საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-5(კ-24) 14 მაისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ო. შ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 26 აპრილს ო. შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, შშმ პირი. არ აქვს საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში. აღნიშნულის გამო, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში წარადგინა განცხადება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განაცხადის განხილვის შემდეგ მიენიჭა 9,5 ქულა, აქედან 1,5 ქულა - სხვის საკუთრებაში ცხოვრების გამო, 2,5 სოციალურად დაუცველობის ნაწილში, 1.5 ქულა - ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის ნაწილში და 4 ქულა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის ნაწილში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 23 მარტის №03-1921/ო ბრძანების საფუძველზე ო. შ-ას გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1921/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, კანონით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოსარჩელის - ო. შ-ასათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 23 მარტის №03-1921/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო. შ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ო. შ-ას დაურეგისტრირებელ ფართში ცხოვრების ფაქტი, რამაც 1.5 ქულის დაკლება გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ, ვინაიდან ო. შ-ა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე, სიღარიბის მაჩვენებელში მინიჭებული 2.5 ქულა არ იქნა გათვალისწინებული საკითხის განხილვისას ქულათა საერთო რაოდენობაში. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას მოსარჩელე ფართში ქირით ცხოვრობს თუ ქირის გარეშე, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანების №2 დანართის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმით ოჯახი ფასდება 1.5 ქულით, თუ სახეზეა დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე. მოცემულ კრიტერიუმში არ არსებობდა ო. შ-ასთვის 1.5 ქულის დაკლების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ სააგენტოსათვის მოსარჩელის მიერ იმ მტკიცებულების წარუდგენლობასთან დაკავშირებით, რომლითაც დამტკიცდებოდა საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის ვინაობა, მიუთითა თავად მოსარჩელის განმარტებაზე, სადაც მხარე აპელირებს, რომ მუდმივად დასაქმებულია სარემონტო სამუშაოებით, არემონტებს მშენებარე სახლებს და რემონტის პერიოდში ცხოვრობს გასარემონტებელ ობიექტებზე, ხოლო ობიექტის დაცვის სანაცვლოდ, არ იხდის ქირას. ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი არის მშენებარე, არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, მათი მხრიდან ვერ იქნებოდა წარდგენილი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. შ-ას არ აქვს რაიმე სახის სხვა უძრავი ქონება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა, არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი პირის დაურეგისტრირებელ ფართში ცხოვრების გამო. სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, ასევე გაზიარებულ ვერ იქნება სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება დაურეგისტრირებელ ბინაზე სამომავლოდ დევნილის მიერ საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შესაბამის კრიტერიუმებში ქულა დააკლდა სააგენტოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო. არც ის, რომ მოსარჩელე ცხოვრობს დაურეგისტრირებელ ფართში, რაც გახდა სააგენტოს მხრიდან უარის თქმის საფუძველი და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. სასამართლომ ძირითადი აქცენტი იმ გარემოებაზე გააკეთა, რომ მოსარჩელის ოჯახს საკუთრება არ გააჩნია და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში, თუმცა, კასატორის განმარტებით, მითითებული საფუძველი და არგუმენტიც არ არის საკმარისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისში, ... მე - ... მ/კ/რ №..., მე-6 სართულზე მეუღლესთან ერთად, რომელზეც აცხადებს, რომ განქორწინებულია, თუმცა, სოციალურ ბაზაში მასთან ერთადაა რეგისტრირებული, ცხოვრობს დაურეგისტრირებელ ფართში, ამასთან, აცხადებს, რომ იხდის ქირას. გარდა იმისა, რომ ქულა დააკლდა, დამატებით დასტურდება ის გარემოება, რომ განსახლების საჭიროებაც არ იკვეთება, რამდენადაც, თუ მხარე არ წარმოადგენს მტკიცებულებას, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეზე, სააგენტო საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხზეც ვერ იმსჯელებს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 მარტის №03-1921/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.
სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონი სახელმწიფოს მიმართ განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამდენად, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ო. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და ომის ვეტერანი.
2019 წლის 16 სექტემბერს ო. შ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. ო. შ-ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი, რომელშიც მიუთითა, რომ ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალო, ... ... მ/რ, კორპუსი №13/თბილისი, ..., ... მ/რ, ...ის დასახლება, ბლოკი №..., ბინა №11; აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არის ომის ვეტერანი. ცხოვრობს ნაქირავებ სახლში. ო. შ-ა ჩართულია სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მისი სარეიტინგო ქულა არის (30001-57000) შორის.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ო. შ-ას ფაქტობრივი მისამართია: თბილისი, ..., ... მ/რ-ნი, ...ის დასახლება ბლოკი №..., ბინა №11; სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ყოფილი ცოლი, თუმცა განაცხადი გააკეთა მარტომ. ო. შ-ას ოჯახს მიენიჭა ჯამში 10.50 ქულა, მათ შორის: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.5 ქულა; მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმით - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმით (30001- 57000 შორის სარეიტინგო ქულით) – 2.50 ქულა; ომის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,,შშმპ’’ მნიშვნელოვნად გამოხატული – 4 ქულა; ომში მონაწილეობა, ომის დროს დაინვალიდებული - 1.5 ქულა.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 2020 წლის 6 თებერვლის განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში მითითებულია, რომ ო. შ-ას ფაქტობრივი მისამართია: თბილისი, ..., ... მ/რ-ნი, ...ის დასახლება ბლოკი №..., ბინა №11; სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ყოფილი ცოლი. განაცხადი გააკეთა მარტომ. ო. შ-ას ოჯახს მიენიჭა ჯამში - 9.50 ქულა; აღარ მიენიჭა მარტოხელა პენსიონერის კრიტერიუმით გათვალისწინებული - 1 ქულა;
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 2021 წლის 27 სექტემბრის განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში ასევე მითითებულია, რომ ო. შ-ას ფაქტობრივი მისამართია: თბილისი, ..., ... მ/რ-ნი, ...ის დასახლება ბლოკი №..., ბინა №11; სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ყოფილი ცოლი. განაცხადი გააკეთა მარტომ. ო. შ-ას ოჯახს, მსგავსად 2020 წლის 6 თებერვლის შეფასებისა, მიენიჭა ჯამში - 9.50 ქულა.
2021 წლის 11 ოქტომბერს, ო. შ-ამ კვლავ მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით, აცნობა მისამართის ცვლილების შესახებ და მოითხოვა ახალი მისამართის დაფიქსირება, კერძოდ, ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი №..., მე-... სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა №....
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე 2021 წლის 1 ნოემბრის განაცხადის შეფასების ელექტრონულ ფორმაში აღინიშნა ო. შ-ას ახალი ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ..., ... მ/რ-ნი, ... კორპუსი, მე-... სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა ...; ასევე კვლავ მიეთითა, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ყოფილი ცოლი, თუმცა განაცხადი გააკეთა მარტომ. ო. შ-ას ოჯახს, მსგავსად 2020 წლის 6 თებერვლის შეფასებისა, მიენიჭა ჯამში - 9.50 ქულა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 10 ნოემბერს განხორციელდა ო. შ-ას ადგილზე გადამოწმება, მისამართზე: ..., ... მ/რ-ნი, კორპუსი №..., მე-... სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა №.... მონიტორინგის ფორმის თანახმად, ო. შ-ა ზემო აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2021 წლიდან; 2016-2021 წლებში ცხოვრობდა ...ის დასახლებაში, კორპუსი №..., ბინა 11-ში; 2010-2016 წლებში ცხოვრობდა ... მ/რაიონში, კორპუსი №...; 1993-2002 წლებში ცხოვრობდა რუსეთში. მონიტორინგის თანახმად, ო. შ-ამ არ იცის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის ვინაობა - კორპუსში ბინები გაფორმებული არ არის. სოციალურად დაუცველთა სიაში რეგისტრირებულია ყოფილ მეუღლესთან - ლ. მ-ასთან ერთად, რომელთანაც 2017 წელს განქორწინდა და მისი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაციას ო. შ-ა არ ფლობს. მონიტორინგის ჯგუფის მიერ შევსებულ ფორმაში ასევე აღნიშნულია, რომ ო. შ-ა მესაკუთრისთვის ქირის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სახლში აკეთებს რემონტს.
მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, 2022 წლის 18 იანვრის წინასწარი შეფასების ფორმის მიხედვით, შეიცვალა ო. შ-ას ოჯახისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა და კრიტერიუმების მიხედვით ჯამში განისაზღვრა 7.5 ქულით; მათ შორის: ქირა - 1.5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა; 3. ომის ვეტერანი/ვეტერანები - 1.5 ქულა; მნიშვნელოვნად შშმპ - 2 ქულა.
მონიტორინგის ინფორმაციით, ო. შ-ას წარსადგენი ჰქონდა ცნობა მესაკუთრის შესახებ და ვინაიდან აპლიკანტი სოციალური მომსახურების სააგენტოში ფიქსირდებოდა სხვა მისამართზე, სიღარიბის მაჩვენებელში მინიჭებული - 2.5 ქულა ექვემდებარებოდა განხილვას. მონიტორინგი განხორციელდა მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ-ნი, კორპუსი №..., მე-3 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა №....
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის №30 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ქ. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით შევსებული განაცხადები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ო. შ-ას ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართით (ბინით) დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, დაურეგისტრირებელ ფართში ცხოვრების გამო (დააკლდა: ქირა - 1.5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა).
ო. შ-ამ შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი, სადაც აღინიშნა, რომ განმცხადებელი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, საბურთალო, ... ... მ/რ, კორპუსი .../თბილისი, ..., ... მ/რ, ...ის დასახლება, ... ბლოკი, ბინა 11; კითხვარის თანახმად, განმცხადებელს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, არის ომის ვეტერანი. ცხოვრობს ნაქირავებ სახლში. ო. შ-ა ჩართულია სიღარიბის დაძლევის პროგრამაში და მისი სარეიტინგო ქულა არის - 30001-57000 შორის.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 მარტის №03-1921/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N30), ო. შ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დაურეგისტრირებელ ფართში ცხოვრების გამო (დააკლდა: ქირა - 1.5 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 2.5 ქულა), უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხთან მიმართებით, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება დევნილი ოჯახისათვის, იმ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქ. თბილისში, ..., ... მ/რ-ნი, კორპუსი №..., მე-... სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა №...-ში, დაურეგისტრირებელ ფართში ცხოვრების საფუძვლით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის სამომავლოდ დაურეგისტრირებელ ბინაზე დევნილის მიერ საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ და მიუთითებს, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით ან დაურეგისტრირებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. მით უფრო იმ დროს, როდესაც დადგენილია, რომ ო. შ-ას არ აქვს რაიმე სახის სხვა უძრავი ქონება.
ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუსგ №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე არასწორია მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გაცემაზე უარი იმ საფუძლით, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ წარადგინა იმ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ცხოვრობდა განაცხადის გაკეთების დროს. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებში არსებული მონიტორინგის ოქმებიდან და მოსარჩელის განმარტებებიდან დასტურდება, რომ იგი მუდმივად დასაქმებულია სარემონტო სამუშაოებით, არემონტებს მშენებარე სახლებს და რემონტის პერიოდში ცხოვრობს გასარემონტებელ ობიექტებზე, ხოლო ობიექტის დაცვის სანაცვლოდ, არ იხდის ქირას. ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი არის მშენებარე, არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, მისი მხრიდან ვერ იქნებოდა წარდგენილი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსარჩელის ზემოაღნიშნული პოზიციის საპირწონედ არგუმენტი, შესაბამისი მტკიცებულებით გამყარებული არ გაუჟღერებია და წარმოუდგენია სასამართლოსთვის.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - ო. შ-ა არის სტატუსით შშმ პირი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 11-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით) 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამავე კონვენციის 28.2 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას სოციალურ დაცვაზე, ამ უფლებით შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გამოყენების უფლებას და იღებენ შესაბამის ზომებს მისი დაცვისა და რეალიზებისათვის, მათ შორის: უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო საცხოვრებლის პროგრამების მისაწვდომობას და უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საპენსიო დახმარებისა და პროგრამების თანაბარ მისაწვდომობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილი ოჯახის წევრთა სტატუსის (შშმ პირი) გათვალისწინებით დევნილთა უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის განსაკუთრებული საჭიროებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე