საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-426(კ-22) 20 დეკემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ტ...“; მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 02 ნოემბერს სს „ტ...ს“ წარმომადგენელმა სარჩელით, ხოლო შემდეგ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ. 2019 წლის 24 დეკემბერს სს „ტ...ს“ წარმომადგენელმა ასევე სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ. 2020 წლის 31 აგვისტოს სს „ტ...ს“ წარმომადგენლის მიერ ასევე წარდგენილი იქნა სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 03 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმეები - №3/2080-16/19 წ, №3/730-19 წ და 3/401-20წ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სს ტ...ს (ს/ნ ...) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი, 29.11.2019 წლის ... გადაწყვეტილება სს ტ...ს (ს/ნ ...) 29.10.2019 წლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი, 30.09.2019 წლის ... და N... გადაწყვეტილება 03.11.2019 წლის N...; N...; N...; N...; N...; N...; N... და N... გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი, 29.09.2019 წლის ... და N... გადაწყვეტილება 03.11.2019 წლის N...; N...; N...; N...; N...; N...; N... და N... გადაწყვეტილებები ...; N...; N...; N...; N...; N...; N...; N...; N...; N... განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020),№ ... (12.07.2020), № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020), № ... (12.07.2020) და №... (12.07.2020) გადაწყვეტილებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტად, ბათილად იქნა ცნობილი, 2020 წლის 11 ივნისის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ № ... 8/10/2020 საჯარო რეესტრი (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), № ... (11.06.2020), №... (11.06.2020) და №... (11.06.2020) გადაწყვეტილებები; დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიღება სს ტ...ს (ს/ნ ...) მოთხოვნასთან დაკავშირებით ქ. ქუთაისში ...ს ქ.N6-ში მდებარე ქონების, ქ. ქუთაისში ... ...-ში მდებარე ქონების და ქ. ქუთაისში ...ს ქუჩა (ყოფილი ...ის ქუჩა 19; ყოფილი ... 19) მდებარე ქონების სს „ტ...ს“ (ს/ნ ...) საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება“, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლი, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტით დასტურდება მოსარჩელის მიერ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 09 აგვისტოს კანონის შესაბამისად, მის სარგებლობაში არსებული სადავო ქონებების პრივატიზების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის საფუძველზე შედგენილი და დამტკიცებული იქნა ფირმა „ქ...ის“ საპრივატიზაციო გეგმა; მოსარჩელე ორგანიზაციის აქციები სრულად გამოსყიდული იყო და იმყოფებოდა კერძო პირთა საკუთრებაში; მაღაზია ,,პ...ს“ შენობა შესული იყო ფირმა „ქ...ის“ საპრივატიზაციო ნუსხაში და აუქციონზე რეალიზაციის გზით შეიძინეს აქციები სს ტ...ის აქციონერებმა. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ის მსჯელობა, რომ სს „ტ...ს“ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე არ წარუდგენია საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტები.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებში არ არის სათანადო მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ არ წარმოადგენს პრივატიზაციის გეგმა, მასში მითითებული უძრავი ნივთების დაინტერესებული პირის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველს, მაშინ როდესაც საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის 1.1 მუხლით „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის ის მითითება რომ განსახილველ შემთხვევაში თითქოსდა გავრცელება უნდა ჰპოვოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-74 მუხლის შემზღუდველმა დათქმამ, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარების დავალების წინაპირობები, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლზე და განმარტა, რომ თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა - გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტიაა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა მიუთითა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5, მე-8, 23-ე მუხლები და განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის N1/3-520 ბრძანების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე - ქუთაისი, ...ის N...-ს მიმდებარედ. კასატორის განმარტებით, ვინაიდან მითითებულ უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა კერძო პირის საკუთრების უფლება და შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის N1/3- 520 ბრძანება რომელიც ძალაშია და მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის. მიიჩნევს რომ იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის საფუძველი მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სადავოდ არ არის ქცეული და ძალაშია, არ არსებობს განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლები. წარმომადგენელი აპელირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რასაც განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიიჩნევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2...ს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
უპირველესად საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტები და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (იხ. ტომი VI, ს.ფ 58-100). საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია და სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. საკასაციო პალატა მეტი სიცხადისთვის ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედგენის ტექნიკურ საკითხზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობილ აქტებში ასევე მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 თებერვლის N... გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის დაკმაყოფილების შესახებ (ს/კ ... მდებარე ქონების რეგისტრაციის თაობაზე. ქ. ქუთაისში ... ...-ში მდებარე ქონებაზე), რომელიც ტექნიკურად ასახული არ არის ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რიგი სადავო აქტების რეკვიზიტები - თარიღები მითითებულია ცდომილებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითბული ტექნიკური ხასიათის უსწორობა, არ ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების უპირობო საფუძველს.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქუთაისის სააქციო საზოგადოება „ქ...ის“ დაფუძნების შესახებ 1994 წლის 28 ივლისის №115 ბრძანებით ირკვევა, რომ ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №223 დადგენილების და მასში ცვლილებათა შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ივლისის №571 დადგენილებით, აგრეთვე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის 25 ოქტომბრის №208 ბრძანების საფუძველზე, ქუთაისის ფირმა „ქ...ის“ პრივატიზების სამუშაო კომისიის მიერ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით სამმართველოს უფროსმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ქუთაისის ფირმა „ქ...ის“ პრივატიზების სამუშაო კომისიის მიერ წარდგენილი: ა) საწარმოთა გაერთიანების გეგმა ბ) საწარმოთა ღირებულების შეფასების აქტი; გ) საწარმოს სააქციო საზოგადოების წესდება (თან ერთვის) და ქუთაისის ფირმა „ქ...ის“ ბაზაზე დაფუძნდა ქუთაისის სააქციო საზოგადოება „ქ...ი“, რომელიც გახდა ამ საწარმოს გარდაქმნამდე არსებული უფლებების და მოვალეობების მემკვიდრე. ამავე ბრძანებით განისაზღვრა საზოგადოების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ცალკეულ განყოფილებათა უფლება - მოვალეობები.
ფირმა „ქ...ის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსისადმი ამავე სამმართველოს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის განყოფილების გამგის მიერ წარდგენილი მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად, ფირმა „ქ...ის“ პრივატიზების სამუშაო კომისიამ წარადგინა საწარმოს პრივატიზების გეგმა, ქონების ღირებულების შეფასების აქტი და სააქციო საზოგადოების წესდება. შესული დოკუმენტების განხილვის საფუძველზე ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და მშენებლობის განყოფილება მივიდა დასკვნამდე, რომ წარდგენილი პრივატიზაციის გეგმა შეესაბამება ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის 26 აპრილის №72 ბრძანებით დამტკიცებულ ტიპობრივ გეგმას. ორგანიზაცია შედის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტის დაქვემდებარებაში. იგი მდებარეობს ქუთაისში, ...ს ქ. №26-ში, განთავსებულია 3200მ2 ფართობზე, სააქციო საზოგადოების საწყისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს - 65 512 ათას მანეთს (95 779,09 აშშ დოლარს) განყოფილებამ მიზანშეწონილად მიაჩნია დამტკიცებული ყოფილიყო საწარმოს პრივატიზაციის გეგმა, ქონების შეფასების აქტი და სააქციო საზოგადოების წესდება.
ქუთაისის საფინანსო განყოფილების №001275 სარეგისტრაციო ბარათით ირკვევა, რომ საწარმოს ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზოგადოება, საფირმო სახელწოდება - „ქ...ი“; საწარმოს მისამართი - ...ს ქ. №..., მარეგისტრირებელი ორგანო - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო, რეგისტრაციის თარიღი - 4.23.07.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 04 სექტემბრის №12/5-41 დადგენილების თანახმად, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ჩანაწერებით: 2.ა საზოგადოების ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზოგადოება; ბ. საწარმოს საფირმო სახელწოდებაა სააქციო საზოგადოება; გ. საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №...; დ. საქმიანობის საგანია სამშენებლო სამონტაჟო და სპეც. სამონტაჟო სამუშაოები და სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით არაა აკრძალული. 3ა. საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენს - 97 407 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ეროვნული ვალუტით; ბ. საწესდებო კაპიტალი დაყოფილია აქციებად, საწარმოს გამოშვებული აქვს - 97407 ჩვეულებრივი სახელობითი აქცია. ერთი აქციის ნომინალური ღირებულებაა - 1 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხა ეროვნული ვალუტით.
სამშენებლო სამრეწველო კომერციული ფირმა „ქ...ის“ წარმომადგენელთა კონფერენციის 1994 წლის 15 სექტემბრის №2 ოქმით დადგენილია, რომ სხდომაში მონაწილეებმა მოისმინეს და კენჭი უყარეს „ქ...ის“ გენ. დირექტორის მოადგილის ა. ა-ეის წინადადებას „ქ...ის“ საკონტროლო აქციათა პაკეტების 51%-ს პირდაპირი ყიდვის უფლების მიღების თაობაზე. კონფერენციის მიერ დადგენილ იქნა, რომ ქ...ის მუშაკებმა გამოიყენონ მინიჭებული გაფართოებული უფლება და შეიძინონ პირდაპირი ყიდვის უფლებით „ქ...ის“ აქციათა პაკეტები 51% მდე ოდენობით.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის სს „ტ...ს“ გენერალური დირექტორისადმი შედგენილი 1999 წლის 12 აგვისტოს წერილით დადგენილია, რომ ადრესატს 1999 წლის 20 ივლისის №94 წერილზე ეცნობა, რომ წერილის შედგენის დღის მდგომარეობით სს „ტ...ს“ საწესდებო კაპიტალის აქციების 100% სახელმწიფოს მიერ არის გასხვისებული და იმყოფება კერძო მფლობელობაში.
ფირმა ,,ქ...ის“ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის ღირებულების შეფასების 1993 წლის 01 აპრილის აქტის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ს ქ. №6-ში მდებარე უძრავი ნივთი ფირმა ,,ქ...ის“ ბალანსზეა.
ფირმა ,,ქ...ის“ პრივატიზაციის გეგმით დადგენილია, რომ აღნიშნული შედგა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად მოქმედი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ.
სამმართველოს უფროსის სს ,,ქ...ის“ გენერალური დირექტორისადმი მიმართვით დადგენილია, რომ ადრესატს 1995 წლის 01 ივნისის წერილის პასუხად ეცნობა, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, დაუმთავრებელი „ობიექტი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წერილის 01-06-3327 07,11,94წ/ თანახმად რჩება სააქციო საზოგადოება ქ...ის საწესდებო კაპიტალში.
ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 14 ნოემბრის №26-93/1708 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს მე-... ...ის მიერ, სამშენებლო ნარჩენებისა და არაკონდიციური მასალების სარეალიზაციოდ გაიხსნა საფირმო მაღაზია „პ...“. სახელდობრ, საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა: ,,1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს მე-... ...ის ხელმძღვანელობის თხოვნა საწარმოო ნარჩენებისა და არაკონდიციური მასალების, საქონელგაცვლის წესით მიღებული საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების სახალხო მოხმარების საქონლის სარეალიზაციო საფირმო მაღაზია „პ...ს“ გახსნის ნებართვის შესახებ; 2. მიღებულ იქნას ცნობად, რომ მე-... ...ის კომერციული საფირმო მაღაზია „პ...“ განთავსდება ... №...-ში მისამართზე, ტრესტის დაქვემდებარებულ კომპლექტაციის სამმართველოს ბალანსზე რიცხულ შენობაში.“
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №1/3520 ბრძანებით მოთხოვნილია ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარედ, 543.00კვ. მეტრი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნაგებობაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ბრძანებაში მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უნდა მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს განახორციელოს ...ის ქუჩა №...-ს მიმდებარედ, 543.00კვ.მეტრი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობის (№01 - 56,17კვ. მეტრი საერთო ფართი, 69,00კვ. მეტრი განაშენიანების ფართი) სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის, შიდა აზომვითი ნახაზის და ელ. ვერსიის შესაბამისად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 თებერვლის №... გადაწყვეტილებით (რეგისტრაციის შესახებ) დადგენილია, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 თებერვლის №... განცხადება უძრავ ნივთზე, მდებარე ქუთაისი, ...ის ქ. №... მიმდ, (ზონა: ქუთაისი, სექტორი: ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაერთო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის №1/3-520 ბრძანება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შიდა აზომვითი ნახაზი, ელ. ვერსია, წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. დადგენილია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების - რეგისტრაციის შესახებ.
სააქციო საზოგადოება „ტ...ს“ 2016 წლის 14 მარტის №5 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სამმართველოსადმი წერილით ირკვევა - მოსარჩელისათვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს ქალაქის სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფო რეგისტრაცია, მათ შორის შეცდომით მოხვდა სს „ტ...ს“ გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ...ის №...-ში მდებარე ტერიტორია, რომელზედაც განთავსებულია მოსარჩელის ბალანსზე რიცხული შენობა (პ...). მიაჩნია რომ ილახება მისი, როგორც კერძო მესაკუთრის ინტერესები, გამომდინარე აღნიშნულიდან ითხოვს, საკითხის შესწავლამდე შეჩერდეს დასახელებული ტერიტორიის აუქციონზე გატანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 სექტემბრის №13/45377 წერილით, სს „ტ...ს“ დირექტორს 2017 წლის 19 აგვისტოს №17 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა №...-ში (ყოფ. №...) მდებარე, 543.00კვ.მეტრი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 56.17კვ. მეტრი შენობა - ნაგებობა, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა (ს/კ ...) 2016 წლის 25 თებერვალს, ინვენტარიზაციის ფარგლებში, ინიცირების საფუძველზე. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით არ დადასტურდა აღნიშნულ ქონებაზე სს „ტ...ს“ საკუთრება და არც სს „ტ...ს“ მიერ წარდგენილი დოკუმენტებით იყო შესაძლებელი ზემოთ მითითებული შენობის იდენტიფიცირება. მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მიერ, შეჩერებული იქნა ობიექტის პრივატიზების პროცესი, ამასთან, აღნიშნულ მისამართზე, ყოფილი ტრესტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი არ არის პრივატიზებული.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 22 მარტს წარედგინა სს „ტ...ს“ №... განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მისამართზე მდებარე ქუთაისი, ...ს ქ №.... განცხადებაზე თანდართულია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; შიდა აზომვითი ნახაზი; ელ. ვერსია. გადაწყვეტილების თანახმად, დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2019 წლის 28 მარტის №... მიმართვით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან, მაგრამ მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა სს „ტ...ს“ უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი (სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 01.05 №6/25812 წერილი).
№007720018 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ქუთაისში, ...ს ქ.№...-ში (...ს გამზირი №... (ყოფილი ... №...) სს „ტ...ს“ შენობა - ნაგებობის განაშენიანების საერთო ფართი დანართ №1-ში შეადგენს 6339.73კვ.მ-ს.
№007717618 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ. ქუთაისში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ს.ს. ,,ტ...ს“ შენობა - ნაგებობის განაშენიანების საერთო ფართი მოცემულია დანართ. №1-ში და შეადგენს 2171. 78 კვ. მ-ს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ტ...ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) დირექტორის დ. ჩ-ის 2019 წლის 20 მაისის №226276/17, 226295/17, №226323/17, №226361/17, №226375/17, №226392/17, №226413/17, 226447/17, №226476/17, №222501/17 ადმინისტრაციული საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (07.05.2019), №... (07.05.2019), №... (13.05.2019), №... (13.05.2019), №... (13.05.2019). №... (13.05.2019), №... (13.05.2019), №... (13.05.2019), №... (13.05.2019), №... (13.05.2019) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №.... (12.06.2019), №.... (12.06.2019), №.... (12.06.2019), .... (12.06.2019), №.... (12.06.2019), .... (12.06.2019), №.... (12.06.2019), №... (12.06.2019), №... (07.06.2019) №... (07.06.2019) გადაწყვეტილებები.
ამავე გადაწყვეტილებით, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს დაევალა №..., №..., ..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებებზე საქმისათვის არსებითი გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება, აქტის სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი დასაბუთების 4.3.9 - 4.3.11 და 4.3.15 პუნქტების გათვალისწინებით, ახალი გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სს „ტ...ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) დირექტორ დ. ჩ-ის 2019 წლის 29 ოქტომბრის №492538/17 ადმინისტრაციული საჩივარი რომლითაც მოთხოვნილი იყო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (30.09.2019), №... (30.09.2019), №... (03.10.2019), №... (03.10.2019), №... (03.10.2019), №... (03.10.2019), №...12 (03.10.2019), №... (03.10.2019), №... (03.10.2019) №... (03.10.2019) გადაწყვეტილებების გაუქმება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებების რეგისტრაცია (მისამართი ქ. ქუთაისი, ...ს ქ. №....)
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სს „ტ...ს" (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) წარმომადგენელს ა. ბ-ეს 2020 წლის 22 ივლისის 244915/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2020 წლის 22 ივლისის საჩივრით გასაჩივრებული იყო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (12.07.2020), №... (12.07.2020), №... (12.07.2020), №... (12.07.2020), №... (12.07.2020), №... (12.07.2020), №... (12.07.2020), № ... (12.07.2020), №... (12.07.2020), №... (12.07.2020), ... (12.07.2020) და №... (12.07.2020) გადაწყვეტილებები.
საკასაციო საჩივარზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა მიუთითებს 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც „პრივატიზება“ განმარტებული იყო, როგორც მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგადაც, ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. ამავე კანონის 1.2. მუხლში განიმარტა, რომ პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. კანონის 3.3. მუხლის თანახმად, პრივატიზების ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო მე-16 მუხლი ადგენდა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესაძლებლობას აქციების (პაის) გაყიდვის გზით. ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმო წინასწარ უნდა გარდაქმნილიყო სახელმწიფო სააქციო საზოგადოებად და ამხანაგობად, ხოლო მათი რეგისტრაციის შემდეგ, საწარმოთა აქციების პაკეტი გადაეცემოდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, საკონკურსო საწყისებზე გაყიდვის მიზნით.
საკასაციო სასამართლოს მსჯელობით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაამახვილეს ყურადღება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ „სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულებაზე“, რომლითაც სავალდებულოდ ჩაითვალა პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით სააქციო საზოგადოების წესდების, ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება (დებულების მე-6 პუნქტი). ამასთან, დებულების მე-10 პუნქტით დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა შეფასების აქტში. დებულების მე-13 პუნქტის თანახმად დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს (წერილობით შეტყობინებას, ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების მიზნით), ხოლო მე-14 პუნქტის შესაბამისად, აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ, საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. ამდენად, სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და შემდგომ აქციების გამოსყიდვა წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ერთ - ერთ ფორმას და მიზანმიმართულ მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო საწარმოს მუშაკები უნდა გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით. ამასთანავე, საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით, სააქციო საზოგადოების დაარსების მომენტში მისი კონკრეტული ქონების შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, სავალდებულოდ ჩაითვალა ქონების შეფასების აქტისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ნაგებობების, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის შესახებ, ასევე ამ მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, რეგისტრატურაში აუცილებლად უნდა ინახებოდეს რუკა ან რუკების ერთობლიობა, რომლებშიც აღრიცხულია, მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის ზონის კადასტრული (ინდექსირებული) რუკები. ამ რუკების არსებობაზე პასუხისმგებელია რეგისტრატორი. ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, რეგისტრატორს შეუძლია მოითხოვოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სამიწათმოწყობო გამოკვლევის ჩატარება და გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით შეასწოროს რეგისტრაციის კადასტრული რუკა, რის შესახებაც 20-30 დღით ადრე აქვეყნებს შეტყობინებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება წამოაყენონ პრეტენზიები და დაესწრონ საზღვრების დადგენას. რეგისტრატორს შეუძლია გასცეს მითითება ახალი კადასტრული რუკის ან მისი ნაწილის მომზადების შესახებ. ახალ რუკაზე მომხდარ ცვლილებებს რეგისტრატორი გააცნობს ამ ქონებაზე უფლების მქონე პირს ან პირებს. რაიმე შეუთანხმებლობის შემთხვევაში რეგისტრატორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას მასზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არაერთი დოკუმენტით დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 09 აგვისტოს კანონის შესაბამისად, მის სარგებლობაში არსებული სადავო ქონებების პრივატიზების ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს თითოეულ მტკიცებულებაზე: ქუთაისის სააქციო საზოგადოება „ქ...ის“ დაფუძნების შესახებ 1994 წლის 28 ივლისის №115 ბრძანებით - ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №223 დადგენილება და მასში ცვლილებათა შეტანის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ივლისის №571 დადგენილება, აგრეთვე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1993 წლის 25 ოქტომბრის №208 ბრძანება, ფირმა ,,ქ...ის“ პრივატიზაციის გეგმა (რომელიც შედგა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად მოქმედი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ), სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსისადმი გაცემული, ამავე სამმართველოს ტრანსპორტის კავშირგაბმულობის და მშენებლობის განყოფილების ფირმა „ქ...ის“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ მოხსენებითი ბარათი, სამშენებლო სამრეწველო კომერციული ფირმა „ქ...ის“ წარმომადგენელთა კონფერენციის 1994 წლის 15 სექტემბრის №2 ოქმით, ქონების მართვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის 1999 წლის 12 აგვისტოს სს „ტ...ს“ გენერალურ დირექტორის 1999 წლის 20 ივლისის №94 წერილზე პასუხი, ფირმა ,,ქ...ის“ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის ღირებულების შეფასების 1993 წლის 01 აპრილის აქტი, ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 14 ნოემბრის №26-93/1708 გადაწყვეტილებით საფირმო მაღაზია „პ...ს“ გახსნის შესახებ სააქციო საზოგადოება „ტ...ს“ 2016 წლის 14 მარტის №5 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სამმართველოსადმი წერილი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად იძლევა თუ არა რეგისტრაციის საფუძველს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოში 1997 წლის 30 მაისამდე მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის საფუძველზე შედგენილი და დამტკიცებული იქნა ფირმა „ქ...ის“ საპრივატიზაციო გეგმა, მოსარჩელე ორგანიზაციის აქციები სრულად გამოსყიდული იყო და იმყოფებოდა კერძო პირთა საკუთრებაში, მაღაზია ,,პ...ს“ შენობა შესული იყო ფირმა „ქ...ს“ საპრივატიზაციო ნუსხაში და აუქციონზე რეალიზაციის გზით შეიძინეს აქციები ს.ს ტ...ის აქციონერებმა. შესაბამისად, მართებულად არ იქნა გაზიარებული მოპასუხეთა ის პოზიცია, რომ სს „ტ...ს“ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთებზე არ წარუდგენია საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტები.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლს, რომლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ - სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება - მოვალეობებს. პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს, ერთ - ერთი ძირითად საჯარო - სამართლებრივ უფლებამოსილებას სწორედ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოადგენს. რაც შეეხება კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლზე, რომლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებში არ არის დასაბუთებული თუ რატომ არ წარმოადგენს პრივატიზაციის გეგმა, მასში მითითებული უძრავი ნივთების დაინტერესებული პირის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველს, ამასთან არ იქნა გამოკვლეული ხომ არ არსებობოდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი სხვა რაიმე გარემოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარების დავალების წინაპირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა - გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
ბიძინა სტურუა