Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-354(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. თ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - დ. თ-ე, გ. გ-ა, თ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. თ-ემ 2019 წლის 09 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2002 წლის 7 თებერვლის №..., 2002 წლის 7 თებერვლის №..., 2011 წლის 30 სექტემბრის №... და 2011 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002 წელს მინდობილი პირის - გ. გ-ას (მისი სიმამრი) წარმომადგენლობით შეიძინა სოფელ ...ში, ...ს ქ. №...-ში და №...-ში მდებარე უძრავი ქონება, სადაც იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მეუღლესთან - ნ. გ-ასთან ერთად. 2014 წელს ა. თ-ე და ნ. გ-ა განქორწინდნენ, რა დროსაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული უძრავი ქონება უკანონოდ რეგისტრირებული იყო გ. გ-ას სახელზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. გ-ა და ნ. გ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ას უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ გ. გ-ა და თ. გ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. თ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმ გარემოების დასადგენად, რომ სადავო აქტებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელე ა. თ-ეს გააჩნდა რაიმე სახის უფლება. ამდენად, არ იკვეთებოდა, რომ სადავო აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან ზღუდავდა მის უფლებას. ამასთან, არ დგინდებოდა სადავო აქტების კანონმდებლობასთან შეუსაბამობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დ. თ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით ა. თ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მითითებით, 2002 წელს მინდობილი პირის - გ. გ-ას (მისი სიმამრი) წარმომადგენლობით შეიძინა სოფელ ...ში, ...ს ქ. №...-ში და №...-ში მდებარე უძრავი ქონება, სადაც იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მეუღლესთან - ნ. გ-ასთან ერთად და განაგებდა მას, როგორც მესაკუთრე. 2014 წელს ა. თ-ე და ნ. გ-ა განქორწინდნენ, რა დროსაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო გ. გ-ას სახელზე, თუმცა გ. გ-ა მხოლოდ რწმუნებულის უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი და არ ჰქონდა ქონების თავის სახელზე რეგისტრაციის უფლებამოსილება. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებული არსებითი შეცდომის გამო სადავო ქონება აღირიცხა გ. გ-ას სახელზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით ა. თ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. თ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002 წლის 7 თებერვალს გ. გ-ამ №... განცხადებით მიმართა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს და გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0.06 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთოდა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ. გ-ამ გ. გ-ას მიჰყიდა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, N... კოდის 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა გ. გ-ას საკუთრების უფლება.

2002 წლის 7 თებერვალს გ. გ-ამ №... განცხადებით მიმართა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს და გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0.06 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან ერთოდა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ა. დ-ემ გ. გ-ას მიჰყიდა გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის 7 თებერვლის №... გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა გ. გ-ას საკუთრების უფლება.

რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 30 სექტემბრის №... და 2011 წლის 30 სექტემბრის №... გადაწყვეტილებებს, ხსენებული აქტებით სადავო მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ნ. გ-ას საკუთრების უფლებით, რის საფუძველსაც გ. გ-ასა და ნ. გ-ას შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები წარმოადგენდა.

სადავო გადაწყვეტილებების უკანონობის დამადასტურებლად მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებისას გ. გ-ა წარმოადგენდა ა. თ-ეის მინდობილ პირს და, შესაბამისად, უძრავი ქონების შემძენს წარმოადგენდა ა. თ-ე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით; კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში..“ (სუსგ №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; №ბს-30-30(2კ-15), 02.05.2015წ.; №ბს-193-189(2კ-15), 29.09.2015წ.).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციის შესახებ სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტები - ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებები ძალაშია და სასამართლოს მიერ არ დადგენილა მათი უკანონობა, აღნიშნული გამორიცხავს რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ა. თ-ეის საკასაციო საჩივარზე 16.05.2023წ. №1684226701 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. თ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. ა. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.05.2023წ. №1684226701 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე