Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-773(კ-22) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „დ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 1 მარტს შპს ,,ა...მა’’ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 6 აგვისტოს N04-06/4525 და 2020 წლის 19 აგვისტოს N04-06/4683 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N10/531 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის პაციენტების - ნ. კ-ასა და ლ. მ-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებით, შპს ,,ა...ის’’ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „დ...“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,დ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 6 აგვისტოს N04-06/4525 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 19 აგვისტოს N04-06/4683 გადაწყვეტილება; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N10/531 გადაწყვეტილება წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს ,,დ...ს“ აუნაზღაუროს ნ. კ-ასთვის და ლ. მ-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-9, მე-14, მე-15 მუხლებზე, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ პაციენტი ნ. კ-ა (N...) კლინიკაში მოთავსდა 24.01.20წ. შესვლისას ზოგადი მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ..., კონტაქტში შესვლა იყო გაძნელებული, იყო ..., T-36.8C, SPO2-85% (ოთახის ჰაერზე), R-R-30, PS-52, T/A-126/72 MM/hg, ..., ... ორივე მხარეს დიფუზურად ...ის ფონზე .... პაციენტს ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე მოთავსდა ... განყოფილებაში. პაციენტს უტარდებოდა ... მკურნალობა, საჭიროებდა ... მხარდაჭერას ... რეჟიმით. ჩატარებული მკურნალობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. არაინვაზიურ ... მხარდაჭერას არ საჭიროებდა, თუმცა რჩებოდა ..., ..., მიეწოდებოდა ...ით ...ით. პაციენტი გადაყვანილი იქნა ...ში, 03.02.20წ. 14:00სთ-ზე, დიაგნოზით: ..., ... დაავადება გამწვავებით ..., ... დაუზუსტებელი ...ით გამოწვეული, ..., პაციენტს გაუგრძელდა მკურნალობა ... განყოფილებაში. საჭიროებდა ჟანგბადს ...ით. ჩატარებული მკურნალობის ფონზე ...ის მოვლენები შემცირდა, თუმცა პერიოდულად საჭიროებდა ...ს და გააქტიურებას პალატის პირობებში, რის გამოც პაციენტი 07.02.20წ. 12:00 სთ-დან გადაყვანილი იქნა თერაპიული განყოფილების პალატაში, შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, სადაც გაუგრძელდა მკურნალობა დანიშნულების მიხედვით. ჩივილებიდან უგრძელდებოდა ..., ..., პერიოდულად ... და საჭიროებდა ...ს. ობ: იყო გონზე, ადეკვატური. ... რითმული, ..., ..., ... ორივე მხარეს ...ის ფონზე .... .... ... (ოთახის ჰაერზე), ... (...ის ფონზე). 07.02.20წ. საკონტროლო ... - წინა ...სთან შედარებით ორივე ... გაუმჯობესებულია.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 10 მარტს გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის კლინიკას მიმართა მოქალაქე ლ. მ-ეემ (პ/6 ...), რომელმაც წარადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის N1782780 საგარანტიო წერილი. აღნიშნული წერილის თანახმად, მას სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გასწეოდა გეგმიური ... მომსახურება. საგარანტიო წერილში მითითებულია, რომ სამედიცინო მომსახურების ჯამური ფასი შეადგენს 8 500 ლარს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებს სრული მოცულობით. აღნიშნული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ლ. მ-ეე 2020 წლის 10 მარტს მოთავსებულ იქნა კარდიოქირურგიულ განყოფილებაში, სადაც მას ჩაუტარდა საგარანტიო წერილში მითითებული სამედიცინო მომსახურება და 19 მარტს გაეწერა ბინაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა...ა’’ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და N...9 (ნ. კ-ა) და N... (ლ. მ-ეის) სამედიცინო შემთხვევებში ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოითხოვა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 06.08.2020წლის N04-06/4525 გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ს’’ უარი ეთქვა N...9 (ნ. კ-ა) შემთხვევაზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ პაციენტი 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა ინტენსიურში, ...ის, ...ის გამო. 9 დღიანი მკურნალობის შემდეგ მკურნალობა განაგრძო თერაპიულ განყოფილებაში, ... დაავადების გამწვავებით. ინსპექტირების ეტაპზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ თერაპიული მომსახურების აუცილებლობა, რომლის ჩვენებაც დადასტურებული უნდა იყოს ...ით, ვერ დასტურდება. ინსპექტირების ეტაპზე თერაპიული კოდის ღირებულება დაკორექტირდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტით. შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „კ’’ პუნქტით, მაგრამ ვინაიდან მიმწოდებელი არ დაეთანხმა კორექტირებას, წარმოდგენილ შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ანაზღაურდება“.

ამასთან, ამავე სააგენტოს 19.08.2020 წლის N04-06/4683 გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ს’’ უარი ეთქვა N... (ლ. მ-ეის) შემთხვევაზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ პაციენტს გაეწია გეგმიური ... მომსახურება, კოდით ... (...; ...). ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-15 მუხლის მე-2 ნაწილი ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, არ დაექვემდებარა ანაზღაურებას.

სააპელაციო პალატის მითითებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები შპს ,,ა...ა’’ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 28.01.2021 წლის N10/531 გადაწყვეტილებით, შპს „ა...ს“ (ს/კ ...) 07.09.2020 წლის N01/884 (სააგენტოში რეგისტრირებული - 09.09.2020, N1841) ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. კ-ას (პ/ნ ..., შ.ნ. ...) სამედიცინო შემთხვევის ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში. ადმინისტრაციული საჩივარი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ პაციენტ ნ. კ-ას შემთხვევასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N01-53/ო ბრძანების საფუძველზე დამტკიცებულ „სპირომეტრული გამოკვლევის პროცედურის“ პროტოკოლზე და აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, პაციენტი ნ. კ-ა (N...) მოთავსდა კლინიკაში (... განყოფილებაში) 24.01.2020წ; 03.02.2020წ. პაციენტი გადაყვანილი იქნა ...ში, დიაგნოზით: ..., ... დაავადება გამწვავებით, ... დაუზუსტებელი ...ით გამოწვეული; 07.02.2020წ. პაციენტი გადაყვანილი იქნა თერაპიული განყოფილების პალატაში შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით; 11.02.2020წ. პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე. ... დაავადების გამწვავების სტაბილიზაციის შემდგომ (07.02.2020წ) პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 4 დღეში. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს საქალაქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა გადაწყვეტილების მიღების დროს. თავის მხრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან პაციენტს წლებია დიაგნოსტირებული ჰქონდა ... დაავადება (ამბულატორიულად დიაგნოსტირებული სპირომეტრიით), ჩაითვალა, რომ როგორც ჰოსპიტალიზაციის დროს, ასევე სტაციონარიდან გაწერის მომენტისათვის სპირომეტრიის ჩატარების აუცილებლობა ნაჩვენები არ იყო, „სპირომეტრული გამოკვლევის პროცედურის“ პროტოკოლის თანახმად არ ექვემდებარებოდა სპირომეტრიის ჩატარებას.

სააპელაციო სასამართლომ პაციენტ ლ. მ-ეის შემთხვევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმწოდებელმა შპს ,,ა...მა’’ შეასრულა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და თანხმობის წერილით მისულ პიროვნებას - ლ. მ-ეეს ჩაუტარა საგარანტიო წერილში მითითებული სამედიცინო მომსახურება.

ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება არ ითვალისწინებს კლინიკის მხრიდან სამედიცინო მომსახურების გაწევამდე საგარანტიო ფურცლის კანონიერების შემოწმების რაიმე მექანიზმს. დადგენილებაში ცალსახადაა გაწერილი საგარანტიო ფურცლის პირობებში, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა. კანონმდებლობით მიმწოდებელს ეკისრება მხოლოდ ვალდებულება ვაუჩერის/საგარანტიო წერილის/თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, წარმდგენ პირს გაუწიოს დასახელებულ დოკუმენტაციაში მითითებული თანხის ფარგლებში შესაბამისი მომსახურება და არ მოსთხოვოს მას რაიმე სხვა სახის დოკუმენტაციის/დამატებითი თანხის წარდგენა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ პაციენტ ნ. კ-ას ინტენსიური განყოფილებიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანის მომენტისთვის მისი მდგომარეობის გამწვავება დადასტურებული უნდა ყოფილიყო სპირომეტრიის ჩატარებით, რაც კლინიკას არ ჩაუტარებია. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ პაციენტის კლინიკაში შეყვანიდან მეორე დღეს (25.01.2020წ.) ჩატარებული გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნის მიხედვით, ,,ა...“, ე.ი. პაციენტს კლინიკაში შესვლისას არ ჰქონდა ..., რაც ეჭვს ბადებს კლინიკის მიერ ...ის არჩატარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ პაციენტ ნ. კ-ას ინტენსიური განყოფილებიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანით კლინიკამ ხელოვნურად გაზარდა სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხა, ვინაიდან ინტენსიურ განყოფილებაში მითითებული დიაგნოზით ერთი საწოლდღის ღირებულებაა 240 ლარი, ხოლო თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანით კლინიკა ითხოვს 727 ლარს.

პაციენტ ლ. მ-ეის შემთხვევასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (განმახორციელებელი), ხოლო პროგრამის ფარგლებში მიმწოდებელია პირი (მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, აღნიშნული პროგრამა და მისი დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე, სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისი მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2020 წლის 6 აგვისტოს N04-06/4525 და 2020 წლის 19 აგვისტოს N04-06/4683 გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის N10/531 გადაწყვეტილების კანონიერება. ასევე, მოპასუხისთვის პაციენტების - ნ. კ-ასა და ლ. მ-ეისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, მოსარჩელისთვის პაციენტ - ნ. კ-ას მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, კლინიკაში შეყვანიდან (24.01.2020წ.) 9 დღის განმავლობაში პაციენტის ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობის შემდგომ არ დასტურდება მისი ... დაავადების გამწვავების დიაგნოზით თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანის აუცილებლობა. მოპასუხის არგუმენტაცია ემყარება იმ გარემოებას, რომ ამგვარი დიაგნოზის დროს აუცილებელია ...ის ჩატარება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, პაციენტ ლ. მ-ეის შემთხვევაში, მოსარჩელისთვის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აღნიშნული პაციენტისთვის დასმული დიაგნოზი (Q21.1 - ...) და განხორციელებული ჩარევა (...) არ მოიაზრებოდა შემთხვევის ასანაზღაურებლად წარდგენილი პროგრამული კოდის (...) შემადგენლობაში. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მითითებული შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

პაციენტ - ნ. კ-ას შემთხვევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV-100/ა), რომლითაც დგინდება, რომ ნ. კ-ას ... დაავადების (...) დიაგნოზი დადგენილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2019 წლის 13 დეკემბერს, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას, ანუ შპს ,,ა...ში“ (ამჟამად, შპს „დ...“) მოთავსებამდე (24.02.2020წ.). ამდენად, მართალია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N01-53/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,... დაავადების (...) გამწვავების მართვა ამბულატორიასა და ჰოსპიტალში“ პროტოკოლი ადგენს, რომ ... უნდა ჩაუტარდეს ... გამწვავების გამო ჰოსპიტალიზებულ ყველა პაციენტს ბინაზე გაწერამდე (რეკომენდაციის ხარისხი D), თუმცა არსებობს ამავე ბრძანებით დამტკიცებული პროტოკოლი კონკრეტულად ,,... გამოკვლევის პროცედურის“ თაობაზე. კერძოდ, მითითებული პროტოკოლის თანახმად, პაციენტის პროცედურისთვის მომზადება მოიცავს გამოკვლევის ჩატარებამდე მისთვის რამდენიმე კითხვის დასმას. მათ შორის, პაციენტს უნდა დაესვას შემდეგი კითხვა: ,,გასული სამი კვირის განმავლობაში ხომ არ გქონიათ სასუნთქი გზების რომელიმე ინფექცია, მაგალითად, გრიპი, პნევმონია, მძიმე ვირუსული ინფექცია ან ბრონქიტი?“ პროტოკოლში პირდაპირ არის მითითებული, რომ აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სპირომეტრიის გადადების შესაძლებლობა სიმპტომებიდან მინიმუმ სამი კვირით ან მეტით, ან თუ სახეზეა ხველის გახანგრძლივება, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ამ დაავადებამ შესაძლებელია ხანმოკლე ზეგავლენა მოახდინოს ...ზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2020 წლის 24 თებერვალს პაციენტ ნ. კ-ას შპს ,,ა...ში“ (ამჟამად, შპს „დ...“) მოთავსების შემდგომ მისთვის ...ის პროცედურის ჩაუტარებლობის პირობებში, არ დასტურდება მისი ... დაავადების გამწვავების დიაგნოზით თერაპიულ განყოფილებაში გადაყვანის აუცილებლობა და შესაბამისად, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

ამასთან, პაციენტ ლ. მ-ეის შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მიმართვაზე N1782780 (საგარანტიო ფურცელი), გაცემული 2020 წლის 5 მარტს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ. მიმართვაში მითითებულია მომხმარებელი - ლ. მ-ეე, დიაგნოზი - ძირითადი დიაგნოზი, კომპონენტი - ..., ხელოვნური კოდი - ..., ხელოვნური კოდის დასახელება - .../ .../ .../ ..., ... ან მის გარეშე. ამავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 8 500 ლარს, ხოლო მომხმარებლის გადასახდელი თანხა - 0 ლარს.

დადგენილია, რომ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე, პაციენტი ლ. მ-ეე 2020 წლის 10 მარტიდან 19 მარტამდე მკურნალობდა შპს ,,ა...ში“ (ამჟამად, შპს „დ...“) და მას გაეწია სამედიცინო მომსახურება, ჩაუტარდა ...ს დახურვა საკუთარი ...-ის გამოყენებით.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება არ ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულების მიერ პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ გაცემული მიმართვის/საგარანტიო ფურცლის კანონიერების შემოწმების რაიმე მექანიზმს. დადგენილებაში ცალსახადაა გაწერილი საგარანტიო ფურცლის პირობებში, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა. ,,კანონმდებლობით მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება ვაუჩერის/საგარანტიო წერილის/თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, წარმდგენ პირს გაუწიოს დასახელებულ დოკუმენტაციაში მითითებული თანხის ფარგლებში შესაბამისი მომსახურება და არ მოსთხოვოს მას რაიმე სხვა სახის დოკუმენტაციის/დამატებითი თანხის წარდგენა.“ (სუსგ. Nბს-586(კ-19), 23.01.2020 წელი).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. დაინტერესებული მხარე კი, ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 5 მარტს გაცემული N1782780 მიმართვის (საგარანტიო ფურცელი) მიმართ დაინტერესებულ მხარედ ვერ იქნება განხილული მხოლოდ პაციენტი, ვინაიდან აღნიშნული დაპირება პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამედიცინო მომსახურების გამწევი სუბიექტის ინტერესებზეც. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველგვარი დაპირება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი ნდობის საფუძვლად და ასეთად მიიჩნევა მხოლოდ წერილობითი ფორმით შესრულებული დაპირება, რომლის შინაარსიდანაც აშკარად გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულებას იღებს შეასრულოს რაიმე ქმედება, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების სავალდებულო პირობას კი წარმოადგენს დაპირების მართლზომიერების გარკვევა. (სუსგ. Nბს-1165(კ-22), 22.06.2023 წელი). შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2020 წლის 5 მარტს გაცემული N1782780 დაპირების მიმართ კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოებები: დაპირებას საფუძვლად არ უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება; არ შეცვლილა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რის გამოც პირი ვერ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს ან/და დაპირებას საფუძვლად არ უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი), მოსარჩელეს ასეთი დაპირების მიმართ გააჩნია კანონიერი ნდობა. ამდენად, მისი მოთხოვნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, საფუძვლიანია, რაც არსებითად სწორად შეაფასეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 25 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2022 წლის 10 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 324.35 ლარის (ჯამში - 624.35 ლარის) 70% - 437 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 25 ივლისის N19255 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 2022 წლის 10 აგვისტოს N20379 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 324.35 ლარის (ჯამში - 624.35 ლარის) 70% - 437 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე