საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-540(კ-23) 10 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ა...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 19 ოქტომბერს შპს ,,ა...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართ, შპს ,,ა...ს“ მიერ წარდგენილ N...(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N... (NAT) გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NAT... ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ: 1. მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციის და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა: - გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; - საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი და 5 წლის გამოცდილებით - 2 სპეციალისტი; - სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების - 1 სპეციალისტი. - სპეციალისტი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი.
სააპელაციო პალატის მითითებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2018 წლის 7 სექტემბრის N4 სხდომის ოქმით დადგინდა, რომ შპს ,,ა...ს“ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარედგინა კორექტირებული ინფორმაცია მისი პერსონალის გამოცდილების შესახებ, ვინაიდან არ იკითხებოდა ინფორმაცია გუნდის ხელმძღვანელის შესახებ. ასევე, დანართი N3-ის მე-2 პოზიციაზე მითითებული სპეციალისტის - ო. ა-ეის სამუშაო გამოცდილება (2017-2018) არ შეესაბამებოდა სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. აქვე აღინიშნა ის გარემოებაც, რომ გ. მ-ისა და მ. კ-ას ბიოგრაფიულ მონაცემებში არ ჩანდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები აქვთ აღნიშნულ სპეციალისტებს შესრულებული; რაც შეეხება დ. ძ-ას ბიოგრაფიულ მონაცემებს, სისტემაში ისინი წარდგენილი იყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ხოლო სატენდერო განცხადების 2.9. პუნქტის მე-3 მუხლის თანახმად, ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე ან/და ინფორმაციის სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დართვოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ასევე, პრეტენდენტი ვალდებული იყო დამატებით წარედგინა მინიმუმ ერთი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის N5 სხდომის ოქმით სატენდერო კომისიამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ სრულყოფილად არ შეესაბამებოდა სატენდერო განცხადების 2.4.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებში, რომელიც ეხებოდა გ. მ-ის, არ იკითხებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სპეციალისტს ჰქონდა გვირაბების მშენებლობის გამოცდილება. ასევე, ო. ა-ეის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) მიხედვით, აღნიშნულ სპეციალისტს მინიჭებული ჰქონდა ინჟინრის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტრანსპორტში, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, დადგინდა ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N... (NAT) გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ შეაფასა გ. მ-ის გამოცდილების შესაბამისობა შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან და მიიჩნია, რომ გ. მ-ითან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეიცავდა ინფორმაციას გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N... (NAT) გადაწყვეტილების შეფასება შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მიერ შპს ,,ა...ს“ დაზუსტებული ინფორმაციის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კუთხით, არ შეესაბამება სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტისათვის დადგენილი მოთხოვნების სრულყოფილ შეფასებას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ უარყოფითად შეფასება საფუძვლად დაედო შპს ,,ა...ს“ მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ შპს ,,ა...ს“ სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტის დანაწესის შესაბამისად, ხიდებისა და გვირაბების სპეციალისტად წარდგენილი ჰყავდა გ. მ-ი. სატენდერო დოკუმენტაციის N3 დანართში ასახულია გ. მ-ის სამუშაო გამოცდილება, კერძოდ, 2000-2018 წლებში: ქ. თბილისის მასშტაბით ახალი მაგისტრალური საკანალიზაციო და წყლის სისტემის მოწყობა. ...ს ქუჩა, ..., დადიანის ქუჩა. ...ის ახალი გზის მშენებლობა. ... საერთაშორისო ავტომაგისტრალზე ... ...ის მონაკვეთზე ქ. ხაშურთან ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის დაპროექტება. ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასევე დაცულია შრომითი ხელშეკრულება, გაფორმებული გ. მ-ისა და შპს ,,ა...ს“ შორის. აღნიშნულ ხელშეკრულებას ერთვის საინფორმაციო ანკეტა გ. მ-ის როგორც პირადი მონაცემების, ისე 2000- 2018 წლებში სამუშაო გამოცდილების დეტალური მითითებით. დოკუმენტაციაში ასევე დაცულია გ. მ-ის დიპლომი, გაცემული საქართველოს ... უნივერსიტეტის მიერ, ...ის სპეციალობის ...ის სრული კურსის გავლის დასადასტურებლად.
სააპელაციო პალატამ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სატენდერო კომისიის განცხადების 2.4.1 პუნქტში მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტისათვის დადგენილი მოთხოვნების იმგვარი გაგება, რომ სპეციალისტს სამუშაო გამოცდილების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება უწყვეტად უნდა ჰქონდეს, როგორც ხიდების, ისე გვირაბების მშენებლობის სფეროში, ქმნის შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციულ დამოკიდებულებას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს. სატენდერო განაცხადის 2.4.1. პუნქტის ჩანაწერი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტთან მიმართებით, გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ პირს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით, უნდა ჰქონდეს ზოგადად სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება და არ უნდა შეფასდეს ეს პირობა თითოეულისათვის, - ხიდებისა და გვირაბებისათვის ცალ-ცალკე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს N4 დანართში მოცემულია სპეციალობა - ... მშენებლობა, ხოლო ქვესპეციალობა - ... ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა. ამდენად, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისად არსებული სპეციალობის იმგვარად გაგება, რომ პირს მოეთხოვოს სპეციალობით მუშაობა სპეციალობის თითოეული კომპონენტის შესაბამისად ცალ-ცალკე, შექმნის ხელოვნურ ბარიერს ამავე სპეციალობის მუშაკთა კვალიფიკაციის დადგენისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის ეტაპზე შპს ,,ა...ს“ მიერ სატენდერო განაცხადის 2.4.1. პუნქტის ჩანაწერის მიხედვით, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტთან მიმართებით წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა სატენდერო პირობას, სპეციალისტს გააჩნდა უმაღლესი განათლების დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება. შესაბამისად, შპს ,,ა...ს“ ამ საფუძვლით დისკვალიფიკაცია განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების სათანადო სამართლებრივი შეფასების გარეშე. აღნიშნული კი ქმნიდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის N... (NAT) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N5, შპს ,,ა...ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ. საბჭოს მიერ ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ა...ს“ დისკვალიფიკაცია განხორციელდა ორ სპეციალისტთან მიმართებით წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის საფუძვლით, კერძოდ, ხიდების ინჟინერი - გ. მ-ი და ინჟინერი - ო. ა-ე. გ. მ-ითან დაკავშირებით, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისას წარმოდგენილი იქნა საინფორმაციო ანკეტა, სადაც განათლების გრაფაში მითითებულია: საქართველოს ... უნივერსიტეტი - 1997-2003წწ., ..., .... საერთო პროფესიული გამოცდილების გრაფაში კი მითითებულია - საქართველოს ... უნივერსიტეტი, 2000-2009 წწ., ....
კასატორი აღნიშნავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნით, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტს უნდა ჰქონოდა სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება და ამასთან, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები დანართი N3-ის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებდა სამუშაო გამოცდილების და შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენილ დოკუმენტში კი არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად აქვს გ. მ-ის კონკრეტულად გვირაბების მშენებლობის გამოცდილება და აღნიშნული კუთხით შესაბამისი სამუშაო/პროექტი შესრულებული, რაც წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტით დაწესებულ მოთხოვნასთან შეუსაბამობას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ მიუთითებს, რომ პირს არ უნდა მოეთხოვოს თითოეული კომპონენტის მიხედვით მუშაობის გამოცდილების წარდგენა და გვერდს უვლის ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ ანალოგიური გამოცდილება გულისხმობს განხორციელებულ პროექტს, ხიდის აშენების გამოცდილება კი ვერ ჩაანაცვლებს გვირაბის მშენებლობას და პირიქით, რადგან თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული სპეციფიკა და ახასიათებს მშენებლობის სირთულე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამისად, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ,,ზუგდიდის, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მიერ, 2019 წელს განსახორციელებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების (2018-2019 წლების განმავლობაში)“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული NAT... ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტით დადგინდა მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ. კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყოლოდა აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა: გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; საავტომობილო გზებისა მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი და 5 წლის გამოცდილებით - 2 სპეციალისტი; სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი; სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენის არანაკლებ 5 წლის გამოცდილებით - 1 სპეციალისტი.
ასევე დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილი სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის N5 სხდომის ოქმით, სატენდერო კომისიამ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ ინფორმაცია პერსონალის გამოცდილების შესახებ სრულყოფილად არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებში, რომელიც ეხებოდა გ. მ-ის, არ იკითხებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სპეციალისტს ჰქონდა გვირაბების მშენებლობის გამოცდილება. ასევე, ო. ა-ეის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) მიხედვით, აღნიშნულ სპეციალისტს მინიჭებული ჰქონდა ...ს ...ის აკადემიური ხარისხი ტრანსპორტში, რაც არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტს - შპს ,,ა...ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია.
დადგენილია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილი სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის N5 სხდომის ოქმი შპს ,,ა...მა“ გაასაჩივრა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოში. შპს ,,ა...ს“ მიერ წარდგენილ N...(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ შეაფასა გ. მ-ის გამოცდილების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან და მიიჩნია, რომ იგი არ შეესაბამებოდა აღნიშნულ მოთხოვნებს, ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნით, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტს უნდა ჰქონოდა სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება. ამასთან, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სპეციალისტის ბიოგრაფიული მონაცემები დანართი N3-ის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებდა სამუშაო გამოცდილების და შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას. გ. მ-ითან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია კი არ შეიცავდა ინფორმაციას გვირაბების მშენებლობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სწორედ შპს ,,ა...ს“ მიერ წარდგენილ N...(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერება. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შექმნილი სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 სექტემბრის N5 სხდომის ოქმი, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა...ს“ მიენიჭა დისკვალიფიკაცია, გასაჩივრებული არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარისათვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარების გაწევა ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლოს არა უფლებას, არამედ ვალდებულებას შეადგენს. ამისათვის, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი, მოსარჩელის ინტერესი და ამის შესაბამისად დაეხმაროს მას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაში. საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, რომელიც საკასაციო საჩივარს ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი, იურიდიული თვალსაზრისით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელახლა იკვლევს საქმის როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის სრულყოფილად დაცვისა და პროცესის დაჩქარების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, მოსარჩელეს ადმინისტრაციულ პროცესში არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, არამედ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც შეუძლია აღნიშნული უფლების რეალიზაცია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2021 წლის 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დასმული კითხვის პასუხად, შპს ,,ა...ს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ტენდერი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შპს ,,ა...ს“ ინტერესს არ წარმოადგენს ტენდერში აღდგენა ან დისკვალიფიკაციის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, დავის საგნის მიმართ შპს ,,ა...ს“ ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ კომპანიის საქმიანი რეპუტაციის დაცვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და გასაჩივრებული არ არის დისკვალიფიკაციის შესახებ სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ დავის საგნის მიმართ შპს ,,ა...ს“ ინტერესთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული, ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის აღნიშნულ ფარგლებში განხილვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად კი, შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
დადგენილია, რომ სადავო - შპს ,,ა...ს“ მიერ წარდგენილ N...(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს ,,ა...ს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნით, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტს უნდა ჰქონოდა სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, გ. მ-ითან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია კი არ შეიცავდა ინფორმაციას გვირაბების მშენებლობის შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის თაობაზე, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტში მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნის - ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტისათვის დადგენილი მოთხოვნების იმგვარი გაგება, რომ სპეციალისტს სამუშაო გამოცდილების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება უწყვეტად უნდა ჰქონდეს, როგორც ხიდების, ისე გვირაბების მშენებლობის სფეროში, აშკარად ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს. სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის ჩანაწერი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალისტთან მიმართებით, გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ პირს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი განათლება ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით, უნდა ჰქონდეს ზოგადად, ხიდების ან გვირაბების სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება და არ უნდა შეფასდეს ეს პირობა თითოეულისათვის - ხიდებისა და გვირაბებისათვის ცალ-ცალკე.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით (ძალადაკარგულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანებით) დამტკიცებული ,,მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალზე“ (დანართი N4), რომელშიც მითითებულია მიმართულება - 04 ინჟინერია, დარგი/სპეციალობა - 0406 მშენებლობა, ქვედარგი/სპეციალიზაცია - ... ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა. ამდენად, სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას მიიჩნევდა მშენებლობის დარგის/სპეციალობის ერთიან ქვედარგად/სპეციალიზაციად და ცალკეულად ხიდების მშენებლობის ან გვირაბების მშენებლობის სპეციალობა არ არსებობდა. შესაბამისად, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს თანახმად არსებული სპეციალობის იმგვარად გაგება, რომ პირს მოეთხოვოს სპეციალობით მუშაობა სპეციალობის თითოეული კომპონენტის შესაბამისად ცალ-ცალკე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შექმნის ხელოვნურ ბარიერს ამავე სპეციალობის მუშაკთა კვალიფიკაციის დადგენისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე