Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-484(კ-23) 10 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ა-ე; მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 29 ნოემბერს მ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის მიმართ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მიერ დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 5 მარტის N... დადგენილება (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) სრულად, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N1682 ბრძანება რომლითაც მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 5 მარტის N... დადგენილება ნაწილობრივ დარჩა ძალაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, მ. ა-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №1682 ბრძანება მ. ა-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემა მ. ა-ეის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულების პირველ მუხლზე, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება უპირველეს ყოვლისა არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №1682 ბრძანება მიღებულია ისე, რომ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც პალატის მსჯელობით ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №60-0121202724 წერილი. იმ პირობებში, როდესაც არქიტექტურის სამსახურისთვისაც ბუნდოვანია ეზოს რომელ მხარეზეა საუბარი, გაურკვეველია რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია მერიამ, რომ აღნიშნული ცალსახად წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევას, ვინაიდან სადავო ბრძანებაში არ არის კონკრეტული მითითებები მასზე, თუ რომელი მხარე იქნა მიჩნეული არაკანონიერად. მე-6 და მე-7 რიგითობით მითითებულ დარღვევების ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს გლდანი ნაძალადევის რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2018 წლის 05 მარტის №224 მოხსენებით ბარათზე, სადაც ერთ - ერთ დარღვევასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია, რომ დარღვევა წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას და არ უნდა იქნეს განხილული მოცემულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში. პალატის მსჯელობით, მიუხედავად აღნიშნულისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2018 წლის 03 მარტს მიღებული დადგენილებით, მოსარჩელე დაჯარიმდა ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებითაც.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქმეში დაცულ 1967-1978 წლების ინვენტარიზაციის გეგმაზე, სადაც დატანილია ერთსართულიანი შენობა ლითონის კონსტრუქციით, რომელიც არ სცდება საინვენტარიზაციო გეგმაზე მონიშნულ საზღვრებს. ღობისა და ამავე ლითონის კონსტრუქციის საკადასტრო საზღვრების გაცდენასთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ის განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მოსახლის ძველი და ახალი ნახაზის თანხვედრა არ ხდება და ადგილი აქვს ე.წ. საზღვრების დაცურებას, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ. გასათვალისწინებლად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მხარე თავადვე იყო დაინტერესებული აღმოეფხვრა ყველა სახის დარღვევა, რაზედაც განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საზღვრების კორექტირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი დეტალურად მიუთითებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად, აპელირებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, მე-9 მუხლზე და განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის ერთ - ერთ შემადგენელ საკანონმდებლო აქტს, რომლის მიზანსაც სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლი, სამშენებლო სამართალდარღვევათა გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ხოლო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ - ერთ სამშენებლო სპეციფიკურ სახეს, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი ნორმები.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს 2007 წლის 1 იანვრის პერიოდისათვის მოქმედი რედაქციის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად N140 დადგენილება იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. ამდენად, პირი რომელიც გეგმავდა მშენებლობის განხორციელებას ვალდებული იყო სამშენებლო სამუშაოები წარემართა ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა თავის მხრივ განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. კასატორი ასევე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებზე, 65-ე, 66-ე, 74-ე მუხლებზე განმარტავს, რომ სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი უნებართვოდ განხორციელების ფაქტი შესაძლებელია დადგინდეს ობიექტის თაობაზე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ მონაცემებში ასახული და დადგენილების გამოცემის დროისათვის არსებული მდგომარეობის შედარებით. საქმის მასალებში არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კერძოდ, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 მარტის N... დადგენილების გამოცემის დროისათვის სადავო ობიექტზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათების, 2019 წლის 15 მარტის აზომვითი ნახაზისა და ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საინვენტარიზაციო გეგმის ურთიერთშედარება/შეჯერებით, კასატორი დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია სამშენებლო სამუშაოები და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე დამატებით მოწყობილია კაპიტალური მეორე სართული; ეზოს მხარეს გვერდით ფასადზე გაუქმებულია სარდაფში ჩასასვლელი გარე კიბე, ხოლო კარ - ფანჯარა ნაწილობრივ ამოშენებულია; ეზოს მხარეს გვერდით ფასადზე დამატებით მოწყობილია მცირე ზომის ფანჯარა და გამწოვი მილი; უკანა ფასადზე მოწყობილია კაპიტალური მიშენება, შეცვლილია გარე კიბეების მდებარეობა, ზომა, ფორმა და რაოდენობა, ასევე შეცვლილია ვერანდის ზომები; გვერდით ფასადზე მოწყობილია გამწოვი და მცირე ზომის ფანჯარა; ეზოში დამატებით მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ლითონის კონსტრუქციით; ერთსართულიანი შენობა ლითონის კონსტრუქციით და ღობე ნაწილობრივ გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასა და ქ. თბილისში, ...ის შესახვევი I, N25, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის N4672599 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე სადავო აქტში ასახული უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, შენობა - ნაგებობაზე დამატებით მოწყობილი კაპიტალური მეორე სართული, უკანა ფასადზე მოწყობილი კაპიტალური მიშენება, ასევე ამავე ფასადზე გარე კიბეების მდებარეობის, ზომის, ფორმის, რაოდენობისა და ვერანდის ზომების ცვლილება. აპელირებს „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილებაში მითითებული სადავო სამშენებლო სამუშაოების ზემოაღნიშნული ნაწილის (შენობა - ნაგებობაზე დამატებით მოწყობილი კაპიტალური მეორე სართული, უკანა ფასადზე მოწყობილი კაპიტალური მიშენება, ასევე ამავე ფასადზე გარე კიბეების მდებარეობის, ზომის, ფორმის, რაოდენობისა და ვერანდის ზომების ცვლილება) განხორციელებას ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა.

რაც შეეხება სადავო დადგენილებაში ასახულ სხვა დარღვევებს, კერძოდ, ეზოს მხარეს, გვერდითა ფასადზე გაუქმებულ სარდაფში ჩასასვლელ გარე კიბესა და ნაწილობრივ ამოშენებულ კარ - ფანჯარას, ეზოს მხარეს გვერდით ფასადზე დამატებით მოწყობილ მცირე ზომის ფანჯარას და გამწოვ მილს, გვერდით ფასადზე მოწყობილ გამწოვსა და მცირე ზომის ფანჯარას, ეზოში დამატებით მოწყობილ ერთსართულიან კაპიტალურ შენობას ლითონის კონსტრუქციით და ღობეს, რომელთა ნაწილიც გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ დარეგისტრირებულ ტერიტორიასა და ქ. თბილისში, ...ის ..., N25-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მიიჩნევს, რომ უტყუარად არ დგინდება კონკრეტულად თუ როდის განხორციელდა აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები და ვინაიდან სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას. 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების სამართლებრივი ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას. I კლასის შენობა - ნაგებობის შემთხვევაში, ამგვარ საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემული წერილობითი დასტური/თანხმობა. სხვა კლასის შენობა - ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დასტური/თანხმობა. ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული მშენებლობის კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ცალსახად და ნათლად მიუთითებს აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების უნებართვო ხასიათზე, რაც კასატორის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს სამართალდამრღვევ პირზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

რაც შეეხება სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ სათანადო სუბიექტს, წარმომადგენელი მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება სამართალდამრღვევ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. თუკი ვერ დგინდება მშენებლობის მწარმოებელი პირი, მაშინ პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ვერ დგინდება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი, კასატორის მსჯელობით, მ. ა-ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის ამავე დოკუმენტით დაფიქსირებულ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში, მესაკუთრე შესაძლოა არ წარმოადგენდეს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. სასამართლოს იმ მსჯელობაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ გამოიკვლია კონკრეტულად სად მდებარეობდა უნებართვოდ განთავსებული ობიექტები, კასატორი მიიჩნევს, რომ ყურადღების მიღმა დარჩა საქმეში წარმოდგენილი ფოტოები რომლითაც შესაძლებელია უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების იდენტიფიცირება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ ... 2007 წლის 4 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 07 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ. ა-ეის სახელზე.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მ. ა-ეის მიმართ 2017 წლის 10 ოქტომბერს შედგა №... მითითება სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მოქალაქე მ. ა-ეის კუთვნილ საკადასტრო ერთეულზე (...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დანართის თანახმად: 1. დამატებით მოწყობილია კაპიტალური მეორე სართული; 2. ეზოს მხარეს, გვერდით ფასადზე გაუქმებულია სარდაფში ჩასასვლელი გარე კიბე, ხოლო კარ - ფანჯარა ნაწილობრივ ამოშენებულია; 3. ეზოს მხარეს, გვერდით ფასადზე დამატებით მოწყობილია მცირე ზომის ფანჯარა და გამწოვი მილი; 4. უკანა ფასადზე მოწყობილია კაპიტალური მიშენება, შეცვლილია გარე კიბეების მდებარეობა, ზომა, ფორმა და რაოდენობა, ასევე შეცვლილია ვერანდის ზომები; 5. გვერდით ფასადზე მოწყობილია გამწოვი და მცირე ზომის ფანჯარა; 6. ეზოში დამატებით მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ლითონის კონსტრუქციით; 7. ერთსართულიანი შენობა ლითონის კონსტრუქციით და ღობეები ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ საკადასტრო ერთეულებზე; 8. საცხოვრებელი სახლის უკან, საკადასტრო საზღვრების გარეთ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა - ნაგებობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით, მ. ა-ეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 06 ნოემბრის №... შემოწმების აქტში მითითებულია, რომ მ. ა-ეის მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 10 ოქტომბრის №... მითითების პირობები.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს გლდანი ნაძალადევის რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2018 წლის 05 მარტის №224 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დადგინდა მ. ა-ეის მიერ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ამავე მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ერთ - ერთი დარღვევა, კერძოდ, ,,საცხოვრებელი სახლის უკან, საკადასტრო საზღვრების გარეთ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა - ნაგებობა“ წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას და არ უნდა იქნეს განხილული მოცემულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 03 მარტის №... დადგენილებით (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე), მ. ა-ე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და მესაკუთრეს დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მარტს მ. ა-ემ №... განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული და დაშინებული ფართის ლეგალიზების მოთხოვნით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 აპრილის №3898458 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ეის განცხადება, რაზედაც 2018 წლის 28 ივნისს წარდგენილი იქნა №19/01181792067-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 05 აპრილის №338 ბრძანებით, დაკმაყოფილდა მ. ა-ეის 2018 წლის 28 ივნისის №19/01181792067-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 აპრილის №3898458 ბრძანება და ამავე სამსახურს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბრძანების აღსრულების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2019 წლის 17 სექტემბერს გამოიცა №4672599 ბრძანება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე, მ. ა-ეის საკუთრებაში არსებულ №... მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული - დაშენებული ფართობი.

დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტს მ. ა-ემ №19/01180812713-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 05 მარტის №... დადგენილების ბათილად ცნობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №1682 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ა-ეის 2018 წლის 22 მარტის №19/01180812713-01 ადმინისტრაციული საჩივარი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 05 მარტის №... დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა ობიექტზე არსებული დარღვევების, კერძოდ, შენობა ნაგებობაზე დამატებით მოწყობილი კაპიტალური მეორე სართულის, უკანა ფასადზე მოწყობილი კაპიტალური მიშენების, ასევე, ამავე ფასადზე შეცვლილი გარე კიბეების მდებარეობის, ზომის, ფორმის, რაოდენობის და ვერანდის ზომების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 05 მარტის №02927 დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩა ძალაში. აღნიშნული ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 05 მარტის №... დადგენილება პირველი (დამატებით მოწყობილია კაპიტალური მეორე სართული) და მე-4 (უკანა ფასადზე მოწყობილია კაპიტალური მიშენება, შეცვლილია გარე კიბეების მდებარეობა, ზომა, ფორმა და რაოდენობა, ასევე შეცვლილია ვერანდის ზომები) დარღვევების ნაწილში, ხოლო დანარჩენი დარღვევების (2. ეზოს მხარეს, გვერდით ფასადზე გაუქმებულია სარდაფში ჩასასვლელი გარე კიბე, ხოლო კარ-ფანჯარა ნაწილობრივ ამოშენებულია; 3. ეზოს მხარეს, გვერდით ფასადზე დამატებით მოწყობილია მცირე ზომის ფანჯარა და გამწოვი მილი; 5. გვერდით ფასადზე მოწყობილია გამწოვი და მცირე ზომის ფანჯარა; 6. ეზოში დამატებით მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ლითონის კონსტრუქციით; 7. ერთსართულიანი შენობა ლითონის კონსტრუქციით და ღობე ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში (ს/კ: №...) არსებულ საკადასტრო ერთეულებზე) ნაწილში, 2018 წლის 05 მარტის №02927 დადგენილება დარჩა ძალაში.

2021 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ №3/9127-19 წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ეცნობებინა, მათი 2019 წლის 17 სექტემბრის №4672599 ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა თუ არა, მ. ა-ეის დაინტერესებაში არსებულ ს/კ ... მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 05 მარტის №02927 დადგენილებაში აღნიშნული შემდეგი დარღვევები: ეზოს მხარეს, გვერდით ფასადზე გაუქმებულია სარდაფში ჩასასვლელი გარე კიბე, ხოლო კარ - ფანჯარა ნაწილობრივ ამოშენებულია; ეზოს მხარეს, გვერდით ფასადზე დამატებით მოწყობილია მცირე ზომის ფანჯარა და გამწოვი მილი; გვერდით ფასადზე მოწყობილია გამწოვი და მცირე ზომის ფანჯარა; ეზოში დამატებით მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ლითონის კონსტრუქციით; ერთსართულიანი შენობა ლითონის კონსტრუქციით და ღობე ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში (ს/კ:№...) არსებულ საკადასტრო ერთეულებზე).

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №60-0121202724 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ სამსახურის ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე, უნებართვოდ მიშენებული და დაშენებული ფართი - 250,12 კვ.მ. (სარდაფის სართულზე - 13,84 კვ.მ. I სართულზე - 64,19 კვ.მ. და II სართულზე - 172,09 კვ.მ.). წერილში განიმარტა, რომ ეზოს მხარეს, გვერდით ფასადზე სარდაფში ჩასასვლელ გაუქმებულ გარე კიბესთან და კარ - ფანჯრის ნაწილობრივ ამოშენებასთან, ასევე, დამატებით მოწყობილ მცირე ზომის ფანჯარასა და გამწოვ მილთან დაკავშირებით, ვერ ხდება იდენტიფიცირება კონკრეტულად ეზოს რომელ მხარეზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ეხება ,,ა-ე“ ფასადის 1 ღერძის გარეთ ,,ა-ბ“ მონაკვეთს, მაშინ ლეგალიზებულად ჩაითვალა სარდაფის სართულზე მხოლოდ მიშენებული ფართი 13,84 კვ.მ, რომელიც ზემოაღნიშნულ ფასადზე მოიცავს ღიობს ,,ა“ ღერძთან, რომლის სიგანე წარმოადგენს 0,77 მ-ს. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ გამწოვი მილი არ ფიქსირდება პროექტში მონიშნულ მიშენებულ/დაშენებულ ნაწილზე. რაც შეეხება გვერდით ფასადზე სარდაფში ჩასასვლელ გაუქმებულ გარე კიბეს, წერილის თანახმად, აღნიშნული კიბე საინვენტარიზაციო გეგმაზე ფიქსირდება სალეგალიზებო ობიექტის კანონიერ ფართზე, რაც სალეგალიზებო ნაწილს არ წარმოადგენდა. რაც შეეხება გვერდით ფასადზე მოწყობილ ერთსართულიან კაპიტალურ შენობას ლითონის კონსტრუქციით, ასევე, ეზოში დამატებით მოწყობილ ერთსართულიან კაპიტალურ შენობას ლითონის კონსტრუქციით, წერილში აღნიშნულია, რომ სამსახურის 2019 წლის 17 სექტემბრის №4672599 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული და დაშენებული ფართი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანებით, სხვა რაიმე ტიპის ობიექტის (ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ლითონის კონსტრუქციით ან/და ღობეები) ლეგალიზება არ განხორციელებულა.

საკასაციო სასამართლო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში მიუთითებს ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განმარტა, რომ წესის მოქმედება ვრცელდება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ.

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. მართებულია აპელირება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2019 წლის 31 ოქტომბრის №1682 ბრძანება მიღებული იქნა ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №60-0121202724 წერილი. წერილში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს, რომ იმ პირობებში, როდესაც არქიტექტურის სამსახურისთვისაც ბუნდოვანია თუ ეზოს რომელ მხარეზეა საუბარი, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევად, ვინაიდან სადავო ბრძანებაში არ არის გაკეთებული კონკრეტული მითითებები თუ რა ნაწილი, კერძოდ რომელი მხარე იქნა მიჩნეული არაკანონიერად. რაც შეეხება რიგითობით მე-6 დარღვევას (ეზოში დამატებით მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა ლითონის კონსტრუქციით) და მე-7 დარღვევას (ერთსართულიანი შენობა ლითონის კონსტრუქციით და ღობე ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს და გადადის სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში (ს/კ: №...) არსებულ საკადასტრო ერთეულებზე) ნაწილში), აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს გლდანი ნაძალადევის რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის 2018 წლის 05 მარტის №224 მოხსენებითი ბარათი, სადაც ერთ - ერთ დარღვევასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია, რომ ,,საცხოვრებელი სახლის უკან, საკადასტრო საზღვრების გარეთ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოწყობილია ერთსართულიანი კაპიტალური შენობა - ნაგებობა“ წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას და არ უნდა იქნეს განხილული მოცემულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2018 წლის 03 მარტს მიღებული დადგენილებით მოსარჩელე დაჯარიმდა ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებითაც.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ, მართებულად გამახვილდა ყურადღება 1967-1978 წლების ინვენტარიზაციის გეგმაზე სადაც დატანილია ერთსართულიანი შენობა, ლითონის კონსტრუქციით, რომელიც არ სცდება საინვენტარიზაციო გეგმაზე მონიშნულ საზღვრებს. ღობისა და ამავე ლითონის კონსტრუქციის საკადასტრო საზღვრების გაცდენასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მოსახლის ძველი და ახალი ნახაზის თანხვედრა არ ხდება და ადგილი აქვს ე.წ. საზღვრების დაცურებას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ მოსარჩელე მხარე თავადვე იყო დაინტერესებული აღმოეფხვრა ყველა სახის დარღვევა, რასთან დაკავშირებითაც განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საზღვრების კორექტირება.

აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლზე, რომლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №1682 ბრძანების მიღებისას საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით ეთქვა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე (გასაჩივრებულ ნაწილში).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარების დავალების წინაპირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა - გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე