Facebook Twitter

საქმე Nბს-1269(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 26 თებერვალს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით შპს “...ის” სარჩელი მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელის მითითებით, შპს „...ის“ ...ას განსაზღვრული ჰქონდა ე.წ. „ცხელების კლინიკის სტატუსი“ და საქართველოს მთავრობის N674 დადგენილების მიხედვით, წარმოადგენდა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის მართვის სახელმწიფო პროგრამის (დანართი N20) მე-3 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს. კლინიკამ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხეს წარუდგინა დოკუმენტაცია, თუმცა „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა N... რეესტრის N... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე, უარი ეთქვა. საფუძვლად სააგენტომ მიუთითა, რომ ICD კოდები შესაბამისობაში არ იყო N36 დადგენილების დანართი 1.7.1-1.18 პუნქტებით განსაზღვრულ კოდებთან. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს მთავრობის N674 დადგენილებით დამტკიცებულ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის მართვის სახელმწიფო პროგრამის (დანართი N20) მე-3 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვისთვის (რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას), ტარიფი ყოველ შემთხვევაზე ფიქსირდება არაუმეტეს N36 დადგენილების დანართი 1.7.1-1.18 პუნქტების შესაბამისად. ამასთან, N674 დადგენილებით, COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვისთვის, კონკრეტული ნოზოლოგიური კოდები (...) დადგენილი არაა.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის N10/510 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა („ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა N... რეესტრის N... სამედიცინო შემთხვევების ნაწილში) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 31.08.20წ. №04-14/3178 გადაწყვეტილების ნაწილობრივ („ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა №... რეესტრის №... სამედიცინო შემთხვევები) ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება N04-14/3178, ამავე გადაწყვეტილების „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა N... რეესტრში ჩამოთვლილ N..., N..., N..., N..., N..., N... სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით და ამავე სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის N10/510 გადაწყვეტილება, შპს „...ის“ 2020 წლის 07 ოქტომბრის N20/003/577 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი); მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში შპს „...ის“ მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „...ის“ „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა №... რეესტრის №... სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ COVID-19-ის დაუდასტურებელი სამედიცინო შემთხვევები წარდგენილი არ იყო №36 დადგენილების დანართი №1.7.1-ის 1.18 პუნქტის ნოზოლოგიური კოდით „სხვა ვირუსული ინფექციებისთვის“: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ....

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.12.19წ. N674 დადგენილების N20 დანართის მე-3 მუხლზე და მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ე.წ. „ცხელების კლინიკები“, რომლებიც შეიქმნა საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ახორციელებდნენ COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. ამასთან, COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვა წარმოადგენდა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას, რომლის დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი განსაზღვრულია „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 31.12.19წ. №674 დადგენილების №20 დანართის მე-4 მუხლით.

სააპელაციომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“ წარმოადგენდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის სახელმწიფო პროგრამის (დანართი №20) მე-3 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, კერძოდ, ახორციელებდა COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევები წარმოადგენდა COVID-19-ის დაუდასტურებელ შემთხვევებს, რომელთა მართვისთვის საჭირო იყო სტაციონარული მკურნალობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 31.12.19წ. №674 დადგენილების №20 დანართის (შემდგომში №674 დადგენილება) მე-4 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ დანართის მე-3 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.7.1-ის „1.18“ პუნქტით განსაზღვრული (სხვა ვირუსული ინფექციები) ტარიფისა (550 ლარი).

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დანართი №1.7.1-ის 1.18 პუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დადგენილია „სხვა ვირუსული ინფექციებისთვის“: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ..., მომსახურების ღირებულება - 550 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ №674 დადგენილების მე-4 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის ჩანაწერი, რომ მომსახურება ანაზღაურდება №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.7.1-ის „1.18“ პუნქტით განსაზღვრული (სხვა ვირუსული ინფექციები) ტარიფის (550 ლარი) შესაბამისად, მიუთითებს და ადგენს მხოლოდ ანაზღაურების ოდენობის წესს და ანალოგიას, 1.18 პუნქტებით გათვალისწინებული ნოზოლოგიური კოდის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების მსგავსად. შესაბამისად, დასახელებული დანაწესი არ ავალდებულებს კლინიკას, სამედიცინო შემთხვევაში ანაზღაურება მოითხოვოს სწორედ 1.18 პუნქტის რომელიმე ნოზოლოგიური კოდით, მით უფრო იმ მოცემულობაში, როცა 1.18 პუნქტის ნოზოლოგიური კოდის დიაგნოზები არ ემთხვევა და არ შეესაბამება COVID-19-ის დიაგნოზს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსაზრება მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული საფუძვლები (1.18 პუნქტის ნოზოლოგიური კოდის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა) არ წარმოადგენდა სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. პარალელურად, სადავო სამედიცინო შემთხვევები თუ რამდენად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ანაზღაურების მოთხოვნებს ზოგადად, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით გარემოებების შემოწმება-გამოკვლევას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დასადგენია, რამდენად გამოირიცხება ანაზღაურების სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები და სრულად აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი სამედიცინო შემთხვევები, ანაზღაურების შესაბამისი წესების მოთხოვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორი მიუთითებს, რომ „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.12.19წ. N674 დადგენილების დანართი №20-ის მე-4 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.7.1-ის „1.18“ პუნქტით განსაზღვრული (სხვა ვირუსული ინფექციები) ტარიფისა (550 ლარი). შესაბამისად, ICD კოდები უნდა შეესაბამებოდეს №36 დადგენილების დანართ №1.7.1-ის „1.18“ პუნქტით განსაზღვრულ კოდებს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-16 მუხლის დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მასში არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მის სამართლებრივ საფუძვლიანობაზე მსჯელობა. კასატორმა საკასაციო საჩივარში ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ამავე განჩინებით დადგინდა, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე განხილულიყო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 იანვრის N10/510 გადაწყვეტილების ნაწილობრივ („ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა N... რეესტრის N... სამედიცინო შემთხვევების ნაწილში) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 31.08.20წ. №04-14/3178 გადაწყვეტილების ნაწილობრივ („ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა №... რეესტრის №... სამედიცინო შემთხვევები) ბათილად ცნობა.

საკასაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, გადაწყვეტილება შპს " ...ის" მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს წარმოდგენილი სარჩელის მხოლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილთან დაკავშირებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კლინიკას უარი ეთქვა სადავო აქტებით სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ COVID-19-ის დაუდასტურებელი სამედიცინო შემთხვევები წარდგენილი არ იყო N36 დადგენილების დანართი N1.7.1-ის 1.18 პუნქტის ნოზოლოგიური კოდით „სხვა ვირუსული ინფექციებისთვის“: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ....

საქმის მასალებით დადგენილია,რომ შპს „...“ წარმოადგენდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის სახელმწიფო პროგრამის (დანართი N20) მე-3 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს, კერძოდ, ახორციელებდა COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სადავო სამედიცინო შემთხვევები წარმოადგენდა COVID-19-ის დაუდასტურებელ შემთხვევებს, რომელთა მართვისთვის საჭირო იყო სტაციონარული მკურნალობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 31.12.19წ. №674 დადგენილების №20 დანართზე, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია მოსახლეობის დაცვა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციისაგან (COVID 19) როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების გზით. 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების 16.1 მუხლის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად წარმოდგენილი შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა და ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), როდესაც: ა) წარდგენილ შემთხვევაზე არ არის გაკეთებული შეტყობინება; ბ) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა პროგრამის განმახორციელებლის მიერ ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე დადგენილ ფაქტებს, მათ შორის: ბ.ა) სტაციონარული შემთხვევების დროს, მოსარგებლის სამედიცინო დოკუმენტაციით არ მტკიცდება მოსარგებლის დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დროით მოთავსება, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; ბ.ბ) თუ შეტყობინების სისტემაში გადმოცემული დიაგნოზი არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დიაგნოზს; ბ.გ) პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები შეტყობინებასა და წარდგენილ დოკუმენტაციაში ერთმანეთს არ ემთხვევა; გ) იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი საანგარიშო თვის ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება თითოეულ შემთხვევაზე თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 0,2%, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პიროვნების პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) მონაცემებს; ე) შემთხვევის შესახებ შეტყობინების დაფიქსირების დროს დარღვეულია დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები; ვ) წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ შეესაბამება პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების მოცულობას; ზ) თუ სახეზეა დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირების შემდეგ დამატებული ან შეცვლილი კოდი; თ) საანგარიშგებო დოკუმენტაცია არ არის შევსებული დადგენილი წესის შესაბამისად; ი) ადგილი აქვს დეტალურ კალკულაციაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენილი ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობას მოთხოვნილ ჯამურ თანხასთან ან ჩატარებული მომსახურების მოცულობასთან.

საგულისხმოა, რომ სამ სადავო შემთხვევასთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისთვის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა N674 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, ხოლო სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ შესაბამის დასაბუთებას.

საქართველოს მთავრობის ზემოხსენებული N674 დადგენილების N20 დანართის მე-3 მუხლის „გ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევის მართვას, რომელსაც ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. ხოლო ზემოაღნიშნული დანართის მე-4 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.7.1-ის „1.18“ პუნქტით განსაზღვრული (სხვა ვირუსული ინფექციები) ტარიფისა (550 ლარი).

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1.7.1-ის 1.18 პუნქტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დადგენილია „სხვა ვირუსული ინფექციებისთვის“: ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ...; ..., მომსახურების ღირებულება - 550 ლარი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ N674 დადგენილების N20 დანართის მე-4 მუხლის „დ.გ“ პუნქტის ჩანაწერი, არ ავალდებულებს კლინიკას სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურება მოითხოვოს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების დანართ N1.7.1-ის „1.18“ პუნქტით განსაზღვრული რომელიმე ნოზოლოგიური კოდით, რადგან ზემოხსენებულ პუნქტით გათვალისწინებული დიაგნოზები არ შეესატყვისება და არ არის COVID-19-ის დიაგნოზის იდენტური.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.12.19წ. N674 დადგენილება თავად არ განსაზღვრავს კოვიდის დაუდასტურებელ შემთხვევებთან დაკავშირებით ნოზოლოგიური კოდების მინიჭების საკითხს, ამასთან ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის დაანგარიშების მაქსიმუმს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული სხვა ვირუსული ინფექციებისთვის დადგენილი თანხის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ COVID-19-ის დაუდასტურებელი შემთხვევა არ მიეკუთვნება საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული დანართ N1.7.1-ის 1.18 პუნქტის რომელიმე ნოზოლოგიურ კოდს, შესაბამისად, ამ საფუძვლით სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმაც კანონშეუსაბამოა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლები (1.18 პუნქტის ნოზოლოგიური კოდის ფარგლებში სამედიცინო შემთხვევის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა) არ წარმოადგენს სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დასადგენია სადავო სამედიცინო შემთხვევები რამდენად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ ანაზღაურების მოთხოვნებს, ამ მიზნით საჭიროა დამატებითი გარემოებების შემოწმება-გამოკვლევა. საჭიროა დადგინდეს, რამდენად გამოირიცხება ზოგადად ანაზღაურების სხვა დამაბრკოლებელი გარემოებები და სრულად აკმაყოფილებს თუ არა წარდგენილი სამედიცინო შემთხვევები, ანაზღაურების შესაბამისი წესების მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობაზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის Nბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).“

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმის განხილვა ბოლნისის რაიონულ და თბილისის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) საკასაციო საჩივარზე 13.02.2024წ. N04472 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.02.2024წ. N04472 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა