გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-90-532-06 28 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი),
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 6 ნოემბერს ვ. ჩ-იამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ შპს „ს. რ-ისა“ და შპს „ს. რ-ის“ წარმომადგენლობა სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაისათვის 11002 აშშ დოლარისა და გაწეული ხარჯებისათვის 1950 აშშ დოლარის, სულ _ 12952 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შესაბამისი კურსით დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1990წ. 4 ნოემბერს მოსკოვი-ბათუმის ¹47 სამგზავრო მატარებლის მე-13 ვაგონში, რომლითაც მგზავრობდა, გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა მგზავრების პირადი ქონება, მათ შორის, ვ. ჩ-იას პირადი ნივთები და ბარგი, რომლის ღირებულება განისაზღვრა 6065 რუსული რუბლით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს _ შპს „ს. რ-ასა“ და შპს «ს. რ-ის“ წარმომადგენლობა სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს ვ. ჩ-იას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 11002 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით. ვ. ჩ-იას სარჩელს მომსახურების ხარჯების მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ».
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შპს „ს. რ-ა“, რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. რაიმე ცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ წარმოუდგენია, რის გამოც პალატამ ჩათვალა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
2005წ. 1 დეკემბერს შპს „ს. რ-ამ“ საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. შპს „ს. რ-ამ“ მიუთითა, რომ მათ სასამართლო სხდომის დღის შესახებ არ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 დეკემბრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 19 ოქტომბრის გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს «ს. რ-ა» და მისი წარმომადგენელი მ.შეთეკაური სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდესის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის შესაბამისად, სწორად იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, არ გამოარკვია ვ. ჩ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
2005წ. 19 ოქტომბერს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელად დატოვა 2005წ. 27 დეკემბრის განჩინებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი ითვალისწინებს ისეთი პირობების არსებობას, რომლის გარეშე შეუძლებელია მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანა. მოპასუხის გამოუცხადებლობის დროს სასამართლოს შეუძლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სამი პირობის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნეს მოსარჩელის შუამდგობლობის საფუძველზე, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუშვებლობის მიზეზები და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მხოლოდ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უგულებელყო მესამე პირობა, რომლის თანახმად სასამართლოს უნდა შეემოწმებინა მოთხოვნის იურიდიული მართებულება და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევდა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, სასამართლოს უნდა მიეთითებინა მატერიალურ-სამართლებრივ ნორმით მოწესრიგებულ იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება