხოლოდ კონკრეტული ზომის გათვალისწინება არ გამორიცხავს საქმეზე შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებების გამოყენებას.
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა); ე) ლანდშაფტური მშენებლობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ექსტერიერის რეკონსტრუქცია - ექსტერიერის (შენობის საანგარიშო ზედაპირის, სახურავის) არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების/ დეტალების გაბარიტების შეცვლა 0.1 მეტრზე მეტად ან/და ამგვარი ნაწილების დეტალების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, მათ შორის, მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს და არ იწვევს ფართობის ცვლილებას 1 მ2-ზე მეტად.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, ხოლო „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართი №1-ის "ღ" ქვეპუნატის თანახმად, I კლასის სამუშაოებს განეკუთვნება შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს, რომელიც ზოგადია ყველა სამართალდარღვევისათვის, თუ ისინი სპეციალური კანონით სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა. თავის მხრივ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება. განსახილველი შემთხვევის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინების დაუშვებლობაზე მითითებას, არ შეიცავენ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების გამომრიცხავ რაიმე დებულებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მოწესრიგებული ურთიერთობები არ არის სხვაგვარად დარეგულირებული სპეციალურ, კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მოსარჩელისათვის სანქციის შეფარდების საკითხზე ემსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-638-634(2კ-17) განჩინება; 2019 წლის 20 დეკემბრის №ბს-926-922(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი... აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს... ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე“ ( ზემოაღნიშნულ განჩინებებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ობიექტის ლეგალიზაცია ქმნის დარღვევის მცირე მნიშვნელობის და პირის მიმართ შეფარდებული სანქციის-პასუხისმგებლობის სახით ობიექტის დემონტაჟის არაადეკვატურად მიჩნევის პირობას. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ლეგალიზებით ადმინისტრაციულმა ორგანომ, ფაქტობრივად უარი თქვა დემონტაჟის განხორციელების დავალდებულებაზე. შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტებით გათვალისწინებული დემონტაჟის დავალების ძალაში დატოვების საფუძველი“სუსგ 19.10.2017წ. №ბს-360-357 (2კ-17); სუსგ 13.07.2022წ. №ბს-504-504(3კ-18)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სადავო დადგენილების გამოტანისას სახეზე იყო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ საქართველოს კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფაქტობრივი შემადგენლობა. საგულისხმოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის N6208223 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ.შ-ის განცხადება და ლეგალიზებულია ქ. თბილისში, ...ის ქ.№25, კორპუსი №6, ბინა №...-ზე უნებართვოდ მოწყობილი გისოსი (ტ.1, ს.ფ 252-253). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამჟამინდელი მდგომარეობით სამართალდარღვევის მავნე შედეგები თავიდან იქნა აცილებული თავად გ.შ-ის აქტიური მოქმედების შედეგად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გ.შ-ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება.
„უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესისა და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილება განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის (შემდგომში – ობიექტი ან მისი ნაწილი) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული (მშენებლობადამთავრებული) ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას. ამავე წესის მეორე მუხლის თანახმად, ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანო (შემდგომში – შესაბამისი ორგანო), ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს. საქმის მასალებში დაცული 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანების თანახმად, დაკმაყოფილდა გ.შ-ის განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქ N25, კორპუსი N6, ბინა N...-ზე უნებართვოდ მოწყობილი გისოსი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი გამორიცხავს სამართალდამრღვევისთვის დემონტაჟის დავალების კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 ოქტომბრის №000289 დადგენილების გ.შ-ის 4000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობას; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 5 ოქტომბრის №000289 დადგენილების მე-2 პუნქტის (რომლითაც გ.შ-ს დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ლითონის გისოსის დემონტაჟი) ძალადაკარგულად გამოცხადებას. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თანმდევი შედეგის სახით, არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 მარტის №308 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა