Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1499(კ-22) 14 თებერვალი 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ-ამ 2021 წლის 10 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინებით, თ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-10, მე-16 მუხლებზე, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-4, მე-5, მე-13, 26-ე, 27-ე მუხლებზე, ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესზე (დანართ №1), „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე“ (დანართი №2) და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. ბ-ას, როგორც ...ს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა 2005 წლის 03 ივნისიდან (25 წლის შრომის საერთო სტაჟი). ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ...ის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის N...) თავდაპირველად მიმართა 2021 წლის 04 თებერვალს. ამავე განცხადებით მხარემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობით და გაანგარიშების წესით, საქართველოს ...ის სტატუსის გამო მიუღებელი კომპენსაციის გაცემა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, თ. ბ-ას 2021 წლის 1 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია - 560 ლარის ოდენობით. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 22 ივლისის N04-00-ძ/7762 წერილით, თ. ბ-ას ეცნობა, რომ მას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით 2021 წლის 4 თებერვლამდე არ მიუმართავს, შესაბამისად მიიჩნია, რომ მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის იმ პოზიციაზე, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა 2005 წლის 03 ივნისიდან და მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო საქართველოს ...ის სტატუსიდან გამომდინარე კომპენსაცია, რაც მისივე მსჯელობით, უკავშირდება ზიანის მიყენების ფაქტს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 992-ე, 1005-ე მუხლები და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1382-19), საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. ბ-ას სასარგებლოდ, დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, ასევე მატერიალური ზიანის 123 598,37 (ასოცდასამი ათას ხუთას ოთხმოცდათვრამეტი აშშ დოლარისა და 37 ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (ქართულ ლართან მიმართებით აშშ დოლარის გაცვლითი კურსით, არაუმეტეს - 2,65). სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური გარანტიის სახეს, რომლის დანიშვნის სავალდებულო წინაპირობაა - უფლებამოსილი პირის მიერ, კომპენსაციის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენტურ ორგანოში (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნის (განცხადების) წარდგენა. მიუთითა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნის წარდგენის მომდევნო თვიდან. კომპეტენტურ ორგანოში კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული განცხადების შეტანა პირდაპირ კავშირშია კომპენსაციის დანიშვნასა და გაცემის ორგანიზებაზე. ამასთან, კომპენსაციის დანიშვნის უფლების წარმოშობის შემთხვევაშიც კი, კომპეტენტური ორგანო არაა უფლებამოსილი კომპენსაციის დანიშვნის უფლების მქონე პირს, ამ პირის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გამოხატული ნების (წერილობითი ან ელექტრონული განცხადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტები) არარსებობის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით დაუნიშნოს კომპენსაცია.

პალატის მსჯელობით, იმ შემთხვევაშიც კი თუ კომპენსაციის მიმღებ პირს კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა იქამდე, ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნისა და დოკუმენტების წარდგენა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო), აღნიშნული იმავდროულად არ წარმოშობს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის უფლებას - კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის მომენტიდან, კომპენსაციის დანიშვნამდე პერიოდის კომპენსაციის ზიანის ფორმით ანაზღაურებისა და ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ბ-ას მიერ.

კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებზე და მნიშვნელოვან მსჯელობის საგნად მიიჩნევს კანონის საფუძველზე ეკუთვნის თუ არა მხარეს სახელმწიფო კომპენსაცია მისი დანიშვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან - 2005 წლის 3 ივნისიდან და არსებობდა თუ არა კანონით განსაზღვრული ისეთი შემაფერხებელი გარემოება, რამაც შეუძლებელი გახადა აღნიშნული უფლების რეალიზება. ასევე მსჯელობის საგნად მიიჩნევს, კომპენსაციის უფლების წარმოშობის პერიოდისთვის, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადებით მიმართვის არსებობის პირობებში, მხარე მიიღებდა თუ არა კუთვნილ სახელმწიფო კომპენსაციას.

წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმ არგუმენტებზე, რომელიც წარდგენილი იქნა მოთხოვნის დასაბუთებისათვის; აპელირებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე, 31-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ კასატორი მოკლებული იყო ფაქტობრივ შესაძლებლობას მიეღო კომპენსაცია, ვინაიდან მის მიმართ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული უკანონო სასამართლო განაჩენი, აღნიშნულის საფუძვლით კი უკანონოდ შეეზღუდა კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლება. განმარტავს, რომ დამაბრკოლებელი გარემოებების შეცვლის შემდეგ, მხარემ დაუყოვნებლივ დაიწყო დარღვეული უფლების აღდგენა, ვინაიდან სახეზე იყო კანონის პირდაპირი პირობა - პირის გამამართლებელი განაჩენი. კასატორი სადავოდ მიიჩნევს არა ფაქტებს, არამედ სამართლებრივ შეფასებას.

წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 992-ე მუხლებზე, მიუთითებს კასატორის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ დადგენილება/ბრძანება/განაჩენზე და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელია დამდგარ ობიექტურ შედეგზე და შეფასების მიღმა დარჩა ურთიერთკავშირი. წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლოები მიუთითებენ მხოლოდ სადავო პერიოდში განცხადებით მიმართვის არარსებობაზე, რაც წარმომადგენლის განმარტებით უარყოფილი უნდა იქნეს მითითებული არგუმენტებით. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება კანონს და არ ემსახურება იმ უპირობო სიკეთის დაცვას, რომელიც ადამიანის საკუთრების უფლების დაცვის უპირატეს ინტერესს, განსაკუთრებით უდანაშაულოდ ცნობილი პირის დარღვეული უფლების აღდგენას ემსახურება. წარმომადგენელი დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ა აკმაყოფილებს კანონის ყველა მოთხოვნას, აკონკრეტებს, რომ 25 წლიანი სამუშაო სტაჟი შეუსრულდა 2005 წლის 3 ივნისს, საიდანაც უნდა მოხდეს მისაღები კომპენსაციის თანხის ათვლა მიმდინარე პერიოდის ჩათვლით. აპელირებს საქმეზე დართულ აუდიტორული ფირმა "ბ...ას" 2018 წლის 29 დეკემბრის საფინანსო - ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნაზე და განმარტავს, რომ რამდენადაც კომპენსაციის ოდენობა თვეში შეადგენს 560 ლარს, მიუღებელი კომპენსაციის თანხის - 91,280 ლარის შესაბამის ვალუტაში ანაბარზე განთავსების არსებობის პირობებში (2006-2018 წწ) სარგებელი იქნებოდა 58,527.90 ლარი. ამდენად, მიიჩნევს, რომ კასატორმა თ. ბ-ამ მიუღებელი კომპენსაციის სახით განიცადა 149,807 ლარის ზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 31 მარტის N... ცნობის თანახმად, თ. ბ-ა ... წლის ...დან იყო საქართველოს ...ი და ... წლის ...დან შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის ... წლის ...ს N...-II-ს დადგენილების საფუძველზე, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის ...ის ...ედ დამტკიცებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით, ბრალდებულ თ. ბ-ას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება 3 თვის ვადით და გამოცხადდა ძებნა მის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით თ. ბ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. ამავე განაჩენით თ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენით (№1/აგ-143-17 საქმეზე), საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში თ. ბ-ას მიმართ. თ. ბ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი. განემარტა თ. ბ-ას, რომ უფლება აქვს სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა და მიექცა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1382-19), თ. ბ-ას სარჩელი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას თ. ბ-ას სასარგებლოდ, დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის 123 598,37 (ასოცდასამი ათას ხუთას ოთხმოცდათვრამეტი აშშ დოლარისა და 37 ცენტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (ქართულ ლართან მიმართებით აშშ დოლარის გაცვლითი კურსით, არაუმეტეს - 2,65), სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ყოველთვიური კომპენსაციის მიუღებლობის გამო 149 807,9 ლარის მოთხოვნის ნაწილში, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ მიუმართავს კომპენსაციის მიღების უფლების განხორციელების თაობაზე, სასამართლო კომპენსაციის მიუღებლობას ვერ ჩათვლიდა უკანონო მსჯავრდებით გამოწვეულ მატერიალურ ზიანად. ამასთან, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ მომხდარა კომპენსაციის მიღების მიზნებისათვის თ. ბ-ას შრომითი სტაჟის დადგენა, ამასთან ექსპერტიზის დასკვნა არ იძლეოდა სრულყოფილ ინფორმაციას, მიუღებელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა მოხდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის მიუღებელ თანხაზე სარგებლის მოთხოვნის ნაწილში.

დადგენილია, რომ 2021 წლის 04 თებერვალს თ. ბ-ამ განცხადებით (რეგისტრაციის N...) მიმართა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა: 1) დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია; 2) გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობით და გაანგარიშების წესით, გაიცეს საქართველოს ...ის სტატუსის გამო მიუღებელი კომპენსაცია.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, თ. ბ-ას 2021 წლის 01 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 22 ივლისის N 04-00-ძ/7762 წერილით, თ. ბ-ას წარმომადგენელს, ,,სახელმწიფო კომპენსაციისაა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27.2. მუხლის დანაწესზე მითითებით, ეცნობა, რომ თ. ბ-ას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით 04.02.2021 წლამდე არ მიუმართავს, შესაბამისად, მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ კასატორის მოთხოვნა არის მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2005 წლის 03 ივნისიდან - 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური გადასახდელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხა თვეში 560 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს სულ 91 280 ლარს და ასევე ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი - 91 280 ლარის 2016 წლიდან - 2018 წლამდე ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, მისაღები სარგებელი რაც შეადგენს სულ 58 527.90 ლარს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო საკითხისადმი რელევანტურ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება - მოვალეობებია: პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.

რაც შეეხება მე-16 მუხლს, მითითებულია, რომ პენსია შეჩერდება ერთ - ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, კერძოდ, პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, ასევე სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამასთან, ამ კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე რომლის თანახმად, კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. ამ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის ძირითადი პრინციპებია: ა) სამართლიანობა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) მუდმივობა; დ) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია. კანონის მე-4 მუხლით განმარტებულია ამ კანონში გამოყენებულ ტერმინების მნიშვნელობა, მათ შორის: ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა; დ) კომპენსაცია – პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ე) კომპენსაციის მიმღები პირი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს კომპენსაცია. რაც შეეხება კანონის მე-5 მუხლს, აღნიშნული ადგენს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს. ამავე ნორმის 2.,,ა“ ნაწილის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ - საქართველოს პარლამენტის წევრებს.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ...ის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ...ი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ...ზე, რომელსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საქართველოს ...ის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ იგი ამ თანამდებობაზე დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, აირჩია საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრეთვე საქართველოს ...ზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ პირებს კომპენსაციები ენიშნებათ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-4 პუნქტის მიხედვით, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი ...ის ხელფასის მესამედი.

მითითებული კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების, აგრეთვე კომპენსაციის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით დარეგულირებულია წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა, კერძოდ, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 04 თებერვალს თ. ბ-ამ განცხადებით (რეგისტრაციის N...) მიმართა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მის მიმართ, გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობით და გაანგარიშების წესით გაიცეს საქართველოს ...ის სტატუსის გამო მიუღებელი კომპენსაცია. როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ირკვევა, თ. ბ-ას 2021 წლის 01 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით. მიუღებელი კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში მხარეს ეცნობა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით მხარეს 2021 წლის 4 თებერვლამდე არ მიუმართავს, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა რომ მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა.

დავის საგნის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირება ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესზე (დანართ №1) და „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესზე“ (დანართი №2).

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველი პუნქტით, ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კოპენსაცია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს კომპენსაციის დანიშვნა - გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციულ ციკლის რეგულირებას, ადგენს კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამ ,,წესის“ 5.1. მუხლის მიხედვით, პირს კომპენსაციის მიღების უფლება აქვს დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას.

წესის 71. მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ...ს კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო ...ი და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე არ შეწყვეტილა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ...ზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს ...ის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, აირჩია საქართველოს პარლამენტმა ანდა დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრეთვე საქართველოს ...ზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული პირობებით კომპენსაცია ენიშნებათ 1990 წელს კომუნისტური პარტიიდან მაჟორიტარული ან პროპორციული წესით არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს, თუ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ კომუნისტური პარტიის აკრძალვის გამო, ან კანონის დარღვევით დეპუტატის სტატუსთან მისი საქმიანობის შეუთავსებლობის გამო.

მითითებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა კომპენსაციის დანიშვნის მიმართვისა და შესაბამის დოკუმენტების წარდგენის წესი, რომლის თანახმადაც, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო, ხოლო ამავე წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე საკითხს სააგენტო განიხილავს, განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან, არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის გაზიარებით განმარტავს შემდეგს: კასატორ თ. ბ-ას, როგორც ...ს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა 2005 წლის 03 ივნისიდან (25 წლის შრომის საერთო სტაჟი). თ. ბ-ამ (კასატორი) კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ...ის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის N...) თავდაპირველად მიმართა 2021 წლის 04 თებერვალს. ამავე განცხადებით, ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების მიღების მდგომარეობითა და გაანგარიშების წესით, საქართველოს ...ის სტატუსის გამო მიუღებელი კომპენსაციის გაცემა. სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, თ. ბ-ას 2021 წლის 01 მარტიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია - 560 ლარის ოდენობით. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2021 წლის 22 ივლისის N04-00-ძ/7762 წერილით, მხარეს ეცნობა, რომ მას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით 2021 წლის 4 თებერვლამდე არ მიუმართავს, შესაბამისად, მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ კასატორი ზიანის მიყენების ფაქტს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ მას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა 2005 წლის 03 ივნისიდან, მაგრამ მის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო საქართველოს ...ის სტატუსიდან გამომდინარე კომპენსაცია. აღნიშნულზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებს, რომლითაც დარეგულირებულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. კანონი, აღნიშნული დანაწესით ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმას უკავშირებს, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისთვის ადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს პირის უსაფუძვლო გამდიდრება, პირის იმაზე უკეთეს ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენა, ვიდრე იგი იქნებოდა ზიანის გამომწვევი ქმედების არ არსებობის შემთხვევაში.

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური გარანტიის სახეს, რომლის დანიშვნის სავალდებულო წინაპირობაა - უფლებამოსილი პირის მიერ კომპენსაციის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპეტენტურ ორგანოში (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნის (განცხადების) წარდგენა. სახელმწიფო კომპენსაცია ინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნის წარდგენის მომდევნო თვიდან. კომპეტენტურ ორგანოში კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული განცხადების შეტანა პირდაპირ კავშირშია კომპენსაციის დანიშვნასა და გაცემის ორგანიზებაზე. ამასთან, კომპენსაციის დანიშვნის უფლების წარმოშობის შემთხვევაშიც კი, კომპეტენტური ორგანო არ არის უფლებამოსილი კომპენსაციის დანიშვნის უფლების მქონე პირს, ამ პირის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გამოხატული ნების (წერილობითი ან ელექტრონული განცხადება, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტები) არარსებობის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით დაუნიშნოს კომპენსაცია. იმ შემთხვევაშიც კი თუ კომპენსაციის მიმღებ პირს კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა იქამდე, ვიდრე იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნისა და დოკუმენტების წარდგენა) სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო), იმავდროულად არ წარმოშობს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირის უფლებას - კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის მომენტიდან, კომპენსაციის დანიშვნამდე პერიოდის კომპენსაციის ზიანის ფორმით ანაზღაურებისა და ამდენად, არ წარმოშობს კომპეტენტური ორგანოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

საკასაციო პალატა ცალსახად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მიზეზ - შედეგობრივი კავშირის არსებობა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებას (კომპენსაციის დანიშვნაზე უარი კომპენსაციის დანიშვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან - 2005 წლის 3 ივნისი) და მოსარჩელის მიმართ დამდგარ შედეგს შორის. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობასთან ერთად, იმპერატიულად არის განსაზღვრული უფლების მქონე პირის ნების გამოვლენა ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც მხარის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, კასატორ თ. ბ-ასთვის 2005 წლიდან განცხადების წარდგენამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის, როგორც ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს, რადგან მას მითითებული პერიოდიდან არ განუხორციელებია კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, რის გამოც, ზიანი - მიუღებელ სახელმწიფო კომპენსაციასთან დაკავშირებით, არ არის განპირობებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თ. ბ-ას სასარგებლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება კანონს. გამომდინარე იქიდან, რომ მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარი საკასაციო პალატის მოსაზრებითაც შეესაბამება კანონს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა კომპენსაციის შედეგად მიღებული თანხის ანაბარზე განთავსების შემთხვევაში მისაღები სარგებლის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილშიც.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე