Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-501(კს-24) 13 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - ო. თ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

2023 წლის 14 სექტემბერს ო. თ-იმა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს შესახლების შესახებ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. განცხადებაში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) 1/3 წილი აღრიცხულია ო. თ-ის სახელზე. კუთვნილ წილში შესახლების მიზნით განმცხადებელმა მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსთხოვეს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რამაც განაპირობა მისი სასამართლოსადმი მიმართვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ო. თ-ის განცხადებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება და მხარეს განემარტა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლებოდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ანალოგიური შინაარსის განცხადებით ო. თ-იმა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, უკვე არაერთხელ მიმართა სასამართლოს, რაზეც უკვე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება.

გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინება ო. თ-იმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლადაც, ო. თ-ის განესაზღვრა 07 (შვიდ) დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად მხარეს დაევალა სასამართლოში წარედგინა წერილობითი ფორმით, ნაბეჭდი სახით შედგენილი კერძო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ზუსტი დასახელება, გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო, მითითება გადაწყვეტილების (განჩინების) კონკრეტული ნაწილის გასაჩივრებაზე, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების (განჩინების) უსწორობა, კონკრეტულად რას ითხოვდა კერძო საჩივრის შემტანი პირი, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ კერძო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ ამ გარემოებებს, დართული წერილობითი მასალების ნუსხა, ასევე, წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით ან/და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან განთავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით ო. თ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ მომხდარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსება საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე. მართალია, 2024 წლის 7 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა - ო. თ-იმა, ხარვეზის შევსების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარადგინა განცხადება, თუმცა აღნიშნული განცხადება არ შეიცავდა ხარვეზის შევსებისათვის საჭირო ინფორმაციას/დოკუმენტაციას, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც წარმოადგენდა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. თ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ დარჩა განუხილველად, ვინაიდან, მან სასამართლოში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. ამასთანავე, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან და არ არსებობდა ხარვეზის დადგენის მიზეზი.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინების ასლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული განჩინებით მას დაუბრუნდა მამისეულ სახლში არსებული 1/3 წილზე საკუთრების უფლება. შესახლების შესახებ სააღსრულებო ფურცლის მოპოვების მიზნით, ო. თ-იმა განცხადებით მიმართა გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არც პირველი ინსტანციის და შემდგომში არც სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დარღვეულ იქნა მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან, არ ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს მამისეულ სახლში არსებული წილით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულ ნორმაზე მითითებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები არ არის შეუზღუდავი და მისი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების ეს წესი კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა კერძო საჩივარზე ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, შესაბამისად, მისი განხილვა მთავრდება კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მხრიდან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი - ო. თ-ი კერძო საჩივრით სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, ო. თ-ის განცხადებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება, რაზედაც ო. თ-იმა შეიტანა კერძო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით კი, განუხილველად იქნა დატოვებული ო. თ-ის კერძო საჩივარი. ამასთან, ო. თ-ის განემარტა, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აღარ საჩივრდებოდა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ამავე კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო პალატა მიუთითებს კერძო საჩივრის განხილვის წესსა და პირობებზე, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები. მითითებული კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის გასაჩივრებული განჩინება წარმოადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო პროცესუალურ აქტს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გამოირიცხება საკასაციო სასამართლოს კომპეტენცია შეაფასოს ო. თ-ის მიერ გორის საქალაქო სასამართლოში დაყენებულ მოთხოვნაზე (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე) სასამართლო განჩინებების კანონიერება.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. თ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო, რამდენადაც არ არსებობს მისი განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობები.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 414, 419-420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. განუხილველად დარჩეს ო. თ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ.სხირტლაძე