Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-906(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სერვისცენტრი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. კ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-იმა 2022 წლის 25 მაისს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს ხონის მუნიციპალიტეტში მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილება მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 25 თებერვლის N..., 2022 წლის 14 მარტის N... და 2022 წლის 03 მაისის N... აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიუღებელი პენსიის, ჯამში - 1660 ლარის ანაზღაურების დავალება.

სარჩელის მიხედვით, ნ. კ-ის დანიშნული აქვს ასაკით პენსია, რომლის მიღებაც 2018 წლის 1 აგვისტოდან შეუჩერდა, იმ გარემოების გამო, რომ პენსიონერის მიერ არ მომხდარა სახელმწიფო გასაცემლის ზედიზედ 6 თვის მანძილზე მიღება. ასევე, პენსიის გაცემა ხდებოდა მინდობილობით და ამ მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მოხდა მისი განახლება. 2020 წლის 4 მარტს ხონის რაიონულ განყოფილებაში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ნ. კ-ის შეჩერებული პენსიის გაცემა განუახლდა განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (01.04.2020 წელი) და აუნაზღაურდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა (01.08.2018 წლიდან 01.08.2019 წლამდე) პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე, მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოდ ეთქვა უარი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს ხონის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 25 თებერვლის N..., 2022 წლის 14 მარტის N.../... და 2022 წლის 03 მაისის N... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმ ნაწილში, რომლითაც ნ. კ-ის უარი ეთქვა 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე - ნ. კ-ის სასარგებლოდ 2019 წლის 01 აგვისტოდან - 2020 წლის 01 აპრილამდე, მიუღებელი პენსიის ჯამში - 1660 ლარის ანაზღაურება.

სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესებზე“ და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა ნ. კ-ის პენსიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. მეტიც, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ნ. კ-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ხონის რაიონულ განყოფილებაში არ იძებნება. ასევე, არ დასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, ანუ შეჩერების აქტის გამოცემის პროცედურის დაცვის შემთხვევაში დადგებოდა იგივე შედეგი. ამდენად, რაიონული სასამართლოს შეფასებით ადგილი აქვს ისეთ მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს თავის დროზე რომ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და მიეწვია ნ. კ-ი, მისთვის ცნობილი გახდებოდა პენსიის მიუღებლობის მიზეზი, ასევე, პენსიის შეჩერების პერიოდში რომ მომხდარიყო ნ. კ-ის ინფორმირება პენსიის გაცემის შეჩერებასთან, შეჩერების მიზეზთან და მოსალოდნელ შედეგთან დაკავშირებით, ნ. კ-ის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში მიმართავდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულ განყოფილებას შეჩერებული სახელმწიფო პენსიის განახლების შესახებ და შესაბამისად მას მთლიანად აუნაზღაურდებოდა გაუცემელი პენსია.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონულმა განყოფილებამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სამტრედიის რაიონული სასამართლოს ხონის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ პალატამ სრულად გაიზიარა მაგისტრატი სასამართლოს შეფასებები და მიუთითა, რომ ვინაიდან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესები“ პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას არ ითვალისწინებდა, ასეთი აქტები ძალაში შედიოდა უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების დღიდან. ამდენად, რადგან პენსიის შეჩერების აქტი ადმინისტრაციულ ორგანოს მხარისთვის არ გაუცვნია, არ მომხდარა მისი ძალაში შესვლაც. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეეჩერებინა მოსარჩელისთვის პენსიის ჩარიცხვა, რომელიც კანონიერ ძალაში არ იყო შესული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სერვისცენტრმა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ნ. კ-ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მიუღია პენსია, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეჩერებინა პენსიის დარიცხვა. ამასთან, კასატორის განმარტებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს 1 წელზე მეტი პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, ნ. კ-ის კი, შეჩერებიდან - 01.08.2018 წლიდან 1 წლის მანძილზე მისაღები თანხა აუნაზღაურდა. ამდენად, 01.08.2019 წლიდან პენსიის განახლებამდე - 01.04.2020 წლამდე მისაღებ თანხაზე მართებულად ეთქვა უარი, რადგან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ.

კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-8 მუხლის 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან; აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან ნ. კ-ისთვის შეჩერებული სახელმწიფო პენსიის განახლება ხონის რაიონულმა განყოფილებამ განახორციელა შესაბამისი განცხადებით (N736, 04.03.2020წ.) და სათანადო ინფორმაციის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, კერძოდ, 2020 წლის 1 აპრილიდან, ხოლო რაც შეეხება შეჩერების პერიოდში მიუღებელ პენსიას, ბენეფიციარს აუნაზღაურდა ხსენებული თანხა, არაუმეტეს ერთი წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელისთვის მიუღებელი პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაოობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი წარმოშობს პენსიის გაცემის შეჩერების ვალდებულებას, ხოლო, ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის შეჩერების შემთხვევაში მისი გაცემა განახლდება პენსიონერის მიერ კომპეტენტურ ორგანოში პენსიის გაცემის განახლების თაობაზე განცხადების შეტანის თვის მომდევნო თვეს და ანაზღაურდება მის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისთვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან.

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, კანონმდებლობა ითვალისწინებს დანიშნული პენსიის გაცემის შეჩერების შესაძლებლობას, თუკი პენსიონერი კონკრეტული პერიოდის განმავლობაში არ იღებს პენსიას. ამრიგად, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ანაზღაურდება მხოლოდ პენსიის გაცემის შეჩერების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მიუღებელი თანხა. რაც შეეხება უშუალოდ შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ პენსიის შეჩერების იმპერატიული დანაწესი არსებობს, ასეთი კანონისმიერი საფუძვლის არსებობა თავისთავად არ ადასტურებს გასაცემლის შეჩერების კანონიერებას. ასეთი პირობების დადგომა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია. ადმინისტრაციული წარმოება, თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ითვალისწინებს დაინტერესებული პირისთვის წარმოებაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იზღუდება მხარის უფლება ან კანონიერი ინტერესი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის საფუძვლით 2015 წლის 1 ივლისიდან საპენსიო პაკეტის მიმღებ პირს - ნ. კ-ის სახელმწიფო პენსიის გაცემა შეუჩერდა 2018 წლის 1 აგვისტოდან, ასევე, პენსიის გაცემა ხდებოდა მინდობილობით და ამ მინდობილობის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ არ მოხდა მისი განახლება.

2020 წლის 4 მარტს ხონის რაიონულ განყოფილებას განცხადებით მიმართა ნ. კ-ის ნდობით აღჭურვილმა პირმა ზოია დანელიამ, რომელმაც წარადგინა მინდობილობა და მოითხოვა შეჩერებული სახელმწიფო პენსიის განახლება. ნ. კ-ის შეჩერებული პენსიის გაცემა განუახლდა განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან (01.04.2020 წელი) და აუნაზღაურდა მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა 2520 ლარის ოდენობით (01.08.2018 წლიდან 01.08.2019 წლამდე) პენსიის შეჩერების დღიდან, თუმცა, 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი პენსიის (1660 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიზღუდა ნ. კ-ის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, რადგან პენსიის შეჩერების საფუძვლების გამოვლენა საჭიროებდა აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით და დაინტერესებული პირის მონაწილეობით, გადაწყვეტილების მიღებას წერილობითი სახით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა ზეპირი ფორმით გამოცემული აქტი სამი დღის ვადაში გამოეცა წერილობითი ფორმით და უზრუნველეყო აქტის კანონიერ ძალაში შესვლა ადრესატისათვის მისი ოფიციალური გაცნობით, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან საჯარო გამოქვეყნების შემდეგ. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის Nბს-575-572(კ-17) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის გაცემის შეჩერება-შეწყვეტის საფუძვლები წარმოადგენენ კონკრეტული პირის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეჩერება-შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პირობას და არა თავად ინდივიდუალურ აქტებს. ის გარემოება, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის დანაწესის თანახმად, პენსია შეჩერდება კანონით გათვალისწინებული შეჩერების ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, არ ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფო პენსიის შეჩერების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება.“

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ნ. კ-ისათვის სახელმწიფო პენსიის შეჩერების შესახებ ინფორმაცია არავის მიუწოდებია, ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათანადო ფორმით გამოცემისა და მხარისთვის გადაცემის კანონისმიერი ვალდებულება. საქმეზე გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე დასტურდება პენსიის შეჩერების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების წერილობითი სახით გამოცემის სავალდებულოობა. პენსიის შეჩერების შესახებ აქტის გამოცემის გარეშე, ნ. კ-ის მიერ, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში პენსიის მიუღებლობის ფაქტი, არ ადასტურებს სახელმწიფო პენსიის შეჩერების მართლზომიერებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო აქტები გამოცემულია მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთხოვნათა დარღვევით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გასაჩივრებული აქტების კანონიერების მტკიცება, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.

რაც შეეხება მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელისათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობა, საკასაციო პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, ნ. კ-ის სასარგებლოდ, 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 აპრილამდე მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურების დაკისრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა