Facebook Twitter

№ბს-577(კს-24) 30 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე; თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ო.შ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებაზე.

2020 წლის 30 სექტემბერს ო.შ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნ.თ-ის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 1 სექტემბრის №288 განკარგულებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებითი გამოკვლევა-შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

2021 წლის 21 აპრილს მოსარჩელე ო.შ-მა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ.თ-ის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32„ა“-ში მდებარე უძრავი ქონების ს/კ ..., გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით ო.შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ნ.თ-ის საკუთრებაში რიცხულ, ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32„ა“-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ..., იპოთეკის ან გასხვისების სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 1 სექტემბრის №288 განკარგულება ქ. ბათუმში, ...ის ქ. №32ა-ში მდებარე 206.0 კვ.მ. არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 138.0 კვ.მ. შენობა-ნაგებობაზე ნ.თ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ნ.თ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ჯ.შ-ე.

2024 წლის 30 აპრილს მოსარჩელე ო.შ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა და შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით ო.შ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ნ.თ-ისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრებით მიმდინარე საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება ო.შ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით (საქმე №010310020003982002 (3-596/20)) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; მხარეებს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

2024 წლის 13 მაისს მოსარჩელე ო.შ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს და სარჩელზე უარის თქმის შესახებ 2024 წლის 30 აპრილის განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება და საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვა.

2024 წლის 21 მაისს მოსარჩელე ო.შ-მა ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინების გასაჩივრებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო.შ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლების დადგენილის სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიავს. ამავე კოდექისის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დავით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისთვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით, პირის უფლებაა ასევე უარი თქვას განჩინების გასაჩივრებაზე, რაც მისი მხრიდან გასაჩივრების უფლების განკარგვას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ გასაჩივრებაზე მხარეთა მიერ წერილობით უარის თქმა მისი კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველია. გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზებას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, პირი, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება თუ განჩინება. დაუშვებელია განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი, თუ მის გასაჩივრებაზე მხარეს წერილობით აქვს უარი გაცხადებული.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცულია მოსარჩელე ო.შ-ის 2024 წლის 21 მაისის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ ო.შ-მა უარი განაცხადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინების გასაჩივრებაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო.შ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 264-ე მუხლით, 390-ე- 399-ე მუხლებით, 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო.შ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

თ. ოქროპირიძე