საქმე №ბს-411(კ-24) 3 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის №1000894200 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ.ა-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-მა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული აქტის დასაბუთება ეფუძნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, თუმცა აღნიშნული დასკვნა მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს, რადგან მოსარჩელე არ ეწევა არანაირ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ისარგებლა იმით, რომ მის მიერ ჩატარებული წარმოების მასალები არ არის ხელმისაწვდომი მხარისთვის და გასცა დაუსაბუთებელი პასუხი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევის შესახებ. მოსარჩელისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რაში სდებენ ბრალს, კონკრეტულად რომელი მისი ქმედება შეფასდა საფრთხის შემცველად. შესაბამისად, არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი მოსაზრება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რათა განეხორციელებინა თავისი უფლებების ეფექტიანი დაცვა.
საქართველოს კონსტიტუციის 36.2 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მშობლები ფლობენ მუდმივი ბინადრობის ნებართვას. ასევე, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე საქართველოში ეწევა საინვესტიციო საქმიანობას და მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 467 355 აშშ დოლარს. ასევე, ის ფლობს მოქმედ საუდის არაბეთის ვიზას.
სზაკ-ის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-6 და მე-7 მუხლებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უსაფუძვლო წერილი და მოპასუხეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სხვა საფუძველი არ გამოუვლენია. შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული იმ მხრივ, რატომ მიენიჭა უპირატესობა საჯარო ინტერესს კერძო ინტერესთან შედარებით. ასევე, გადაწყვეტილებაში არ იქნა მითითებული, რა აუცილებელი ლეგიტიმური მიზანი და სოციალური საჭიროება არსებობდა უარის სათქმელად იმ პირობებში, როდესაც კასატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ყოფილა მიცემული და მას სამართალდამცავ ორგანოებთან არასდროს შექმნია პრობლემები.
კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ კონტრდაზვერვის „უარყოფითი დასკვნა“ ავტომატურად წარმოშობს ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს. სააგენტომ უარყოფითი დასკვნა უნდა მიიღოს, როგორც საჯარო ინტერესის განმაპირობებელი საფუძველი და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეაფასოს მეორე მხარეს არსებული კერძო ინტერესები, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის პირობებში არსებობდა უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა და ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული წარმოებისა და დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პრინციპებს. ამავე ლოგიკით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაც, რასაც აძლევდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება - „უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას“. სიტყვა - „შეიძლება“ გულისხმობს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა არ არის იმპერატიული (სარეკომენდაციო ხასიათისაა) და ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, საჯარო და კერძო ინტერესების სწორი დაბალანსებით მიიღოს არსებული სიტუაციისთვის ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო ინტერესის უპირატესობა აშკარაა საჯარო ინტერესზე. კასატორი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად - ფლობდა უძრავ ქონებებს საქართველოში, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში. ამასთან, ის არ ეწევა/ეწეოდა ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფო ინტერესებს, არ არსებობს ისეთი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს კასატორის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას და უფრო მეტიც, საქმეში არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ის არ იყო ნასამართლევი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის №1000894200 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მ.ა-ისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. ამავე კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, აგრეთვე მის მეუღლესა და შვილზე/შვილებზე. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) მ.ა-ი (დაბ: ... ... ... წელი, პასპორტის ნომერი: ...) წარმოადგენს სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს (ს.ფ. 16); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 აგვისტოს №1000740289 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2021 წლის 9 თებერვლის №1000740289 განცხადება და მ.ა-ს მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 8 აგვისტოდან 2023 წლის 8 აგვისტომდე (ს.ფ. 93); გ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, მ.ა-ი არის შპს „...“-ს 90% წილის მფლობელი და დირექტორი (ს.ფ. 85-86); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა შემდეგი: M.A.K, დაბადების თარიღი: ... ... ..., პირადი ნომერი: საბუთის ნომერი: ..., საბუთის ტიპი: ეროვნული პასპორტი, კვეთის თარიღი: 22.06.2023, 16:27:28, მიმართულება: შემოსვლა, გამშვები პუნქტი: TBILISI_AIRPORT, დარჩენილი დღეების რაოდენობა (შსს): 46 დღე, გასვლის საბ. თარიღი (შსს): 07.08.2023, დარჩენილი დღეების რაოდენობა დღევანდელი დღისთვის: 42, დარჩენილი დღეების რაოდენობა განაცხადის მიღების დროისათვის: 45 დღე, შენიშვნა: გაიარა შემოწმების შემდეგ (ს.ფ. 95-96); ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 4 ივნისის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №12, ს/კ ... თანამესაკუთრეს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 31 მაისიდან წარმოადგენს მ.ა-ი (ს.ფ. 83-84); ვ) შპს „ უ...“-ს უძრავი ქონების შეფასების 2021 წლის 8 თებერვლის №21/02-08/01 დასკვნის თანახმად, მ.ა-ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისი, ...ას ქუჩა №12, ბინა №... (ს/კ ...) უძრავი ქონების ღირებულება 2021 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, შეფასებულ იქნა: 1 181 500 ლარად - 355 713 აშშ დოლარი (ს.ფ. 97-101); ზ) მ.ა-მა 2023 წლის 23 ივნისს №1000894200 განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 73-75, 76-77); თ) საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით მოქალაქე მ.ა-ზე (დაბადებული ... ... ...წელს, მცხოვრები თბილისი, ...ას ქუჩა №12, ბინა №...) ინფორმაცია არ მოიპოვება (ს.ფ. 92); ი) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 26 ივნისს №1000894200/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა მ.ა-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 102); კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის SSG 9 23 00148491 წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიაჩნია მოსარჩელისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 103); ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის №1000894200 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.ა-ის 2023 წლის 23 ივნისის №1000894200 განცხადება. განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ მის მიმართ არსებობდა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 104).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის 2023 წლის 30 ივნისის SSG 9 23 00148491 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად, რასაც სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობის და საბოლოო ჯამში გაზიარების თვალსაზრისით მისი შინაარსის გათვალისწინებით გააჩნია არსებითი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 17 აპრილის №ბს-411(კ-24) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად და უპირატესობა მართებულად მიენიჭა საჯარო - სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზანს. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება, ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
3. მ.ა-ის (დაბ: ... ... ... წელი, პასპორტის ნომერი: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.03.2024წ. №... საგადასახადო დავალებით ა.ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე