Facebook Twitter
საქმე №ბს-620(2კ-23) 3 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს...“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „ს...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს №22283 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 აგვისტოს №... საგადასახადო მოთხოვნა; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აგვისტოს შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა დღგ-ის მიზნებისათვის წინა პერიოდის დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით ჩაუთვლელ თანხებზე ჩათვლის მიღება და დარიცხული ჯარიმების გაუქმება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №208802 ბრძანება; ე) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 5 აპრილის №6751/2/2018 საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს №22283 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 აგვისტოს №... საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 2018 წლის 13 აგვისტოს შემოწმების აქტის ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა დღგ-ის მიზნებისათვის წინა პერიოდის დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით ჩაუთვლელ თანხებზე ჩათვლის მიღება და დარიცხული ჯარიმების გაუქმება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №208802 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 5 აპრილის №6751/2/2018 საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

2024 წლის 13 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.

2024 წლის 3 ივნისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უარი განაცხადეს საკასაციო საჩივრებზე, რითაც მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 378-ე, 399-ე მუხლებით


დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო;
3. მხარეებს განემარტოთ, რომ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მათ ერთმევათ უფლება, კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე