Facebook Twitter

საქმე №ბს-349(კ-24) 6 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ.ნ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის №1000840585 გადაწყვეტილება „ბ.ნ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ.ნ-ის მიმართ შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ბ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1000840585 „ბ.ნ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ.ნ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

საკასაციო საჩივრის თანახმად, ბ.ნ-ის განცხადების საფუძველზე წარმოების ფარგლებში სააგენტომ მოიკვლია წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ამასთან, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის გათვალისწინებით, უარის თქმის კანონიერი საფუძვლების დადგენის მიზნით, სააგენტომ 2023 წლის 07 აპრილის №01/82765 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის SSG 0 23 00086428 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. ამდენად, კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, იხელმძღვანელა რა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავდროულად, გაითვალისწინა რა კერძო და საჯარო ინტერესი, მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლისა და 96–ე მუხლის პირველი ნაწილის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის №1000840585 სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილების პირველ მუხლზე, მე-13 მუხლზე, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, სააგენტო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ბ.ნ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის №1000840585 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ზემოდასახელებული კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი) მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).

ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“, რომლის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ბ.ნ-ი (დაბ.: ... ... ...წელი) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 18-19, 227-229); ბ) ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2022 წლის 10 ნოემბრის №... ნასამართლობის ცნობის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბ.ნ-ი (დაბ. ... ... ...წ. პასპორტის ნომერი ... ... ...) არ არის ნასამართლევი ირანში (ს.ფ. 226); გ) 2022 წლის 01 ივნისს, ერთი მხრივ, შპს „...ის“ (ს/კ ..., შემდგომში ,,დამსაქმებელი’’) დირექტორ თ.რ-სა და მეორე მხრივ, ბ.ნ-ის (შემდგომში ,,დასაქმებული’’) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის 2.1. მუხლის თანახმად, დასაქმებული კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს და შეითავსოს ...ის თანამდებობა. ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, დასაქმებულის ხელფასი შეადგენს 1100 ლარს. ხოლო მე-11 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის 2022 წლის 1 ივნისიდან და ძალაშია 2024 წლის 1 ივნისამდე (ს.ფ. 41-48, 173-175); დ) საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ მიერ 2022 წლის 21 ნოემბერს გაცემული სახელფასო ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ ბ.ნ-ი 2020 წლის 1 ივლისიდან დასაქმებულია შპს „...ში“ ...ის თანამდებობაზე და ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 2022 წლის 1 ივნისიდან შეადგენს 1375 ლარს (ხელზე ასაღები თანხა 1100 ლარი) (ს.ფ. 49); ე) საქმეში წარმოდგენილია შპს „...ის“ მიერ 2022 წლის 21 ნოემბერს გაცემული №... ცნობა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე დასაქმებულთა შესახებ, რომლის თანახმად, 2022 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით შპს „...ში“ (ს/კ ...) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს ერთს - ბ.ნ-ი (პ/ნ ...; პასპორტი ნომერი ...) (ს.ფ. 50); ვ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 01 მაისის ცნობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2023 წლის 01 მაისის მდგომარეობით შპს „...ის“ მიერ 01.08.2019-დან 01.05.2023 ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხები შეადგენს 256 145.28 ლარს (ს.ფ. 80); ზ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 01 მაისის ცნობით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (01.05.2023 მდგომარეობით), შპს „...ის“ (ს/ნ ...) მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მიხედვით, 08.2019-დან 05.2023-ის ჩათვლით პერიოდში ბრუნვა შეადგენს 1 134 893.48 ლარს, ხოლო დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 134 893.48 ლარს (ს.ფ. 81); თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №3/6842-20) დადგენილია, რომ ბ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №1000719358 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ.ნ-ის მიმართ საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ. 20-31); ი) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 06 იანვრის №1000719358 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2020 წლის 2 სექტემბრის №1000719358 განცხადება და ბ.ნ-ს მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 6 იანვრიდან 2023 წლის 6 იანვრამდე (ს.ფ. 38); კ) 2022 წლის 21 ნოემბერს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ბ.ნ-იმ №1000840585 განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა (ს.ფ. 167-170); ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის SSG 5 22 00247993 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბ.ნ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება (ს.ფ. 166); მ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 დეკემბრის №1000840585 გადაწყვეტილებით განმცხადებელს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 53); ნ) ბ.ნ-მა სასარჩელო განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 დეკემბრის №1000840585 გადაწყვეტილება „ბ.ნ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ და დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/8798-22) ბ.ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 დეკემბრის №1000840585 გადაწყვეტილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშრებით (ს.ფ. 54-75); ო) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 07 აპრილს №01/82765 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განმეორებით ეთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ბ.ნ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 162-163); პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის SSG 0 23 00086428 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბ.ნ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება (ს.ფ. 165); ჟ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 18 აპრილის №1000840585 გადაწყვეტილებით, ბ.ნ-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა შრომითი ბინადრობის გაცემაზე (ს.ფ. 77).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის შემოწმება პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის SSG 0 23 00086428 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 აპრილის 349(კ-24) მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. ასეთი ინფორმაცია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მხარეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, მისი ასახვა სასამართლო აქტში ვერ მოხდება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო გაეთვალისწინებინა საქმეზე არსებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნიდა.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, საფუძვლიანია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 31.01.2024წ. №02502 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე