Facebook Twitter

საქმე №ბს-967(კს-23) 14 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

მოსარჩელე - ა. კ-ი

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კერძო საჩივრის ავტორი - ა. კ-ი

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. კ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. კ-ის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 1 აგვისტოს №ბ.ა.691222 სამართალდარღვევის ოქმი, საპატრულო პოლიციის დირექტორის 2008 წლის 1 ოქტომბრის №2017-6067 გადაწყვეტილება და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 18 აგვისტოს №20/26-6-15 გადაწყვეტილება. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხე მხარეებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ა. კ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად - ა. კ-ის მიერ 250 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე მხარეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს სოლიდარულად.

ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის აღსრულების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 19 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებული უსწორობა გასწორდა, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: - ა. კ-ის მიერ 250 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე მხარეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს სოლიდარულად.

7. 2022 წლის 18 მაისს ა. კ-იმა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების და 2011 წლის 19 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის ორიგინალების განმეორებით გადაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ა. კ-ის შუამდგომლობა (განცხადება) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების და 2011 წლის 19 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლების ორიგინალების განმეორებით გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

8. 2023 წლის 20 იანვარს ა. კ-იმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების და 2011 წლის 19 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატების გადაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით ა. კ-ის შუამდგომლობა (განცხადება) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების და 2011 წლის 19 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლების დუბლიკატის (საქმე 3ბ/813-11) გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 19 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის ფაქტი (დუბლიკატის გაცემის მიზნით). ამასთან, განცხადებას თან არ ერთვის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების თაობაზე (აღსრულება, შეწყვეტა ...).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. კ-იმა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციის მიერ 2009 წელს კანონდარღვევით შედგენილი 20-ლარიანი საჯარიმო ქვითარი სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 2010 წელს ცნო ბათილად. 2011 წელს სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს სახელით სააღსრულებო ფურცელი გასცა, თუმცა მოპასუხე მხარის დასახელებაში შეცდომა დაუშვა, რომლის გასწორებაც 2013 წელს მოხდა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გაცემული სააღსრულებო ფურცელი კერძო საჩივრის ავტორმა ნებაყოფლობით შესასრულებლად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადასცა, რომელმაც არც სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა და არც დოკუმენტები დააბრუნა. მხოლოდ 2022 წლის 15 მარტს აცნობა, რომ „მოთხოვნილი მასალები ჩამოწერილია/განადგურებულია“. ა. კ-ი 10 წელზე მეტია უშედეგოდ ცდილობს, რომ თანამდებობის პირებმა ნებაყოფლობით შეასრულონ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის ანაზღაურება.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განადგურებული სააღსრულებო ფურცელი დაკარგულად უნდა ჩაეთვალა, ხოლო კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის განმეორებით მიღება დუბლიკატის გაცემასთან გაეთანაბრებინა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანი, ქმედითი აღსრულება, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“. „სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8-9).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს კი ადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი კი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. დუბლიკატის გაცემის ნორმატიული შესაძლებლობის შემოღება განაპირობა კრედიტორის უფლებამ, იძულებითი აღსრულების დაწყებამდე, სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის შემთხვევაში მიიღოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი და მისი წარდგენით მოითხოვოს აღსრულების დაწყება. თუ სააღსრულებო ფურცლის დედანი უკვე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, აღარ არსებობს მისი განმეორებით გაცემის წინაპირობა (იხ. სუსგ 05.03.2014წ. №ას-11-11-2014). სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი გაიცემა მხოლოდ დედანის დაკარგვის შემთხვევაში. ამასთან, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი შინაარსობრივად უნდა ემთხვეოდეს დედანს და მას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც დაკარგულ სააღსრულებო ფურცელს (დედანი) გააჩნდა.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 1 აგვისტოს №ბ.ა.691222 სამართალდარღვევის ოქმი, საპატრულო პოლიციის დირექტორის 2008 წლის 1 ოქტომბრის №2017-6067 გადაწყვეტილება და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 18 აგვისტოს №20/26-6-15 გადაწყვეტილება. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხე მხარეებს (ტ.2, ს.ფ 44-51). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.04.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტ.2, ს.ფ 103-106). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ა. კ-ის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად - ა. კ-ის მიერ 250 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე მხარეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს სოლიდარულად (ტ.3, ს.ფ 6-11). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. კ-ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში დაშვებული უსწორობა გასწორდა, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: - ა. კ-ის მიერ 250 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე მხარეებს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს სოლიდარულად (ტ.3, ს.ფ 60-64).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის აღსასრულებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 19 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტ.3, ს.ფ 21), რომელიც ა. კ-ის ჩაბარდა 2011 წლის 13 ოქტომბერს პირადად (ტ.3, ს.ფ 22).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

,,სააღსრულებო წარმოებათა შეახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი ნებაყოფლობით შესასრულებლად წარუდგინა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. შესაბამისად, ირკვევა, და განმცხადებელიც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 19 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებლად წარდგენილი არ ყოფილა (ტ.3, ს.ფ 112).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. კ-ის მიერ მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაზე 2011 წლის 19 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 2 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განჩინების მიღებით, რომლითაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა უნდა აითვალოს სწორედ 2011 წლის 2 თებერვლიდან. მოცემულ შემთხვევაში ა. კ-იმა თავდაპირველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და 2011 წლის 19 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის განმეორებით გაცემის მოთხოვნით მიმართა 2022 წლის 18 მაისს, ამ დროისათვის კი გასული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების ხანდაზმულობის ვადა, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის საფუძველი.

საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გასწორდა დაშვებული უსწორობა. აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადის ათვლაზე, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებას, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინება. სწორედ 2011 წლის 2 თებერვლიდან წარმოეშვა მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროსათვის მიმართვის შესაძლებლობა, რაც მას არ განუხორციელებია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე