Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-506(2კ-23) 28 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი/მ „ნ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 14 ივნისს ი/მ „ნ...მ“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცერმა 2018 წლის 11 აპრილს 239 ძირი ევონიმუსის სახეობის ნერგების ტრანსპორტირების დროს გააჩერა ავტო-სატრანსპორტო საშუალება და მოსარჩელის მიმართ შედგენილ იქნა №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჯარიმის სახით დაეკისრა 5000 ლარის გადახდა და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი. აღნიშნულ ოქმზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №12448 ბრძანებით მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან იგი ახორციელებდა პროდუქციის პირველად მიწოდებას, მის სამრეწველო გადამუშავებამდე და სასაქონლო კოდის შეცვლამდე. შესაბამისად მოსარჩელეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, არ უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა.

მოსარჩელემ 2018 წლის 13 აპრილის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №12443 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ...ის სარჩელი. ნ... გათავისუფლდა 2018 წლის 13 აპრილის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდისაგან და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის №12443 ბრძანება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ი/მ „ნ...მ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ი/მ „ნ...ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით ი/მ „ნ...ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა, რაც უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 30018 3150.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ „ნ...ის“ მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 150 ლარი, თუმცა დავის საგანს შეადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევის №... ოქმი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისთვის დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფასს შეადგენდა - 5000 ლარი. ამასთან, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, ი/მ „ნ...ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟი სრულად გადახდილი არ ყოფილა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გადასახდელი 200 ლარის ნაცვლად, მის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 150 ლარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ „ნ...მ“, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. გარდა ამისა, ი/მ „ნ...მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - ი/მ „ნ...ის“ მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიიღო დამატებითი განჩინება მისთვის 50 ლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ქონებრივი დავა და გასაჩივრებული იყო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი/მ „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ამავე განჩინებით ი/მ „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დაკისრების ნაწილში, ი/მ „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის №... ოქმი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისთვის დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 39-ე მუხლში კი დაკონკრეტებულია სახელმწიფო ბაჟის ოდენობები, კერძოდ აღნიშნული მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე წარმოადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს. დასახელებული კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობას პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის ფიზიკური პირისთვის 3000, ხოლო იურიდიული პირისთვის 5000 ლარის, სააპელაციო სასამართლოში ფიზიკური პირისთვის 5000, ხოლო იურიდიული პირისთვის 7000 ლარის, საკასაციო სასამართლოში კი ფიზიკური პირისთვის 6000, ხოლო იურიდიული პირისთვის 8000 ლარის ოდენობით.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის როგორც მინიმალურ, ასევე მაქსიმალურ ოდენობას შესაბამისი სასამართლო ინსტანციების მიხედვით. ამასთან, კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს არაქონებრივი და ქონებრივი დავების შემთხვევაში გადასახდელი ბაჟის ოდენობას. კერძოდ, არაქონებრივი დავის შემთხვევაში კანონმდებლობა განსაზღვრავს კონკრეტულ თანხას, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი შესაბამის ინსტანციაში და რომელიც შეცვლას არ ექვემდებარება, ქონებრივი დავის შემთხვევაში კი კანონმდებლობა მხოლოდ ადგენს გადასახდელი ბაჟის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს (სასამართლო ინსტანციების მიხედვით) და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული ოდენობების ფარგლებში, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე იქნეს დათვლილი გადასახდელი ბაჟის კონკრეტული და ზუსტი ოდენობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფასს შეადგენდა - 5000 ლარი, შესაბამისად წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, ი/მ „ნ...ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟი სრულად გადახდილი არ ყოფილა, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გადასახდელი 200 ლარის ნაცვლად, მის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 150 ლარი, აღნიშნული კი მოსარჩელისთვის დამატებით 50 ლარის დაკისრების საფუძვლად მიიჩნია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 და 41-ე მუხლები უკავშირდება უშუალოდ დავის საგნის ღირებულებასა და მისი განსაზღვრის წესს და დაკონკრეტებულია ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის და სხვა ისეთ დავებთან დაკავშირებული სარჩელებისთვის ბაჟის თანხის ოდენობის დათვლის წესი, რომლებიც წარმოადგენენ ცალსახად ქონებრივ დავებს. თუმცა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონებრივი დავების ჩამონათვალი და ასეთი სარჩელებისთვის განსაზღვრული თანხის დათვლის წესები არ მოიცავს და არ ვრცელდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებისას შედგენილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, ვინაიდან ასეთი აქტის შემთხვევაში, ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არა საგადასახადო სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, არამედ თავად სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავა წარმოადგენს არაქონებრივი კატეგორიის დავას, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი იყო არაქონებრივი დავისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრული ბაჟის მინიმალური ოდენობა - 150 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა და მას დამატებით არ უნდა დაკისრებოდა 50 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ი/მ „ნ...ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება, რომლითაც ი/მ „ნ...ს“ (ს/ნ ...) დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე