Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-877(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გენადი მაკარიძე , გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მესამე პირები - გ. მ-ე, ხ. მ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 24 ნოემბერს ლ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მესამე პირის - საქართველოს მთავრობის მონაწილეობით.

მოსარჩელის განმარტებით, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 16 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით ნება დაერთო ხულოს რაიონის ზოგიერთ მაცხოვრებელს მათ შორის, მოსარჩელის ოჯახს, ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონის ...ში, სულ - 41 ოჯახი. აღნიშნული სიის 38-ე ნომრად მითითებულ იქნა მ-ე ლ., მეუღლე მ-ე მ. და შვილი გ. მ-ე. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისთვის დასახლებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ...ში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასახელებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა. დაევალათ ტენდერის გამოცხადება და აჭარიდან სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად დაეწყოთ სამშენებლო სამუშაოები. მოსარჩელის განმარტებით, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ აღსრულებულა, დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით „რ. ს-ეის, მ. ს-ეის და სხვების №3ბ/453-12 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით თითოეულ ოჯახს გადაეცა კომპენსაცია 50 000 ლარი. დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით ლ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის №3/6041-18 გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 სექტემბრის წერილობითი მიმართვა ლ. მ-ეის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; ლ. მ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის №03/18746 გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის ოჯახს, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულს, უარი ეთქვა საცხოვრებლით ან რაიმე სახის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ ლ. მ-ესა და აჭარის ა/რ მთავრობას შორის 2021 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული №36 პირობადადებული ხელშეკრულების თანახმად, ლ. მ-ემ შეიძინა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულება შეადგენდა 40 000 ლარს და აღნიშნული თანხის დასაფარად აჭარის ა/რ მთავრობიდან გამოეყო 25 000 ლარი, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეხადა ლ. მ-ეს.

მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის №03/18746 გადაწყვეტილების, რომლითაც ლ. მ-ეს უარი ეთქვა როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის საცხოვრებლით, ან რაიმე სახის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილებაზე ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ლ. მ-ეის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის - 50 000 ლარით უზრუნველყოფის თაობაზე, გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინებით ლ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის 2019 წლის 9 აგვისტოს №-18 ოქმით ხულოს მერიიდან წარდგენილი ბენეფიციარებს, მათ შორის ხ. მ-ეს, ეცნობათ, რომ ერთი თვის ვადაში საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მოეძიებინათ შესასყიდად საცხოვრებელი ფართი და სამინისტროში წარედგინათ შერჩეული უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე ფოტომასალები. ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 13 სექტემბრის №36 პირობადადებული ხელშეკრულების თანახმად, მყიდველებმა - ლ. მ-ემ, ხ. მ-ემ და გ. მ-ემ, გამყიდველმა - მ. ც-ემ, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. ბათუმში, ...ს ქ. №62, 29.89 კვ.მ ფართის ბინა აღირიცხა ლ. მ-ეის, ხ. მ-ეისა და გ. მ-ეის საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის №03/18746 გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, რამეთუ ლ. მ-ეის ოჯახი, როგორც სტიქიით დაზარალებული, „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული №36 პირობადადებული ხელშეკრულების საფუძველზე ითვლებოდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-ემ.

კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება დაფუძნებულ იქნა 1989 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, მისი ოჯახიც გადასახლებულ იქნა გარდაბანში და არ განსხვავდებოდა იმ დანარჩენი ოჯახებისგან რომელთაც მიეცათ კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით, 1989 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული კომპენსაცია გაიცა სულ სხვა დანაწესით და საფუძვლით და არა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების საფუძველზე. კასატორის ოჯახს კი, დახმარება გაეწია ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ დებულების საფუძველზე 2021 წელს. მისი ოჯახი 32 წლის განმავლობაში იყო საცხოვრებელი სახლის გარეშე და სასამართლოებს აღნიშნული საკითხი არ შეუფასებიათ. მან მიიღო 25 000 ლარიანი საცხოვრებელი, სხვებმა კი, აიღეს კომპენსაცია 50 000 ლარი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებს არათანაბარ ანაზღაურებაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან მისი, როგორც სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულისათვის საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულების შეუსრულებლობის გამო, საკომპენსაციო თანხის - 50 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ეკომიგრანტები არიან პირები (ან პირთა ჯგუფი), რომლებიც გარემოში უეცარი ან თანდათანობითი ცვლილებების გამო, რაც გავლენას ახდენს მათ საცხოვრებელ პირობებზე, იძულებული არიან დროებით ან მუდმივად დატოვონ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აღსანიშნავია, რომ ადგილნაცვალ პირთა - მიგრანტთა დაცვა და დახმარება, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მოვალეობაა. ყველა მიგრანტ პირს აქვს სახელმწიფოსაგან დაცვისა და დახმარების მიღების უფლება. ეროვნული პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღოს შესაბამისი დახმარება და სათანადო მოპყრობა, დისკრიმინაციის გარეშე და იძულებითი გადაადგილების გამომწვევი მიზეზის მიუხედავად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომელიც აწესრიგებს ეკომიგრანტთა განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. ხსენებული წესით ჩამოყალიბდა ეკომიგრანტის დეფინიცია და განისაზღვრა პირთა წრე, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული სამართლებრივი სტატუსი; ასევე განისაზღვრა ეკომიგრანტი ოჯახების დაზარალების კატეგორია - პირველი კატეგორია მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად და არ ექვემდებარება აღდგენას. მეორე კატეგორია აერთიანებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ, 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-2 და მე-3 პუნქტების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა, ხოლო ეკომიგრანტ ოჯახად განიმარტა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მათ საკუთრებაში არსებულ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.

2013 წელს ზემომითითებული №779 ბრძანების მიღებით ასევე განისაზღვრა ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელი ეროვნული უწყება, სახელდობრ, წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) დაკმაყოფილებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია (შემდგომში – კომისია). წესის (პროცედურის) მე-2 მუხლი არეგულირებს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურას - ხსენებული მუხლის მე-11 და მე-13 პუნქტების თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით.ამავე მუხლის 81 პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ან დანგრევის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფა განხორციელდება მხოლოდ ერთხელ. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 18 აგვისტოს №192/15 გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ ლ. მ-ეის ოჯახი დანარჩენ 40 ოჯახთან ერთად გადასახლებულ იქნა გარდაბნის რაიონის კრწანისის სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობის ტერიტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის ...ის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით, გამოიყო გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰა მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად. ამავე ბრძანებულებით გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხის გამოძებნა აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ აღსრულებულა, რის გამოც დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე 3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება დაევალა; საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა სტიქიით დაზარალებული 49 პირის/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით მათი განსახლების უზრუნველყოფა, ამავე განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სტიქიით დაზარალებული 49 ეკომიგრანტი ოჯახის ნაწილის დაკმაყოფილება საკომპენსაციო თანხით - 50 000 საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ. ამ პირებს შორის არ იყო ლ. მ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის №3/6041-18 გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 10 სექტემბრის წერილობითი მიმართვა ლ. მ-ეის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის 2019 წლის 9 აგვისტოს №-18 ოქმით ხულოს მერიიდან წარდგენილი ბენეფიციარებს, მათ შორის ხ. მ-ეს ეცნობათ, რომ ერთი თვის ვადაში საქართველოს ტერიტორიაზე მოეძიებინათ შესასყიდად საცხოვრებელი ფართი და სამინისტროში წარედგინათ შერჩეული უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ასევე ფოტომასალები.

2021 წლის 13 სექტემბრის №36 პირობადადებული ხელშეკრულების თანახმად, მყიდველებმა - ლ. მ-ემ, ხ. მ-ემ და გ. მ-ემ, გამყიდველმა - მ. ც-ემ, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დადეს ხელშეკრულება მასზედ, რომ გამყიდველი ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს გადასცემს საკუთრების უფლებას ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე (შემდგომში ნასყიდობის საგანი), ხოლო სამინისტრო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 იანვრის №15 განკარგულებით დამტკიცებული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრის 2021 წლის 6 სექტემბრის №12/120 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს გამყიდველს მყიდველის სასარგებლოდ უძრავი ქონების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმში, ...ს ქ. №62, 29.89 კვ.მ აღრიცხულია ლ. მ-ეის, ხ. მ-ეისა და გ. მ-ეის საკუთრებად.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის №03/18746 გადაწყვეტილებით ლ. მ-ეის ოჯახს, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულს, უარი ეთქვა საცხოვრებლით ან რაიმე სახის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის №3/6041-18 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. გადაწყვეტილების თანახმად, უარის თქმის საფუძვლად მიჩნეულია ის გარემოება, რომ ლ. მ-ეის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულს, „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული №36 პირობადადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება მდებარე, ქალაქ ბათუმში, ქუჩა ... №62 (ს/კ ...).

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 ოქტომბრის №03/18746 გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად. ლ. მ-ეის ოჯახი, როგორც სტიქიით დაზარალებული, „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული №36 პირობადადებული ხელშეკრულების საფუძველზე ითვლება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილად. შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი სტიქიით დაზარალებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ოჯახის უზრუნველყოფისათვის განმეორებით საცხოვრებლის ან რაიმე კომპენსაციის გადაცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი მოთხოვნის საფუძველი არ განსხვავდება იმ ოჯახების მოთხოვნისაგან, რომელთაც მიეცათ კომპენსაცია 50 000 ლარის ოდენობით და განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში მოსარჩელედ მონაწილე პირების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს - საქართველოს მთავრობას დაევალა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტა მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებაში. საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების რ. ს-ეის, ზ. ს-ეის, ჯ. ძ-ეის და სხვათა (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებები მიღებულია მხოლოდ იმ პირთა მიმართ, რომლებიც მოსარჩელედ ფიქსირდებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებაში. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ სასამართლო დავაში ლ. მ-ე მხარეს არ წარმოადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის №3/8830-18 გადაწყვეტილება კი მიღებულია სტიქიით დაზარალებული იმ ოჯახების მიმართ, რომელთა საკითხის გადაწყვეტაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის №3ბ/453-12 გადაწყვეტილების შესაბამისად დავალებული ჰქონდა საქართველოს მთავრობას, თუმცა დავის განხილვის მომენტისათვის, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს არ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი ფართი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მოპასუხეს დააკისრა კონკრეტულ დავაში მოსარჩელედ დასახელებულ 13 ოჯახისათვის კომპენსაციის გადახდა. შესაბამისად, კონკრეტულ დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი რაიმე უფლების სხვა პირზე გავრცელების მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სადავო შემთხვევაში სახეზეა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ლ. მ-ეის ოჯახი დღეისათვის ითვლება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ ეკომიგრანტ ოჯახად, ვინაიდან ოჯახს გადაცემული აქვს საცხოვრებელი ფართი „უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ“ 2021 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული №36 პირობადადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, ლ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

გ. მაკარიძე

გ. აბუსერიძე