საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-174(კ-24) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ი. კ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 10 მარტს ი. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, დაიბადა და გაიზარდა ქ. ოჩამჩირეში, ...ს ქ. №19-ში, რაც დასტურდება დაბადების მოწმობით და საბინაო წიგნით. აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულები არიან ასევე ბაბუა - ვ. ა.-ს ძე კ-ე, ბებია - ბ. ლ.-ს ასული კ-ე, მამა - კ. ვ.-ს ძე კ-ე, ძმა - ვ. კ.-ს ძე კ-ე და თავად ი. კ.-ს ასული კ-ე-კ-ა (2010 წლიდან გადასულია მეუღლის გვარზე, რომელიც ასევე არის დევნილი, ჰყავთ ორი შვილი და მათაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი). მოსარჩელის მითითებით, დადიოდა ქ. ოჩამჩირის ბაგა-ბაღში, პირველ კლასში სწავლობდა ქ. ოჩამჩირის №... საშუალო სკოლაში. შემდეგ მამის თბილისში გადმოსვლის გამო, თავადაც 1974 წელს სასწავლებლად გადმოვიდა თბილისში და დაამთავრა ქ. თბილისის ...-ე საშუალო სკოლა. 1984 წელს ჩააბარა ქ. ... ინსტიტუტში და სწავლა განაგრძო თბილისის ... ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ... წელს და მუშაობა დაიწყო ქ. ოჩამჩირის ... მეურნეობაში. მთელი ამ წლების განმავლობაში პერიოდულად ცხოვრობდა როგორც თბილისში, ასევე ოჩამჩირეში. ომის პერიოდშიც - 1992-1993 წლებში იმყოფებოდა ოჩამჩირეში. მან ერთ-ერთმა ბოლომ დატოვა მშობლიური ქალაქი და ჩამოვიდა თბილისში. მას შემდეგ ძმასთან ერთად ჰქონდა დევნილის სტატუსი და იღებდა დახმარებას. 2010 წელს მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ქ. მოსკოვში. საზღვრის კვეთის საფუძვლით შეუჩერეს სტატუსი და დახმარება. 2021 წლის ოქტომბერში მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, რაზედაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის №03-4624/ო ბრძანებით ეთქვა უარი, რაც მოსარჩელის განმარტებით, არამართებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის №03-4624/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ი. კ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის №03-4624/ო ბრძანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ი. კ-ას აღუდგება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-ას 1996 წლის 6 ივნისიდან მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, თუმცა დაოჯახების შემდგომ 2010 წლიდან მეუღლესთან ერთად 2018 წლამდე ცხოვრობდა ქ. მოსკოვში, რის გამოც სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში ვერ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამდენად, ი. კ-ამ 2021 წლის 3 დეკემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დევნილის სტატუსის მინიჭება - აღდგენა მოითხოვა. აღნიშნული წარმოების ფარგლებში განმცხადებელთან ჩატარდა გასაუბრება, საიდანაც ირკვევა, რომ იგი 1972-1973 წლებში სწავლობდა ოჩამჩირის №... სკოლაში, 1973-1984 წლებში ქ. თბილისის №... სკოლაში, ხოლო ... წელს დაამთავრა თბილისის ... ინსტიტუტი. მისი განმარტებით, 1973 წლიდან 2010 წლამდე, დაოჯახებამდე, ცხოვრობდა თბილისში, დედის კუთვნილ ბინაში, თუმცა ოჩამჩირეში ჩადიოდა ხშირად. ამასთან, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ძირითადად იმყოფებოდა ოჩამჩირეში ბაბუასთან. ასევე დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადდა დასკვნა, რომლის საფუძველზეც მიჩნეულ იქნა, რომ არ არსებობდა რაიმე ინფორმაცია, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი. კ-ას 1973 წლის შემდგომ აფხაზეთთან დაკავშირებას ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით, ან სხვაგვარი ურთიერთობით. შესაბამისად, ი. კ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა არ იყო მიზანშეწონილი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის №03-4624/ო ბრძანებით, მითითებული დასკვნის საფუძველზე, ი. კ-ას იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2021 წლის 30 ნოემბრის №68-02 დასკვნაზე/ცნობაზე, რომლის თანახმად, 1966 წლიდან 1993 წლამდე, ი. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ქალაქი ოჩამჩირე, ...ს ქუჩა №19, ასევე, 1983 წლის 5 სექტემბერს შევსებულ №3T-I №0772284 შრომის წიგნაკზე, რომლითაც დასტურდება, რომ ი. კ-ე 1983 წლის პირველ აგვისტოს საქსათბურმშენის მიერ მიღებულ იქნა მე-...ად და 1984 წლის 28 აგვისტოს გათავისუფლდა სამსახურიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების გამო. ამასთან, საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მოწმედ დაკითხულ ქ. რ-ას განმარტებითაც დასტურდება, რომ ი. კ-ა სკოლის დამთავრებიდან უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მუდმივად ცხოვრობდა ოჩამჩირეში, სადაც მუშაობდა და უვლიდა ბაბუას. მანვე მიუთითა, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ი. კ-ა სადიპლომოს იცავდა ოჩამჩირეში არსებულ უნივერსიტეტში და 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მოწმემ ასევე გაიხსენა სოხუმის დაცემის დღეს მოსარჩელესთან ერთად ოჩამჩირის დატოვების ფაქტი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ 1993 წლამდე ი. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ოჩამჩირე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ქონდეს სხვა საცხოვრებელიც. კასატორს მიაჩნია, რომ ი. კ-ას შემთხვევაში არ დასტურდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ი. კ-ა 1973 - 2010 წლებში ცხოვრობდა ქ. თბილისში დედის კუთვნილ ბინაში. 1973 - 1984 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის N... სკოლაში. ... წელს დაამთავრა ქ. თბილისის ...- ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აფხაზეთში არ უმუშავია, ხოლო ოჩამჩირეში ჩადიოდა ბაბუასთან.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია, კერძოდ, მე-4 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთს წარმოადგენს მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც დევნილი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
კასატორის განმარტებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს, როგორც პირის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, პირის უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებიდან არ იკვეთება მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს 1992-1993 წლებამდე ი. კ-ას ქალაქ ოჩამჩირეში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 31 დეკემბრის №03-4624/ო ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს, მათ შორის, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.
აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. კ-ას 1996 წლის 6 ივნისიდან მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი, თუმცა დაოჯახების შემდგომ 2010 წლიდან მეუღლესთან ერთად 2018 წლამდე ცხოვრობდა ქ. მოსკოვში, რის გამოც სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში ვერ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია, რის გამოც შეუწყდა დევნილის სტატუსი. ამდენად, ი. კ-ამ 2021 წელს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დევნილის სტატუსის მინიჭება - აღდგენა მოითხოვა. დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ გასაუბრების ოქმში მიუთითა, რომ იგი 1972-1973 წლებში სწავლობდა ოჩამჩირის №... სკოლაში, 1973-1984 წლებში ქ. თბილისის №... სკოლაში, ხოლო ... წელს დაამთავრა თბილისის ... ინსტიტუტი. მისი განმარტებით, 1973 წლიდან 2010 წლამდე, დაოჯახებამდე, ცხოვრობდა თბილისში, დედის კუთვნილ ბინაში, თუმცა ოჩამჩირეში ჩადიოდა ხშირად. ამასთან, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ძირითადად იმყოფებოდა ოჩამჩირეში ბაბუასთან.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შესაძლოა მოსარჩელე განათლების მიღების მიზნით დროებით მართლაც იმყოფებოდა ქ. თბილისში, კერძოდ, 1973 - 1984 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის N... სკოლაში, ხოლო ... წელს დაამთავრა ქ. თბილისის ...- ინსტიტუტი, თუმცა აღნიშნული არ ქმნის უდავო მტკიცების საფუძველს, რომ, მას საკუთარ მუდმივ საცხოვრებელ ადგილად თბილისი მიაჩნდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ასევე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2021 წლის 30 ნოემბრის №68-02 დასკვნას/ცნობაზე, რომლის თანახმად, 1966 წლიდან 1993 წლამდე, ი. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ქალაქი ოჩამჩირე, ...ს ქუჩა №19, ასევე 1983 წლის 5 სექტემბერს შევსებულ №3T-I №0772284 შრომის წიგნაკზე, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ი. კ-ე 1983 წლის პირველ აგვისტოს საქსათბურმშენის მიერ მიღებული იქნა მე-...ად და 1984 წლის 28 აგვისტოს გათავისუფლდა სამსახურიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების გამო. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მოწმედ დაკითხულ ქ. რ-ას განმარტებას მასზედ, რომ ი. კ-ა სკოლის დამთავრებიდან უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მუდმივად ცხოვრობდა ოჩამჩირეში, სადაც მუშაობდა და უვლიდა ბაბუას. მანვე მიუთითა, რომ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ი. კ-ა სადიპლომოს იცავდა ოჩამჩირეში არსებულ უნივერსიტეტში. მოწმემ ასევე გაიხსენა სოხუმის დაცემის დღეს მოსარჩელესთან ერთად ოჩამჩირის დატოვების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული გარემოება ვერ გამოდგება მოსარჩელისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განმსაზღვრელად და შესაბამისად, დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმისთვის საკმარის პირობად, რამეთუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს, ამასთან, პირი რომელიმე ადგილას შესაძლოა იმყოფებოდეს გარკვეული ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, როგორიც არის განათლების მიღების მიზნით ქ. თბილისში დროებით ცხოვრება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 1993 წლამდე ი. კ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილს უდავოდ წარმოადგენდა ოჩამჩირე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე