საქმე ბს-1187 (გ-23) 07 ივნისი, 2024 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ს. კ-ის სარჩელთან დაკავშირებული დავა განსჯადობის თაობაზე მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. კ-იმა 06.01.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) 12.09.2019წ. გადაწყვეტილებისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსის 21.10.2019წ. N MIA 2 19 02790838 წერილის ბათილად ცნობა, ასევე ს. კ-ისათვის საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი შვილი ცხოვრობს თბილისში და თავად მოსარჩელე ხშირად ჩამოდის საქართველოში. მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ბინა. მოსარჩელის მითითებით 12.09.2019წ. მორიგი ჩამოსვლის დროს, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მას უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, რაც გასაჩივრებულ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, რომლის 21.10.2019წ. N MIA 2 19 02790838 წერილით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.01.2020წ. განჩინებით ს. კ-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 15.1 მუხლის მიხედვით სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ, წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. დასახელებული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 12.09.2019წ. გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.01.2020წ. განჩინებით ს. კ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.11.2023წ. განჩინებით საქმე სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის განხილვის ეტაპზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგინდა ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა ტერიტორიული განსჯადობის საკითხი და წინამდებარე საქმის მსგავსი (იდენტური) კატეგორიის საქმეები, რომლებზედაც დავის საგანი უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საკითხის კანონიერების კვლევას, განსჯად სასამართლოდ მიჩნეული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (საქმე №ბს-999(გ-23), 05.10.2023წ.). სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით განსჯად სასამართლოდ აღნიშნული კატეგორის საქმეებზე მიჩნეულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო არსებითი გადაწყვეტილება განსახილველ საქმეზე. ამასთან, სასამართლო საქმეს განსახილველად ვერ გადასცემდა კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს შემდეგ წესრიგს - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით, რის გამოც საქმე სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად უნდა გადასცემოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) 12.09.2019წ. გადაწყვეტილებისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსის 21.10.2019წ. N MIA 2 19 02790838 წერილის ბათილად ცნობა. მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითებულია, რომ საქმე განხილული უნდა იქნეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ 12.09.2019წ. გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო დავების ტერიტორიული განაწილების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს ტერიტორიული განსჯადობის სპეციფიურ წესს, რაც ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და შემდგომი მუხლების გამოყენების საჭიროებას განაპირობებს (სასკ-ის 1.2 მუხ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის თანახმად მოპასუხედ დასახელებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის მისამართია ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38. მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოსარჩელეს მოპასუხედ არ დაუსახელებია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (...), რომელიც მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში. არ დაიშვება მოპასუხის მოთხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ სათანადო მოპასუხე არ დაასახელა, დაუშვებელია სარჩელის განსჯადობით გადაგზავნა იმ სასამართლოსათვის, რომლის მოქმედების ტერიტორიაზე მდებარეობს სასამართლოს აზრით სათანადო მოპასუხე. სასამართლო საკუთარი ინიციატივით არასათანადო მხარეს ვერ შეცვლის. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო ვალდებულია განიხილოს საქმე და უარი უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები მიღებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურისა (...) და ამავე სამმართველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსის მიერ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც თავის მხრივ სამმართველოებად და სამსახურებად არის დაყოფილი. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შორის სახელდება საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო (6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.), რომელიც სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საზღვრის რეჟიმის დაცვას, სავიზო და საპასპორტო კონტროლს (11.2 მუხ. „დ“, „ე“ ქვ.პ.). "საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების" მე-6 მუხლის მიხედვით, საზღვრის მართვისა და კოორდნირების მთავარი სამმართველო, არის რა დეპარტამენტის სტუქტურული ერთეული (მე-6 მუხ. "ე" ქვ.პ.), დებულების თანახმად (დებულების მე-6 მუხ. მე-2 პ.) ის არ განეკუთვნება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო აერთიანებს: საზღვრის მართვის განყოფილებას, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...), სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (...), აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს და სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურს (...) (11.1 მუხ.). ამდენად, მოსარჩელესთან მიმართებით სადავო აქტები მიღებულია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის - საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სხვადასხვა სამსახურის, ერთ შემთხვევაში საზღვრის მართვის განყოფილების, ხოლო მეორე შემთხვევაში სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის (...) მიერ, რომელთაც დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობა არ გააჩნიათ და მოქმედებენ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ნორმატიულად დადგენილი უფლებამოსილებების სათანადოდ შესასრულებად და დეპარტამენტის სახელით, ამასთანავე მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს დეპარტამენტს. ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს დადგენისას მხედველობაში არ არის მისაღები ის, თუ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო რომელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. N53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების“ მიხედვით დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველო თუ მისი სამსახურები არ სახელდება დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს შორის, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება (მე-6 მუხ. მე-2, მე-3 პ.), (იხ. სუსგ 05.10.2023წ. Nბს-999(კ-23)). ქვეყანაში შემოსვლის საკითხები, საქართველოს კონსტიტუციის 7.1 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის შესაბამისად, განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს.
ტერიტორიულ განსჯადობას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ითხოვს არა მხოლოდ სადავო აქტების - 12.09.19წ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს ვიზის გაცემაზე და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და აგრეთვე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 21.10.19წ. N MIA 2 19 02790838 წერილის ბათილად ცნობას, არამედ აგრეთვე მოითხოვს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის საქართველოში შემოსვლის ნებართვის მიცემის დავალებას. ზოგადად, ტერიტორიულ განსჯადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შესრულების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით (მავალებელი სარჩელი), ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეზე ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანოს კომპეტენციის ფარგლებზე და ორგანოს მდებარეობაზე. „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 30.12.2013წ. N386 დადგენილების 5.3 მუხლის, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 23.06.2015წ. N280 დადგენილების მე-13 მუხლისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების 11.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით საქართველოს ვიზას გასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთვარი სამმართველო, რომელიც დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების 6.1 მუხ. „ე“ ქვ.პ.). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ვიზის აღების ნებართვის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება. ამდენად, ტერიტორიული განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს სსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დაცვით, მოპასუხის - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადგილსამყოფელის (ქ. თბილისი, ნ. რამიშვილის ქ. N38) მიხედვით. "რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16.06.20წ. N3 დადგენილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, მითითებული დადგენილების მე-11 მუხლის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა, რომელიც მოიცავს საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. კ-ის ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ტერიტორიულად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი