№ბს-1042(2კ-2კს-23) 21 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის და ე. ნ-ის (მოსარჩელე) შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ასევე, ე. ნ-ისა და ე. პ-ოს (მესამე პირი (სასკ 16.2) კერძო საჩივრების საფუძვლიანობა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მესამე პირები (სასკ 16.2) - ბ. ქ-ე, თ. ქ-ე, ი. ქ-ე, ირ. ქ-ე, ირმ. ქ-ე, მ. ქ-ე, გ. ყ-ე (მ. შ-ეის უფლებამონაცვლე), ა. ხ-ი, მ. ხ-ი და ე. ხ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 31 იანვარს ე. ნ-იმა (პ/ნ ...) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ე. ნ-ის სარჩელი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შემდეგი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა: „რეგისტრაციის შესახებ“ 30.06.2011წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 15.07.2011წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 15.07.2011წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 18.10.2012წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 27.06.2011წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 12.10.2012წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 25.10.2012წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 02.11.2012წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 12.12.2012წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 23.07.2013წ. №... გადაწყვეტილება; „რეგისტრაციის შესახებ“ 29.08.2013წ. №... გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 09.01.2019 წ. №... გადაწყვეტილება; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 06.12.2018 წ. №... გადაწყვეტილება; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 31.01.2019წ. №... გადაწყვეტილება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ე. ნ-ის 24.09.2018წ. №... განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი წარმოადგენს 2015 წლის 28 მარტს გარდაცვლილი ბ. ხ-ის მემკვიდრეს, რომლის სახელზეც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. 2018 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი №... განცხადებით მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და საკადასტრო საზღვრების დაზუსტება. განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და შემდგომ შეწყდა, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ზედდების მიზეზით. ამ დროისთვის, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ე. პ-ო.
საჯარო რეესტრში დაცული სარეგისტრაციო მონაცემებით დადგენილი იყო, რომ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო ბ. ხ-ის (ე. ნ-ის მამკვიდრებლის) საკუთრების უფლება, რომელიც წარმოშობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სარეგისტრაციო მონაცემებში დაცული იყო ბ. ხ-ის უფლებრივი წინამორბედის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და მასთან დაკავშირებული არაერთი გეგმა-ნახაზი, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ ე. ნ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 24.09.2018 წ. წარდგენილ №... განცხადებაზე თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეესაბამებოდა სარეგისტრაციო მონაცემებში დაცულ მიღება-ჩაბარების აქტსა და მასთან დაკავშირებულ გეგმა-ნახაზებზე ასახულ მონაცემებს. ამ მხრივ, ნიშანდობლივი იყო ის ფაქტიც, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ირგვლივ არ არსებობდა თავისუფალი (დაურეგისტრირებელი) სივრცე, რაც უფრო მყარად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ბ. ხ-ის სახელზე რეგისტრირებულ 250 კვ.მ მიწის ნაკვეთს სხვა ადგილმდებარეობა ვერ ექნებოდა განსაზღვრული.
ვინაიდან ე. ნ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შემაფერხებელ გარემოებას №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ზედდება ქმნიდა, მოსარჩელემ ამ უძრავ ნივთთან დაკავშირებით უფლების რეგისტრაცია და მისი წინმსწრები ყველა სარეგისტრაციო ჩანაწერი ჯერ მარეგისტრირებელ ორგანოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში გაასაჩივრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ე. პ-ო, ხოლო 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით - ბ. ქ-ე, თ. ქ-ე, ი. ქ-ე, ირ. ქ-ე, ირმ. ქ-ე, მ. ქ-ე, მ. შ-ეე, ა. ხ-ი, მ. ხ-ი და ე. ხ-ი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ხელვაჩაურში, სოფ. ...ში მდებარე 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) 2003 წლის 30 ოქტომბრიდან რეგისტრირებული იყო თ. ქ-ეის საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2003 წლის 30 მარტის №... მიღება-ჩაბარების აქტი). 2003 წლის 3 ნოემბრის №... განაცხადის საფუძველზე, ამ უძრავ ნივთს გამოეყო 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც თ. ქ-ესა და ბ. ხ-ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (თარიღი: 31.10.2003წ. რეგისტრაციის №...) საფუძველზე დარეგისტრირდა ბ. ხ-ის საკუთრების უფლება (ს/კ: ...).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10 წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის საფუძველზე, ერთიანი გეოდეზიური კოორდინატთა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბ. ხ-ის 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) დაზუსტებული მონაცემებით ცვლილების რეგისტრაცია არ მოუხდენია.
1000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან დარჩენილ, 750 კვ.მ მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - №..., რომელზეც თ. ქ-ესთან ერთად აღრიცხული იქნა კომლის წევრთა - ბ., ი., ირ., ირმ. და მ. ქ-ეების თანასაკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის თარიღი 27.09.2004 წ. №618).
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, თ. ქ-ეის საკუთრების უფლება აღირიცხებოდა ხელვაჩაურში, სოფ. ...ში მდებარე კიდევ სხვა, 1 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ:№..., განცხადების რეგისტრაციის ნომერი №..., თარიღი 01.04.2005 წ. საფუძველი: ...ს თ/საკრებულოს ცნობა №..., 17.04.2006 წ. საკომლო წიგნი №1, გვ.69, მიწის მიღება- ჩაბარების აქტი №..., 30.03.2006 წ.). ეს უძრავი ნივთიც, 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ: №...) დაიყო მიწის ნაკვეთებად და განიკარგა.
სოფ. ...ში მდებარე როგორც თ. ქ-ეის, ისე ბ., ი., ირ., ირმ. და მ. ქ-ეების საკუთრებაში რიცხული აღნიშნული უძრავი ნივთების მიმართ წლების განმავლობაში დაყოფისა, თუ გაერთიანების გზით იცვლებოდა როგორც ნაკვეთების მესაკუთრეები, ისე მისი ზომები და სხვა მაიდენტიფიცირებელი პარამეტრები.
სასამართლომ მიუთითა, რომ ჩამოთვლილ უძრავ ნივთებზე, ყველა შემდგომი რეგისტრაციები განხორციელებული იქნა დაზუსტებული მონაცემებით (დაზუსტებული ფართობით), ერთიანი გეოდეზიური კოორდინატთა სისტემაში მოყვანით.
რეგისტრაციის შესახებ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის №... (12.10.2012 წ.) გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №... (ახალი საკადასტრო კოდი ...), ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დამოწმების თარიღი 08.10.2012წ.) საფუძველზე აღირიცხა, ი. ქ-ეის საკუთრების უფლება. რეგისტრაციის შესახებ, ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №... (30.06.2011წ.) გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით №..., განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 855 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებული იყო 73,60 კვ.მ შენობა-ნაგებობა, დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით (თანამესაკუთრეები: ბ., თ., ი., ირ., ირმ. და მ. ქ-ეები) და მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი №.... რეგისტრაციის შესახებ ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის №... (15.07.2011წ.) და №... (15.07.2011წ.) გადაწყვეტილებებით უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: №... განხორციელდა დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავი ნივთი დაიყო, 754 კვ.მ (ს/კ:№...) და 100 კვ.მ (ს/კ:№...) მიწის ნაკვეთებად. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის №... (18.10.2012წ.) გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით №... (ახალი საკადასტრო კოდი ...) ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, დამოწმების თარიღი 12.10.2012 წ.) საფუძველზე აღირიცხა ი. ქ-ეის (პირადი ნომერი ...) საკუთრების უფლება. №... (25.10.2012წ.) სარეგისტრაციო გადაწყვეტილებით, განხორციელდა უძრავი ნივთების, საკადასტრო კოდებით №... და №... გაერთიანების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ი. ქ-ეის საკუთრების უფლება აღირიცხა 1006 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განლაგებული იყო 340.04 კვ.მ შენობა-ნაგებობა (ს/კ: ...). რეგისტრაციის შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის №... (02.11.2012წ.) გადაწყვეტილებით, ...ში მდებარე უძრავ ნივთზე, №... საკადასტრო კოდის მქონე ნივთის დაყოფის საფუძველზე, №... (ფართობი 905 კვ.მ.) და №... (ფართობი 100 კვ.მ.) საკადასტრო კოდებით დარეგისტრირდა ი. ქ-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულება (გაფორმების თარიღი: 08.10.2012 წელი, დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ), ჩუქების ხელშეკრულება (გაფორმების თარიღი: 12.10.2012 წელი, დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ), მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №... აქტი (გაფორმების თარიღი: 30.03.2003 წელი), ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს №19-ქ ცნობა (გაფორმების თარიღი: 19.03.2007 წელი, გაცემული ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის მიერ).
აღნიშნული დაყოფის შედეგად მიღებული საკადასტრო ერთეული, საკადასტრო ნომერი: ... (ფართობი 905 კვ.მ), სწორედ ის მიწის ნაკვეთია, რომელზეც დაფიქსირდა მოსარჩელე ე. ნ-ის მიერ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი საკადასტრო ნახაზის ზედდება. რეგისტრაციის შესახებ, აჭარის რეგიონული ოფისის №... (12.06.2012 წ.) გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ფართობით 905 კვ.მ), №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა მ. შ-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (გაფორმების თარიღი: 12.12.2012 წელი, დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ). რეგისტრაციის შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის №... (23.07.2013 წ.) გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ფართობი 905 კვ.მ. ს/კ: ...) დარეგისტრირდა - ი. ქ-ეის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (გაფორმების თარიღი: 23.07.2013 წელი, დამოწმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ). რეგისტრაციის შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის №... (29.08.2013წ.) გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე (ფართობი 905 კვ.მ.), №... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა, ე. პ-ოს საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (გაფორმების თარიღი: 23.07.2013 წელი, დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ).
სასამართლომ მიუთითა, რომ ბ. ხ-ის მემკვიდრემ, მოსარჩელე ე. ნ-იმა 2018 წლის 24 სექტემბერს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა აჭარის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა სოფელ ...ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის მქონე, დაუზუსტებელი მონაცემების მქონე უძრავი ნივთის (250 კვ.მ მიწის ნაკვეთი) საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, მათ შორის, საკადასტრო საზღვრების დაზუსტება. დაინტერესებულმა პირმ. განცხადებას თან დაურთო სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 08.11.2017 წ.) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 2018 წლის 28 სექტემბერს №... სარეგისტრაციო განაცხადზე დამატებით წარდგენილი იქნა სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 07.11.2017 წ.), სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 07.11.2017წ.) და სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 07.11.2017 წ.).
2018 წლის 28 სექტემბერს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა. 2018 წლის 2 ოქტომბერს ე. ნ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებას დაამატა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. 2018 წლის 8 ოქტომბერს, აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის (ს/კ: ...) საკადასტრო მონაცემებს. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა №... საკადასტრო კოდით (მესაკუთრე: ე. პ-ო) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, დაინიშნებოდა მედიაციის პროცესი.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სწორედ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ აჭარის რეგიონული ოფისის 2013 წლის 29 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, ასევე, ამ უძრავ ნივთთან დაკავშირებული, ყველა წინმსწრები სარეგისტრაციო გადაწყვეტილებისა და სარეგისტრაციო ჩანაწერის შედეგად შეილახა და დაირღვა ე. ნ-ის საკუთრების უფლება, დაუზუსტებელი მონაცემების მქონე უძრავი ნივთთან, 250 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რამდენადაც, ამ რეგისტრაციებმა მოიცვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ ე. ნ-ის დარღვეული უფლება აღდგებოდა, თუ უკანონოდ შეფასდებოდა და ბათილად იქნებოდა ცნობილი ეს აქტები, მათ შორის მე-3 პირის, ე. პ-ოს საკუთრებაში რიცხულ ნაკვეთზე საჯარო რეესტრში არსებული ყველა რეგისტრაცია, რითაც მიეცემოდა შესაძლებლობა, ამის შედეგად გამოთავისუფლებული ნაკვეთის ხარჯზე დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლება 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 21 თებერვლის სამსახურებრივი ბარათისა და სიტუაციური ნახაზის თანახმად, ე. ნ-ის 2018 წლის 24 სექტემბრის №... სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, სავარაუდოდ, შეესაბამებოდა, მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული ნაკვეთის ადგილმდებარეობას.
2022 წლის 25 მარტის სამსახურებრივი ბარათისა და სიტუაციური ნახაზის თანახმად, ე. ნ-ის 2018 წლის 24 სექტემბრის №... სარეგისტრაციო განაცხადზე წარდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა შეესაბამებოდა მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული ნაკვეთის ადგილმდებარეობას, თუმცა მიწის ნაკვეთის გეგმა სქემატური იყო და საზღვრების ნაწილში არ იძლეოდა შედარების საშუალებას.
საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათისა და 2019 წლის 29 ნოემბრის სიტუაციური ნახაზების თანახმად, №... სარეგისტრაციო განაცხადზე დართული ი.მ. ლ...ის მიერ 2018 წლის 28 სექტემბერს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ასევე, ზედდება ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ. ზედდება ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ. ზედდება ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...). ზედდება ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ. ზედდება ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ. ზედდება არ ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...).
საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, რომელიც მოსარჩელე ე. ნ-ის დაკვეთით იქნა ჩატარებული, ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...), წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, განთავსებული უნდა ყოფილიყო თ. ქ-ეის (ბოლო მესაკუთრე - ე. პ-ო) ნაკვეთზე არსებული სახლის სამხრეთით, საჯარო გზის გასწვრივ. აღნიშნული ნაკვეთის დაახლოებითი ადგილმდებარეობა მოცემული იყო ექსპერტიზის დასკვნის №1 დანართზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ. ხ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და დღეისათვის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ბ. ხ-ის ნაკვეთის ნაწილი, 149 კვ.მ ფართით, რეგისტრირებული იყო ე. პ-ოს სახელზე, რომლის საკადასტრო კოდი იყო: .... საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათისა და 2019 წლის 29 ნოემბრის სიტუაციური ნახაზების თანახმად კი, ზედდება ფიქსირდებოდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), 88 კვ.მ ფართობის ოდენობით.
შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, განსხვავებული იყო საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემები და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 ივნისის საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნა, მიწის ნაკვეთის ზედდების შესახებ, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მოსარჩელის დაკვეთით ექსპერტიზის ჩასატარებლად საექსპერტო დაწესებულებისათვის წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია განსხვავებული იყო იმ დოკუმენტაციისაგან, რაც გამოყენებულ იქნა საჯარო რეესტრის მიერ.
სასამართლოს შეფასებით, თავად საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა №... საკადასტრო კოდის მქონე ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობა, რაც დადგენილი იყო დაახლოებითი მოცემულობის სახით, ასევე, არ იყო დადგენილი ნაკვეთის კონფიგურაცია, ცალკეული გვერდების ზომები (სიგრძეები). საგულისხმო იყო ისიც, რომ ექსპერტიზა ჩატარებული იყო მოსარჩელის დაკვეთით და ზუსტად ვერ დგინდებოდა, რა დოკუმენტები და მონაცემები წარუდგინა მოსარჩელე მხარემ საექსპერტო დაწესებულებას შესაბამისი დასკვნის მისაღებად. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ მოსარჩელე მხარის №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილ და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთს შორის ზედდების დადგენა და მისი მიზეზების შეფასება მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, საკადასტრო/აზომვით ნახაზზე, ასევე მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით, შეუძლებელი და დაუშვებელი იყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის მხოლოდ ადგილმდებარეობა არ წარმოადგენდა ნაკვეთის სრულ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, მნიშვნელოვანი იყო ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია, ასევე, გვერდების ზომები, რათა სწორად ყოფილიყო განსაზღვრული მომიჯნავე ნაკვეთების მიმართ მისი განთავსება და საზღვრები.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე თ. ქ-ეის და სხვა პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია №..., №... და №... საკადასტრო კოდების მქონე ნივთზე ი. ქ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ასევე, №... საკადასტრო კოდის მქონე ნივთზე ე. პ-ოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა.
მოსარჩელე მხარის 2018 წლის 24 სექტემბრის №... სარეგისტრაციო განაცხადის მოთხოვნა აღმოჩნდა წინააღმდეგობრივი რეგისტრირებულ მონაცემებთან, რამდენადაც დადგინდა ზედდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავის ნივთის საკადასტრო მონაცემებთან და გარდა აღნიშნულისა, დადგინდა შეუსაბამობა, ო. ქ-ეის სახელზე გაცემულ №... საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ მონაცემებთან. ამ საფუძვლით შეჩერებულ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ აღმოიფხვრა დადგენილი ხარვეზი. სასამართლოს შეფასებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება განახორციელა ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ და დაცულ ინფორმაციათა სათანადო შეფასების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის გარეშე სარეგისტრაციო გადაწყვეტილების მიღება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-იმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.12.2018 წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.01.2019წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.01.2019წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ნ-ის 24.09.2018წ. №... განაცხადთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელით ე. ნ-ი მოითხოვდა, ერთი მხრივ, იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომელიც მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო უშუალოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი რეგისტრაციის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზეც რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან ზედდებაში არსებულ საკადასტრო ერთეულზე.
ადმინისტრაციულმა ორგანომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე უფლებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნა არსებითად არ განიხილა და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში საჩივრის ავტორს განუმარტა, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები ექვემდებარებოდა სასამართლოში გასაჩივრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშობა სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.01.2019 წ. №... გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონის არასწორ განმარტებას.
მარეგისტრირებელ ორგანოს ასევე ეკისრებოდა ზედდებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოებების კანონიერების შემოწმების ვალდებულება, მით უფრო, როცა განმცხადებელი თავის უფლებას სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე სათანადო უფლების დამდგენი დოკუმენტების საშუალებით ადასტურებდა, რომელთა სანდოობაც ეჭვქვეშ არც თავად მარეგისტრირებელ ორგანოს დაუყენებია. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 31.01.2019 წ. №... გადაწყვეტილება იმ არგუმენტებს დააფუძნა, რომ არ დგინდებოდა რეგისტრირებული მონაცემების უზუსტობა და ვერ შედგა მხარეთა შორის მედიაცია. პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხს და ზედდებაში არსებული რეგისტრირებული მონაცემების კანონიერება დაასაბუთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედ უტყუარობის პრეზუმფციაზე მითითებით, თუმცა სათანადო წესით სადავოდ გამხდარი რეგისტრირებული მონაცემები არ შეუმოწმებია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებებზე და აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით ქონების აღრიცხვა არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი. შესაბამისად, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის სხვა მდებარეობის შესახებ, მიღებული გადაწყვეტილებებით ბ. ხ-ის სახელზე განხორციელებულმა დაუზუსტებელმა რეგისტრაციამ მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა შეიძინა, შესაბამისი უფლების გარეშე, რაც დაუშვებელი იყო.
სადავო რეგისტრაციების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებულ ინფორმაციასა და დასკვნებზე და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაუზუსტებლობის მოტივით, ცალსახად იმის გამორიცხვა, რომ რეგისტრირებული მონაცემები იყო სწორი და სადავო რეგისტრაციამ არ მოიცვა ე. ნ-ის (ბ. ხ-ის) კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ზედდებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე შეუძლებელი იყო. №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი, რომელზე უფლების რეგისტრაციებიც სადავო იყო განსახილველ საქმეზე და რომელთან ზედდებაშიც აღმოჩნდა ე. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, წარმოშობილი იყო ორი სხვადასხვა უფლების დამდგენი დოკუმენტის მქონე 1000-1000 კვ.მ ფართობის მქონე უძრავი ნივთების, ჯერ დაყოფის, ხოლო შემდგომ, დაყოფის შედეგად მიღებული საკადასტრო ერთეულების გაერთიანების შედეგად.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღწერდა, ორი 1000-1000 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდები: ... და ...) დაიყო სხვადასხვა საკადასტრო ერთეულებად და საბოლოოდ, დაყოფის შედეგად წარმოქმნილი საკადასტრო ერთეულების შემდგომი გაერთიანების (გაერთიანდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოქმნილი საკადასტრო ერთეული: №... და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად წარმოქმნილი საკადასტრო ერთეული: №...) შედეგად წარმოიქმნა ახალი საკადასტრო ერთეული (ს/კ:...), რომელიც თავის მხრივ, ასევე დაიყო (საკადასტრო ერთეულებად: №... და №...) და წარმოიქმნა უძრავი ნივთი (ს/კ: ...), რომელიც ზედდებაში აღმოჩნდა №... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთიდან, ბ. ხ-ისთვის მიყიდული 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით ე. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. მხოლოდ საბოლოო რეგისტრაციების შედეგების შესახებ მოწოდებულ ცნობებშიც, აშკარა იყო შეუსაბამობები, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დასახელებული ორი სხვადასხვა ნივთის უფლების დამდგენ დოკუმენტებში. რეგისტრაციიდან რეგისტრაციამდე იცვლება დაყოფის შედეგად წარმოქმნილ უძრავ ნივთებზე უფლების დამდგენი თავდაპირველი დოკუმენტის მონაცემები და ა.შ., რისი შეფასება და კვლევაც, არ განხორციელებულა, რადგან №... საკადასტრო ერთეულთან დაკავშირებული რეგისტრაციების კანონიერებაზე და რეგისტრირებული მონაცემების სიზუსტეზე, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არსებითად არ უმსჯელია, იმ არგუმენტზე მითითებით, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლოში. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედ უტყუარობის პრეზუმფციას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი 2012 წლის 09 ნოემბრიდან, ნასყიდობის 01.08.2005 წ. №1-3612 ხელშეკრულებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.07.2012 წ. №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღრიცხა ი. კ-ის საკუთრებად (ნაკვეთის წინა ნომრები: ... და ...). სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთი 100 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ნივთი ერთდროულად იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 100 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთიც და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთიდან გამოყოფილი 100 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთიც, საკადასტრო კოდით: ..., ისე რომ ამ ნაკვეთების გაერთიანება არ მომხდარა და ამ საკადასტრო ერთეულებს ერთმანეთთან არც რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი უნდა ჰქონოდათ. შედეგად, ი. კ-ის საკუთრებაში არსებული 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო №... მიწის ნაკვეთიდან (750 კვ.მ.) ნაწილიც და №... (1000 კვ.მ.) მიწის ნაკვეთიდან ნაწილიც.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ცნობა №19-ქ, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოქმნილ უძრავ ნივთებზე უფლების დამდგენ ერთ-ერთ დოკუმენტად იყო მოხსენიებული. მითითებული აჭარის ა/რ ხელვაჩაურის რაიონული სახელმწიფო არქივის მიერ 19.03.2007 წელს გაცემული №19-ქ ცნობის მიხედვით, თ. მ.-სს ძე ქ-ეის ოჯახზე 1986-1990 წლებში დაფიქსირებული იყო 0,05 ჰა მიწა. ცნობა მიეცა საჯარო რეესტრში წარსადგენად, საფუძველი - ფონდი №..., აღწერა №2, საკომლო წიგნი №1, ფურ. 68, საკომლო წიგნი №1 ფურც. 74-75. ამავე ცნობის მეორე გვერდზე, საკომლო წიგნიდან ამონაწერზე, მითითებული იყო: გრაფა IV - მიწა მეურნეობის პირად სარგებლობაში: 1997 წ - 0,05, 1998 - 0,05 (გადახაზულია), 2005 წლის - 0,055 (ან 0,065 გაურკვევლად წერია). ასევე მიწერილი იყო შემდეგი ტექსტი: აწერია 0,10, პასპორტის 30/03/2003, ცვლილება გაკეთდა 2005 წელს, აქვს 0,065. გაყიდა საკარ. მიწა 0,01 ჰა, იყიდა ს. ხ-იმა, ხელშეკრულება №..., 2005 წლის 10.05. გაყიდა 100 კვ.მ., იყიდა ი. კ-იმ, 2005 წლის 01/08 ხელ-ბა №.... მაშასადამე, აღნიშნულ საარქივო ცნობაში, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშვნით, მეორე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ქ-ეის უფლებას ადასტურებდა, მითითებული იყო პირველი მიწის ნაკვეთის (უ.დ.დ. 30.03.2003 წ. №... მ/ჩ აქტი) განკარგვასთან დაკავშირებული ცნობები, რაც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებდა საერთოდ თ. ქ-ეის სახელზე ორი 1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის ფაქტს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში საერთოდ არ იძებნებოდა 30.03.2006 წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და არც მიღება-ჩაბარების აქტი №..., გაფორმების თარიღით: 30.03.2003, რომლებიც №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთისა და მისი დაყოფის შედეგად წარმოქმნილი საკადასტრო ერთეულების უფლების დამდგენ დოკუმენტებად იყო მოხსენებული საჯარო რეესტრის ჩანაწერებში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ე. პ-ოს წარმომადგენლის ადვოკატ ნ. კ-ას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შემდეგნაირად განიმარტა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა სრულად, როგორც ე. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ისე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი შემდეგნაირად განიმარტა: ე. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.12.2018 წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.01.2019წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.01.2019წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ნ-ის (პ/ნ ...) 24.09.2018წ. №... განაცხადთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი სხვა ნაწილში, რომელიც ეხებოდა რეგისტრაციის შესახებ 30.06.2011 წ. №...; 15.07.2011 წ. №...; 15.07.2011წ. №...; 18.10.2012წ. №...; 27.06.2011წ. №...; 12.10.2012წ. №...; 25.10.2012 წ. №...; 02.11.2012წ. №...; 12.12.2012წ. №...; 23.07.2013წ. №...; 29.08.2013წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა.
განმცხადებელი ე. პ-ო ბუნდოვნად თვლიდა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებას ე. ნ-ის იმ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა რეგისტრაციის შესახებ 30.06.2011 წ. №...; 15.07.2011 წ. №...; 15.07.2011 წ. №...; 18.10.2012 წ. №...; 27.06.2011 წ. №...; 12.10.2012 წ. №...; 25.10.2012 წ. №...; 02.11.2012 წ. №...; 12.12.2012 წ. №...; 23.07.2013 წ. №...; 29.08.2013 წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების კანონიერებას ე. ნ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, როცა არ გაუქმებულა მესამე პირების (მათ შორის განმცხადებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით სრულად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რაც ნიშნავდა იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა როგორც ე. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ისე იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა საქმეზე 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 905.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 340.04 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობიდან, რომლის საკადასტრო კოდი იყო №..., ზედდებული ნაწილის გასხვისებისა და იპოთეკით უფლებით დატვირთვის შესახებ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია იმდენად, რამდენადაც ასეთი საპროცესო მექანიზმი მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურებოდა, სააპელაციო სასამართლოს 18.05.2023 წ. გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ე. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხზე (განაცხადი - 24.09.2018 წ. №...) მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაზეც სააპელაციო პალატამ მიუთითა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეემოწმებინა ძალაში მყოფი იმ რეგისტრირებული მონაცემების უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და კანონთან შესაბამისობის საკითხი, რომელთანაც ე. ნ-ის განაცხადზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზს დაუდგინდა ზედდება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 18.05.2023წ. გადაწყვეტილებით დასრულებული დავის შედეგად რეგისტრაციის შესახებ 30.06.2011 წ. №...; 15.07.2011წ. №...; 15.07.2011წ. №...; 18.10.2012წ. №...; 27.06.2011წ. №...; 12.10.2012წ. №...; 25.10.2012წ. №...; 02.11.2012წ. №...; 12.12.2012წ. №...; 23.07.2013წ. №...; 29.08.2013წ. №... გადაწყვეტილებების ძალის შენარჩუნება არ ქმნიდა საქმეზე ე. ნ-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს ე. ნ-იმა და ე. პ-ომ.
კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა აღქმული და შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართლებრივი გარემოებები, რამაც განაპირობა სადავო გადაწყვეტილების მიღება ამ ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისას შეუძლებელი იყო, ამასთან ამგვარი გარემოების დადგენა და შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა.
განსახილველ შემთხვევაში როგორც მოსარჩელე ე. ნ-ის, ისე, მესამე პირის, ე. პ-ოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი სრულფასოვანი და იურიდიული ძალის მქონეა, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული და დადასტურებული, რომ მიღება-ჩაბარების აქტით წინა მესაკუთრეზე გადაცემული ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ზუსტად შეესაბამება ე. ნ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში 2018 წლის 24 სექტემბერს წარდგენილ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართულ ნახაზს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტის მიერ ამავე დასკვნაში შენიშვნის სახით გაკეთებული მითითება, რომ ვინაიდან თ. ქ-ეისა და ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთების გეგმები (ნახაზები) არ იყო შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა მაღალი სიზუსტით შეუძლებელი იყო.
კასატორი ე. ნ-ი მიუთითებს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა იმ პროცესუალური ასპექტით არის განპირობებული, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ შედეგს სადავო აქტების ბათილად ცნობის პროცესუალური რეჟიმის ჭრილში, რომელიც სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი დანაწესის სახით გამოიყენა. სააპელაციო სასამართლომ პრაქტიკულად გადაწყვიტა სადავო საკითხი და სრულყოფილად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მოცემულობები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ სადავო აქტებით განხორციელებული რეგისტრაციების უკანონობას და მათ საფუძველზე მოსარჩელე ე. ნ-ის საკუთრების კონსტიტუციური უფლების აშკარა უგულებელყოფას. შესაბამისად, ამ მოცემულობის ფონზე სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობა და სადავო აქტების ბათილად ცნობა იმავე კოდექსის 32.1 მუხლით დადგენილ რეჟიმში უნდა განეხორციელებინა, თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ 32.4 მუხლის გამოყენება მართებულად იქნება მიჩნეული, ამავე რეჟიმში სააპელაციო სასამართლოს თავად გასაჩივრებული რეგისტრაციებიც ბათილად უნდა ეცნო და რეგისტრაციების კანონიერების შესწავლა-შეფასება მოპასუხისთვის არ უნდა დაევალებინა.
მართლმსაჯულება წარმოადგენს რა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ საქმიანობას და მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგი ვერ განიხილება მოსარჩელის დარღვეული უფლების დაცვის დროულ უზრუნველყოფაზე და შესაბამისად, ეფექტური მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ რეზულტატად.
წარდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში, ე. ნ-ი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინება, რომლითაც განიმარტა 18.05.2023წ. გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესაბამისად, იგი უნდა გაუქმდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის დეფინიციით ცალსახად არის დადგენილი ის პრინციპი, რომ გადაწყვეტილების განმარტება უნდა განხორციელდეს სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ეს პროცესუალური სტანდარტი და პრინციპი დაირღვა, რადგან ფაქტია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მოცემულ საქმეზე 18.05.2023წ. მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცვალა, თანაც იმგვარად, რომ მასში პრაქტიკულად დამატება განხორციელდა. შესაბამისად, თუ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ სასამართლომ რაიმე საკითხზე არ იმსჯელა, ეს ასპექტი საგნობრივად დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა ყოფილიყო და არა მისი განმარტების წინაპირობა.
მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სავსებით მართებულად ჩამოყალიბდა და ის მოცემულობა, რომელიც სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების თაობაზე არაფრის თქმაში გამოიხატა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენდა სასამართლოს კვალიფიციურ დუმილს იმ თვალსაზრისით, რომ ვინაიდან აღნიშნული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა, აღნიშნული აქტების თაობაზე მსჯელობა სარჩელის დაკმაყოფილებისა თუ დაუკმაყოფილებლობის კონტექსტში არარელევანტური და წინააღმდეგობრივი მოცემულობა იქნებოდა სწორედ იმ სამართლებრივი ასპექტიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ პრაქტიკულად სადავო საკითხის გადაწყვეტა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა. შესაბამისად, ამგვარ ვითარებაში სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ნაწილში სარჩელის არდაკმაყოფილება, რაც სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, ეწინააღმდეგება თავად შემაჯამებელი გადაწყვეტილების შინაარსს და ამით პრაქტიკულად იმ შედეგს ვიღებთ, რომ მისი უცვლელად დატოვების შემთხვევაში იარსებებს კანონიერ ძალაში სასამართლო აქტი, ამგვარ ვითარებაში კი, თუ მაგალითად, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო კვლავ ძალაში დატოვებს სარეგისტრაციო გადაწყვეტილებებს, მოსარჩელეს წაერთმევა სასამართლოსთვის იმავე საგანზე შედავების შესაძლებლობა.
კერძო საჩივრის ავტორი ე. პ-ო მიუთითებს, რომ ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტს არ უნდა გასჩენოდა ილუზია, რომ მესამე პირის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის - ე. პ-ოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა №8, ს/კ ...) სარეგისტრაციო გადაწყვეტილებებიც ბათილად იქნა ცნობილი. არასწორია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.2023წ. განჩინებით გაკეთებული განმარტება და მითითება იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.05.2023წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით სრულად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.07.2022წ. გადაწყვეტილება, როგორც ე. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ისე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.03.2019წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ნ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, ხოლო 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ე. ნ-ის კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ე. პ-ოს კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის/შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ე. ნ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს მოსარჩელე ე. ნ-ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე წარმოების შეწყვეტის, წარდგენილი აზომვითი ნახაზზე დაფიქსირებული საკადასტრო მონაცემებზე ზედდებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სადავო მიწის ნაკვეთზე ე. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
სადავო პერიოდში მოქმედი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. მე-2 მუხლის „ლ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №487, 2019 წლის 31 დეკემბერი) დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნებისთვის მიწის ნაკვეთი არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. მიწის ნაკვეთზე უფლება ვრცელდება ასევე მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2018 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებით, დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ა. ხ-ის, მ. ხ-ის, ე. ხ-ის და ე. ნ-ის შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განაწილება, რომელიც მათ მიღებული ჰქონდათ 2015 წლის 28 მარტს გარდაცვლილი ბ. ხ-ის სამკვიდროს სახით, შემდეგი წილობრივი უფლებებით: ა. ხ-ი - 1/12 ნაწილი, მ. ხ-ი - 1/12 ნაწილი, ე. ხ-ი - 1/12 ნაწილი და ე. ნ-ი - 9/12 ნაწილი. შეთანხმებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უძრავ ქონებას წარმოადგენდა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: .... მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა. ხ-ი, მ. ხ-ი და ე. ხ-ი უარს აცხადებდნენ თავიანთ წილებზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...) და თავიანთ წილებს უთმობდნენ ე. ნ-ის.
2018 წლის 24 სექტემბერს ე. ნ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა აჭარის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმ. განცხადებას თან დაურთო სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 08.11.2017წ.) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 2018 წლის 28 სექტემბერს №... სარეგისტრაციო განაცხადზე დამატებით წარდგენილი იქნა სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 07.11.2017 წ.), სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 07.11.2017წ.) და სამკვიდრო მოწმობა №... (გაცემის თარიღი: 07.11.2017წ.). 2018 წლის 28 სექტემბერს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა. 2018 წლის 02 ოქტომბერს, ე. ნ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებას დაამატა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები და მოითხოვა უძრავი ნივთის (ს/კ: №...) საკადასტრო მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.
ე. ნ-ის მიერ წარდგენილი ინდ. მეწარმე „ლ...ის“ მიერ 2018 წლის 29 სექტემბერს შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობია: 250 კვ.მ დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, მისამართი: ქ. ბათუმი, ...ს დასახლება. ნაკვეთს გვერდიდან D – A (ანუ ჩრდილოეთი) ესაზღვრება №... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთი, გვერდიდან C – D (დასავლეთი) - სახელმწიფო, გვერდიდან A – B (აღმოსავლეთი) - გზა, გვერდიდან B – С (სამხრეთით, უფრო სამხრეთ-დასავლეთი) - დაუდგენელი. 2018 წლის 8 ოქტომბერს აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის (ს/კ: ...) საკადასტრო მონაცემებს. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში დაინიშნებოდა მედიაციის პროცესი.
სარეგისტრაციო განცხადებაზე მომზადებული სიტუაციური ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ასევე ზედდებაში აღმოჩნდა ო. ქ-ეის სახელზე გაცემული №... საკუთრების მოწმობის ფენასთან. 2018 წლის 23 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია №... საკუთრების მოწმობასთან დაკავშირებით, ხოლო სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების შემდეგ. აჭარის რეგიონულმა ოფისმა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ:№...) (მესაკუთრე: ე. პ-ო (პ/ნ ...)) საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო, ორჯერ დანიშნა მედიაციის პროცესი, 2018 წლის 20 ნოემბერს და 2018 წლის 5 დეკემბერს, ნოტარიუს ც. ბ-ეის სანოტარო ბიუროში.
დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მოწოდებული №11/1028 წერილის (06.11.2018წ.) თანახმად, №... საკუთრების მოწმობა წარმოადგენდა ძალაში მყოფ დოკუმენტს, თუმცა აღნიშნულზე მედიაცია ვერ ჩაინიშნებოდა, ვინაიდან მესაკუთრე ო. ქ-ე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით გარდაცვლილი იყო. ნოტარიუს ც. ბ-ეის 2018 წლის 20 ნოემბრის წერილის თანახმად, მედიაციის პროცესზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე. შესაბამისად, სააგენტოს ეცნობა, რომ მედიაციის პროცესი შეწყდა. ნოტარიუსის 2018 წლის 5 დეკემბრის წერილის მიხედვით მედიაციის პროცესზე გამოცხადდა ე. ნ-ი, ხოლო მეორე მხარე არ გამოცხადდა, შესაბამისად, სააგენტოს ეცნობა, რომ მედიაციის პროცესი შეწყდა. 2018 წლის 6 დეკემბერს, აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება.
2019 წლის 4 იანვარს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ე. ნ-ის წარმომადგენლის, პ. კ-ეის №3732/17 ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (06.12.2018 წ.) გადაწყვეტილების, №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების ბათილად ცნობისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 იანვრის №... გადაწყვეტილებით, ე. ნ-ის წარმომადგენელს, პ. კ-ეს უარი ეთქვა №3732/17 (04.01.2019წ.) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 იანვრის №... (31.01.2019წ.) გადაწყვეტილებით №3732/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 იანვრის №... გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–80 მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად კი, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. შესაბამისად, ე. ნ-ის წარმომადგენლის საჩივარი №... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მონაცემების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში განუხილველი დარჩა.
აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით, თუმცა აღნიშნული ჩანაწერის არსებობა არ გამორიცხავს პირის უფლებას, რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს - სააგენტოს, როგორც ერთიანი, ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სისტემის უმაღლეს ორგანოს. სათანადო პირობების არსებობისას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გადაამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ კრძალავს სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვას. დაშვებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ტერიტორიული სამსახურების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა (იხ. სუსგ 25.05.2011წ. №1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. №ბს-598-591 (კ-15), 02.11.2017წ. №ბს-231-227(კ-15), 20.07.2017წ. №ბს-43-42(კ-17)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (06.12.2018წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ საჩივრის წარმდგენი პირი მოითხოვდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების (დაზუსტების) რეგისტრაციას, თუმცა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ზედდება ფიქსირდებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად კი, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამდენად, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო, დაინტერესებული პირისთვის განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო თუ არ ეთანხმებოდა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო მხარეთა შორის არსებობდა დავა, დაინიშნებოდა მედიაციის პროცესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმ. მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (06.12.2018წ.) გადაწყვეტილება კანონიერი იყო და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ფორმალურად მიუდგა საკითხს და ზედდებაში არსებული რეგისტრირებული მონაცემების კანონიერება დაასაბუთა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედ უტყუარობის პრეზუმფციაზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება კანონის არასწორ განმარტებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მუხლი 312, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), თუმცა პრეზუმფციის მოქმედება არ ათავისუფლებს მარეგისტრირებელ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანობისა და სადავოდ გამხდარი რეგისტრირებული მონაცემების კანონიერების შემოწმების ვალდებულებისგან. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ არსებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედია დაინტერესებული პირისათვის, რომელიც, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა, ეყრდნობა, ენდობა რეგისტრირებულ მონაცემებს, თუმცა პრეზუმფციაზე მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო ვერ იტყვის უარს საჩივრის განხილვასა და განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერების შემოწმებაზე. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და აზრს უკარგავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემის კანონიერებისა თაობაზე ან/და საკადასტრო მონაცემების ზედდების შემთხვევაში, უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას, რამდენადაც ასეთი განმარტების პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, მიუთითოს რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმფციაზე და ფაქტობრივად უარი თქვას მის ფუნქციაზე, განიხილოს საჩივარი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ნაწილშიც, საფუძვლიანი სააპელაციო პალატის შეფასება, რომ სახეზე იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე უდავოდ დგინდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ხელვაჩაურში, სოფ. ...ში მდებარე, 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ:...), 2003 წლის 30 ოქტომბრიდან რეგისტრირებული იყო თ. ქ-ეის საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2003 წლის 30.03 №... მიღება-ჩაბარების აქტი). 2003 წლის 3 ნოემბრის №... განაცხადის საფუძველზე ამ უძრავ ნივთს გამოეყო 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც თ. ქ-ესა და მოსარჩელე ე. ნ-ის მამკვიდრებელ ბ. ხ-ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (თარიღი: 31.10.2003 წ. რეგისტრაციის №...) საფუძველზე აღირიცხა ბ. ხ-ის საკუთრების უფლება (ს/კ: ...).
საქმეზე ასევე დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის საფუძველზე, ერთიანი გეოდეზიური კოორდინატთა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბ. ხ-ის 250 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...) დაზუსტებული მონაცემებით ცვლილების რეგისტრაცია არ მოუხდენია. როდესაც ე. ნ-იმა, სამკვიდროს მიღების საფუძვლით, მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, დაზუსტებული მონაცემებით, სხვა მიწის ნაკვეთებთან არსებული საკადასტრო მონაცემების ზედდების გამო, ვერ განხორციელდა უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „საკადასტრო აღწერის შედეგების (საკადასტრო აზომვითი ნახაზის) WGS 84 კოორდინატთა სისტემაში და UTM პროექციაში წარმოდგენა პირველად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.12.2006წ. №800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 48-ე მუხლით დადგინდა. ანალოგიურ ნორმას შეიცავდა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი.... ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმე №ბს-367-363(კ-12)).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის, პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს მოსარჩელის კუთვნილი (მემკვიდრეობით მიღებული) მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 105-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურმა 2022 წლის 16 თებერვალს №73960/17 სამსახურებრივი ბარათით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურს და სთხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განჩინების შესაბამისად, შედარებულიყო №... განცხადებაზე დართული ინდ. მეწარმე „ლ...ის“ მიერ 2018 წლის 29 სექტემბერს შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებთან (თითოეული ცალ-ცალკე), შესაძლებლობის ფარგლებში დადგენილიყო №... განცხადებაზე დართული აზომვითი ნახაზი შეესაბამებოდა თუ არა მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს (მიწის ნაკვეთის კონფიგურაციით, ფართობით, ზომებით და ასევე ადგილმდებარეობით, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების გათვალისწინებით). 2022 წლის 16 თებერვლის №73960/17 მიმართვის პასუხად, 2022 წლის 22 თებერვალს მომზადებულ №78523/17 სამსახურებრივ ბარათზე დართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, სავარაუდოდ, შეესაბამებოდა მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული ნაკვეთის მდგომარეობას.
საქმეზე წარმოდგენილი მასალების თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.06.2019 წლის №... საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: წარდგენილი დოკუმენტაციისა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილი მონაცემების საფუძველზე განსაზღვრულიყო: სად მდებარეობს ბ. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში (UTM პროექციაში); - ბ. ხ-ის საკუთრების უფლების რეგისტრირებული, ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, ექცევა თუ არა ზედდებაში რომელიმე საკადასტრო ერთეულთან; დადებითი პასუხის შემთხვევაში რომელ საკადასტრო ერთეულთან ფიქსირდება ზედდება; ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ:...) წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით განთავსებული უნდა იყოს თ. ქ-ეის (დღევანდელი მესაკუთრე: ე. პ-ო) საცხოვრებელი სახლის სამხრეთით, საჯარო გზის გასწვრივ. ბ. ხ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და დღეისათვის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ბ. ხ-ის ნაკვეთის ნაწილი, ფართით 149 კვ.მ, დღეისათვის რეგისტრირებულია ე. პ-ოს სახელზე, რომლის საკადასტრო კოდია: ....
აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაედო ექსპერტიზის მიერ ჩატარებული შემდეგი კვლევა: ექსპერტიზის დასკვნის მომზადება წარმოებდა ადგილზე აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშედარების მეთოდით. განცხადების თანახმად, გამოსაკვლევი ობიექტი მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო: თ. ქ-ეის №... (მომზადების თარიღი: 2003 წლის 30 მარტი) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც თან ერთოდა თ. ქ-ეის მიწის ნაკვეთის გეგმა. 2004 წლის 20 სექტემბერს მომზადებული თ. ქ-ეის მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა, რომელზეც დატანილი იყო თ. ქ-ეის მიწის ნაკვეთი, საჯარო გზები და მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები; - ბ. ხ-ის №... (მომზადების თარიღი: 2003 წლის 31 ოქტომბერი) მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც თან ერთოდა ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთის გეგმა; - ბ. ხ-ის კუთვნილი უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (დაუზუსტებელი), საკადასტრო კოდით: .... ექსპერტის მიერ მოხდა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების გეგმების შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთი განთავსებული უნდა იყოს თ. ქ-ეის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, ცენტრალური გზის გასწვრივ.
ექსპერტის მიერ მოხდა ადგილზე არსებული თ. ქ-ეის (დღევანდელი მესაკუთრე: ე. პ-ო) კუთვნილი საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება, ასევე მოხდა წარმოდგენილ საკადასტრო რუკაზე არსებული თ. ქ-ეის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი სახლის გაორიენტირება ადგილზე არსებული სიტუაციის მიხედვით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთი (ს/კ:...) განთავსებული უნდა ყოფილიყო თ. ქ-ეის (დღევანდელი მესაკუთრე: ე. პ-ო) საცხოვრებელი სახლის სამხრეთით, საჯარო გზის გასწვრივ. ბ. ხ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და დღეისათვის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ბ. ხ-ის ნაკვეთის ნაწილი, ფართით 149 კვ.მ. დღეისათვის რეგისტრირებულია ე. პ-ოს სახელზე, რომლის საკადასტრო კოდია: .... ექსპერტი ამავე დასკვნაში შენიშვნის სახით აღნიშნავს, რომ ვინაიდან თ. ქ-ეის და ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთების გეგმები (ნახაზები) არ არის შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, ბ. ხ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა მაღალი სიზუსტით შეუძლებელია.
გარდა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნისა, საქმეზე დგინდება, რომ 2019 წლის 27 ნოემბრის №539649/17 სამსახურებრივი ბარათით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინების შესაბამისად (სიტუაციური ნახაზების წარდგენის თაობაზე), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურს სთხოვა, შემდეგი ინფორმაციის მოწოდება: №... განცხადებაზე დართული ინდ. მეწარმე „ლ...ის“ მიერ 29.09.2018წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საკადასტრო მონაცემებთან ზედდება, შესაბამისი საკადასტრო მონაცემებისა და სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების მითითებით.
აღნიშნული მიმართვის პასუხად მომზადებულ 2019 წლის 02 დეკემბრის №... სამსახურებრივ ბარათზე დართული სიტუაციური ნახაზებით ირკვევა: №... განცხადებაზე დართული ინდ. მეწარმე „ლ...ის“ მიერ 29.09.2018წ. შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება არ ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდება ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ, ზედდება ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ, ზედდება არ ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდება ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ, ზედდება ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...), ზედდების ფართობმა შეადგინა 88 კვ.მ, ზედდება არ ფიქსირდება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება №...).
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არათუ არ დგინდება და იდენტიფიცირდება სადავო მიწის ნაკვეთის და ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთები და მათი საკადასტრო მონაცემები, არამედ წარმოდგენილია საკითხის შესწავლის არსებითად ურთიერთგამომრიცხავი შედეგები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლები სასამართლოს მიერ შესაძლოა შეფასდეს მხოლოდ იმ პირობებში, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონს და ამავდროულად დადასტურდება, რომ განხორციელებული რეგისტრაციები მოსარჩელე ე. ნ-ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანს აყენებს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებებზე საკადასტრო მონაცემების გადაფარვის დადასტურებისა და სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა ნაწილში, რა ფართობზე ხდება გადაფარვა, ვინაიდან, უძრავი ქონების მხოლოდ ნაწილობრივი გადაფარვა, ვერ შექმნის რეგისტრაციის სრულად, მთელ ფართზე, ბათილად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა უნდა მოხდეს, მათ შორის, პირველადი რეგისტრაციის მონაცემების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს სად და რა პარამეტრებითა და კონფიგურაციით მდებარეობდა თ.ის ქ-ეის მიწის ნაკვეთი, რომელსაც 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი ცალკე გამოეყო და გადავიდა ბ. ხ-ის საკუთრებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
განსახილველი საკითხის ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ შესაძლებლად მაქსიმალური სიზუსტით უნდა დაადგინოს მიწის ნაკვეთების ზუსტი მდებარეობა და საზღვრები. ამჟამად მოქმედი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამასთან, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მიწის ნაკვეთებზე პირველადი რეგისტრაციის საფუძვლები და უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და ფაქტობრივად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მონაცემების ურთიერთშესაბამისობა. ამ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის 2003 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულებით (ნოტარიუსი თ. ჩ-ა, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: №...) თ. ქ-ემ (დაბ. ...წ.) (გამყიდველი) მიჰყიდა ბ. ხ-ის (პ/ნ ...) (მყიდველი)1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2500 ლარად. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მდებარეობდა ხელვაჩაურის რაიონის, ...ს თემის საკრებულოს, სოფელი ...ში და ამ მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა: ჩრდილოეთიდან - ა. ქ-ეის საკარმიდამო, სამხრეთიდან - ო. ქ-ეის საკარმიდამო, აღმოსავლეთიდან - სოფლის გზა, დასავლეთიდან - სოფლის გზა. მიწის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო №..., სარეგისტრაციო ზონა - ხელვაჩაურის რაიონი, კოდი: ..., სექტორი - ...ს თემის საკრებულო, კოდი: ..., კვარტლის ნომერი: 01, ფართობი: 1000 კვ.მ. უფლება: საკუთრება, ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო). ამ სანოტარო აქტში ასევე აღნიშნული იყო, რომ ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გამყიდველს, რაც დასტურდებოდა შემოწმებული და დადასტურებული შემდეგი დოკუმენტებით: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, სარეგისტრაციო №..., განაცხადის რეგისტრაციის №..., თარიღი: 30.10.2003წ. გაცემული: 30.10.2003 წ. ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ; ბ) სარეგისტრაციო ბარათი №..., გაცემული 30.04.2003 წ. ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებით, თ. ქ-ეის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო: 1. უძრავ ნივთზე, მისამართით: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ..., სასოფლო- სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი, №..., გაფორმების თარიღი: 30/04/2003, გან. რეგ. №...; თარიღი 30/10/2003 წ; და მე-2 უძრავ ნივთზე, მისამართით: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1000.00 კვ.მ (ს/კ: ...), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, №..., გაფორმების თარიღი: 30/03/2003 წ; ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ, №..., გაფორმების თარიღი:17/04/2006 წ., ...ს თემის საკრებულო.
საქმეზე დადგენილია, რომ თ. ქ-ეის საკუთრებაში არსებულ და განკარგულ მიწის ნაკვეთებზე წლების განმავლობაში, გასხვისების, დაყოფისა, თუ გაერთიანების გზით იცვლებოდა როგორც ნაკვეთების მესაკუთრეები, ისე ნაკვეთების ზომები და სხვა მაიდენტიფიცირებელი პარამეტრები, ასევე უფლების დამდგენი დოკუმენტები.
როგორც სააპელაციო პალატის მიერ იქნა დადგენილი, თ. ქ-ეის კუთვნილი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (უფლების დამდგენი დოკუმენტით 30.03.2003 წ. №... მიღება-ჩაბარების აქტი), ჯამში ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე განიკარგა ბ. ხ-იზე, ი. კ-იზე, ს. ხ-იზე, დ. ს-ესა და ა. მ-იზე, სულ 750 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დარჩენილი იყო 250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ..., რომელიც ჯერ დაზუსტების, ხოლო შემდეგ 12.10.2012 წლის მდგომარეობით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საბოლოოდ ახალი საკადასტრო კოდით: ... აღრიცხული იყო ი. ქ-ეის (პ/ნ ...) საკუთრებად. ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, უძრავ ნივთს, დაზუსტებული მონაცემების რეგისტრაციისას (ახალი ს/კ: ...), შეეცვალა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და ნაცვლად: №..., 31.10.2003წ. მიღება-ჩაბარების აქტის, 31.10.03 წ. №... ნასყიდობის ხელშეკრულების და ნაკვეთის გაყოფის შესახებ 02.04.2007წ. №... განცხადებისა, მიეთითა - ცნობა №19-ქ, დამოწმების თარიღი: 19.03.2007, ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივი; მიღება-ჩაბარების აქტი, №..., დამოწმების თარიღი: 30.03.2003, ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო; განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., თარიღი: 04.05.2007. თუმცა, საქმეზე არ არის წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტაციის ცვლილების საფუძვლები. საქმეზე არ არის წარმოდგენილი 30.03.2006 წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და არც მიღება-ჩაბარების აქტი №..., გაფორმების თარიღით: 30.03.2003წ., რომლებიც №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთისა და მისი დაყოფის შედეგად წარმოქმნილი საკადასტრო ერთეულების უფლების დამდგენ დოკუმენტებადაა მოხსენებული რეესტრის ჩანაწერებში, საარქივო ცნობასთან ერთად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 2005 წლის 01 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: 1-3612) თ. ქ-ემ (პ/ნ ...) ი. კ-ის (პ/ნ ...) 4100 ლარად მიჰყიდა უძრავი ქონება (მახასიათებლები: მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №..., ფართობი: 100 კვ.მ, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო). ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის გამყიდველს, რაც შემოწმებული და დადასტურებული იყო შემდეგი დოკუმენტებით: ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ, სარეგისტრაციო №..., განაცხადის რეგისტრაციის №12923/2005, თარიღი: 29.07.2005წ. გაცემული 01.08.2005წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ; ბ) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 31.10.2003 წ. ნოტარიუს თ. ჩამბას მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №....
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ს/კ ... მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, ს/კ ... მიწის ნაკვეთიდან გამოყოფილ ნაწილს, რომელიც ბ. ხ-ისთვის 250 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიყიდვის შემდეგ, წარმოშობილი იყო ს/კ ... მიწის ნაკვეთის გაყოფის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ 2011 წლის 09 დეკემბერს ი. კ-იმ გარიგების საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი ..., საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებისა და თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების (ს/კ:...) ზედდების გამო, საჯარო რეესტრის 15.12.2011 წ. №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო კი, მარეგისტრირებელი ორგანოს 16.01.2012წ. №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ივნისის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით: „1. თ., მ., ი., ირ., ირმ. და ბ. ქ-ეები თანახმა არიან დაუბრუნონ ი. კ-ის ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მის მიერ 2005 წლის 01 აგვისტოს შეძენილი 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - 2012 წლის 05 სექტემბრამდე; 2. შეტანილ იქნას საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილება. 3. მხარეებმა, ერთი მხრივ, ი. კ-იმ და მეორე მხრივ, თ., მ., ი., ირ., ირმ. და ბ. ქ-ეებმა თავად უზრუნველყონ თავიანთი მიწის ნაკვეთების ნახაზების შედგენა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია“.... ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ივნისის განჩინებაზე 2012 წლის 23 ივლისს გაცემულია №... სააღსრულებო ფურცელიც. 2012 წლის 09 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) ირკვევა, რომ ი. კ-ის საკუთრებად, ნასყიდობის 01.08.2005 წ. №1-3612 ხელშეკრულებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.07.2012 წ. №... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, №... საკადასტრო კოდით, აღირიცხა 100 კვ.მ (დაზუსტებული) ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, მის.: ქალაქი ბათუმი, დასახლება ...ი (ნაკვეთის წინა ნომრები: ..., ...).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც სააპელაციო პალატის მიერ იქნა დადგენილი, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი წარმოშობილია თ. ქ-ეის საკუთრებაში არსებული ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რამდენჯერმე დაყოფის საფუძველზე. ერთი 100 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ნივთი ერთდროულად არის №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 100 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთიც და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთიდან გამოყოფილი 100 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთიც, საკადასტრო კოდით ..., ისე რომ ამ ნაკვეთების გაერთიანება არ მომხდარა და ამ საკადასტრო ერთეულებს ერთმანეთთან არც რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი უნდა გააჩნდეთ. აღნიშნული გარემოება არ არის შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ როგორც საქმეზე დგინდება, 18.07.2007 წ. ხელშეკრულებით თ. ქ-ემ ა. მ-ის მიჰყიდა 6500 აშშ დოლარად 150 კვ.მ მიწა, მდებარე ხელვაჩაური, სოფელ ...ში (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან №...). №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათზე (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., 04.05.2007წ.) ნაკვეთის წინა ნომერი: ..., დაუზუსტებელი ფართობი: 150 კვ.მ., გადახაზულია 04.05.2007წ. №..., განაცხადით რეგისტრირებული მითითებული მონაცემები და მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ალფრედი მოისეევი (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ..., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 18.07.2007წ.). ა. მ-იის განცხადებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ №... (25.06.2010) გადაწყვეტილებით დაზუსტდა №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემები და ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით: 151 კვ.მ. შპს „ც...“-ის მიერ მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ა. მ-იის საკუთრებად აღირიცხა ახალი საკადასტრო კოდით: ..., უფლების დამადასტურებელი დოკუმენდი 18.07.2018 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება.
2013 წლის 28 თებერვალს ა. მ-იმა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა ახალი აზომვითი ნახაზი და განცხადებები, მათ შორის, შპს „ც...“-ის დირექტორის 22.02.2013წ. განცხადება, რომლითაც დირექტორი სარეგისტრაციო სამსახურს განუმარტავდა, რომ 2010 წლის 24 ივნისს შპს „ც...“-ის მიერ მომზადებული იქნა ა. მ-იის უძრავი ქონების (ს/კ: ...) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის მომზადების დროსაც დაშვებულ იქნა შეცდომა. კერძოდ, კოორდინატები აღებულ იქნა შეცდომით და ა. მ-იის სახელზე რიცხული უძრავი ქონების დაზუსტება მოხდა სხვა ადგილზე, კოდით: .... ახალი აზომვითი ნახაზი მომზადდა 2013 წლის 22 თებერვალს, ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, რასაც ადასტურებდა ძველი მესაკუთრე თ. ქ-ეც, რომელიც აცხადებდა, რომ ახალი აზომვითი ნახაზი სრულად შეესაბამებოდა ფაქტობრივად გაყიდულ უძრავ ქონებას, რომელიც მიყიდა ა. მ-ის. გარდა ამზომველის ამ განცხადებისა, ა. მ-იმა მარეგისტრირებელ ორგანოში ასევე წარადგინა თ. ქ-ეის 13.02.2013 წ. ნოტარიულად დამოწმებული განცხადებაც, რომლითაც იგი ადასტურებდა შპს „ც...“-ის დირექტორის განცხადებას. ა. მ-იის 2013 წლის 28 თებერვლის განცხადების საფუძველზე, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობით: 151 კვ.მ 2013 წლის 15 მარტიდან ა. მ-იის სახელზე აღირიცხა ახალი საკადასტრო კოდით: .... 2013 წელს შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზსა და 2010 წელს შესრულებულ ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთმა, გარდა ადგილმდებარეობისა, როგორც ეს საკადასტრო აზომვის შემსრულებლის წერილშია აღნიშნული, ასევე შეიცვალა კონფიგურაცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თ. ქ-ეის საკუთრებაში მყოფ და განკარგულ მიწის ნაკვეთებზე წლების განმავლობაში, გასხვისების, დაყოფისა, თუ გაერთიანების გზით იცვლებოდა როგორც ნაკვეთების მესაკუთრეები, ისე ნაკვეთების ზომები და სხვა მაიდენტიფიცირებელი პარამეტრები, ასევე უფლების დამდგენი დოკუმენტები. რიგ შემთხვევებში, განხორციელებული საკუთრების უფლებისა და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შესახებ განხორციელებული რეგისტრაციების საფუძვლები ბუნდოვანია, ასევე იკვეთება შეუსაბამობები რეგისტრაციებსა და უფლების დამდგენ დოკუმენტებს შორის. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დეტალურად უნდა მოხდეს მოსარჩელის განცხადების განხილვა. უნდა მოხდეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცემების, ადგილმდებარეობისა და კონფიგურაციის იდენტიფიცირება. უნდა დადგინდეს ის მიწის ნაკვეთები, რომელთა საკადასტრო მონაცემებთანაც ფიქსირდება ზედდება და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა შეაფასოს უფლების დამდგენი დოკუმენტებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობა.
ე. ნ-ისა და ე. პ-ოს კერძო საჩივრების ნაწილში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ნ-ისა და ე. პ-ოს კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინებით ე. პ-ოს წარმომადგენლის ადვოკატ ნ. კ-ას განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი შემდეგნაირად განიმარტა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა სრულად, როგორც ე. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ისე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი შემდეგნაირად განიმარტა: ე. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.12.2018 წ. №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.01.2019წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.01.2019 წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ნ-ის 24.09.2018 წ. №... განაცხადთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი სხვა ნაწილში, რომელიც ეხებოდა რეგისტრაციის შესახებ 30.06.2011წ. №...; 15.07.2011წ. №...; 15.07.2011წ. №...; 18.10.2012 წ. №...; 27.06.2011 წ. №...; 12.10.2012წ. №...; 25.10.2012წ. №...; 02.11.2012წ. №...; 12.12.2012წ. №...; 23.07.2013წ. №...; 29.08.2013წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა.
განმცხადებელი ე. პ-ო ბუნდოვნად თვლიდა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებას ე. ნ-ის იმ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების კანონიერებას, ე. ნ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, როცა არ გაუქმებულა მესამე პირების (მათ შორის განმცხადებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით სრულად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, რაც ნიშნავდა იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა როგორც ე. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ისე იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გააუქმა საქმეზე 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...ის დასახლებაში მდებარე 905.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 340.04 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობიდან, რომლის საკადასტრო კოდი იყო №..., ზედდებული ნაწილის გასხვისებისა და იპოთეკით უფლებით დატვირთვის შესახებ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია იმდენად, რამდენადაც ასეთი საპროცესო მექანიზმი მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ემსახურებოდა, სააპელაციო სასამართლოს 18.05.2023 წ. გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ე. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ და მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხზე (განაცხადი - 24.09.2018 წ. №...) მარეგისტრირებელ ორგანოს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაზეც სააპელაციო პალატამ მიუთითა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, როგორც საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, რომელმაც შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პროცესუალურად უფლებამოსილი იყო განემარტა მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია მესამე პირის - ე. პ-ოს წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო გადაწყვეტილების განმარტება, სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სამომავლოდ შესაძლო აღსასრულებელი გადაწყვეტილების ბუნდოვანების თავიდან არიდების მიზნით, არსებობდა სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტებისას არ მომხდარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ცვლილება, რაც საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნაა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მხრიდან გადაწყვეტილების განმარტების შედეგად არ დარღვეულა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო ნორმები, ხოლო კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებზე. კერძოდ, ე. პ-ოს კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლოს უნდა გაეუქმებინა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. პ-ოს შედავება მიემართება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმებას, რაც გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ქუთაისის სააპელაციო პალატის შეფასება, რომ რეგისტრაციის შესახებ 30.06.2011წ. №...; 15.07.2011წ. №...; 15.07.2011წ. №...; 18.10.2012წ. №...; 27.06.2011წ. №...; 12.10.2012წ. №...; 25.10.2012წ. №...; 02.11.2012წ. №...; 12.12.2012წ. №...; 23.07.2013წ. №...; 29.08.2013წ. №... გადაწყვეტილებების ძალის შენარჩუნება, ავტომატურად არ ქმნიდა საქმეზე ე. ნ-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველს. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეემოწმებინა ძალაში მყოფი იმ რეგისტრირებული მონაცემების უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და კანონთან შესაბამისობის საკითხი, რომელთანაც ე. ნ-ის განაცხადზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზს დაუდგინდა ზედდება. ამდენად, ზედდების მონაცემების, უფლების დამდგენი დოკუმენტაციისა და რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობის დადგენა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მეორე კერძო საჩივრის ავტორი - ე. ნ-ი საკუთარ პოზიციას ამყარებს იმ არგუმენტით, რომ სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების ნაწილში სარჩელის არდაკმაყოფილება, რაც სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, ეწინააღმდეგება თავად შემაჯამებელი გადაწყვეტილების შინაარსს და ამით პრაქტიკულად ის შედეგი დგება, რომ მისი უცვლელად დატოვების შემთხვევაში იარსებებს კანონიერ ძალაში სასამართლო აქტი. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, თუკი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო კვლავ ძალაში დატოვებს სარეგისტრაციო გადაწყვეტილებებს, მოსარჩელეს წაერთმევა სასამართლოსთვის იმავე საგანზე შედავების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების განმარტებისას არ მომხდარა სარეზოლუციო ნაწილის ცვლილება. სააპელაციო პალატას არც გადაწყვეტილებით უცნია ბათილად სადავო რეგისტრაციების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები და არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებისას შეუცვლია მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია რეგისტრაციების შესახებ გადაწყვეტილებების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე, წარმოადგენდა საქმეზე არსებითად შესაფასებელ საკითხს და არა გადაწყვეტილების განმარტების საგანს. სააპელაციო პალატის შეფასებით კი, არ არსებობდა სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლები და ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეემოწმებინა ძალაში მყოფი რეგისტრირებული მონაცემების უფლების დამდგენ დოკუმენტებთან და კანონთან შესაბამისობა და შედეგად გადაწყვიტა ე. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხი. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება და მიუთითებს, რომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, უნდა შეფასდეს სწორედ ის საკითხი, თუ რომელი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან და რა ფარგლებში არის ზედდებაში ე. ნ-ის მამკვიდრებლის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შეაფასოს სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი პოზიცია არ ქმნის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. პ-ოს და ე. ნ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
ამდენად, ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 06.12.2018 წ. №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 09.01.2019 წ. №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 31.01.2019 წ. №... გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე, რის გამოც არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.12.2018 წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ხოლო 09.01.2019 წ. №... გადაწყვეტილებისა და 31.01.2019 წ. №... გადაწყვეტილების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლები და მოპასუხისათვის ე. ნ-ის განცხადების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს და შეგებებულ საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, პ. კ-ეს 15.12.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი ე. ნ-ის შეგებებულ საკასაციო საჩივარსა და კერძო საჩივარზე - 350 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 14.09.2023წ. №43417 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, მე-60, 61-ე, 368-ე, 369-ე, 374-ე, 401-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ე. ნ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
4. ე. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ე. პ-ოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. უცვლელად დარჩეს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 1 სექტემბრის განჩინება;
7. პ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 15.12.2023წ. №... საგადასახადო დავალებით შეგებებულ საკასაციო საჩივარსა და კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (350 ლარი) შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.09.2023წ. №43417 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა