საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1291(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ი. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-იმა 2020 წლის 11 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხის მარეგულირებელი კომისიის მიმართ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნაც და მოსარჩელემ ი. მ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 5 ოქტომბრის N03-2064/ო ბრძანებისა და ი. მ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის N03-840/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისათვის ი. მ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარებული პირი, სოციალურად დაუცველი. დროებით ცხოვრობს დედასთან - ე. მ-ითან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად ლანჩხუთში. საკუთრებაში აქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სახლი, რომელიც დაიმეწყრა და გახდა საცხოვრებლად უვარგისი. მოპასუხის სადავო აქტებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ სახლის დაზიანების ხარისხი პირველი კატეგორიიდან უკანონოდ გადაკვალიფიცირდა მეორე კატეგორიაზე, რის გამოც დააკლდა სარეიტინგო ქულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 5 ოქტომბრის N03-2064/ო და 2021 წლის 8 აპრილის N03-840/ო ბრძანებები, მოსარჩელე ი. მ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ი. მ-ის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. მ-ის ოჯახი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული. 2017 წლის 2 აგვისტოს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორჯერ განიხილა ი. მ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. სადავო ბრძანებებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას შეეძლო ესარგებლა ალტერნატიული საცხოვრებლით (ძმის საკუთრებაში არსებული ორ სართულიანი სახლი). აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის მიერ მითითებული უძრავი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობა, რადგან ამავე ორ სართულიან სახლსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. სასამართლომ ასევე მიუთითა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურიის რეგიონული არქივის 2020 წლის 4 დეკემბრის N... საარქივო ცნობაზე, რომლის თანახმად, 1996-2006 წლებში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში კომლის (ოჯახის) უფროსად ფიქსირდება ... წლის ...ს დაბადებული ი. მ-ი. კომლის წევრად ასევე მითითებულია თ. მ-ი. ამავე ცნობის თანახმად, 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ი. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და 2023 წლის 21 მარტს მიღებული განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ოჯახის შემადგენლობის გრაფაში მიუთითა დედა. მოსარჩელის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. შეფასების შედეგად მოსარჩელეს მიენიჭა 16.5 ქულა. დაზარალების კატეგორიის შეფასების ფორმის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მოსარჩელის საცხოვრებელს მიენიჭა დაზარალების I კატეგორია. 2017 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური დასკვნის თანახმად, ი. მ-ის ერთ სართულიან ბლოკით ნაგები სახლის უკანა და მარჯვენა მზიდ კედელზე ფიქსირდება ბზარები, ბზარებია ასევე ბეტონის იატაკზე. ნაგებობა სამშენებლო ნაკლოვანებების, არასწორი ექსპლუატაციისა და მიკრომეწყრული ძვრების შედეგად ავარიულ მდგომარეობაშია. ჩასატარებელია აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები.
კასატორის მითითებით, 2019 წლის 15 იანვარს, მონიტორინგი განხორციელდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში. გადამოწმების ოქმის თანახმად დგინდება, რომ ეზოში ორი ნაგებობა დგას. კერძოდ, ორსართულიანი რკინა-ბეტონით და ბლოკით ნაშენი სახლი, რომლის პირველი სართული გამართულია საცხოვრებლად, მეორე სართული გასამართია. მეორე შენობა არის ერთსართულიანი, ე.წ. კუხნა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. ოჯახის შემადგენლობაში არიან მოსარჩელე და დედამისი ე. მ-ი. ისინი ცხოვრობენ ლანჩხუთში, ...ის ქუჩის N...-ში, მერიის მიერ ნაქირავებ ბინაში. კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ ლანჩხუთში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე ბინა (ს/კ ...) ი. მ-ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული, თუმცა 2017 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ბინა გაასხვისა დისშვილის - ნ. ჩ-ას სასარგებლოდ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის საკუთრებად.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიამ შეისწავლა და განიხილა მოსარჩელის საკითხი. იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეს სოფელ ...ში გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ძმის სახლის სახით, ალტერნატიული საცხოვრებლის ნაწილში დააკლდა 6 ქულა და ამავე საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა გარემოება, რომ იმავე ეზოში მდგომი ორსართულიანი სახლი, რომელიც არის ძმის, არ აღენიშნება დაზიანებები და საცხოვრებლად ვარგისია, ამასთან, ძმა თავისი ოჯახით ცხოვრობს საზღვარგარეთ და სახლი თავისუფალია საცხოვრებლად. გარდა მითითებულისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამოღებული ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელე 2019 წლის მდგომარეობით ცხოვრობს მის მიერ ჩუქების ხელშეკრულებით გასხვისებულ ბინაში, რომელშიც სახელმწიფო უხდის ქირის თანხას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს მოსარჩელემ განაცხადი გააკეთა საცხოვრებლის მიღების თაობაზე, 2017 წლის 3 აგვისტოს კი ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა და თავისი კუთვნილი ბინა გადაუფორმა დისშვილს, სადაც დღემდე ცხოვრობს. ამდენად, იკვეთება გარემოება, რომ მოსარჩელეს არამარტო სოფელ ...ში გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი, არამედ, ალტერნატიული საცხოვრებელი გააჩნია ლანჩხუთშიც, ...ის ქუჩაზე, სადაც ბინის გასხვისებიდან დღემდე ცხოვრობს, თავად ბინის მესაკუთრე კი ცხოვრობს თბილისში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს ი. მ-ი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი N1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განაცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე ი. მ-ი არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული - ეკომიგრანტი. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალების გამო, მისი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, ი. მ-ის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა 16.5 ქულა.
საქმეში წარმოდგენილი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ი. და ე. მ-ის საცხოვრებელი სახლები მდებარეობენ (...; ...) საერთო საკარმიდამო ნაკვეთში, ძველმეწყრული ფერდობის ქვედა მოსწორებულ ნაწილში, რომლის დახრილობა 8-100-ია. რელიეფი ტალღოვან- საფეხუროვანია. ი. მ-ის ერთ სართულიანი ბლოკით ნაგები სახლის უკანა და მარჯვენა მზიდ კედელზე ფიქსირდება 1,0-3,0 სმ. სიგანის სუბვერტიკალური გავრცელების გამჭოლი ბზარები, რის შედეგადაც კედლები გადახრილია ვერტიკალური მდგომარეობიდან, 5-70, დაზიანებულია ასევე ბეტონის იატაკი, რომელზეც ფიქსირდება 1,0-2,0 სმ. სიგანის ჰორიზონტალური ბზარები. ნაგებობა სამშენებლო ნაკლოვანებების, არასწორი ექსპლუატაციის და მიკრომეწყრული ძვრების შედეგად პრაქტიკულად ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე საინჟინრო ღონისძიებების გატარება შედეგს ვერ გამოიღებს. მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოსახლის გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. ე. მ-ის ორსართულიანი ბლოკით ნაგებ საცხოვრებელი სახლის მზიდ კედლებზე, ბეტონის იატაკზე და მეორე სართულის სარტყელზე ფიქსირდება 1,0-2,0 სმ. 4 სიგანის ჰორიზონტალური და სუბვერტიკალური გავრცელების ბზარები და დეფორმირებული ოთახსშორის ხის ტიხარი. ზემოთ აღწერილი დაზიანებები გამოწვეულია სამშენებლო ნაკლოვანებებით, არასწორი ექსპლუატაციით და მიკრომეწყრული ძვრებით. სახლის მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია დროულად მოხდეს დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა-გამაგრება, სახურავიდან და ფერდობიდან ჩამონადენი წყლების რეგულირება და საძირკვლის გარშემო ჰიდროსაიზოლაციო საფარის გაკეთება. საცხოვრებელ სახლზე უნდა დაწესდეს მონიტორინგი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ი. მ-ის საცხოვრებელი სახლს მიენიჭა დაზიანების პირველი კატეგორია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიერ ორჯერ იქნა განხილული ი. მ-ის ოჯახის უზრუნველყოფის საკითხი და ორივე შემთხვევაში მიღებულ იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება. მოსარჩელის განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ი. მ-ი გადაუდებელ განსახლებას არ საჭიროებდა, რადგან მას შეუფერხებლად შეეძლო ესარგებლა მისსავე ეზოში მდებარე ძმის კუთვნილი საცხოვრებელი სახლით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად დასახელებული გარემოება გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებიც. თავად ადმინისტრაციული ორგანო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე დედასთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ფართში - ლანჩხუთში, ...ის ქუჩის N...-ში მდებარე ბინაში და არა სოფელ ...ში, ძმის საკუთრებაში. ამდენად, დაუსაბუთებელია მითითება ალტერნატიულ საცხოვრებელთან დაკავშირებით. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურიის რეგიონული არქივის 2020 წლის 4 დეკემბრის N... საარქივო ცნობას, რომლის თანახმად, 1996-2006 წლებში, ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ...ში კომლის (ოჯახის) უფროსად ფიქსირდება ... წლის ...ს დაბადებული ი. მ-ი. კომლის წევრად ასევე მითითებულია თ. მ-ი. ამავე ცნობის თანახმად, 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ი. მ-ი (2000 წელს დროებით წავიდა თბილისში სამუშაოდ). სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურიის რეგიონული არქივის 2020 წლის 25 ნოემბრის N... საარქივო ცნობის თანახმად, 1996-2006 წლებში, ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ...ის კომლის (ოჯახის) უფროსად ფიქსირდება ... წლის ...ს დაბადებული ე. მ-ი. ლანჩხუთის რაიონის, სოფელ ...ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ე. მ-ის კომლი შედგება შემდეგი წევრებისგან: კომლის უფროსი - ე. მ-ი, კომლის წევრები: ნ. მ-ი - შვილი, გ. ქ-ე - რძალი, დ. მ-ი - შვილიშვილი. ამდენად, დასტურდება, რომ ი. მ-ი ირიცხებოდა ცალკე კომლად.
აღსანიშნავია, რომ განმეორებითი შეფასების შედეგად, ი. მ-ის ეკომიგრანტ ოჯახს მიენიჭა ჯამურად 13.5 ქულა, ვინაიდან სახლის დაზიანების კატეგორია შეიცვალა და მიენიჭა მეორე კატეგორია. პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ ჩატარებულა სახლის განმეორებითი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური ექსპერტიზა, აგრეთვე დაუსაბუთებელია დაზიანების კატეგორიის ცვლილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობს ქირით, მისსავე ეზოში ძმის საკუთრებაში არსებული სახლით სარგებლობის შესაძლებლობა, არ ქმნის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა