საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-134(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. გ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-იმა 2022 წლის 5 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მოსარჩელე - გ. გ-ის სასარგებლოდ დავალებოდა მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, გაწეული ხარჯის - ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის - 120 ლარის, გზის თანხის -100 ლარის, დროის დაკარგვის (5 საათი) - 250 ლარის და მორალური ზიანი - 500 ლარის, ჯამში 970 ლარის, ასევე მოსარჩელის ფიზიკურად სასამართლოში მისვლის, ნერვების, დროის და ფინანსების ხარჯვისთვის - 60 ლარის, მინდობილობის - 26,24 ლარის და ადვოკატის მომსახურების 1000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2022 წლის 5 თებერვალს სამსახურებრივ საქმეზე ავტომანქანით მოძრაობდა ბათუმის მიმართულებით. ლანჩხუთის მონაკვეთზე უსაფუძვლოდ გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და განუმარტა, რომ გააჩერეს ტელეფონზე საუბრის გამო, რაც არ იყო სიმართლე. ასევე უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ და უსამართლოდ შეამოწმეს სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რა დროსაც მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, დადასტურდა ალკოჰოლური თრობა. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 1182 მუხლის შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი იქნა სდ... დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელეს შეუჩერდა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 6 თვის ვადით.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან არ ეთანხმებოდა მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო უკან ქუთაისის ტერიტორიაზე, სისხლის ნიმუშის და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. შედეგად, იმავე დღეს წარადგინა განცხადება-საჩივარი N327656 დასკვნასთან ერთად, რაზეც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარმა სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 2022 წლის 15 თებერვალს მიიღო MIA 1 22 00502023 დადგენილება, რომლის მიხედვით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. გ-ის განცხადება-საჩივარი და გაუქმდა სდ... დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა აღრიცხვისა და ანალიზის სამსახურს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აღუდგა მართვის უფლება, რაც მისი განმარტებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელი პირობაა.
მოსარჩელის მოსაზრებით დადასტურდა ის გარემოება, რომ საპატრულო პოლიციამ უკანონოდ და უსამართლოდ ჩამოართვა მართვის უფლება, რითაც მიიღო ფინანსური და მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ზიანის სახით, მოსარჩელე გ. გ-ის სასარგებლოდ, გაწეული ხარჯების: ექსპერტიზის ხარჯი - 120 ლარის ოდენობით, მინდობილობის გაფორმების ხარჯი - 26,24 ლარის ოდენობით და ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაღებული ხარჯი 200 (ორასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება; სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 05 თებერვალს გ. გ-ის გადამოწმების შედეგად 14:26 საათზე დადასტურებული ალკოჰოლური თრობის მოტივით (0,331 პრომილე), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 1182 მუხლის შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი სდ... დადგენილებით შეუჩერდა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 6 თვით, რაზედაც 2021 წლის 15 თებერვალს მან წარადგინა N32765 საჩივარი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარ სამმართველოში, ვინაიდან არ დაეთანხმა ტესტირების შედეგს და 2022 წლის 05 თებერვალს 16:18 საათზე მიმართა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას სისხლში ეთილის სპირტის დონის განსაზღვრის მიზნით. სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N000830622 დასკვნის თანახმად, მისი სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი. ამდენად, წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში დადგენილ იქნა, რომ გ. გ-იმა სისხლის სინჯის ასაღებად სამედიცინო დაწესებულებას მიმართა საქართველოს შს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N1017/N01-52/ნ ერთობლივი ბრძანებით დადგენილ ვადაში, კერძოდ 01 საათსა და 52 წუთში. ექსპერტიზის N000830622 დასკვნით დადასტურდა, რომ მოქალაქე გ. გ-ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, რის გამოც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარ სამმართველომ მიიჩნია, რომ არსებობდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ელექტრონული დადგენილების გაუქმების საფუძველი. საჩივრის განხილვის ეტაპზე ასევე გაირკვა, რომ მოქალაქე გ. გ-ი ა/მანქანის მართვისას სარგებლობდა მობილური კომუნიკაციის საშუალებით, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია, შესაბამისად, სამმართველომ მიიჩნია, რომ მოცემული საკითხის დადგენისა და შემდგომი რეაგირების მიზნით საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბრუნებულიყო გურიის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფში.
საქმეზე წარმოდგენილი გადახდის ქვითრითა და 04.04.2023 წ. მინდობილობა/რწმუნებულებით საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. გ-ის მიერ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადახდილი იქნა 120 ლარი, ხოლო მინდობილობის გასაფორმებლად დაწესებული საზღაურის სახით გადახდილ იქნა -26,24 ლარი. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცებულებები მიიჩნია მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლიანობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად და სარჩელი დააკმაყოფილა ექსპერტიზის ხარჯის - 120 ლარისა და მინდობილობის გაფორმების ხარჯის - 26,24 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
რაც შეეხება ადვოკატის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაღებული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა მისი ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, ასევე, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე და მიიჩნია, რომ გ. გ-ის შემთხვევაში არ არსებობდა ზემოხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც გ. გ-იმა ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმეში საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების არარსებობის პირობებშიც კი, არ წარმოიშობოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან კანონმდებლობა არ უზღუდავს მხარეებს საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმონ როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-ისათვის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების პროპორციული იყო და ექცეოდა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
რაც შეეხება მორალურ ზიანს, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა მორალური ზიანის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, მიიჩნია კანონშესაბამისად. ასევე, სააპელაციო პალატის შეფასებით, უსაფუძვლო იყო მოთხოვნა გზის თანხის - 100 ლარის, 05 საათის დროის დაკარგვის - 250 ლარის, სასამართლოში მისვლის, ნერვების, დროის და ფინანსების ხარჯის - 60 ლარის ანაზღაურების თაობაზე, მისი დაუდასტურებლობის საფუძვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ გ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მიღებული განჩინება უსამართლოა, რადგან მეორე წელია მას როგორც მსხვერპლს არ მიეცა არანაირი ზიანის ანაზღაურება, აუნაზღაურდა მხოლოდ ექსპერტიზისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯი, რაც არ შეესაბამება არც საქართველოს და არც საერთაშორისო კანონმდებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამრიგად, გ. გ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მიხედვით, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, გზის თანხის - 100 ლარის, 05 საათის დროის დაკარგვის - 250 ლარის, სასამართლოში მისვლის, ნერვების, დროის და ფინანსების ხარჯის - 60 ლარის და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით განსაზღვრული დებულებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული მატერიალური ზიანი - სანოტარო მომსახურების, ექსპერტიზისა და ადვოკატის მომსახურებისთვის (გონივრული ოდენობაზე მითითებით) გაღებული ხარჯი, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ხარჯის ოდენობის ანაზღაურებისას ,,ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“ (სუსგ 1330-1პ315(კ-11), 09.02 2012წ.). ამავდროულად, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის სირთულე, განხილვის ხანგრძლივობა და ა.შ. ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, უკეთუ აშკარაა, რომ პირის უფლების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია (სუსგ №ბს-809-805(3კ-17), 17.01.2019წ; №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.).
განსახილველი საქმის კატეგორიისა და მისი სირთულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია გონივრულად ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ხოლო რაც შეეხება გზის თანხის - 100 ლარის, 05 საათის დროის დაკარგვის - 250 ლარის, სასამართლოში მისვლის, ნერვების, დროის და ფინანსების ხარჯის - 60 ლარის ანაზღაურების საკითხს, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ კონკრეტული მტკიცებულებით არ დასტურდება მითითებული სახის ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ზემოხსენებულ ნაწილშიც ასევე მართებულად დაასკვნა, რომ დაუსაბუთებლობის მოტივით არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
მორალური ზიანის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მითითებული ნორმა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ცალსახად უკავშირებს პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისა ან/და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებას, ამდენად, პალატა განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პირმა არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება. აღნიშნული სიკეთის ხელყოფის ვარაუდი კი, კანონით დადგენილი წესით უნდა იყოს დადასტურებული.
მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ის მიერ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მისთვის 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი N1017/01-52/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით მინიჭებული საპროცესო უფლების (თუ მძღოლი არ ეთანხმება პირველადი ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად) რეალიზება და მასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებისას მოსარჩელის ემოციური მდგომარეობა, პირის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ და განცდების ინტენსივობა ვერ იქნება მიჩნეული მორალური ზიანის ანაზღაურების საკმარის წინაპირობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა