Facebook Twitter

საქმე №ბს-492(კ-24) 11 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ო.ს-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო.ს-ემ 2023 წლის 20 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 08 ივნისის №01/23/შ/პ-0166 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ო.ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

ო.ს-ემ სარჩელში აღნიშნა, რომ იგი 2016 წლიდან სასჯელს იხდის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისათვის. მას არაერთ სოციალურ აქტივობაში აქვს მონაწილეობა მიღებული; ხასიათდება დადებითად; მეტიც, იგი ირიცხებოდა ...ად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად. მოსარჩელე არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას პატიმრობის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილება იყო უსამართლო და უნდა გაუქმებულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 08 ივნისის №01/23/შ/პ-0166 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ო.ს-ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, ყურადღება გაამახვილა პატიმრობის კოდექსზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესზე“, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ო.ს-ის წახალისებებზე, იმ ფაქტზე, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ირიცხებოდა ...ად, შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, არ არღვევდა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ იყო აგრესიული და კონფლიქტური, და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის დადებითი თვისებები აღემატებოდა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია ო.ს-ის მოუხდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლი ადგილობრივ საბჭოებს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენითა და სადავო საკითხის ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციური შეფასებების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე.

კასატორის მითითებით, საბჭომ საკითხის განხილვისას გამოიკვლია და უარყოფითად შეაფასა ერთ-ერთი კრიტერიუმი, დანაშაულის ხასიათი. კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული დანაშაული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მისი მოსაზრებით, საკითხის დადებითად გადაწყვეტისას, საბჭოს უნდა გაუჩნდეს მაღალი ნდობა მსჯავრდებულის მიმართ, რომ მიღწეულია პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანი და გათავისუფლების შემთხვევაში თავიდან იქნება აცილებული ახალი დანაშაული. ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია უარი დააფუძნოს ნებისმიერ სათანადოდ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მაგ: რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი დამატებით აღნიშნავს, რომ საბჭოს მიერ გამოკვლეული იქნა ნასამართლობის კრიტერიუმი; განაჩენის მიხედვით, ო.ს-ე ნასამართლევია. პირად საქმეში არსებულ განაჩენში მითითებულია, რომ ო.ს-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.10.2013 წლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/ა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ეს კრიტერიუმი საბჭოს მხრიდან დადებითად ვერ იქნა შეფასებული.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სამართლიანობის აღდგენა გამოიხატება იმაში, რომ დაცულ იქნეს პიროვნება, საზოგადოება და სახელმწიფო დანაშაულებრივი ქმედებისგან, სამართლიანობის აღდგენის მიზანი მიღწეულია მაშინ, როდესაც სასჯელი საზოგადოებას და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას. დანაშაულის თავიდან აცილების მიზნის რეალიზაცია გულისხმობს დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის დაუშვებლობას, როგორც მსჯავრდებულის, ისე სხვა პირის მიერ. საბჭომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ არ მომხდარა სასჯელის მიზნების მიღწევა. კასატორმა დამატებით განმარტა, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც არსებობს თავისუფლების პირობებში მსჯავრდებულის კანონშესაბამისი ქცევისა და უსაფრთხო რესოციალიზაციის მოლოდინი. ამგვარ მოლოდინს კი, ქმნის თავად დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის შემდგომი ვითარება, რაც აღნიშნული დანაშაულის სიმწვავეზე მიუთითებს როგორც მისი პიროვნება, ისე ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ო.ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სიმძიმის, თანმდევი საზოგადოებრივი რისკების, ნასამართლობების და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის წესით სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიზნების გათვალისწინებით ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასა და სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს მოსახდელი სასჯელის, მათ შორის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნასაც, თუმცა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი პატიმრობის კოდექსი და მის საფუძველზე მიღებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“ (შემდგომში – წესი) იძლევა დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესში ამ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შეღავათის მსჯავრდებულზე გავრცელების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი საქართველოს კანონი ,,პენიტენციური კოდექსი“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. შეფასების კრიტერიუმებს კი განსაზღვრავს ზემოთ მითითებული წესის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს ე.წ. მოქმედების ნულოვან თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, რადგანაც არ არსებობს როგორც სრულიად დისკრეციული უფლებამოსილება, ასევე - სრული მოწესრიგება. სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული სფეროს რეგულირების ხარისხი, სასამართლო კონტროლის სიმჭიდროვე, ინტენსივობა, შესაბამისად, სასამართლოს კონტროლი ამ პირობებში უნდა იყოს სათანადო და თანაზომიერი, დასაცავი ობიექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დისკრეციის მიმართ გამკაცრებული ტესტის გამოყენება (სუსგ 13.02.2013წ. №ბს-448-443(კ-12)).

შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის, დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. №ბს-1655-1627 (კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331 (კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.

პალატის მოსაზრებით, რადგანაც სადავო საკითხი შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების შემოწმება გამკაცრებული ტესტის გამოყენებით ხორციელდება, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ფორმალური მითითება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასა და მისი გამოცემისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურის დაცვაზე, საკმარისი არ არის. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა სრულყოფილ გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (სზაკ-ის 96.1 და 96.2 მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის განაჩენით, ო.ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ო.ს-ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი. ო.ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით ო.ს-ის საქმეზე საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ განიხილა რა ო.ს-ის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, იმ დასაბუთებით, რომ ო.ს-ის მიერ ჩადენილი იყო ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და რომ ო.ს-ე იყო ნასამართლევი, საბჭომ 2023 წლის 08 ივნისის №01/23/შ/პ-0166 გადაწყვეტილებით მოცემულ ეტაპზე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებული ო.ს-ე სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ (18-ჯერ) არის წახალისებული, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი ირიცხებოდა N... დაწესებულებაში ...ად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად, არის სტუდენტი, ო.ს-ე არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული, გარდა ამისა, ო.ს-ე დამნაშავედ თვლის თავს და აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. არ წარმოადგენს საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულს და არა აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა.

პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა წინააღმდეგობაში არ მოდის სასჯელის მიზანთან. შესაბამისად, საკასაციო პალატა მსჯავრდებულის - ო.ს-ის პიროვნული მახასიათებლების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საჭირო აღარ არის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივლისის განაჩენით ო.ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით დამტკიცებული ,,შინაპატიმრობის აღსრულების წესის“ დაცვით, მას უნდა მიეცეს საცხოვრებელ ადგილზე, ოჯახურ გარემოში სრულყოფილი რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ქმნის ო.ს-ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს. შესაბამისად, დასტურდება, რომ საბჭომ 2023 წლის 08 ივნისის №01/23/შ/პ-0166 გადაწყვეტილების მიღებისას არ დაიცვა საჯარო და კერძო ინტერესის ბალანსი, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობაა.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმად, ის, რაც პატიმრობის დასაწყისში გახლდათ მთავარი არგუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ხანგრძლივი პატიმრობის შედეგად. ამიტომაც, სათანადო დროს განგრძობადი პატიმრობის გადახედვით არის მხოლოდ შესაძლებელი ამ გარემოებებისა თუ ცვლილებების ჯეროვნად შეფასება; ევროპულ და საერთაშორისო სამართალში არსებობს ნათელი მხარდაჭერა იმ პრინციპისა, რომ ყველა პატიმარს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილებსაც, უნდა მიეცეთ რეაბილიტაციის შესაძლებლობა და გათავისუფლების პერსპექტივა რეაბილიტაციის გავლის შემდეგ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vinter and Others v. the United Kingdom) №66069/09, №130/10, №3896/10, §111, §114 09.07.2013).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა