Facebook Twitter

№ბს-1052(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის №01/22-0359 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ი. კ-ეის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ი. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 06 ივნისის №01/22-0359 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზეპირი მოსმენით ხელახლა განიხილა კასატორის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი და იგივე მოტივით (დანაშაულის ხასიათი, წარსულში ნასამართლობა, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი საბჭოს 06.06.2022წ. უარი), უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილი, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, შევიდა კანონიერ ძალაში და თითქოს (ფორმალურად), გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ აღსრულდა კიდეც, თუმცა, თავისი არსით, მოპასუხის გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, რამეთუ სასამართლოს მოთხოვნა არ ყოფილა ზეპირი მოსმენით სხდომის ფორმალურად ჩატარება და კასატორისთვის იმავე მოტივით კვლავ უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.11.2022 წლის გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.05.2023 წლის განჩინებით (საქმე №ბს-10(კ-23)), მოპასუხეს ანალოგიურად დაევალა კასატორის შინაპატიმრობის საკითხის განხილვა, რაც საბჭოს 27.06.2023 წლის სხდომაზე ასევე ფორმალურად იქნა აღსრულებული და ი. კ-ეს კვლავ უარი ეთქვა შინაპატიმრობით გათავისუფლებაზე, იმავე საფუძვლით. ზემოაღნიშნული გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საბჭოს მხრიდან სასამართლოსადმი გამოვლენილ უპატივცემულობასა და თვითნებურ ქცევაზე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დავა უნდა გადაეწყვიტა არსებითად, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარს აქვს წარმატების პერპექტივა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. კ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 თებერვლიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით ი. კ-ეის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელი (ტ. I, ს.ფ. 120-129); ბ) პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 2 ნოემბრის №16331 ბრძანებით ი. კ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 19 მარტის №4160 ბრძანებით, ი. კ-ეს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 30 აპრილის №6673 ბრძანებით ი. კ-ე №15 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 31 აგვისტოს №13756 ბრძანების საფუძველზე ი. კ-ე №8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა №12 პენიტენციურ დაწესებულებაში. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 01 სექტემბრის №2258 ბრძანების საფუძველზე ი. კ-ე №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი და შესახლებული იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში. 01.09.2020 წელს შესახლებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ი. კ-ეისათვის სასჯელის მოხდის თარიღი განისაზღვრა შემდეგნაირად: სასჯელის დასაწყისი - 06.02.2017 წ. სასჯელის დასასრული - 24.11.2024წ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე და 98-ე მუხლებით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის თარიღი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლით 2/3 – 16.04.2022წ. (ტ. I, ს.ფ. 120-129); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში წარდგენილი იქნა №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2022 წლის 4 მაისის №128083/24 შუამდგომლობა, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ი. კ-ეის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 13-23, 24); დ) 2022 წლის 4 მაისს შედგენილ ი. კ-ეის დახასიათებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებული ი. კ-ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებამდე ცხოვრობდა მისამართზე - ქ. თბილისი, იროდიონ ევდოშვილის ქ. №2/10, მე-8 კორპ., ბინა №18. იგი გათავისუფლების შემდეგ იცხოვრებს იმავე მისამართზე და შესაბამისად, გამოცხადდება თბილისის პრობაციის ბიუროში. ი. კ-ეს აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. მისი განმარტებით, არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. ი. კ-ეს დამატებითი სასჯელის სახით, ასევე, დაზარალებულის მიმართ ჯარიმა არ დაკისრებია. მსჯავრდებულის განმარტებით, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. მსჯავრდებული ი. კ-ე მოტივირებულია განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდეს ოჯახს და დასაქმდეს პროფესიით. ი. კ-ეს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა, მოტივირებულია. ი. კ-ე ხასიათობრივი პიროვნული და სხვა მოდალობის ტიპოლოგიური კრიტერიუმებით ანტისოციალურ გამოვლინებათა და შინაარსთა მიმართ საწინააღმდეგო, დიამეტრალურ განზომილებას იკავებს. ეს ნიშნავს, რომ მასთან მიმართებაში ე.წ. რისკ-ფაქტორთა არსებობის საკითხი არააქტუალურია. ამ თემის განხილვა შეიძლება მხოლოდ ერთ კონტექსტში: თუ რისკად ჩაითვლება პირადად მისთვის დამაზიანებელი გარემოება ან პიროვნული თვისება თუ თავისებურება (ხასიათობრივი ორიენტაცია), რომელიც ამ გარემოებათა წარმოშობას ხელს უწყობს და მისთვის რომელიმე, თუნდაც მოცემულ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც აშკარად წამგებიანი აღმოჩნდა. ბენეფიციარის პროფესიულ კომპეტენციაზე მეტყველებს შემდეგი: მის მიერვე მიწოდებული გადამოწმებადი ინფორმაციით, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იყო იურიდიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. სამაგისტრო ხარისხი მიიღო ოქსფორდის „მასტერით“. ბილინგვის დონეზე ფლობს ინგლისურ ენას. აქვს არაერთი შეთავაზება თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის წამყვანი იურიდიული ფირმებისგან. ამ შეთავაზებაზე უარი აქვს ნათქვამი, მისთვის პრიორიტეტულია შვილისთვის მშობლიური გარემოს შენარჩუნება და ქვეყნის სამსახური. რაც შეეხება „ადამიანურ“ ზნეობრივ პროფილს, ხასიათის პრინციპულობას, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. მისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ოჯახთან, შვილთან დამოკიდებულება, შრომისმოყვარეობა, საკუთარ პროფესიულ განსწავლულობას არასოდეს გამოიყენებს ანგარების მიზნით, რადგან ძალიან კარგად ესმის და ერთგულობს პროფესიულ სტანდარტებს (კლიენტთა შერჩევა, აღებული საქმის თუ საქმეების საკუთარ შესაძლებლობებთან შესაბამისობა, საკუთარი და კოლეგიალური ჯგუფის რესურსის ზედმიწევნით ცოდნა, ენობრივი უნარები). აქვს პედაგოგიური ალღო, რომლის მეშვეობითაც შეუძლია ნებისმიერი, მათ შორის დაბალი ინტელექტუალური ცენზის მქონე ადამიანთან მაქსიმალური ინფორმირებულობის მიღწევა და ა.შ. „მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ვთამაშობ იმ წესებით, რაც დადგენილია და ყველასთვის მისაღებად ითვლება, ანუ არავისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ; მინდა და საჭიროა ყველა ასე იქცეოდეს...“ - ამბობს ის. საქმიან ბაზარზე მისი პერსონა აშკარად კონკურენტულად გამოიყურება - ბენეფიციარის ნარატივიდან ეს დასკვნა ძალდაუტანებლად შეიძლება გაკეთდეს. ბენეფიციარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ ტაქტიკურ მოსაზრებას (რაღაც თვალსაზრისით „მომგებიან“ აღიარებას), თუნდაც სტრატეგიულ გათვლაზე დამყარებული გადაწყვეტილება ჯობია, „... რადგან ჩემი კომპრომისი ძვირად დამიჯდება; როცა ვაღიარებ არჩადენილ დანაშაულს, სხვათა მხრიდან იგი აღიქმება როგორც ფაქტობრივი და ამის შემდეგ ჩემი რეპუტაცია უამრავი პარტნიორის თვალში ამ ტყუილის გამო ნაცარტუტად იქცევა, მე კი, როგორც სპეციალისტ-პროფესიონალი და ადამიანი, ღირსების გარეშე დარჩენილ „მკვდარ სულად“... ბიზნესში ჩართული ადამიანისათვის ეს წარმოუდგენელია“. ,,ბრალად შერაცხული ქმედება, რომელიც მე ჩავიდინე’’ ამბობს ის, ინტერპრეტაციის საგანია; ინტერპრეტაცია, როგორც წესი, სუბიექტურია; დაინტერესებული სუბიექტების ინტერესთა რაობასა და ,,მასშტაბზე’’ კი საუბარი არ ღირს’’. ბენეფიციარის საუბრის მანერა, ჯანსაღი გონივრული ხედვა საქმეში და ადამიანებში გარკვეულობა, ცოდნა, პროფესიონალიზმი, გულწრფელი მოქალაქეობრივი პათოსი აშკარად აღძრავს მოსაზრებას, რომ ქვეყანამ მისი სახით არ უნდა დაკარგოს და შეინარჩუნოს საჭირო და სოციალურად ღირებული ადამიანური რესურსი. საწინააღმდეგო ვარაუდის დაშვების პირობებში, რომ პოზიტიური იმიჯი, რომელიც ძირითადად თვით ბენეფიციარის პიროვნული პოზიციის გაჟღერების და მოტივირების ნიადაგზე შეიქმნა, არ არის მოკლებული თეატრალობას, შეწყალების ფონზე მაინც არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს, რის გამოც თხოვნა შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული. ბენეფიციარის პიროვნული ხასიათი დინამიკაშიც მყარი პოზიტიური ტენდენციონალობით (შეკრულობით, გეშტალტობით, მთლიანობით) გამოირჩევა, რომლის ბოროტი განზრახვით იმიტირება საკმაოდ ძნელია, მოცემულ შემთხვევაში კი - ნაკლებად სავარაუდო. (შენიშვნა: 2021 წლის 24 სექტემბერს ბენეფიციარ ი. კ-ეს გაეწია პირველადი კონსულტაცია, მისივე მოთხოვნით, დახასიათებაში ცვლილებებთან დაკავშირებით, ფსიქოლოგ ა. გ-ას მიერ. როგორც ბენეფიციარი აღნიშნავს, დახასიათებაში სურს ერთი ცვლილების შეტანა, რომ დანაშაულს აღიარებს. ზემოთ მოცემული დახასიათება კი დაწერილია 2019 წლის 15 იანვარს ფსიქოლოგ ა. ჭ-ის მიერ, რომელშიც შეიცვალა მხოლოდ საკითხი - დანაშაულის აღიარება). სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ი. კ-ე წახალისებულია, კერძოდ: - 2018 წლის 15 თებერვალს მიეცა „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება“ (ბრძანება №1285); - 2018 წლის 14 ივნისს - „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება“ (ბრძანება №5517); - 2019 წლის 1 აგვისტოს - „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება“ (ბრძანება №5021). მსჯავრდებული ი. კ-ე არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს; ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ი. კ-ე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით, არის ნასამართლობის მქონე. მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირად საქმეში არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის განაჩენით ი. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე, 19,190-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის №387 ბრძანებულებით განესაზღვრა თ/ა 20 წლის ვადით. ასევე, გასამართლებულია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 თებერვლის განაჩენით. საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა 2012 წლის 28 დეკემბერს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით და გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან 27.01.2013 წელს. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 25 ოქტომბრის №25.10.01 განკარგულებით ი. კ-ე შეწყალებულ იქნა და მოეხსნა ნასამართლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 02.09.2014წ. განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362.1 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თ/ა 01 წლისა და 06 თვის ვადით, საიდანაც სასჯელის რეალურ ზომად განესაზღვრა თ/ა 01 წელი, ხოლო 06 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 28.04.2015 წელს სასჯელის მოხდით. ამასთან, ი. კ-ეს 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით (ტ. I, ს.ფ. 101-110); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 6 ივნისის №01/22-0359 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. კ-ეის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ. 120-129); გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკითხის განხილვისას საბჭო გაეცნო წარდგენილ დამატებით დოკუმენტაციას. გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და მისი პიროვნული მახასიათებლები, აგრეთვე, სასჯელის მოხდის პერიოდში გამოვლენილი ქცევა, ის ფაქტი, რომ წახალისებულია; ასევე, მისი დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით. თუმცა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, ერთი მხრივ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით და, მეორე მხრივ, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. აღსანიშნავია მსჯავრდებულის მხრიდან წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა არ აქვს მიღებული არცერთ სოციალურ აქტივობაში. გამომდინარე აქედან, მსჯავრდებულის შესახებ მოცემული საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია დანაშაულის ხასიათმა და სიმძიმემ. ასევე, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებმა. შესაბამისად, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა (ტ. I, ს.ფ. 120-129, 111-119); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 9 მარტის №01/21/შ/პ-0041 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. კ-ეის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებაში კრიტერიუმში „სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (დასაქმება, პროფესიული, სახელობო, ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო, სპორტული, კულტურული ღონისძიებები“ დაფიქსირებულ იქნა შემდეგი: „მსჯავრდებულის განმარტებით, მზაობას ავლენს მონაწილეობა მიიღოს სოციალურ აქტივობებში“ (ტ. II, ს.ფ. 9-16); ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 1 ნოემბრის №01/21/შ/პ-0259 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. კ-ეის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებაში კრიტერიუმში „სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (დასაქმება, პროფესიული, სახელობო, ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო, სპორტული, კულტურული ღონისძიებები)“ დაფიქსირებულ იქნა, რომ „მსჯავრდებულის განმარტებით, მზაობას ავლენს მონაწილეობა მიიღოს სოციალურ აქტივობებში, ასევე, სასჯელის მოხდის პერიოდში სარგებლობს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკით“ (ტ. II, ს.ფ. 17-25); თ) 2022 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმეზე (№2/26475-22), სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა შპს „გ...“, მოპასუხეს - ი. კ-ე, ხოლო დავის საგანს - „ზიანის ანაზღაურება“. მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „გ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. II, ს.ფ. 54-55); ი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3ბ/887-22) ი. კ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 01 ნოემბრის №01/21/შ/პ-0259 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ი. კ-ეის მიმართ (ტ.2, ს.ფ. 134-149); კ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მაისის განჩინებით (საქმე №ბს-10(კ-23)) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 249-253); ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2022 წლის 15 ნოემბრის N334808/01 წერილით ი. კ-ეს ეცნობა, რომ ამ ეტაპზე საკნის გარე აქტივობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ ხორციელდება (ტ.2, ს.ფ. 152); მ) 2022 წლის 18 ნოემბრის №01/714 წერილით ი. კ-ეს ეცნობა, რომ ცენტრი ითვალისწინებს მის სურვილს, ჩაერთოს პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და დასაქმების პროექტებში, შესაბამისად, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში კურსების დაგეგმვისთანავე დამატებით ეცნობებოდა (ტ.2, ს.ფ. 156); ნ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთოს დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 29 მარტის №1608 ბრძანებით ამავე დაწესებულებაში განთავსებულ ი. კ-ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა ,,დამატებით 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის“ უფლება. ასევე, ამავე დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 30 მაისის №2935 ბრძანებით ი. კ-ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა ,,დამატებით ხანგრძლივი პაემნის“ უფლება (ტ.2, ს.ფ. 247, 248); ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2023 წლის 02 მარტის №2360 წერილით ი. კ-ეს ეცნობა, რომ 2020 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოგზავნის თხოვნით ი. კ-ემ 7-ჯერ მიმართა სამინისტროს. ჯამში გაეგზავნა 20 გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ. 246).

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 06 ივნისის №01/22-0359 გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ ი. კ-ეის მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია შეეძლო თუ არა სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენისა და შეფასების გზით შეემოწმებინა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება და სარჩელი სრულად დაეკმაყოფილებინა, თუ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ პატიმრობის კოდექსზე (ძალადაკარგულია - 15.12.2023, №3988), რომლის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებ. ამავე კოდექსის 6.1 მუხლის თანხმად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

დასახელებული კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს (1); მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია (2); საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები (3); შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე (4); თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ (5).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს (1); საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა (2); საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები (3).

ამავე წესის მე-13 მუხლში მოცემულია შეფასების კრიტერიუმები, რომლითაც ხელმძღავნელობს ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას. ეს კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

დადგენილია, რომ საბჭომ 2022 წლის 6 ივნისის №01/22-0359 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. კ-ეის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკითხის განხილვისას საბჭო გაეცნო წარდგენილ დამატებით დოკუმენტაციას. გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და მისი პიროვნული მახასიათებლები, აგრეთვე, სასჯელის მოხდის პერიოდში გამოვლენილი ქცევა, ის ფაქტი, რომ წახალისებულია; ასევე, მისი დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით. თუმცა, საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, ერთი მხრივ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით და, მეორე მხრივ, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. აღსანიშნავია მსჯავრდებულის მხრიდან წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა არ აქვს მიღებული არცერთ სოციალურ აქტივობაში. გამომდინარე აქედან, მსჯავრდებულის შესახებ მოცემული საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია დანაშაულის ხასიათმა და სიმძიმემ. ასევე, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებმა. შესაბამისად, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციასა და დასაბუთებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნებისთვის საბჭო სხვა კრიტერიუმებთან ერთად ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით - დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, თუმცა ძირითადად დანაშაულის ხასიათსა და წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე ხაზგასმა და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია სიციალურ აქტივობებში, ზოგადი ხასიათისაა და ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს. მით უფრო, გასათვალისწინებელია საქმის მასალებით დადგენილი გარემოებები, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ი. კ-ე წახალისებულია, კერძოდ: - 2018 წლის 15 თებერვალს მიეცა „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება“ (ბრძანება №1285); - 2018 წლის 14 ივნისს - „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება“ (ბრძანება №5517); - 2019 წლის 1 აგვისტოს - „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება“ (ბრძანება №5021). მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს; ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთოს დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 29 მარტის №1608 ბრძანების თანახმად, ი. კ-ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებით 1 (ერთი) სატელეფონო საუბრის“ უფლება. ასევე, ამავე დაწესებულების დირექტორის 2023 წლის 30 მაისის №2935 ბრძანებით ი. კ-ეს წახალისების ფორმის სახით მიეცა „დამატებით ხანგრძლივი პაემნის“ უფლება. საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულის გეგმები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ოჯახსა და პროფესიას უკავშირდება. ი. კ-ეს აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. გამოთქვამს მზაობას, რომ გათავისუფლების შემდეგ გამოცხადდება თბილისის პრობაციის ბიუროში. ი. კ-ეს დამატებითი სასჯელის სახით, ასევე, დაზარალებულის მიმართ ჯარიმა არ დაკისრებია. მსჯავრდებულის განმარტებით, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ი. კ-ე არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს; ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. მართალია, ი. კ-ეს სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა გამოთქვამს სურვილს მიიღოს მონაწილეობა, მოტივირებულია. აღნიშნულის დასტურად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წერილებზე, რომლითაც ი. კ-ეს ეცნობა, რომ ამ ეტაპზე საკნის გარე აქტივობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ ხორციელდება. ამასთან, ცენტრი ითვალისწინებდა მის სურვილს, ჩართულიყო პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და დასაქმების პროექტებში, შესაბამისად, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში კურსების დაგეგმვისთანავე დამატებით ეცნობებოდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ზემოდასახელებული წესით დადგენილი ცალკეული კრიტერიუმის გამოკვლევას, მათ ურთიერთშეპირისპირებას და პრიორიტეტების დადგენას. სადავო გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული იმ მხრივ, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული კრიტერიუმები. ამგვარი დასაბუთების გარეშე კი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს, რისი არსებობაც არ ადასტურებს წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უპირობოდ უარის თქმის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით არ არის შეფასებული ი. კ-ესთან მიმართებით მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ 1.2 მუხლის თანახმად, ასევე თავად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის მიზანსაც წარმოადგენს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,...ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. როდესაც წარმოების ხარვეზები არსებითია, ხოლო საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები - გამოუკვლეველი, სასამართლოს ერთმევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას.“ (სუსგ. Nბს-563(კ-20), 13.05.2022წ.).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია და საკითხი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან საბჭომ, ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს წევრთა შინაგანი რწმენით იქნება ნაკარნახევი და სადავო საკითხის ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ შეფასებაზე დაფუძნებული. შეფასების გარკვეული თავისუფლების მიუხედავად, ცხადია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება ობიექტურად და სამართლიანად უნდა ხდებოდეს. დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლო წესით აღდგენის ინტერესთან. მმართველობის ყველა აქტი, მათ შორის დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაიშვება პირის ძირითადი უფლებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა. დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. №ბს-1655-1627(კ-11), 20.10.10წ. №ბს-342-331(კ-10)). დისკრეციული უფლებამოსილების არაგონივრული გაფართოება ან პირიქით შევიწროება წარმოშობს ნეგატიურ დისკრეციას, რაც თავისთავად იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონით დადგენილი მიზნისაგან აცდენას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა სასამართლოს მიერ სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, საჭიროებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას/შეფასებას და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ი. კ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კასატორს - ი. კ-ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;

3. ი. კ-ეს (პ/ნ ...) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის №200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150);

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე