Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-569(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ბ-ე

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ზ. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 27 აპრილს გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 24 აგვისტოს ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე დაირეგისტრირა 2513 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2022 წლის 28 მარტის №101 წერილის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის №662 ცნობა და №00684 ადგილზე დათვალიერების ოქმი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მოსარჩელის განმარტებით, ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა 2022 წლის 28 მარტის №101 და 30 მარტის №105 წერილებით ისე ცნო ბათილად ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული №662 ცნობა და №00684 ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოუკვლევია გარემოებები, თუ რის საფუძველზე ითხოვდა ზ. ბ-ე აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ბ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ბ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ გ. ლ-ეის 2022 წლის 28 მარტის №101 წერილი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ გ. ლ-ეის 2022 წლის 30 მარტის №105 წერილი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გ. ბ-ეის 2020 წლის 27 მაისის №... განცხადებით უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) რეგისტრირებული მონაცემების აღდგენა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ის წერილები, რომელთა მიხედვითაც ბათილად გამოცხადდა გ. ბ-ეის საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ცნობა და ადგილზე დათვალიერების ოქმი, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის დანაწესის გამოყენება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, როცა კანონი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობას მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად მიიჩნევს, ასეთი ცნობა ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციაში, რადგან იგი გარკვეული სამართლებრივი შედეგების წარმომშობია დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის გ. ლ-ეის 2022 წლის 28 მარტის №101 და 2022 წლის 30 მარტის №105 წერილებიც, თავიანთი შინაარსით და შედეგების გათვალისწინებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილი და უდავოა, რომ ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მერის წარმომადგენელმა მის მიერვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად ცნო ყოველგვარი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე და ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე აღნიშნა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერისადმი მიწერილ წერილსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ მიმართვაში. ამასთან, უდავოა, რომ №662 ცნობისა და მიწის ნაკვეთის ფლობაზე დათვალიერების №00684 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ და მხოლოდ მერიაში წარდგენილი ზ. ბ-ეის განცხადება, რომელიც აცხადებდა, რომ მიწა, რომელზედაც მას გააჩნდა პრეტენზია, უკანონოდ ჰქონდა საკუთრებაში აღრიცხული გ. ბ-ეს. ზ. ბ-ეს არ მიუთითებია წარდგენილ განცხადებაში არცერთი კონკრეტული არგუმენტი, რაც მოთხოვნილ ქონებაზე მის პრეტენზიას გაამართლებდა და შესაბამისად, გ. ბ-ეის უფლების უკანონობას დაადასტურებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორის განმარტებით, ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა საქართველოს კანონის ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ ფარგლებში გამოსცა 2022 წლის 28 მარტის №101 და 30 მარტის №105 წერილები - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არღვევდა სხვა პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს, მერის წარმომადგენლის მიერ ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დანაწესის შესაბამისად ბათილად ცნო თავისი გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის გ. ლ-ეის 2022 წლის 28 მარტის №101 და 2022 წლის 30 მარტის №105 წერილების, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ქონების №... განცხადებით რეგისტრირებული მონაცემების აღდგენის დავალება. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის გ. ლ-ეის 2022 წლის 28 მარტის №101 და 2022 წლის 30 მარტის №105 წერილების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2513 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. აღნიშნული უფლების რეალიზაციას, ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ახორციელებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების დაწყებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საჭირო დოკუმენტი/ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოსგან/უფლებამოსილი პირისგან.

საქმეში დაცული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ბ-ემ საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების სპორადული რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამასთან, ცნობილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოძიებული ვერ იქნა, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ვინაიდან გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო იმ ფაქტის დადგენა, თუ რამდენად წარმოადგენდა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 აგვისტოს №53/3075 მიმართვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2020 წლის 13 ივლისის №206475 წერილის პასუხად, გადაეგზავნა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ცნობა და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი.

2020 წლის 30 ივლისის №662 ცნობით, დადასტურებულია, რომ გ. ბ-ეის მიერ წარდგენილ აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაცემულა.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2020 წლის 29 ივლისის №00684 ოქმის მიხედვით, დათვალიერება ჩაატარა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა გ. ლ-ეემ, გ. ბ-ეის მონაწილეობით, ასევე დათვალიერებას ესწრებოდნენ (დათვალიერების მონაწილე პირები/ექსპერტები/სპეციალისტები): თ. კ-ე-ქ-ე და თ. ს-ი. დათვალიერების და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქე გ. ბ-ეის მიერ წარმოდგენილ აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაცემულა, ნაკვეთი გაცემულია საკარმიდამო მეურნეობის მოსაწყობად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ №...-11 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის განცხადება და გ. ბ-ეის სახელზე რეგისტრირებულ იქნა მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., 2513 კვადრატული მეტრი.

2022 წლის 25 თებერვალს ზ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და გ. ბ-ეის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში გადაცემა ითხოვა. ...ს ტერიტორიულ ორგანოში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა 2022 წლის 28 მარტის №101 წერილით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ბათილად ცნობდა მის მიერ 2020 წლის 30 ივლისს გაცემულ №662 ცნობას და №00684 ადგილზე დათვალიერების ოქმს, რაც საფუძვლად დაედო გ. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 13 აპრილის №... გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. ბ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2513 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა - შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით (სუსგ. 04.07.2017წ. საქმეზე №ბს-5-4(კ-17)).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით დადგენილი და უდავოა, რომ ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მერის წარმომადგენელმა მის მიერვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად ცნო ყოველგვარი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე და ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე აღნიშნა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერისადმი მიწერილ წერილსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ მიმართვაში. ამასთან, უდავოა, რომ №662 ცნობისა და მიწის ნაკვეთის ფლობაზე დათვალიერების №00684 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ და მხოლოდ მერიაში წარდგენილი ზ. ბ-ეის განცხადება, რომელიც აცხადებდა, რომ მიწა, რომელზედაც მას გააჩნდა პრეტენზია, უკანონოდ ჰქონდა საკუთრებაში აღრიცხული გ. ბ-ეს. ზ. ბ-ეს არ მიუთითებია წარდგენილ განცხადებაში არც ერთი კონკრეტული არგუმენტი, რაც მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მის პრეტენზიას დაასაბუთებდა და შესაბამისად, გ. ბ-ეის უფლების უკანონობას დაადასტურებდა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ საქმეზე ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ გ. ლ-ეის №662 ცნობისა და მიწის ნაკვეთის ფლობაზე დათვალიერების №00684 ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია არცერთი გარემოება, რაც ზოგადად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და განსაკუთრებით აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის დროს საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და შეფასებას. კერძოდ, უფლების დამდგენი აქტების ბათილად ცნობამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს არ გამოუკვლევია რა გარემოება გამოვლინდა, რაც მის მიერვე უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას განაპირობებდა, რატომ არ შეესაბამებოდა ის ფაქტები, რაც ზემოაღნიშნული ცნობითა და დათვალიერების ოქმით დადგინდა, ფაქტობრივ მდგომარეობას. არ გამოუკვლევია ზ. ბ-ეის ინტერესი რამდენად იყო კანონიერი და დაცვის ღირსი იმდენად, რომ ეს ინტერესი გ. ბ-ეის სახელზე გაცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო და გამოერიცხა ამ აქტისადმი ადრესატის კანონიერი ნდობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის გარემოებები, გამოერკვია ზ. ბ-ე წარმოადგენდა თუ არა დაინტერესებულ პირს და გ. ბ-ეის სახელზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ახდენდა თუ არა მის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას, ვინაიდან სხვა გარემოება და არგუმენტი, რაც გაცემული ცნობისა და ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუთითებია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე