Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-230(კ-23) 24 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, მესამე პირი - შპს „ა...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 14 აპრილს მოსარჩელე ა. ყ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2016 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარის მიერ დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მიეთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. ამავე სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში ჩაბმული იქნა შპს „ა...“.

2016 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი და სასარჩელო მოთხოვნები ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 12 თებერვლის №08.18.155 დადგენილება 1500 კვადრატული მეტრის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2013 წლის 6 მარტის №... სხდომის ოქმი და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 25 აპრილის საკუთრების დამადასტურებელი №2480 მოწმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელის მიერ კვლავ დაზუსტდა მოპასუხეთა წერ და მიეთითა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო და ქ. თბილისის მთავრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით, ა. ყ-ის სარჩელზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ქ.თბილისის მთავრობის 2013 წლის 12 თებერვლის №08.18.155 დადგენილების, აუქციონში გამარჯვების შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 6 მარტის №... სხდომის ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი №2480 მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა წარმოება. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ა. ყ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინება აუქციონში გამარჯვების შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 6 მარტის №... სხდომის ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი №2480 მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 6 მარტის №... აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმი და №... მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების მოწმობა №2480 ა. ყ-ის მფლობელობაში არსებული, შპს „ჯ...ს" ამზომველის - დ. ს-ეის მიერ 2019 წლის 5 ნოემბერს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული 400 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და შპს „ა...ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და შპს „ა...ს“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაურკვევლად მიიჩნია თუ რას დაეყრდნო თბილისის საქალაქო სასამართლო როდესაც ერთ - ერთ მტკიცებულებად და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1989 წლის 28 მარტის N342 განკარგულება. პალატამ მიუთითა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, ა. ყ-ის მიერ გაკეთებულ იმ განმარტებაზე, რომ იგი არ წარმოადგენს არც - ერთს იმ 144 მოქალაქიდან, რომელთა ოჯახებსაც ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში გაწევრიანების ნებართვა მიეცათ, ასევე არცერთს იმ 13 მოქალაქიდან, რომელთა ნაკვეთის დამაგრების საკითხი გადაიდო მათი პირადი საქმეების დამატებით შესწავლის გამო. მხარის მიერ დაფიქსირებული იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის დაკავება მისი მხრიდან მოხდა თვითნებურად და რომ უშუალოდ სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო პალატამ სავარაუდო მოთხოვნის უფლებაზე მსჯელობა განავითარა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოპოვების წესის და შესაბამისი რეგულაციის გათვალისწინებით. მიუთითა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონზე (მიღებულია 2007 წლის 11 ივლისს), კანონში 2016 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, კანონის მიზნებისთვის განსაზღვრულ ჩანაწერებზე თუ რა მიიჩნევა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად და ვინ წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირს და საკანონმდებლო მოწესრიგების მხედველობაში მიღებით აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავების თარიღის განსაზღვრას გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან, კანონი საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას უკავშირებს იმ გარემოების დაზუსტებით დადგენას, რომ კონკრეტული პირი, კონკრეტულ ქონებას დაეუფლა 2007 წლამდე. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მართალია საქმეში წარმოდგენილ 2005 წლის და 2010 წლის ორთოფოტოზე არ იკვეთება სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე შენობა - ნაგებობის არსებობა, თუმცა ჩვენებებით მოწმეები ადასტურებენ მოსარჩელე მხარის პოზიციას. პალატამ ასევე საგულისხმოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, უფლების შეძენით დაინტერესებულმა პირმა - ა. ყ-იმა იმ პერიოდამდე, კერძოდ, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის პერიოდში, აუქციონის მომზადებასა და ჩატარებამდე მიიღო თუ არა რაიმე ზომები უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ ფიქსირდება ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ფაქტი. ყურადსაღებად მიიჩნია მოსარჩელის ის განმარტება, რომ იგი ფაქტობრივად მუდმივად არ იმყოფებოდა სადავო ტერიტორიაზე, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობა არ წარმოადგენდა მის ერთადერთ საცხოვრებელს.

აღნიშნულ გარემოებათა და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის (ან სადავო პერიოდში მსგავსი ფუნქციით აღჭურვილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის პერიოდში, ა. ყ-ის მიერ მიმართვის ფაქტი და დადასტურებულად მიიჩნია, რომ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია ქონების 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებასთან დაკავშირებით, რაც პალატის მოსაზრებით ართმევს შესაძლებლობას, მოცემული დავის ფარგლებში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი.

დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 05.02.2014 N1958 კანონით) მე-10 მუხლი, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით) პირველი და მე-2 პუნქტები, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილების (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი და აღნიშნა, რომ აუქციონის დანიშვნის, მისი ჩატარების, გამარჯვებულის გამოცხადების, საკუთრების მოწმობის გაცემის დროს რაიმე სახის კანონდარღვევაზე მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს. ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ შპს "ა...ს" მიერ შეძენილი იქნა ის მიწის ნაკვეთი (იგულისხმება 400 კვ.მ.) რომელიც თვითნებურად ჰქონდა დაკავებული და რომელზე საკუთრების უფლების მოპოვებასაც მომავალში აპირებს. სადავო მიწის ნაკვეთზე აუქციონის შედეგების გაუქმების შემდეგ მიმართავს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით და დაადასტურებს მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებასა და მასზე შენობა - ნაგებობის არსებობასაც, თუმცა ასეთი მოთხოვნით, 2013 წლამდე არ მიუმართავს.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება სადავო აუქციონის ჩატარების დროისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნებოდა მხედველობაში მიღებული ისეთი გარემოება, რისი ინდიკაციაც, არც ფაქტობრივი (შენობა - ნაგებობის ადგილზე ყოფნით) და არც უფლებრივი (დაინტერესებული მხარის მიმართვის/განცხადების არსებობა) თვალსაზრისით არ დასტურდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. ყ-ის მიერ.

კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2 მუხლებზე და განმარტავს, რომ კანონის ჩანაწერის მიხედვით დადგენილი და განსაზღვრულია, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით წაყენებულ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს - ქონება იყოს სახელმწიფო საკუთრება.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, დადგენილია მისი უფლება მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, რაც წარმოშობილია და არსებობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნა, რომელიც ზღუდავს ამ უფლების მქონე პირს ან და ავალდებულებს აღნიშნული უფლების რეალიზაციას (საკუთრების უფლების აღიარებისათვის შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვა) რამე კონკრეტულ ვადაში. განმარტავს, რომ თუ ეს უფლება არსებობს, პირს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიწყოს ამ უფლების რეალიზაციისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და იმ შემთხვევაში, თუ პირს არ მიუმართავს უფლების აღიარებისათვის ეს არ იწვევს აღნიშნული უფლების გაქარწყლებას. კასატორის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ქონების აუქციონზე გასხვისება მოხდა მისთვის შეუტყობინებლად, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ ორმოცი წლის განმავლობაში სარგებლობაში არსებული ქონება გახდა კერძო პირის საკუთრება. მიიჩნევს, რომ აღნიშნულით სახელმწიფომ უგულებელყო საკუთარი ვალდებულები - იზრუნოს მის ყველა მოქალაქეზე და ზედმიწევნით ზუსტად დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. კასატორის მსჯელობით, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისათვის მავალდებულებელ წინაპირობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1989 წლის 28 მარტის №342 განკარგულებით დაკმაყოფილდა ...ს სახელობის ... გაერთიანების თხოვნა და ნება დაერთო მის სარგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე, ...ის გზატკეცილისა და ...ს შორის დაეპროექტებინა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის საცხოვრებელი კვარტალი, ხოლო მიწის ნაკვეთები დაენაწილებინა იმ თანამშრომლებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების და კოოპერატიული ბინათმშენებლობის აღრიცხვაზე ან რომელთაც სურდათ ჩაებარებინათ კომუნალური ბინა და აეშენებინათ პირადი საკუთრების სახლი. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 27 მარტის №06.163 გადაწყვეტილებით, თბილისის ... გაერთიანების ადმინისტრაციის, პროფკავშირის კომიტეტისა და შრომითი კოლექტივის საბჭოს სხდომის 1990 წლის 19 დეკემბერს №115 ოქმის საფუძველზე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილ 157 მიწის ნაკვეთზე წარდგენილ იქნა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში მონაწილე მსურველი მენაშენეების საბინაო პირობების გაუმჯობესების აღრიცხვაზე აყვანის დამამტკიცებელი პირადი საქმეები 144 მოქალაქეზე მათი ოჯახების ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში გაწევრიანების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით, ხოლო 13 მოქალაქეზე ნაკვეთის დამაგრების საკითხი გადაიდო მათი პირადი საქმეების დამატებით შესწავლის გამო.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩასა და ...ს შორის მდებარე ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე 2012 წლის 31 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 12 თებერვლის №05.18.155 დადგენილებით ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩასა და ...ს შორის მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებას. აუქციონის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 18 თებერვალს, საბუთების მიღების ბოლო ვადად 2013 წლის 5 მარტი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2013 წლის 6 მარტი განისაზღვრა. დადგენილია, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო შპს „ა...მ" , რომლის მიერ ბიჯის განხორციელება 2013 წლის 6 მარტს 12:37 სთ-ზე დაფიქსირდა.

დადგენილია, რომ 2013 წლის 6 მარტს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, შედგა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) №.... გამარჯვებულ პირად გამოვლინდა შპს „ა..." (ს/ნ ...). აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) საფუძველზე 2013 წლის 25 აპრილს შპს „ა...ს" სახელზე გაიცა N2480 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩასა და ...ს შორის მდებარე, 43313 კვ.მ, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე.

ი/მ დ. ს-ეის 2013 წლის 15 თებერვლის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული 1065 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2016 წლის 13 თებერვლის მდგომარეობას ასახავს შპს „მ...ს" 2016 წლის 13 თებერვლის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემოწმება ჩაუტარდა ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ...ს ქუჩასა და ...ს შორის არსებულ, ა. ყ-ის მიწის ნაკვეთს და გაირკვა, რომ 1065 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო ძველი თუნუქის ქილებით, ხის ძელაკებით და ცოცხალი მცენარეულით, მასზე მფლობელი ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას, გაშენებული იყო ხეხილი (ბროწეული, ლეღვი, ტყემალი, ქლიავი, კომში, კაკალი, ალუბალი და სხვა) და აშენებული იყო ერთსართულიანი ნაგებობა გაბარიტული ზომებით lxb=390X290 სმ, მოშენების ფართობით 11,31 კვ.მ. 2010 და 2005 წლის ორთოფოტოები არც გამორიცხავს და არც ადასტურებს შესაბამის წლებში ა. ყ-ის მიერ ი/მ დ. ს-ეის 2013 წლის 15 თებერვალს შესრულებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული 1065 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემოღობვისა და მასზე შენობა - ნაგებობის არსებობის ფაქტს.

დადგენილია, რომ ზ. პ-ი, ა. ტ-ე, გ. ბ-ე, გ. ს-ი, თ. გ-ი, ტ. მ-ი და გ. კ-ე 2014 წლის 15 თებერვალს სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ დაახლოებით 25 წელია იცნობდნენ ა. ყ-ის, რომელიც ცხოვრობდა მათ მეზობლად, ...ის მიერ, 1988 წელს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე -ს/კ N... და მასზე ერთსართულიანი 15 კვ.მ ფართის სახლი ააშენა მიწის ნაკვეთის მიღებიდან რამდენიმე თვეში. იგივე გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა გ. კ-ემ და ა. გ-ამ, რომლებმაც განმარტეს, რომ წარმოადგენდნენ ...ის თანამშრომლებს და ა. ყ-იც მუშაობდა აღნიშნულ ქარხანაში.

ვინაიდან, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად და ერთ - ერთ მტკიცებულებად მხარე მიუთითებდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1989 წლის 28 მარტის N342 განკარგულებას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე ა. ყ-ის იმ განმარტებაზე, რომ იგი არ წარმოადგენს არც - ერთს იმ 144 მოქალაქიდან, რომელთა ოჯახებსაც ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში გაწევრიანების ნებართვა მიეცათ, ასევე არცერთს იმ 13 მოქალაქიდან, რომელთა ნაკვეთის დამაგრების საკითხი გადაიდო მათი პირადი საქმეების დამატებით შესწავლის გამო. ა. ყ-იმა სააპელაციო სასამართლოში ჩატარებულ სხდომაზე მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის დაკავება მისი მხრიდან მოხდა თვითნებურად, ხოლო უშუალოდ სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემას ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სადავოს წარმოადგენს აუქციონში გამარჯვების შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 6 მარტის №... სხდომის ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი №2480 მოწმობის კანონიერება და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორის (მოსარჩელე) მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აგებული და დასაბუთებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონზე აპელირებით, მხარის სავარაუდო მოთხოვნაზე საკასაციო პალატა იმსჯელებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოპოვების წესის და სადავო პერიოდში მოქმედი შესაბამისი რეგულაციის გათვალისწინებითაც.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის ივლისამდე მიწის ნაკვეთის ამ კანონით დადგენილი ფორმით თვითნებურად დაკავებისა და მფლობელობის ფაქტი წარმოშობს ფიზიკური პირის უფლებას შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, თუ ადგილი არ აქვს საკუთრების უფლების აღიარების დაუშვებლობის განმაპირობებელ კანონით გათვალისწინებულ გარემოებებს. ამასთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (საქმე№ბს-504-501(კ-17)) განიმარტა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას არ აბრკოლებს მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავების თარიღის განსაზღვრას გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან, კანონი საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას უკავშირებს იმ გარემოების დაზუსტებით დადგენას, რომ კონკრეტული პირი, კონკრეტულ ქონებას დაეუფლა 2007 წლამდე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის და 2010 წლის ორთოფოტოზე არ იკვეთება სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე შენობა - ნაგებობის არსებობა.

საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი აღიარებას ექვემდებარება, თუ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის, მიწის ნაკვეთი, სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობის პერიოდში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის (ან სადავო პერიოდში მსგავსი ფუნქციით აღჭურვილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის) ა. ყ-ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის ფაქტი, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ, კანონით დადგენილი წესით ჩატარებული აუციონის 2013 წლის 6 მარტის №... სხდომის ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი №2480 მოწმობის ბათილად ცნობას.

სარჩელში მითითებული დავის საგნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია 05.02.2014 N1958 კანონით), რომელიც სადავო აუქციონის ჩატარების პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს, ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს არეგულირებდა.

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილების (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილებით) პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). სადავო აუქციონის ჩატარების პერიოდში ქალაქ თბილისი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრებოდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილების 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით), რომლი თანახმად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომლის მიზანი იყო საკუთრების უფლება გადასცემოდა აუქციონის გამარჯვებულს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებდა, ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობებით - საკუთრების უფლება მიენიჭებოდა იმ მონაწილეს, რომელიც აიღებდა ვალდებულებას დაეკმაყოფილებინა გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებდა. ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 12 თებერვლის №05.18.155 დადგენილებით, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩასა და ...ს შორის მდებარე, ... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებას. ამავე დადგენილებით დამტკიცდა საპრივატიზებო ქონების საწყისი სააუქციონო ფასი, მინიმალური ბიჯი და აუქციონის პირობები, აუქციონის პროცედურების განხორციელება კი დაევალა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ითვალისწინებდა აუქციონის ჩატარებას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, 1. აუქციონატორი, საპრივატიზებო ქონების შესახებ აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-15 დღისა ატარებს აუქციონს. 2. აუქციონატორი, საპრივატიზებო მოძრავი ნივთების შესახებ აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-5 დღისა ატარებს აუქციონს. 3. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას ცხადდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, მისი საწყისი ფასი, ბიჯის ოდენობა. 4. აუქციონის მონაწილე უფლებამოსილია საწყის ფასს ან მიმდინარე ბიჯს დაამატოს ბიჯი და გამოხატოს საკუთარი ფასი. აუქციონატორი დააფიქსიროს ყველა ბიჯს არსებული თანმიმდევრობით მანამ, სანამ რომელიმე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ბიჯს, ე.ი. ფასს, რომლის შემდეგაც სხვა მონაწილეები არ აგრძელებენ ვაჭრობას. 5. ბიჯის დასაფიქსირებლად აუქციონის მონაწილეს ეძლევა გონივრული დრო. 6. ყველაზე მაღალი ფასის შემთავაზებელი აუქციონის მონაწილე ცხადდება აუქციონის გამარჯვებულად და სააუქციონო ლოტში შემავალი ქონების შემძენად. ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით –აუქციონის გამარჯვებულად და სააუქციონო ლოტში შემავალი ქონების შემძენად ცხადდება აუქციონის მონაწილე, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ აუქციონატორი როგორც მესაკუთრის მიერ ქონების აუქციონის ფორმით განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადგენს ოქმს – ადმინისტრაციულ დაპირებას".

დადგენილია, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოში 2013 წლის 06 მარტს გამართულ აუქციონზე ... საკადასტრო კოდზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს "ა...", რომელზედაც გაცემული იქნა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, ხოლო ნასყიდობის საფასურის გადახდის შემდეგ კი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2013 წლის 25 აპრილს გაიცა N2480 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აუქციონის დანიშვნის, მისი ჩატარების, გამარჯვებულის გამოცხადების, საკუთრების მოწმობის გაცემისას რაიმე სახის კანონდარღვევაზე საკასაციო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საჩივრის მოტივებზე, სადაც კასატორი არგუმენტად მიუთითებს, რომ შპს "ა...ს" მიერ აუქციონზე შეძენილი იქნა ის მიწის ნაკვეთი (იგულისხმება 400 კვ.მ.) რომელიც დაკავებული ჰქონდა თვითნებურად და რომელზე საკუთრების უფლების მოპოვებასაც მომავალში აპირებს, მიუთითებს, რომ გააჩნია ინტერესი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით მოხდეს მისი კანონით აღიარებული უფლების რეალიზება და დაცვა.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აუქციონის დანიშვნისას დარღვეული არ ყოფილა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" კანონის ნორმები; ასევე დაცული იქნა სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონითა და „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აქტის ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობას გამორიცხავს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, ა. ყ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 27 თებერვალს საკასაციო საჩივარზე საქართველოს ბანკის N569 ტერმინალით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ა. ყ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 27 თებერვალს საკასაციო საჩივარზე საქართველოს ბანკის N569 ტერმინალით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე