საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-522(3კ-23) 23 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - ლ. ტ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (კასატორები) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
მესამე პირი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ტ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ, მესამე პირის - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაწილეობით.
მოსარჩელის განმარტებით, მის მეუღლეს აწ გარდაცვლილ ლ. ჟ-ას, როგორც ქალაქში მაცხოვრებელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე, ხობის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ, საკუთრების უფლებით გამოეყო 0,2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაზეც 1995 წელს გაცემულ იქნა მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივლისის №503 დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი №37. აღნიშნული უფლება დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე დარეგისტრირებული ჰქონდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მოსარჩელის განმარტებით, მან როგორც ლ. ჟ-ას კანონიერმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე და ამ უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე სსიპ საჯარო საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დარეგისტრირდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელის განმარტებით, დაზუსტების მიზნით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელის საკუთრებად 2000 კვ.მ ნაცვლად დარეგისტრირდა 1642 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2020 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილების სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2020 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და სისტემური რეგისტრაციის წესით ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ჩანაწერების 358 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ნაწილში, რეგისტრაციის საფუძვლის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 01 მაისის №1-1/164 ბრძანების უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ და ბრძანების დანართი №1 ამ ნაწილში მესაკუთრე კოლხეთის ეროვნული პარკის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ბათილად ცნობა. ასევე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ლ. ტ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, მდებარე ხობი, სოფელი ... (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი: ...) რეგისტრაციის დავალება.
ფოთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 01 მაისის ბრძანება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ და მიმართვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 358 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრაციის ნაწილში, რომლითაც გადაფარულია ლ. ტ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ხობი, სოფელი ... (ს/კ ..., ნაკვეთის წინა ნომერი ...); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სენაკის სარეგისტრაციო სამსახურის 2020 წლის 11 ივლისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა ლ. ტ-ას №... განცხადებასთან დაკავშირებით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ტ-ამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ლ. ტ-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ლ. ტ-ას საკუთრების უფლება დასტურდება 1995 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №37 აქტით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომელიც ასევე შეიცავს მიწის საკადასტრო მონაცემებს, ფართობის, საზღვრების და მდებარეობის მითითებით, რომელიც თან ერთოდა 1995 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №37 აქტს, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებას ხობის რაიონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის საკადასტრო კოდი ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 1 მაისის №05/3079 წერილი და ამავე სამინისტროს 2015 წლის 01 მაისის №1-1/164 ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია წერილზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. სამინისტროს აღნიშნულ წერილს საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარდა, რომელიც ასახავს უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს, არ ერთოდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის აუცილებელი - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია თავდაპირველად განხორციელდა 2006 წელს ჯერ ლ. ჟ-ას, ხოლო შემდეგ მოსარჩელე ლ. ტ-ას სახელზე. გასაჩივრებული რეგისტრაციები კი განხორციელებულია მოგვიანებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია იყო ძალაში, კერძოდ, რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დაუშვებელია, რომ მოხდეს იმავე ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაცია. ასეთი რეგისტრაციის განხორციელების პირობებში კი, უპირატესობა ენიჭება თავდაპირველ რეგისტრაციას, რომელიც ყოველ შემდგომ რეგისტრაციას, რომელიც არ არის თანხვედრაში მესაკუთრის უფლებასთან, არ გამომდინარეობს თავდაპირველი მესაკუთრის ნების გამოვლენის შედეგად საკუთრების უფლების გადასვლიდან, უკანონოდ აქცევს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ტ-ამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ კოლხეთის დაცული ტერიტორიების უფლების დამდგენი ერთ-ერთი დოკუმენტი ისე ცნო ბათილად, რომ საერთოდ არ გამოურკვევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებში, არ შეუსწავლია რამდენად გააჩნია მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება სადავო ქონებასთან, რომელიც ყოველთვის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა.
კასატორის განმარტებით, ლ. ტ-ამ მას შემდეგ, რაც 1642 კვ.მ ოდენობით რეგისტრაციის ფაქტს დათანხმდა და მიიღო ქონება ამ კონფიგურაციით (2019 წლის 28 ნოემბერს), 2019 წლის 17 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრს განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადება გადაგზავნილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე განსახილველად. კომისიის 2020 წლის 04 ივნისის №25 განკარგულებით ლ. ტ-ას განცხადება დაკმაყოფილდა და ხობის მუნიციპალიტეტს, ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თვითნებურად დაკავებულ - 196 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ლ. ტ-ას საკუთრების უფლება (საჯარო რეესტრში საკადასტრო კოდი ...). დღეის მდგომარეობით, ლ. ტ-ას სახელზე რეგისტრირებულია 1 838 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მეორე კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებით, ლ. ტ-ას მიერ მოთხოვნილი იყო ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება დადგინდა კოლხეთის ეროვნული პარკის (დაცული ტერიტორია) კონტურთან (ს/კ ...; მესაკუთრე - სახელმწიფო). ლ. ტ-ას 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას აგრეთვე წარმოადგენდა ზედდება მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებთან (ს/კ ..., ...). საჯარო რეესტრის მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ უძრავი ნივთი (ს/კ ...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (ფართობი: 73.20 კვ.მ) დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული იყო ლ. ჟ-ას საკუთრებად (უფლების დამდგენი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი №37). 2006 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა ლ. ტ-ას (როგორც ლ. ჟ-ას მემკვიდრის) საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სამკვიდრო მოწმობა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე, რომ სადავო ტერიტორია ჯერ დარეგისტრირდა მოსარჩელის მამკვიდრებელზე 2006 წელს, ხოლო შემდეგ სახელმწიფოზე რადგან სახელმწიფო რეგისტრაციები განხორციელებულია 2006 წლის შემდეგ, არ ეყრდნობა სწორ სამართლებრივ ფაქტებს და მიუთითებს, იმაზე, რომ არასწორად არის ფაქტები გამოკვლეული, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა ლ. ტ-ამ აღნიშნა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთს მეუღლესთან ერთად ფლობდა 1978 წლიდან. მიწის ნაკვეთი შემოღობილია და წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მოჰყავდათ მოსავალი. სადავო მიწის ნაკვეთს ფლობენ 1995 წლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო საქართველოს კანონი ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ მიღებულ იქნა მოგვიანებით. აღნიშნული კანონის მიღების დროისთვის მის ოჯახს სადავო მიწის ნაკვეთი ჰქონდა საკუთრებაში. კასატორის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არასწორად შეაჩერა რეგისტრაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2023 წლის 19 ივლისის განჩინებით კი, ლ. ტ-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ლ. ტ-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
მოსარჩელე - ლ. ტ-ა დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავდაპირველად მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის, ხოლო შემდეგ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (ფართობი: 73.20 კვ.მ) ზედდებაში მოდის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს ხობის რაიონში, სოფელ ...ს ტერიტორიაზე (ს/კ ...).
1992 წლის 17 აპრილის დადგენილებით დამტკიცდა ხობის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის სხდომის ოქმი №1 ლ. ჟ-ასათვის 0.2 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და 1995 წლის №37 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, ხობის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ ლ. ჟ-ას საკუთრებაში გადაეცა 0.2 ჰა მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში.
2006 წლის 14 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (ფართობი: 73.20 კვ.მ) დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული იყო ლ. ჟ-ას საკუთრებად (უფლების დამდგენი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტი №37).
2006 წლის 19 აპრილის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი სახით), მდებარე - ხობის რაიონი, სოფელ ..., დარეგისტრირდა ლ. ტ-ას საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი: 2მ-23, თარიღი: 14.04.2006 წ., ნოტარიუსი: ჯ. ჭ-ა).
საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1642 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რეგისტრაციის შესახებ სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... (28.11.2019 წ.) გადაწყვეტილებით დაზუსტდა და აღნიშნულ უძრავ ნივთს ... საკადასტრო კოდის ნაცვლად, მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი .... მესაკუთრის გრაფაში მითითებულია ლ. ტ-ა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 მაისის №... გადაწყვეტილებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, დაზუსტებული ფართობი 55620529.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ხოლო უფლების რეგისტრაციის თარიღია - 07.05.2015 წელი.
2020 წლის 6 ივლისს ლ. ტ-ამ წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა- ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2020 წლის 11 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ წარდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთი ხვდებოდა კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2020 წლის 12 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით ლ. ტ-ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
2020 წლის 26 აგვისტოს, ლ. ტ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს მიღებული №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ლ. ტ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არის შესაძლებელი განხორციელდეს კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრის კორექტირება და წარდგენილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ზედდების ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომელიც „უზრუნველყოფს უფლებას არსებულ ქონებაზე, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც განმცხადებელს აქვს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის მოპოვების მინიმუმ „ლეგიტიმური მოლოდინი“ (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ, no. 11810/03, 6.10.03; პლეხანოვი პოლონეთის წინააღმდეგ, no. 22279/04, 7.7.09;). საკუთრების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით. „..ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30.07.2010 წ. №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ზედდება, მოსარჩელის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების მიზნით წარდგენილ ნახაზსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებებს შორის, გამოწვეული იყო უძრავ ნივთზე ქრონოლოგიურად მოგვიანებით, მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვის შემდგომ განხორციელებული რეგისტრაციებით. სადავო ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია თავდაპირველად განხორციელდა 2006 წელს ჯერ ლ. ჟ-ას, ხოლო შემდეგ მოსარჩელე ლ. ტ-ას სახელზე, 1995 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №37 აქტის საფუძველზე, ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომელიც ასევე შეიცავს მიწის საკადასტრო მონაცემებს, ფართობის, საზღვრების და მდებარეობის მითითებით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 7 მაისის ... გადაწყვეტილებას ხობის რაიონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის საკადასტრო კოდი ...) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 1 მაისის №05/3079 წერილი და ამავე სამინისტროს 2015 წლის 1 მაისის №1-1/164 ბრძანება უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია წერილზე თანდართული საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო წარმოადგენს მასთან რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და დაცვის გარანტს. მესაკუთრედ რეგისტრირებულ სუბიექტს უნდა გააჩნდეს იმის ნდობა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო არ დაუშვებს მისი უფლებების ხელყოფას სხვა პირთა სასარგებლოდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-367-363(კ-12) საქმეზე გაკეთებული განმარტების თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ სადავო რეგისტრაციები განხორციელდა გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე და აღნიშნავს, რომ ხობის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხობის სარეგისტრაციო სამსახურს არ გამოუკვლევია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემები ხომ არ იყო წინააღმდეგობაში არა მხოლოდ ელექტრონული სისტემით აღრიცხულ მონაცემებთან, არამედ მატერიალური სახით არსებულ და აღრიცხულ მონაცემებთან, რამაც გამოიწვია მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდება, რომელიც გამოვლინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. არსებული ზედდება საფუძვლად დაედო სარეგისტრაციო წარმოების ჯერ შეჩერებას, შემდგომში კი, შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციების განხორციელებამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის თუ მისი ნაწილის სხვის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არსებულ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, გამოეკვლია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ტ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება და მის მიერ დაზუსტებული მონაცემებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი კონფიგურაციით და კონტურებით არ შეესაბამება ერთმანეთს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეში არსებული ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 29 მარტის №07 ბრძანებით, დადასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. აღნიშნული ბრძანება კი, ძალაშია და სადავოდ არ გამხდარა.
მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესს, რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად, ასევე წარმოადგენს იმ საფუძვლის გაუქმება, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ პირობას. კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 1 მაისის ბრძანების საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.
ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებად კონკრეტული ქონების დარეგისტრირების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, სახელმწიფოს საკუთრებაში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ რეესტრისადმი მიმართვა არ გულისხმობს საჯარო რეესტრის უპირობო ვალდებულებას გაატაროს რეგისტრაციაში სახელმწიფოს სახელზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი. მარეგისტრირებელ ორგანოს ასეთ შემთხვევაშიც, ისევე როგორც სხვა სარეგისტრაციო წარმოებისას, ეკისრება საქმის გარემოებათა გამოკვლევის ვალდებულება. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ყოველი შემდეგი რეგისტრაცია ისე უნდა განეხორციელებინა, რომ გამოერიცხა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო სხვა პირის საკუთრებაში, არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით, ყველა მისი დასკვნა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე შესწავლილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შესაძლებელს გახდის შემოწმდეს, ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობას. ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 07.07.2023წ. №30570 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ლ. ტ-ას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 დეკემბრის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარზე 07.07.2023წ. №30570 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე