საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-75(კს-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 25 ივლისს გ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 მარტის №491 განკარგულების ბათილად ცნობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის სადავო მიწის ნაკვეთის გ. გ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლოს საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებას, რომელიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და დასრულდა 2023 წლის 02 ნოემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის. შესაბამისად, გ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორება, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე ჩაჰბარდა 2023 წლის 16 ოქტომბერს, 2023 წლის 6 ოქტომბერს კი, დაუდგინდა კოვიდი, რაც დასტურდება 2023 წლის 25 დეკემბერს გაცემული ფორმა 100-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, ხარვეზის გამოსწორების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლას, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას და სააპელაციო საჩივრის განხილვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით გ. გ-ეის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, კერძოდ, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გ. გ-ეის სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა წარმოედგინა სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების - 4 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით. აღნიშნული განჩინება აპელანტს - გ. გ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ბაღდათი, სოფელი ..., ...-ე ქუჩა, N5 (ტ.1, გვ.289) და ჩაჰბარდა პირადად გ. გ-ეს 2023 წლის 23 ოქტომბერს (გვ. 290), რაც დასტურდება უკუგზავნილზე გ. გ-ეის ხელმოწერით და პირადი ნომრის მითითებით. შესაბამისად, განჩინებაში მითითებული ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 24 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2023 წლის 2 ნოემბერს. გ. გ-ეს კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად ასახელებს მის ავადმყოფობას და მიუთითებს, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, რადგან დაინფიცირდა კოვიდ-19-ით და იმყოფებოდა იზოლაციაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას (იხ. სუსგ Nას-105-2024, 29.02.2024წ.). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე მკურნალი ექიმის რეკომენდაცია, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს, ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ Nას-929-2019, 01.08.2019წ.).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივარზე დართული 2023 წლის 6 ოქტომბრის სეროლოგიური კვლევის შედეგით და შპს ,,ჯ...ს“ ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის 2023 წლის 25 დეკემბრის ფორმა IV-100-ით დასტურდება გ. გ-ეის სამედიცინო ცენტრში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოთავსების და იმავე დღეს გაწერის ფაქტი. 2023 წლის 25 დეკემბრის ფორმა IV-100-ში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს, კუნთების ტკივილსა და სახსრების ტკივილს, ტემპერატურის მომატებას, სუნთქვის გაძნელებას და ჰაერის უკმარისობას, დაუდგინდა კოვიდ ინფექცია. მასში არ არის მითითებული საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობა. მითითებული დოკუმენტების შინაარსი არ ადასტურებს გ. გ-ეის მიერ ხარვეზის შევსების ობიექტურ შეუძლებლობას 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 2023 წლის 2 ნოემბრამდე. ამასთან აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა 2023 წლის 6 ოქტომბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში დაფიქსირებული ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოსათვის ფოსტის მეშვეობით მიმართვის შესაძლებლობას. ამასთან, საქმეში არსებული რწმუნებულებით დასტურდება, რომ გ. გ-ეს ჰყავს წარმომადგენელი (წარმომადგენლობა დასტურდება 26.04.2023წ. N230525897 მინდობილობით, რომელიც გაცემულია 1 წლის ვადით ძალაშია 26.04.2024 წლამდე) და მას ჰქონდა შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოსათვის წარმომადგენლის მეშვეობით წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მიემართა ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, საჭირო მტკიცებულებათა წარუდგენლობის პირობებში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა იმ საპატიო მიზეზის არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. გ-ემ კანონით დადგენილ ვადაში ვერ განახორციელა საპროცესო მოქმედება, შესაბამისად, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარდგენის შეუძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო გასაჩივრებული განჩინება, აპელანტის მიერ კანონით დადგენილი ვადის დარღვევა კი ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველს. აქედან გამომდინარე, გ. გ-ეის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ეის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე