Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-707(კ-23) 14 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ფ. ფ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ფ. ფ-ამ 2021 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2021 წლის 28 აპრილის №629 განკარგულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე ფ. ფ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ფ. ფ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის N629 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ფ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთზე ფ. ფ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №629 განკარგულება და მოპასუხეს ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №1-ის მიმდებარედ, 374.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე ფ. ფ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №629 განკარგულება გამოცემული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 9 აგვისტოს №3/4653-17 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში და მოსარჩელის მიერ კომისიაში 2016 წლის 06 ივნისს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო არ იზიარებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის შესახებ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც სადავო მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქციური ზონა. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამავე ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიმდებარე მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ კერძო საკუთრებას აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განსახილველ საკითხზე განმეორებით მსჯელობისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია ფ. ფ-ას მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არარსებობაზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გარემოება იქნებოდა მითითებული უარის საფუძვლად, მით უფრო იმ პირობებში, როცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გამოკვლევის შედეგად იყო გამოსაცემი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

პალატის მითითებით, საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა, სავსებით შესაძლებელს ხდიდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა ფ. ფ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ასევე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე, კომისიამ მართებულად მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას. კერძოდ, 2019 წლის დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოექცა გამწვანებული ტერიტორიის საზღვრებში, კატეგორია - ურბანული გამწვანება (შიდა კვარტალური) და იგი თავისი მდებარეობით შეუსაბამო იყო არსებული განაშენიანებისათვის. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

კასატორმა აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 11 მარტის №10 ოქმის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 2016 წლის განცხადებასთან დაკავშირებით, 2019 წელს დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გათვალისწინების დაუშვებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ კომისიამ ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო 2021 წელს, მას შემდეგ რაც უკვე ამოქმედებული იყო №39-18 დადგენილება, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენდა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ასევე, სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უფლებასაღიარებელი ნაკვეთის მომიჯნავედ აღიარებულ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა ხსენებული მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენენ დავის საგანს, სასამართლოს არ შეუფასებია რა გარემოებების გათვალისწინებით იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, შესაბამისად, ადგილი არ შეიძლება ჰქონოდა თანასწორობის პრინციპის დარღვევას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივლისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე. ამასთან უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული.

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმება საჭიროებს მიწის ნაკვეთზე ფ. ფ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №629 განკარგულების კანონიერების დადგენას. ხსენებული განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შეუსაბამო იყო ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებასთან.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წლის 06 ივნისს, ფ. ფ-ამ №14/10313 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №1-ის მიმდებარედ 374 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელსაც მისი განმარტებით, უვლიდა და ფლობდა 1993 წლიდან. 2016 წლის 19 ივლისს, ფ. ფ-ამ №14/10313 განცხადებით კვლავ მიმართა კომისიას და დამატებით წარადგინა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 18 ივლისის №004245616 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №...-ში ფ. ფ-ას მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის აშენების თარიღის (წელი, თვე) დადგენა შეუძლებელი იყო მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი სახის მეთოდიკის არ არსებობის გამო, თუმცა საქართველოს საჯარო რეესტრის ვებ მისამართიდან (...) მიღებული ინფორმაციით, 2005 წლის ორთო-ფოტო გადაღებაზე ფიქსირდებოდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე არსებული შენობა-ნაგებობები, რაც ადასტურებდა, რომ შენობა-ნაგებობები აშენებული იყო 2005 წლამდე.

2016 წლის 06 სექტემბერს, ფ. ფ-ამ №316359/12 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და დამატებით წარადგინა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 05 სექტემბრის №005283216 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩის №...-ში მდებარე მოქალაქე ფ. ფ-ას მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ერთსართულიანი შენობა მიეკუთვნებოდა კაპიტალურ ნაგებობას.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 სექტემბრის №530 საოქმო გადაწყვეტილებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., კორპ №1-ის მიმდებარედ) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა ფ. ფ-ას, იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 აგვისტოს №3/4653-17 გადაწყვეტილებით, ფ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 სექტემბრის №530 საოქმო გადაწყვეტილება ფ. ფ-ასათვის ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., კორპუსი №1-ის მიმდებარედ არსებულ 374 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო ნაკვეთზე ფ. ფ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 28 აპრილის №629 განკარგულება, რომლითაც ფ. ფ-ას კვლავ უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ქ. №..., კორპ. №1-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 374.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე, ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებასთან შეუსაბამობის მოტივით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, ფ. ფ-ას მოთხოვნაზე უარის თქმის დასასაბუთებლად მოპასუხე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 აგვისტოს №3/4653-17 გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის არ შეაფასა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები, შესაბამისად, ფ. ფ-ას განცხადების ხელახალი განხილვის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია მის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება, რაც არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...-ის“ ნოტარიულად დამოწმებული 2016 წლის 02 ივნისის №23 კრების ოქმი, რომლის თანახმად, ამხანაგობა და მისი ყველა წევრი ადასტურებს, რომ მოქალაქე ფ. ფ-ა 1993 წლიდან სარგებლობს და ფლობს ქ. თბილისში, ...ს ქ. №..., კორპუსი №1-ის მიმდებარედ, 374.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთს, მასზე მდგომი შენობა-ნაგებობით, ფართით - 14.76 კვ.მ. ამასთანავე, გ. ტ-ეის 2016 წლის 02 ივნისის და ნ. ლ-ეის 2016 წლის 06 ივნისის ნოტარიულად დამოწმებული ,,უძრავი ქონების მფლობელობაზე და საკუთრებაზე თანხმობის ხელშეკრულებების“ თანახმად, აღნიშნული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...ის №...-ის მიმდებარედ) გვერდით მიწის ფართს - 374 კვ.მ და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას 1993 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ფ. ფ-ა, რა გარემოებასაც ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები. საკასაციო პალატა მართალია არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ყველა შეფასებას სადავო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა, ხოლო მოცემულ საქმეს - არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა