საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1162(კ-23) 23 აპრილი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) - გ. ხ-ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი (ვაკე-საბურთალო)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 14 მარტს გ. ხ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მომზადებული დაზუსტებული წელთა ნამსახურობის ანგარიშის მიხედვით სამხედრო ძალებში ნამსახურობის მხოლოდ 18 წელი აქვს, შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის კანონით მოთხოვნილ ნორმებს.
მოსარჩელემ მიუთითა, „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლზე, რომლის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მაძიებელს კომპენსაცია ენიშნება თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვს წელთა ნამსახურების 20 და მეტი კალენდარული წელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მომზადებული დაზუსტებული წელთა ნამსახურების ანგარიშის მიხედვით სამხედრო ძალებში ნამსახურების მხოლოდ 18 კალენდარული წელი იქნა დაანგარიშებული, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ე.წ. „შეღავათიანი“ პერიოდი (სწავლის პერიოდი და საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობის პერიოდი) მოიცავს 8 წელს, 11 თვეს და 15 დღეს, რაც უნდა შევიდეს ე.წ. „კალენდარულ“ წელთა გაანგარიშებაში და თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არასწორად დაანგარიშების ფაქტი, არ უნდა გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2021 წლის 26 ივლისის №04-00-ვ/7998 გადაწყვეტილების სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 29 სექტემბრის №04/9867 გადაწყვეტილების გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გ. ხ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრება 2000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (ვაკე-საბურთალო) 2021 წლის 26 ივლისის №04-00-ვ/7998 გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის 29 სექტემბრის №04/9867 გადაწყვეტილება გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ხ-ის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრათ მოსარჩელე გ. ხ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საადვოკატო ხარჯის დაკისრების ნაწილში, შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-იმა, რომლითაც მოითხოვა ადვოკატისათვის ეტაპობრივად გადასახდელი თანხის - 2000 ლარის, მოპასუხისათვის სრულად დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების საქალაქო ცენტრს (ვაკე-საბურთალო) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 5 ივლისის სახელმწიფო კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურების ანგარიშის თანახმად, გ. ხ-ის სამხედრო ძალებში ნამსახურების წლების საერთო რაოდენობა 2007 წლის 13 დეკემბრისათვის შეადგენს კალენდარულ 18 წელს, 1 თვესა და 3 დღეს. შეღავათიანი პერიოდი შეადგენს 8 წელს, 11 თვესა და 15 დღეს, სულ 27 წელს, 0 თვეს და 18 დღეს. (შეღავათიანი პერიოდების გრაფაში მითითებულია, რომ გ. ხ-ი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში: 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე (1თვე და 12 დღე), 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 3 დეკემბრამდე (3 თვე და 16 დღე). სწავლის პერიოდის გრაფაში კი მითითებულია, რომ გ. ხ-ი საქართველოს ... ინსტიტუტში სწავლობდა - 1 წელი, 2 თვე და 18 დღე, ასევე 3 წელი, 5 თვე და 9 დღე).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას, თუმცა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ხ-ი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სრულად აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონით დადგენილ ნორმებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია, რაც შეეხება შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ იგი საადვოკატო მომსახურებისათვის ეტაპობრივად გადასახდელი 2000 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ საჯარო მოხელის მხრიდან უკანონო ქმედების შედეგად მოყენებული ზიანის ანაზღაურების კონტექსტში, არ გაიზიარა და განმარტა, რომ სახეზე არ არის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ის სამართლებრივი წინაპირობები, რომელიც განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 207-208ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებით. ადვოკატის ხარჯები, რომლის ანაზღაურებასაც მხარე ითხოვს გამომდინარეობს მიმდინარე საქმიდან, რომლის ანაზღაურების წესს ადგენს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. კერძოდ, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები მიიჩნევა სასამართლოს გარეშე ხარჯად (სსკ-37-მუხლი მე-3 ნაწილი), ხოლო მისი ანაზღაურების პირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ხ-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებელი გონივრული ოდენობა არის 1000 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა განსახილველი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით კერძოდ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რომლითაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ხოლო მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი, წელთა ნამსახურობაში ითვალისწინებს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ჩათვლას, მითითებული ნორმა სწავლის პერიოდით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სწავლის პერიოდი ითვლებოდა და დღემდე ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში (20 კალენდარული წლის ზემოთ), მხოლოდ სახელმწიფო გასაცემის გაანგარიშებისათვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვების მიზნებისათვის. კანონის მე-16 მუხლი ძირითადად არეგულირებს საერთო წელთა ნამსახურობის გაანგარიშების პირობებს, რომელშიც შესაძლებელია სწავლის პერიოდის გათვალისწინებაც. ამასთანავე, კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანების ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად, თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამ შემთხვევაშიც, ნორმა, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშებისას აქცენტს აკეთებს, მხოლოდ კანონის პირველ მუხლში და მე-16 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ სამსახურებში მუშაობის პერიოდზე და არა სხვა პერიოდებზე, ხოლო მე-16 მუხლის დანაწესამდე მე-11 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს კომპენსაციაზე უფლების მოპოვების პირობას, სადაც ხაზს უსვამს სამხედრო სამსახურში, მათ შორის, შინაგან საქმეთა ორგანოებში 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის არსებობის აუცილებლობაზე. მე-11 მუხლში შემთხვევით არ არის ნახსენები ტერმინი 20 ან 10 „კალენდარული წელი“, „20 წლის შრომის საერთო სტაჟი“ ან „წელთა ნამსახურობის 10 წელი“ - სიტყვა „კალენდარულის გარეშე. წელთა ნამსახურობის 20 ან 10 კალენდარული წლის არსებობის პირობა წარმოადგენს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, რაც გულისხმობს მხოლოდ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამსახურებში ნამსახურობის პერიოდს და არა სწავლის, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის ან სხვა რომელიმე სამოქალაქო სამსახურში მუშაობის პერიოდების ჩათვლას. შესაბამისად, არსებითი განსხვავებაა ნორმაში მოცემულ ტერმინებს შორის: „კალენდარული“, „შრომის საერთო სტაჟი“ და „წელთა ნამსახურობის სტაჟი“
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის - გ. ხ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ თითქოს სასამართლოში წარდგენილი აქვს მხოლოდ 1000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ადვოკატის მომსახურების გაწევის თაობაზე, სალაროს შემოსავლის №104 ორდერის სახით, ნაცვლად 2000 ლარისა და შეუფასებლად ტოვებს შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე დართულ 2023 წლის 13 მარტის სალაროს შემოსავლის №11 ორდერს, რომლითაც დადასტურებულია ადვოკატთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე - 1000 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ხ-ი ითხოვს მოპასუხისათვის საადვოკატო ხარჯის სრულად - 2000 ლარის, როგორც ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით გ. ხ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და გ. ხ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და გ. ხ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის შინაარსიდან გამომდინარე, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობის დაანგარიშებისას სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობის სტაჟში გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი ჩაითვლება 6 თვედ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი დადგენილია, რომ წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს წელთა ნამსახურების დაანგარიშებისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაუთვალოს თუ არა პირს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი.
საქმეში არსებული 2021 წლის 05 ივლისის დაზუსტებული სახელმწიფო კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურების ანგარიშის თანახმად, გ. ხ-ის სამხედრო ძალებში ნამსახურების წლების საერთო რაოდენობა 2007 წლის 13 დეკემბრისათვის შეადგენს კალენდარულ 18 წელს, 1 თვესა და 03 დღეს. შეღავათიანი პერიოდი შეადგენს 8 წელს, 11 თვესა და 15 დღეს, სულ 27 წელს, 0 თვეს და 18 დღეს. (შეღავათიანი პერიოდების გრაფაში მითითებულია, რომ გ. ხ-ი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში: 2001 წლის 20 აგვისტოდან 2001 წლის 11 სექტემბრამდე (1თვე და 12 დღე), 2001 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 3 დეკემბრამდე (3 თვე და 16 დღე). სწავლის პერიოდის გრაფაში კი მითითებულია, რომ გ. ხ-ი საქართველოს ... ინსტიტუტში სწავლობდა - 1 წელი, 2 თვე და 18 დღე, ასევე 3 წელი, 5 თვე და 9 დღე). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, რადგან მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს მოსამსახურის სწავლის პერიოდის ნამსახურობის სტაჟში ჩათვლას, როგორც აუცილებელ პირობას, თუმცა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, განსახილველ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეს სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ არ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორად შეფასებული, როგორც წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე გ. ხ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ საკითხი, ვინაიდან მოსარჩელეს კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საერთო სტაჟში უნდა ჩათვლოდა სწავლის პერიოდი, რაც ჯამში შეადგენდა 20 კალენდარულ წელზე მეტს. შესაბამისად, პალატას მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ხ-ი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე სრულად აკმაყოფილებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ კანონით დადგენილ ნორმებს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა, ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს მოქმედების სრულ თავისუფლებას, არამედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს ასეთი უფლებამოსილების მინიჭების მიზნის დადგენა და მიღწევა, მეორე მხრივ კი, უნდა დაიცვას საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია, კერძოდ, დასახელებული მუხლის ახალი რედაქცია ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება“.
რაც შეეხება გ. ხ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარს ადვოკატის ხარჯების მოცულობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესზე, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი). საკასაციო სასამართლოს მითითებთ, მართალია საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 7 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერი №104-ით და 2022 წლის 13 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერი №11-ით დასტურდება ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევა 2000 ლარის ოდენობით, მაგრამ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით მართებულია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1000 ლარის დაკისრება.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და გ. ხ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე