საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-854(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. ფ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ფ-იმა 2021 წლის 09 აგვისტოს სარჩელით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2021 წლის 27 აპრილის №06/98/2021 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქ. გარდაბანში, ...ს ქ. №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ ფართობის უძრავ ქონებაზე გ. ფ-ის საკუთრების უფლებების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს გარდაბანში. 25 წელზე მეტია ფლობს და სარგებლობს გარდაბანში, ...ს ქუჩის №...-ის მიმდებარედ არსებულ 470 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომელზეც აშენებული აქვს შენობა-ნაგებობა. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, თუმცა იმ გარემოების გამო, რომ ვერ იქნა მოძიებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოსარჩელის განცხადება გადაგზავნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. კომისიის 2021 წლის 27 აპრილის №06/98/2021 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წერილით, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო დასასვენებელი სკვერის მოწყობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 13 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს განმარტებით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მოტივით უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და წარადგინოს მოთხოვნის დასადასტურებლად სათანადო დოკუმენტაცია. იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. ამასთან, დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ამ კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, საკუთრების უფლების აღიარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საცხოვრებელი სახლის (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ ორთოფოტოზე 2007 წლამდე ჩანს შენობა-ნაგებობა, თუმცა 2014-2017 წლის ორთოფოტოს თანახმად, შენობა განთავსებულია სხვა ადგილას. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მოსარჩელემ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე - ქ. გარდაბანი, ...ს №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა დატანილი არ იყო. სასამართლოს მითითებით, ადგილზე დათვალიერების ოქმის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 27 აპრილის №06 ოქმის შინაარსიდან გამომდინარე სალეგალიზაციო ობიექტზე შენობა განთავსებულია 7 წელია. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე 2007 წლის 11 ივლისამდე დასტურდება შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი სასამართლოში არ წარდგენილა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარწმუნო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ 2007 წლის მდგომარეობით უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე უწყვეტ რეჟიმში მფლობელობა პირდაპირი ან თუნდაც არაპირდაპირი მფლობელობის სახით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სალეგალიზაციო ობიექტი წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით არ იყო რეგისტრირებული და დადგენილი არ ჰქონდა წითელი ხაზები. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 აპრილის წერილის თანახმადაც, სადავო უძრავ ქონებაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან დაგეგმილი იყო დასასვენებელი სკვერის მოწყობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის ფაქტი დაადასტურა საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა, ასევე საქმეში წარმოდგენილია ორთოფოტო, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნაკვეთზე 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის არსებობას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ნაკვეთის მომიჯნავედ წლების განმავლობაში გ. ფ-ი ფლობდა უძრავ ქონებას, რომელიც გაასხვისა. ამჟამად მოსარჩელე ფლობს უძრავ ქონებას სადავო ქონების მომიჯნავედ მდებარე კორპუსში და დამონტაჟებული აქვს კიბე კორპუსიდან მიწის ნაკვეთამდე. აღნიშნული დასტურდება ფოტო მასალებითაც. კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარდგენილ იქნა ორი მოწმის განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა გ. ფ-ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო თავისი არგუმენტაციის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლამდე შენობა იდგა სხვა ადგილას, ხოლო 2016 წელს - სხვა ადგილას. გ. ფ-ის მითითებით, შენობის განვითარება არ ეწინააღმდეგება საკითხის მარეგულირებელ კანონს. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმებოდა სკვერის მოწყობა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას სადავოდ არ გაუხდია ნაკვეთზე შენობის არსებობა და გ. ფ-ის მიერ მისი ფლობა. აღნიშნული საფუძვლების შესახებ მხარემ მხოლოდ პროცესზე განაცხადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებლი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს. ამდენად, გ. ფ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი წარმოადგენდა.
საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული 2006-2007 წლების ორთოფოტოს მიხედვით (ტ.1, ს.ფ.145-146), სადავო ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომელიც ნაწილობრივ ექცეოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში. აღნიშნული ნაგებობა არ ფიქსირდება 2014-2017 წლით დათარიღებულ ორთოფოტოზე.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ერთხელ უკვე იმსჯელა სადავო ტერიტორიაზე გ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე. 2019 წლის 24 იანვრის №01/24/2019 განკარგულებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დასახელებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული არ იყო საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ამავე დროს დაინტერესებული პირს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არ ჰქონდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთი. აღსანიშნავია, რომ მითითებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე (ტ. 1, ს.ფ. 178-179) და ფოტოებზე (ტ.1, ს.ფ. 180-182), რომლებიც დათარიღებულია 2016-2017 წლებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდებოდა. ამდენად, მართალია, დღეის მდგომარეობით, დადასტურებულია სადავო ტერიტორიაზე შენობის არსებობა, თუმცა მოსარჩელე მხარე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებს აღნიშნული ნაგებობის 2007 წლამდე განთავსების ფაქტს. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული შენობა 2007 წლის შემდეგ არის აშენებული. ამდენად, გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა იმის შესახებ, რომ არ არსებობდა სადავო მიწის ნაკვეთზე გ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარების კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ნაგებობის განვითარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალების შესაბამისად დადგენილია, რომ 2007 წლამდე განთავსებული ობიექტი და დღეის მდგომარეობით არსებული შენობა სხვადასხვა ნაგებობებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. გ. ფ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.07.2023წ. №17951206076 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა