№ბს-913(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ი, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, მესამე პირები - გ. გ-ა, სს „ს...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ. კ-იმა სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 თებერვლის №... გადაწყვეტილება გ. გ-ას სახელზე საკუთრების უფლებით სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრაციის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: ... გ. კ-ის 2017 წლის 6 მარტის №... განაცხადის საფუძველზე, დაარეგისტრიროს მის საკუთრებად.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში გ. გ-ა ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: 1.1.1 სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 თებერვლის №... გადაწყვეტილება გ. გ-ას სახელზე საკუთრების უფლებით სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2.500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრაციის შესახებ; 1.1.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივნისის №...- 23 გადაწყვეტილება გ. კ-ის სახელზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 2018 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი სადავო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით: ...) გ. კ-ის ან გ. გ-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით სს „ს...“ ადმინისტრაციულ საქმეში ჩაება მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2012 წლის 14 თებერვალს რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით გ. გ-ას სახელზე დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 2012 წლის 8 თებერვალს გაცემული №AA2012003939-03 საარქივო ცნობა. აღნიშნული ცნობის მიხედვით, ...ის საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებში, გ. გ-ას პირად სარგებლობაში ირიცხება 0.25ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2017 წლის 6 მარტს გ. კ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0.25ჰა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია 1997 წლის 17 თებერვალს გაცემული №223 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად, დაინტერესებულმა პირმა, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისში წარადგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიღება-ჩაბარების აქტი, სუბსიდირების პროექტი, საარქივო ცნობა და თანხმობა მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნის თაობაზე.
2017 წლის 6 მარტს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დავის მოგვარების მიზნით, მედიატორ ნოტარიუსთან დაინიშნა მედიაცია. მედიაციის დანიშვნის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მეორე მხარესაც. 2017 წლის 4 აპრილს მედიატორი ნოტარიუსისგან გადაგზავნილი წერილით დადგინდა, რომ მხარეები არ გამოცხადდნენ სანოტარო ბიუროში, დათქმულ დროსა და ადგილას. დავის მოგვარების მიზნით, მედიატორ ნოტარიუსთან განმეორებით იქნა დანიშნული მედიაცია. მედიაციის დანიშვნის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მეორე მხარესაც. 2017 წლის 27 აპრილს მედიატორი ნოტარიუსისგან გადაგზავნილი წერილით დადგინდა, რომ სანოტარო ბიუროში, დათქმულ დროსა და ადგილას, მხარეები არ გამოცხადდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მედიაციის პროცესი შეწყდა.
დაინტერესებული პირის მიერ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისში კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი არ ყოფილა. 2017 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.
სამტრედიის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხის შუამდგომლობით, სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გ. კ-ის სახელზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტის - №223 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ვერ დადგინდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ასევე, საჯარო რეესტრში დაცულ დაუზუსტებელ/დაურეგისტრირებელ გრაფიკულ მონაცემებში არ მოიძებნა გ. კ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი მიწის ნაკვეთი, რაც შეფასების გარეშე იქნა დატოვებული სასამართლოს მიერ. საკომლო წიგნიდან ამონაწერი სადავო რეგისტრაციის დროს და დღეის მდგომარეობითაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმოადგენდა და წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. ამასთან, გ. გ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) წარმოადგენს იპოთეკის საგანს (იპოთეკარი სს „ს...“). იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება მოსარჩელეზე გადაცემული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, საკუთრების უფლების გაუქმება დაუშვებელია. აღნიშნული გამოიწვევს, როგორც გ. გ-ას კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზუდვას, ასევე იპოთეკარი სს „ს...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის - გ. გ-ას რეგისტრაცია განხორციელებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში, დაუშვებელია რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1997 წლის 17 თებერვლის №223 მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელე გ. კ-ის მიწის რეფორმის ფარგლებში გამოეყო სამტრედიის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 0.25ჰა მიწის ნაკვეთი. ...ის მაცხოვრებლებისათვის მიწის რეფორმის ფარგლებში გამოყოფილი მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები აღნუსხულია ...ის გამგეობის მიერ ნაწარმოებ მოსახლეობისათვის გამოყოფილი მიწების მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაციის ჟურნალში, რომელშიც ასევე მითითებულია, რომ გ. კ-ისათვის გამოყოფილ იქნა 0.25ჰა მიწის ნაკვეთი (ტ.1, ს.ფ 24, 26-27); ბ) გ. კ-იმა 2017 წლის 6 მარტს №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მისთვის გამოყოფილი 0.25ჰა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მის საკუთრებად. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. აღნიშნულის გამო მოთხოვნილ იქნა წარედგინა კორექტირებული მიწის აზომვითი ნახაზი. დავის მოგვარების მიზნით საქმეზე დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი. საბოლოოდ, გ. კ-ის მიერ არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის კორექტირებული აზომვითი ნახაზი და ვერც მედიაციის ფარგლებში მოხდა დავის გადაწყვეტა, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივნისის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 7 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით გ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 29, 31-37); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 თებერვლის №... გადაწყვეტილებით №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, მდებარე: სამტრედიის რაიონი, სოფელი ...ი, დარეგისტრირდა გ. გ-ას სახელზე. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 2012 წლის 8 თებერვალს გაცემული №AA2012003939-03 საარქივო ცნობა. აღნიშნულ საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ ...ის საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, გ. გ-ას პირად სარგებლობაში არის 0,25ჰა მიწის ნაკვეთი (ტ.1, ს.ფ 50, 49, 48); დ) გ. გ-ას სახელზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო სამტრედიის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 3478,47 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტი №1005. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2010 წლის 14 სექტემბერს 2010 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ჯ. ვ-ეის საკუთრებაში (ტ.1. ს.ფ 43, 45, 133-137); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გ. გ-ას სახელზე სოფელ ...ში აღრიცხულია სისტემურად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ ..., რომლის ადგილმდებარეობას არ შეესაბამება საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. გ. კ-ის სახელზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტი - მიღება-ჩაბარების №223 აქტის საფუძველზე ვერ დგინდება მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ასევე, საჯარო რეესტრში დაცულ დაუზუსტებელ/დაურეგისტრირებელ გრაფიკულ მონაცემებში არ იძებნება გ. კ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი მიწის ნაკვეთი (ტ.1, ს.ფ 238-239).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).
მითითებული კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საკუთრების უფლების რეგისტრაციის ეტაპზე, მოიძიოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, თავად გამოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცნობები.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
მითითებული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს. 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა როგორც №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე 2012 წლის 14 თებერვალს გ. გ-ას სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება, ასევე გ. კ-ის №... განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი.
დადგენილია, რომ გ. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, მდებარე სამტრედიის რაიონი, სოფელი ...ი, 2012 წლის 14 თებერვალს დარეგისტრირდა გ. გ-ას სახელზე. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 2012 წლის 8 თებერვალს გაცემული №AA2012003939-03 საარქივო ცნობა. აღნიშნულ საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ ...ის საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, გ. გ-ას პირად სარგებლობაშია 0,25ჰა მიწის ნაკვეთი. ამავდროულად საქმის მასალების დასტურდება, რომ გ. გ-ას სახელზე რეგისტრირებული იყო სამტრედიის რაიონის სოფ. ...ში მდებარე 3478,47 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომლის რეგისტრაციის საფუძველი იყო მიღება-ჩაბარების აქტი №1005 (აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2010 წლის 14 სექტემბერს 2010 წლის 8 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ჯ. ვ-ეის საკუთრებაში). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გ. გ-ას სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას არ შეესაბამება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას. საქმეში ასევე წარმოდგენილია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 6 ოქტომბრის №62-622227976 მიმართვა, სადაც აღნიშნულია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში გ. გ-აზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემულ იქნა სულ 0,25ჰა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც დასტურდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცული ,,მოსახლეობისათვის გამოყოფილი მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტის რეგისტრაციის ჟურნალით აქტი N1030’’ (ტ.1. ს.ფ. 199).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გ. გ-ას მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები სრულყოფილად, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. წინადებარე დავასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა შეისწავლოს გ. გ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, შეაფასოს რეგისტრაციის კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება გ. გ-ასა და გ. კ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.09.2023წ. №43439 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე