Facebook Twitter

ბს-1445(კ-22) 11 ივნისი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.ლ-მა 31.08.2018წ. სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის მიმართ. 09.11.2021წ. სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.10.2017წ. №1/6-564 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, დანართი №1-ის მე-9 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების (ბოლნისი, სოფ. ...ში №... 231კვ.მ.) ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2017წ. №... გადაწყვეტილების (სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაცია) ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.07.2018წ. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2018წ. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 03.01.2020წ. განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ბოლნისის ....

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15.11.2021წ. გადაწყვეტილებით ე.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტელად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2017წ. №..., 16.07.2018წ. №... და 24.08.2018წ. №... გადაწყვეტილებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტელად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.10.2017წ. №1/6-564 ბრძანება, დანართის №9 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებასთან (ბოლნისი, სოფ. ...ში №... 231კვ.მ.) დაკავშირებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2022წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციის განხორციელებისას არ გაითვალისწინეს სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ სხვა პირის კერძო საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი, ხოლო მოსარჩელე ე.ლ-ის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად არ გამოიკვლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელთა გათვალისწინების შემთვევაშიც შესაძლოა სადავო ქონების მიმართ მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილებანი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამატებით გამოთხოვილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.02.2020წ. წერილით წარმოდგენილ იქნა ბოლნისის ...ის (...ის) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000-2006წწ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებიდან ამონარიდის ასლები, სოფლების, უძრავი ქონების ფართების მითითებით, გადამხდელის ინდენტიფიკაციის გარეშე, ბოლნისის ...ის 2007 წლისა და 2010 წლის აღწერის აქტის ასლები ბალანსზე რიცხული ქონების შესახებ. წარმოდგენილ საგადასახადო სიებში მითითებულია არაერთი ობიექტი, მათ შორის კვების ობიექტები, რომელიც იმყოფება „...ის“ მფლობელობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო სიაში, სოფ. ...ში მდებარე ობიექტების დასახელების გრაფაში მითითებულია - „...“, ობიექტის მფლობელად - „...“, დაკავებული მიწის ფართობის გრაფაში - „100“.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო აქტის საფუძველზე ისე მოხდა უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია, რომ არ ყოფილა გამოკვლეული სხვა პირთა საკუთრების უფლების შესაძლო არსებობის ფაქტი, ხოლო, მოსარჩელეს ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სადავო აქტების გამოცემამდე და რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა სარეგისტრაციო სამსახურში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია მოპასუხე მხარემ ზუსტად მოახდინოს ყიდვა-გაყიდვის აქტის შედგენამდე ბოლნისის ...ის ...ის სადავო ქონების იდენტიფიკაცია და სხვა დამაბრკოლებელ გარემოებათა არ არსებობის შემთხვევაში, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე მატერიალური სამართლის ნორმები არსებითად არასწორად განიმარტა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რამაც გამორიცხა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მიერ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის თვალსაზრისით. კასატორი მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა თუ დადგინდებოდა არსებითი წინააღმდეგობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ მოთხოვნასა და უკვე რეგისტრირებულ უფლებას შორის. უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან საჯარო რეესტრში მიმდინარე წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული დაინტერესებული პირის საკუთრების დამდგენი დოკუმენტის საფუძვლები, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ განხორციელდებოდა უძრავი ქონების რეგისტრაცია. კასატორი მიუთითებს, რომ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ე.ლ-მა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასა და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილია: ამონაწერი ძირითადი საშუალებების ბოლნისის ...ის ბალანსიდან (01.01.07წ. მდგომარეობით) - ობიექტების დასახელების გრაფაში მითითებულია „სოფ. ...ის ...“; ბოლნისის ...სა და მყიდველ - შ.ლ-ს შორის 04.08.2008წ. გაფორმებული ძირითადი საშუალების ყიდვა-გაყიდვის აქტი სოფელ ...ში მდებარე ...ის თაობაზე; ბოლნისის რაიონული ...ის თავმჯდომარის მიერ 20.10.2015წ. გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ 01.08.2008წ. მდგომარეობით ...ის ბალანსზე ირიცხებოდა სოფ. ...ში მდებარე ..., რომელიც ბალანსიდან მოიხსნა 04.08.2008წ. მისი გაყიდვის გამო; შეთანხმება ბოლნისის რაიონული ...ის თავმჯდომარესა და ე.ლ-ს შორის (სანოტარო დამოწმების თარიღი: 15.09.2016წ); სამკვიდრო მოწმობა.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიების მიზნით, მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საპასუხო წერილის თანახმად, უძრავი ნივთის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სააგენტოს არქივში მოძიებული ვერ იქნა, რის შემდეგაც ე.ლ-ის სარეგისტრაციო განცხადება რეაგირებისთვის გადაიგზავნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. აღიარების კომისიის 25.08.2017წ. განკარგულების თანახმად, ე.ლ-ს უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

ე.ლ-ის განცხადებაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოებები, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.10.2017წ. N1/6-564 ბრძანების საფუძველზე, დადგინდა დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის აუცილებლობა. ბრძანების დანართი N1-ის მე-9 პუნქტში მითითებულია უძრავი ქონება: ბოლნისი, სოფ. ... N...; 231კვ.მ. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2017წ. N... გადაწყვეტილებით, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, მასზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (N...) სარეგისტრაციო განაცხადის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 25.10.2017წ. მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, ფიქსირდება ზედდება ე.ლ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის საკადასტრო მონაცემებთან (N... განაცხადთან). მიუხედავად ამისა, ე.ლ-ის განაცხადზე 26.10.2017წ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის შესახებ ისე, რომ არ იქნა გამოკვლეული წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გამსხვისებლის - ბოლნისის ...ის უფლებამოსილებისა და ე.ლ-ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლების არსებობის საკითხი სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას სახელმწიფოს სახელზე დაარეგისტრიროს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურში მიმართვის წარდგენამდე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოეკვლია გარემოებები სარეგისტრაციო შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დასახელებული ყიდვა-გაყიდვის აქტი ვერ ჩაითვლებოდა საკმარის საფუძვლად საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, ვინაიდან მნიშვნელოვანი იყო ასევე თავად გამყიდველის - ბოლნისის რაიონული ...ის უფლებამოსილების საკითხის დადასტურებაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ამ მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და ბოლნისის რაიონული ...ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება არ განუხორციელებია, შესაბამისად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრში მიმდინარე წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული დაინტერესებული პირის საკუთრების დამდგენი დოკუმენტის საფუძვლები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ განხორციელდებოდა უძრავი ქონების რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საქმის მასალებში დაცული სსიპ შემოსავლების სამსახურის 25.02.2020წ. წერილით წარმოდგენილია, ბოლნისის ...ის (...ის) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2000-2006წწ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებიდან ამონარიდის ასლები, სოფლების, უძრავი ქონების ფართების მითითებით, გადამხდელის ინდენტიფიკაციის გარეშე. წარმოდგენილ საგადასახადო სიებში მითითებულია არაერთი ობიექტი, მათ შორის, კვების ობიექტების დასახელებით, რომელიც იმყოფება „...ის“ მფლობელობაში. ამასთანავე, საგადასახადო სიის ჩამონათვალში, სოფელ ...ში მდებარე ობიექტების დასახელების გრაფაში მითითებულია - „...“, ობიექტის მფლობელად -„...“, დაკავებული მიწის ფართობის გრაფაში - „100“. - მოცემულ შემთხვევაში დამატებით კვლევას საჭიროებს სსიპ შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად აღრიცხულ სუბიექტსა და ყიდვა-გაყიდვის აქტში მითითებულ ბოლნისის ...ის შორის ურთიერთკავშირის არსებობის ფაქტი და 04.08.2008წ. ყიდვა-გაყიდვის აქტში მითითებული შენობა-ნაგებობის ბოლნისის ...ის ბალანსზე აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, შეფასებას საჭიროებს ის, თუ რამდენად შეიძლება იყოს საკუთრების უფლების წარმომშობი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება იმის გათვალისწინებით, რომ "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მხარეების მიერ ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულების დადასტურება წარმოადგენს ხელშეკრულების მართლზომიერების საფუძველს.

სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი