Facebook Twitter

№ბს-1247(კ-22) 20 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „კ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; გ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებაში მითითებული შენობა-ნაგებობის შპს „კ...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ამხანაგობა „მ...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „კ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ...მა“.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს „კ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ...მა“.

კასატორის მითითებით, ორივე ინსტანციის სასამართლო არასწორად ადგენს ფაქტობრივ გარემოებას, რომ 252 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სადავო ტერიტორიას. ასევე, არასწორადაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2007 წლის 2 მაისის მდგომარეობით საკადასტრო ერთეულის საზღვრების ცვლილება არ განხორციელებულა და ტერიტორია არ მოიცავდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2005 წლის 9 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე დაფიქსირებულ, შპს „ს...ის“ კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას. სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადაეცა შპს „კ...ს“ შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „კ...ის“ საწესდებო კაპიტალის ღირებულების დადგენის მიზნით 2003 წლის 30 დეკემბერს მომზადდა ინდივიდუალური აუდიტორის 2003 წლის 30 დეკემბრის აუდიტორული დასკვნა დანართებით. დასკვნის თანახმად, რომელიც ეყრდნობოდა 2003 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით განხორციელებულ ქონების ინვენტარიზაციას, სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „კ...ის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 171300 ლარს, 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ამასთან, დასკვნის №1 დანართით განისაზღვრა ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და გადასაცემ მოწყობილობათა) საწყისი გასაყიდი ფასი. შესაბამისი ღირებულების დადგენის მიზნით, აღიწერა ძირითადი საშუალებები, რომელსაც შეადგენდა 1971 წელს ექსპლუატაციაში მიღებული: 1. ადმინისტრაციული შენობა, 2. წყლის აუზი, 3. ავტოფარეხის ყოფილი შენობა, 4. ტერიტორიის შემოღობვა, 5. კანალიზაციის გარე ქსელი, 6. წყალსადენის გარე ქსელი, 7. სამმ. გზის ტერიტორია, 8. საქმიანი ეზო, ბოქსები და ფარდულები, 9. ადმინისტრაციული სახლის გვერდით არსებული საავარიო სამსახურის ფარდული. სადავო ქონება შედიოდა და შედის შპს „კ...ის“ საკუთრებაში, რომელიც გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 1971 წელს ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობები აღირიცხა სპეციალური საამშენებლო სარემონტო სამმართველოს სახელზე (ტ.3, ს.ფ 86-87, ტ.2. ს.ფ. 206); თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 24 თებერვლის №216 (ტ.2. ს.ფ. 223) და 1990 წლის 21 მარტის №352 განკარგულებებით (ტ.2. ს.ფ. 227), ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ტრესტ „თ...ის“ ადმინისტრაციული შენობა, ასევე, 3 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით გადაეცა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ა...ს“, რასთან დაკავშირებითაც 1990 წლის 15 მაისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, უძრავი ქონება შედგებოდა: ა) ადმინისტრაციული შენობისგან, ბ) წყლის აუზისგან, გ) ავტოფარეხის ყოფილი შენობისგან, დ) ტერიტორიის შემოღობვისგან, ე) კანალიზაციის გარე ქსელისგან; ვ) წყალსადენის გარე ქსელისგან, ზ) სამმ. გზის ტერიტორიისაგან, თ) საქმიანი ეზოსგან, ბოქსებისა და ფარდულებისგან. აღნიშნული ობიექტები მდებარეობდა „ა...ზე“ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში; ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა 1999 წლის 5 იანვრის №01 მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაქვემდებარებული სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „კ...ის“ სახელზე აღრიცხა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთი, კერძოდ, 1999 წლის 25 იანვრის №2270 სააღრიცხვო ბარათის მონაცემებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...ა-ში მდებარე, სახელმწიფოს კანონიერ სარგებლობაში არსებულ 5500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (უ.დ.დ-ის გარეშე) მდებარეობდა სამეცნიერო საწარმო გაერთიანება „კ...ის“ სარგებლობაში არსებული, არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები: ლიტ „ა“ (ერთსართულიანი, 507,58 კვ.მ. ფართით), ლიტ „ნ“ (ერთსართულიანი, 184,44 კვ.მ. ფართით), ლიტ „კ“ (ერთსართულიანი, 198,00 კვ.მ. ფართით), ლიტ „ლ“ (ერთსართულიანი, 135,29 კვ.მ. ფართით), ლიტ „ბ“ (ერთსართულიანი, 85,40 კვ.მ. ფართით) და ლიტ „აუზი“ (186,18 კვ.მ. ფართით); ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მასალების, მათ შორის, ტექნიკური პასპორტების (მომზადების თარიღი: 25.01.1999წ., 10.02.1999წ. და 01.02.2001წ.) თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში გამოყოფილი იყო 3 000 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, ხოლო ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთი შეადგენდა 5 500 კვ.მ-ს., რომელზეც განთავსებული იყო არასაცხოვრებელი სათავსი საერთო ფართით 844 კვ.მ. ამასთან, 10.02.1999წ. და 01.02.2001წ. მომზადებული ტექნიკური პასპორტების მონაცემებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა ობიექტები: ლიტ. „ა, ნ, ლ“ (ტ.2, ს.ფ 206, 223, 227, 224-225, 222, 239, 207-210, 217-218, ტ.1, ს.ფ 118-119, ტ.3, ს.ფ 86-87); ბ) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2003 წელს გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2003 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2000 წლის 31 მაისის და 2003 წლის 31 მარტის კორექტირებული წითელი ხაზების საფუძველზე, დამზადდა სსგ „კ...ის“ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი (Q-796). აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 5042 კვ.მ-ს, საერთო ფართობში არ შედიოდა სადავო ნაკვეთი, ფართით 252 კვ.მ. ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის გეგმის კორექტირების შემდგომ აღნიშნულ ობიექტზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 252 კვ.მ-ზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ამხანაგობა „ს...ის“ საკუთრების უფლება და წარმოადგენდა დავის საგანს. მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დანართი №2-ის სახით მომზადდა აზომვითი (სიტუაციური) ნახაზი, რომლის მიხედვით, სადავო 252 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა შენობა-ნაგებობა (ტ.3, ს.ფ 90-91, 85, 92, 93-95); გ) სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „კ...ის“ საწესდებო კაპიტალის ღირებულების დადგენის მიზნით, 2003 წლის 30 დეკემბერს მომზადდა ინდივიდუალური აუდიტორის პ. მ-ის აუდიტორული დასკვნა, №1-9 დანართებით. დასკვნის თანახმად, სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „კ...ის“ საწესდებო კაპიტალის ღირებულება შეადგენდა 171 300 ლარს, 2004 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ამასთან, დასკვნის №1 დანართით განისაზღვრა ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა და გადასაცემ მოწყობილობათა) საწყისი გასაყიდი ფასი. კერძოდ, შესაბამისი ღირებულების დადგენის მიზნით, აღიწერა ძირითადი საშუალებები, რომელსაც შეადგენდა 1971 წელს ექსპლუატაციაში მიღებული: 1. ადმინისტრაციული შენობა, 2. წყლის აუზი, 3. ავტოფარეხის ყოფილი შენობა, 4. ტერიტორიის შემოღობვა, 5. კანალიზაციის გარე ქსელი, 6. წყალსადენის გარე ქსელი, 7. სამმ. გზის ტერიტორია, 8. საქმიანი ეზო, ბოქსები და ფარდულები, 9. ადმინისტრაციული სახლის გვერდით არსებული საავარიო სამსახურის ფარდული (ტ.3, ს.ფ 64-77); დ) საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის №1-1/53 ბრძანებით დაფუძნდა შპს „კ...ი“, 100%-იანი სახელმწიფო წილით (იურიდიული მისამართით: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ...ის ქ. №127), რომლის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა ინდივიდუალური აუდიტორის პ. მ-ის 2003 წლის 30 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის და №1-9 დანართების საფუძველზე, 171 300 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანებით დამტკიცდა შპს „კ...ის“ წესდება და შპს „კ...ის“ დირექტორად დაინიშნა ლ. ჟ-იი (ტ.3, ს.ფ 59-61, 78-83); ე) სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა შპს „კ...ის“ საწესდებო კაპიტალში რიცხული შენობა-ნაგებობებისა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 2005 წლის 23 თებერვალს მომზადდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „კ...ის“ სახელზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5042 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე №1, №3 და №4 შენობა-ნაგებობებით, ფართით 844 კვ.მ. და №... ნაგებობა, ასევე, №5 ნაგებობა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2001 წლის 1 თებერვალს გაცემული ტექნიკური პასპორტი, „შპს „კ...ის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2004 წლის 22 ივლისის №1-1/53 ბრძანება და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აგვისტოს დადგენილება. აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, 2005 წლის 17 თებერვალს მომზადდა საკადასტრო რუკა, რომლითაც დაფიქსირდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები (კონფიგურაცია) და მასზე განთავსებული №1, №2, №3, №4 და №5 შენობა-ნაგებობების, ასევე, აუზის მდებარეობა. ამავე რუკის მიხედვით, რომელზეც დატანილი იყო კონკრეტული საკადასტრო ერთეული მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან ერთად, №5 ობიექტს, საკადასტრო ერთეულის/მიწის ნაკვეთის საზღვრებს გარეთ, ემიჯნებოდა 252 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა. რუკაზე დატანილი შენიშვნის თანახმად, 252 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ამხანაგობა „ს...ის“ საკუთრების უფლება და წარმოადგენდა დავის საგანს (ტ.3, ს.ფ 55, 109-110, 58); ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 16 მაისის №1- 1/673 ბრძანებით, შპს „კ...ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის პრივატიზების მიზნით გამართულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი ლ. ჟ-იი, რომელმაც თანხმობა განაცხადა 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №1-1/803 ბრძანების საფუძველზე, გაიცა №49-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ფიზიკურ პირს, ლ. ჟ-ის, საკუთრებაში გადაეცა შპს „კ...ის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი (ტ.1, ს.ფ 79, 90-91); ზ) შპს „კ...ის“ პარტნიორის 2005 წლის 3 ნოემბრის №2 გადაწყვეტილებით ლ. ჟ-იმა, როგორც შპს „კ...ის“ საწესდებო კაპიტალის 100%-ის მფლობელმა, მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების საწესდებო კაპიტალში არსებული, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, 5042 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების (151 124,30 ლარის ღირებულების) შპს „კ...ის“ საწესდებო კაპიტალიდან გამოყოფისა და პირად საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ქონება შედგებოდა: ა) მიწის ნაკვეთისგან, ბ) ადმინისტრაციული შენობისგან, გ) წყლის აუზისგან, დ) ავტოფარეხის ყოფილი შენობისგან, ე) ტერიტორიის შემოღობვისგან, ვ) კანალიზაციის გარე ქსელისგან; ზ) წყალსადენის გარე ქსელისგან, თ) სამმ. გზის ტერიტორიისაგან, ი) საქმიანი ეზოსგან, ბოქსებისა და ფარდულებისგან. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში კუთვნილი შენატანების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების საწესდებო კაპიტალი, რომელიც შეადგენდა 171 300 ლარს, შემცირდა 152 590 ლარით და განისაზღვრა 18 710 ლარით. შპს „აუ...ს“ მიერ 2005 წლის 7 ნოემბერს მომზადდა აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „კ...ის“ პარტნიორის მიერ საწესდებო კაპიტალში შენატანების უკან დაბრუნების შემდეგ საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შემცირდა 152 590 ლარით და განისაზღვრა 18 710 ლარით, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად მოიცავდა ადმინისტრაციული სახლის გვერდით არსებულ საავარიო სამსახურის ფარდულს. შპს „კ...სა“ (წარმოდგენილი ლ. ჟ-იის სახით) და ლ. ჟ-ის შორის 2005 წლის 7 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება (რეგ. №...), შპს „კ...ის“ საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნების შესახებ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ „შპს „კ...ის“ საწესდებო კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნების შესახებ“ 2005 წლის 7 ნოემბრის №... შეთანხმების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში არსებული, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5042 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე №1, №3 და №4 შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 844 კვ.მ. და №2 ნაგებობა, ასევე, №5 ნაგებობა - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ჟ-იის სახელზე. აღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით 2005 წლის 17 ნოემბერს მომზადდა საკადასტრო რუკა (ტ.3, ს.ფ 149-150, 142, 135-140, 154-155, 144); თ) ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის (დასრულების) მიზნით, 2005 წლის 1 დეკემბერს, დაფუძნდა ამხანაგობა „სა...“. ამხანაგობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა - ლ. ჟ-იმა ამხანაგობაში შეიტანა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5042 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული სანოტარო აქტის საფუძველზე, უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა ამხანაგობა „სა...ს“ სახელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2005 წლის 9 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე დაფიქსირდა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ - 5042 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული №5 შენობის მომიჯნავედ მდებარე 252 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც დატანილი იყო შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებული იყო შპს „ს...ის“ საკუთრება და წარმოადგენდა დავის საგანს (ტ.3, ს.ფ 160-163, 164-180, 182, 185-186, ტ.1 ს.ფ 258); ი) შპს „C...ს“ მიერ 2006 წლის 24 ოქტომბერს ჩატარებული საკადასტრო აზომვისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 2 მაისის საკადასტრო გეგმით დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 5042 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა ორი დამოუკიდებელი ურთიერთპერპენდიკულარულად განთავსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლი/ობიექტი. დადგენილია, რომ 2007 წლის 2 მაისის მდგომარეობით, საკადასტრო ერთეულის საზღვრების ცვლილება არ განხორციელებულა და ტერიტორია არ მოიცავდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2005 წლის 9 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე დაფიქსირებულ, შპს „ს...ის“ კუთვნილ, სადავო უძრავ ქონებას (ტ.2, ს.ფ 132, 35, ტ.3, ს.ფ 222-224); კ) შპს „კ...ის“ წარმომადგენელმა ლ. ჟ-იმა 2017 წლის 2 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ფერდობი ... მ/რ-ში მდებარე, №... საკადასტრო ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელმა, განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა 2005 წლის 6 ივლისის №5/4-4062 დადგენილება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2004 წლის 22 ივლისის №1-1/53 ბრძანება, ტექნიკური პასპორტი, ინდივიდუალური აუდიტორის პ. მ-ის 2003 წლის აუდიტორული დასკვნა, №49-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, აქტი, 1990 წლის 18 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შიდა აზომვითი ნახაზები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ ხერხდებოდა უფლების ობიექტის იდენტიფიკაცია და საჭირო იყო სარეგისტრაციო მოთხოვნის დაზუსტება, 2007 წლის 15 მაისის შეთანხმებით ე.ს.ა. „სა...ში“ განხორციელებული ცვლილების (რეესტრის №1-2576, დამოწმების თარიღი: 18.05.201წ. ნოტარიუსი ს. ბ-ე) გათვალისწინებით (რომლის საფუძველზეც მიმდინარეობდა ...ის №...-ში მშენებარე ნაწილში რეგისტრაცია). ლ. ჟ-იმა 2017 წლის 16 აგვისტოს განცხადებით, №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით აცნობა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი წარმოადგენდა №... საკადასტრო ერთეულის საკადასტრო გეგმაზე დაფიქსირებულ №1/1 შენობა-ნაგებობას, რომელიც მან სახელმწიფოსგან შეიძინა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით გაგრძელდა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განმცხადებლისათვის განსაზღვრული ვადა, ვინაიდან წარდგენილ დოკუმენტაციაში არსებული საკუთრების მოწმობის მიხედვით, ლ. ჟ-ის სახელმწიფოსგან შეძენილი ჰქონდა შპს „კ...ის“ 100 % წილი, მაგრამ არ იყო უძრავი ქონების შეძენის შესახებ დოკუმენტაცია. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ მითითებულ საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო შპს „მ...“. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირმა არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია (ტ.1, ს.ფ 74-108, 111-114, 160-161); ლ) შპს „კ...ის“ წარმომადგენელმა 2017 წლის 11 ოქტომბრის №559301/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე, შპს „კ...ის“ 2017 წლის 2 აგვისტოს №... განცხადების დაკმაყოფილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით შპს „კ...ის“ წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, საჩივრის განმხილველმა ორგანომ დამატებით განმარტა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი იყო შპს „კ...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე, რომელზეც რეგისტრირებული იყო ამხანაგობა „მ...“-ის საკუთრების უფლება. ამასთან, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 1999 წლის 28 იანვარს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის მიხედვით. შესაბამისად, უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით უნდა მიეღო არა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 22 აგვისტოს №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებები, არამედ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ 162-163, 167-172); მ) თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 მაისის №10.27.262 გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ს...ი“ განისაზღვრა მხატვართა კავშირის და მეცნიერებათა აკადემიის №501 საბინაო სამშენებლო-კოოპერატივების სამართალმემკვიდრედ, რომელსაც, ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 31 აგვისტოს №1309 განკარგულებით, გადაცემული ჰქონდა ...ის მე-3 მ/რ-ის საბინაო სამმართველოს სარემონტო სამშენებლო სამმართველოს ორჯონიკიძის რაიონის ...ის მიერ დაკავებული ტერიტორია. აღნიშნული ტერიტორიის - მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგენილ იქნა მთავარი არქიტექტორის მიერ 1988 წლის 14 თებერვალს დამტკიცებული გენგეგმით, რომელიც 1999 წლის 28 იანვარს დაკორექტირდა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა „ს...ის“ თავმჯდომარემ 2001 წლის 15 ნოემბრის №21 წერილით მიმართა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს და ამხანაგობის კუთვნილი, ქ. თბილისში, ...ის ... მ/რ, ...ის ქ. №125-...-129-ში მდებარე ტერიტორიის, მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მოითხოვა. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ფერდობი ... მ/რ-ში მდებარე №... საკადასტრო ერთეული - 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობები, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის, ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 მაისის №10.27.262 გადაწყვეტილების, ქ. თბილისის საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 16 აგვისტოს №19.29.610 გადაწყვეტილების და ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 1999 წლის 28 იანვარს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა იბა „ს...ის“ სახელზე. აღნიშნულ საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებით საკადასტრო რუკა მომზადდა 2003 წლის 26 თებერვალს. რუკაზე დატანილი მონაცემების თანახმად, 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო 3 შენობა-ნაგებობა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. 2007 წლის 4 ივნისს, ქ. თბილისში, ...ის ფერდობი ... მ/რ-ში მდებარე №... საკადასტრო ერთეული - 670 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობები, იმა „ს...ის“ წევრთა საერთო კრების 2004 წლის 5 მარტის №1 ოქმის (რეგ. №1-621, დამოწმების თარიღი: 10.03.2004წ., ნოტარიუსი მ. ო-ი) საფუძველზე, დარეგისტრირდა ამხანაგობა „მ...“-ის საკუთრებად. 06.05.2014წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერითა და საკადასტრო გეგმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ფერდობი ... მ/რ-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ქ. თბილისის საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 16 აგვისტოს №19.29.610 გადაწყვეტილების, ი.მ.ა. „ს...ის“ წევრთა საერთო კრების 2004 წლის 5 მარტის კრების ოქმის (დამოწმების თარიღი: 10.03.2004წ., ნოტარიუსი: ნ. ო-ი), ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 1999 წლის 28 იანვარს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმისა და ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 მაისის №10.27.262 გადაწყვეტილების საფუძველზე, დარეგისტრირდა ამხანაგობა „მ...“-ის საკუთრებად, 2007 წლის 4 ივნისს (ტ.4, ს.ფ 8, 19, 16, 15, 28, 22-23, 13, 119-120, ტ.1, ს.ფ 173-175).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ შპს „კ...ის“ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებაში მითითებული შენობა-ნაგებობის შპს „კ...ის“ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.

დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში შპს „კ...ის“ დირექტორმა, ლ. ჟ-იმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა №... საკადასტრო კოდის ფარგლებში რეგისტრირებული №1 შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია იმ საფუძვლით, რომ შენობა 2005 წელს შეიძინა ეკონომიკის სამინისტროსაგან. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ფერდობი ... მ/რ-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ამხანაგობა „მ...“-ის საკუთრებად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი). მოცემული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს. მესაკუთრედ რეგისტრირებულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს იმის ნდობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მისი უფლებების ხელყოფას სხვა პირთა სასარგებლოდ.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ამხანაგობა „მ...“-ის რეგისტრაცია ძალაშია, მისი უზუსტობა სათანადო წესით არ დადგენილა. ამასთანავე, არც განსახილველი დავის საგანია აღნიშნული რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება. მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.). სასამართლოს კი უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის 248-ე მუხ.).

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რომლითაც შპს „კ...ის“ სარეგისტრაციო განცხადებაზე შეწყდა წარმოება, შემდგომში კი მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამხანაგობა „მ...“-ის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის, მისი უფლებადამდგენი დოკუმენტისა თუ საკადასტრო მონაცემების სისწორეზე. აღნიშნული კი საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, გამორიცხავს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში მდებარე შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტებიც არ ადასტურებდნენ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსგ „კ...ის“ საწესდებო კაპიტალის ღირებულების დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნები მიუთითებს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საწესდებო კაპიტალში არსებობაზე, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ 2003 წელს გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2003 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2000 წლის 31 მაისის და 2003 წლის 31 მარტის კორექტირებული წითელი ხაზების საფუძველზე, დამზადდა სსგ „კ...ის“ მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი (Q-796). აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 5042 კვ.მ-ს, საერთო ფართობში არ შედიოდა სადავო ნაკვეთი, ფართით 252 კვ.მ. ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის გეგმის კორექტირების შემდგომ აღნიშნულ ობიექტზე მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 252 კვ.მ-ზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ამხანაგობა „ს...ის“ საკუთრების უფლება და წარმოადგენდა დავის საგანს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგენილია 1999 წლის 28 იანვარს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმით, მასზე რეგისტრირებულია ამხანაგობა „მ...“-ის საკუთრების უფლება და აღნიშნული რეგისტრაციის/საკადასტრო მონაცემების კანონიერება სადავოდ არ არის გამხდარი, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივნისის განჩინება;

3. შპს „კ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 15.12.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით თათია ნანობაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე