Facebook Twitter

№ბს-1016(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ღ-იმა და გ. ქ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანება; ბ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ. ქ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის №8 დაწესებულების ... სამსახურში ექიმის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; გ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს გ. ქ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; დ) ბათილად იქნეს ცნობილი მ. ღ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6462 ბრძანება; ე) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მ. ღ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის №8 დაწესებულების ... სამსახურში ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ვ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს მ. ღ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; ზ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ღ-ის დაუყოვნებლივ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; თ) დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ქ-ის დაუყოვნებლივ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ღ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ღ-იმა და გ. ქ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ-ისა და გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ღ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანება და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ქ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში ექიმის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გ. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით. ბათილად იქნა ცნობილი მ. ღ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6462 ბრძანება და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ღ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის №8 პენიტენციური დაწესებულების ... სამსახურში ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მ. ღ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება „გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება გ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანება და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ქ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის N8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში ექიმის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა გ. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ უნდა დაუშვას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამსახურში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად მოსამსახურთა დათხოვნა/გათავისუფლებას, დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აღნიშნული საკითხები შეეხება პენიტენციური სისტემის საშტატო რაოდენობის ოპტიმიზაციას, თანამდებობაზე დასანიშნი მოსამსახურეების კანდიდატურების შერჩევას, რაც განაპირობებს პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. დაწესებულების რეორგანიზაცია არის შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოყვეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, აგრეთვე, შტატების რაოდენობის ცვლილება. განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სამსახურის ...ში შტატების შემცირება, №8 პენიტენციური დაწესებულების ... პუნქტის ექიმის საშტატო ერთეულების შემცირება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 14.02.2019წ. №295 განკარგულების საფუძველზე გამოცემულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 16.02.2019წ. №457 ბრძანებაზე, დასახელებულ ბრძანებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 29.04.2020წ. №6425 ბრძანებით განხორციელებულ ცვლილებებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბდა დაწესებულების ... პუნქტებში საშტატო ერთეულები და თანამდებობრივი სარგოები, მათ შორის, ექიმის შტატი 26 ერთეულიდან შემცირდა 19 ერთეულამდე. ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების შედეგად განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, შტატების შემცირებისა და სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების/დათხოვნის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყვნენ გაფრთხილებულნი ... პუქნტის მოსამსახურეები, მათ შორის გ. ქ-იც.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუქნტზე, მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, პატიმრობის კოდექსის მე-7 პრიმა მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ შტატების შემცირების შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი კანონით პირდაპირაა გათვალისწინებული. ვინაიდან რეორგანიზაციის ფარგლებში შტატების შემცირება თავისთავად იწვევს გარკვეულ მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლებას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 07.11.2019წ. №19307 ბრძანებით ...ში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები: ტესტირება (ზოგად უნარებსა და პროფესიულში) და გასაუბრება. ზოგადი უნარების ტესტში გ. ქ-ის შედეგი იყო 39 ქულა, ხოლო პროფესიულ ტესტში - 37. რაც შეეხება გასაუბრების ეტაპს, კომისიის წევრების მიერ კანდიდატებისთვის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად დასმული ერთგვაროვანი კითხვებისა და მათ მიერ გაცემული პასუხების, პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიული უნარების მიხედვით, შეფასება ხდებოდა 5-ქულიანი სისტემით, სადაც მინიმალური ქულა იყო 1 (არადამაყმაყოფილებელი) და მაქსიმალური - 5 (ძალიან კარგი). გ. ქ-ის გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის 6 წევრი. ქ-ის გასაუბრების ქულამ ჯამში შეადგინა 7, რაც სხვა კანდიდატებთან შედარებით, აღმოჩნდა ყველაზე ნაკლები, კერძოდ, მასზე ნალები ქულა არ ჰქონდა არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი ქულა ჰქონდა 20 ექიმს. შესაბამისად, კომისიამ ქ-ის კანდიდატურა არ წარადგინა შესაბამის პოზიციაზე დასანიშნად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქევანაშვილმა ვერ შეძლო, დაერწმუნებინა კომისიის წვრები მისი კანდიდატურის შესაბამისობაში დასაკავებელ თანამდებობათან. აგრეთვე, არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ კომისია მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და კომისიამ გასაუბრების მსვლელობისას კომისიის წევრების მიერ კანდიდატისთვის დასმული ერთგვაროვანი კითხვების, კანდიდატის მიერ გაცემული პასუხების, პირადი უნარ-ჩვევების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიული უნარების შეფასების შედეგად, ღია კენჭისყრის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხებს, კასატორის მითითებით, აღნიშნული წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგს, რაც ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ წინამდებარე დავაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება „გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება მ. ღ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.

რაც შეეხება გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143297/01 წერილით დგინდება მხოლოდ თითოეულ ეტაპზე მიღებულ ქულათა ოდენობები, თუმცა გაურკვეველია ქულათა ჯამის გამოთვლა რა პრინციპით განხორციელდა, რის გამოც გ. ქ-ის სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო მაღალი შედეგი მიენიჭა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში გ. ქ-ის შედეგი იყო 39 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), ხოლო პროფესიულ ტესტში - 37 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), რის თანახმადაც, №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში 13 ექიმს ჰქონდა ტესტირებაში მასზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი - 9 ექიმს. ასევე დადგენილია, რომ გასაუბრების შედეგების მიხედვით, გ. ქ-იზე ნაკლები ქულა არ ჰქონდა არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი - 20 ექიმს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ მოსამსახურეთა მიმართ უპირატესობის მინიჭება ეფუძნებოდა გასაუბრებაზე დაგროვილ ქულათა რაოდენობას, ზემოაღნიშნული წერილის შესაბამისად, მოსარჩელეზე მეტი ქულა ჰქონდა 20 ექიმს. ამასთან, საგულისხმოა, რომ საშტატო ერთეულიც მხოლოდ 20 იყო, ხოლო თუ გასაუბრების შედეგთან ერთად გასათვალისწინებელი იყო ტესტირების შედეგებიც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული ის გარემოება, რომ გ. ქ-ის მონაცემები - ტესტირებისა და გასაუბრების ქულათა ჯამი, უდავოდ აღემატებოდა სხვა ექიმთა უმეტესობის შედეგებს და იყო თუნდაც მეოცე ადგილზე. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის გამოკვლეული და შესაბამისად, გ. ქ-ის აღდგენის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.“

საქმის ხელახალი განხილვის შედეგად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება გ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანება და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ქ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში ექიმის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა გ. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისთვის, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 07 ნოემბრის №19307 ბრძანებით დადგინდა, რომ დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის რეორგანიზაცია. დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განისაზღვრა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების შემდეგი საშუალებები: ა) ზოგადი უნარების ტესტი; ბ) პროფესიული ტესტირება; გ) გასაუბრება (ტ. 1, ს.ფ. 62-63); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორის 2019 წლის 12 ნოემბრის №19612 ბრძანებით განისაზღვრა, რომ კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების კრიტერიუმები ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის შემდეგ მოსამსახურეებზე: ა) მთავარ ექიმზე, მთავარი ექიმის მოადგილეზე, ექიმზე, ექიმ სტომატოლოგზე, ექიმ ლაბორანტზე, განყოფილების უფროსს ექიმზე, კლინიკურ ფსიქოლოგზე, ლაბორატორიის განყოფილების უფროსზე, უფროს ექთანზე, ექთანზე, ...ის ასისტენტზე, ლაბორანტზე, წამლების სამარაგოს პასუხისმგებელ პირზე, ფარმაცევტზე და ფარმაცევტის ასისტენტზე - ზოგადი უნარების ტესტი, შესაბამისი პროფესიული ტესტი და გასაუბრება; ბ) ადმინისტრაციულ ასისტენტზე, დიასახლისზე, რენტგენ-ლაბორანტზე, სანიტარზე და სტატისტიკოსზე - ზოგადი უნარების ტესტი და გასაუბრება (ტ.1, ს.ფ. 64-65); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის №8 დაწესებულების ... პუნქტში განსაზღვრული იყო 76 საშტატო ერთეული, მათ შორის, მთავარი ექიმის - 1 შტატი; ექიმის - 26 შტატი; ექიმი სტომატოლოგის - 2 შტატი; ადმინისტრაციული ასისტენტის - 1 შტატი; წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირის - 1 შტატი; ...ის - 43 შტატი; ...ის ასისტენტის - 2 შტატი (ტ.1, ს.ფ. 145-146); დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 29 აპრილის №6425 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებაში და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, 2020 წლის პირველი მაისიდან. აღნიშნული დანართიდან ირკვევა, რომ №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში შემცირდა საშტატო ერთეულების საერთო რიცხოვნობა და სულ განისაზღვრა 62 საშტატო ერთეული, მათ შორის, სამედიცინო პუნქტის უფროსის 1 საშტატო ერთეული; ექიმის 19 საშტატო ერთეული; ...ის 40 საშტატო ერთეული; წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირისთვის კი გათვალისწინებული იქნა 2 საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ. 57-58); ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანებით გ. ქ-ი 2020 წლის პირველი მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან. ამავე ბრძანებით გ. ქ-ის მიეცა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გათავისუფლების კანონისმიერ საფუძვლებად მიეთითა პატიმრობის კოდექსის 71 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილები, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ივლისის №52 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 52-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებებთან და/ან შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით რეორგანიზაციის დაწყებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 7 ნოემბრის №19307 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 111); ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2020 წლის 15 ივნისის №143297/01 წერილით გ. ქ-ის ეცნობა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ზოგადი უნარების ტესტში მისი შედეგი იყო 39 ქულა (მაქსიმალური ქულა - 80), პროფესიულ ტესტში - 37 ქულა (მაქსიმალური ქულა - 50), ხოლო გასაუბრების შედეგია - 7 ქულა (მაქსიმალური ქულა - 30). რაც შეეხებოდა გ. ქ-იზე მეტი და ნაკლები ქულების მქონე ექიმთა რაოდენობას, №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში 13 ექიმს ჰქონდა ტესტირებაში გ. ქ-იზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი ქულა ქონდა 9 ექიმს. გასაუბრების შედეგების მიხედვით კი, გ. ქ-იზე ნაკლები ქულა არ აქვს არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი ქულა ჰქონდა 20 ექიმს (ტ.1, ს.ფ. 118-119).

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 2024 წლის 1 იანვრიდან) 32.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაციამ მხოლოდ შტატის შემცირების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ამასთან, შტატების შემცირების მოტივით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისას „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა გათავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-166-165(კ-16)).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ქ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების საფუძვლით. ამავე ბრძანებით გ. ქ-ის მიეცა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) რომელიმე ეტაპისათვის (ტესტირება, გასაუბრება) უპირატესობის მინიჭება არ ყოფილა ნორმატიულად განსაზღვრული. გასაუბრების შედეგთან ერთად გასათვალისწინებელი იყო ტესტირების შედეგებიც; ბ) დამატებით გამოთხოვილი ინფორმაციის - კანდიდატთა შედეგები დაშტრიხული სახით (იხ. ტ.2, ს.ფ. 182-193), და მხარეთა განმარტების შედეგად, რომლის თანახმად, ცხრილში მითითებული ნუმერაციიდან, პირველიდან 23-ის ჩათვლით ნომრები ეკუთვნის კონკურსის მონაწილე ექიმებს, აქედან №15 გრაფაში მითითებულია კონკურსანტი - გ. ქ-ი, სააპელაციო პალატამ შეაჯამა ხსენებულ ცხრილში მითითებული ყველა ექიმის ქულა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ქულათა საერთო ჯამით გ. ქ-ი მე-15 ადგილს იკავებს (პროფესიული ტესტების ჩათვლით).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მიმდინარეობისას და, მათ შორის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს საქმის ხელახალი განხილვის შედეგად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს, რომ რომელიმე ეტაპისათვის (ტესტირება, გასაუბრება) უპირატესობის მინიჭება არ ყოფილა ნორმატიულად განსაზღვრული. გასაუბრების შედეგთან ერთად გასათვალისწინებელი იყო ტესტირების შედეგებიც. ასევე, ქულათა საერთო ჯამით გ. ქ-ი მე-15 ადგილს იკავებს (პროფესიული ტესტების ჩათვლით).

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გარდა იმისა, რომ მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, დეპარტამენტში სამსახურის გასაგრძელებლად გადასანიშნი მოსამსახურეების იდენტიფიცირების კრიტერიუმებად განესაზღვრა დაკავებულ/დასაკავებელ პოზიციასთან მათი კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების საშუალებები (ზოგადი უნარების ტესტი; პროფესიული ტესტირება; გასაუბრება), ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა, დაედგინა და ნორმატიულად განესაზღვრა ჩასატარებელი კონკურსის წესები, რომლითაც განისაზღვრებოდა, თუნდაც კომპეტენციის შესაბამისობის შემოწმების რომელიმე საშუალებისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხი, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, რომ გასაუბრების ეტაპს ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, საფუძველს მოკლებულია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 07 ნოემბრის №19307 ბრძანებიდან ირკვევა, რომ გასაუბრებისას კანდიდატები შეფასდებოდნენ ქულობრივი სისტემით, ხოლო ის კანდიდატი, რომელიც გასაუბრების ეტაპზე კომისიის მიერ შეფასდებოდა 1 არადამაკმაყოფილებელი ქულით, შესაძლოა გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ გ. ქ-იმა გასაუბრებაზე მიიღო 7 ქულა, რაც შეეხება ტესტირებებს, ზოგადი უნარების ტესტში მისი შედეგი იყო 39 ქულა, პროფესიულ ტესტში - 37.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითება მარტოოდენ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე არ ათავისუფლებს ადმინისტრაციული ორგანოს ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასოს გადასანიშნი მოსამსახურეები მათთან ჩატარებული ზოგადი და პროფესიული ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით და ყველა მოხელის მონაცემების ურთიერთშედარებისა და ანალიზის პირობებში, უკეთესისა და საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება მოხელის გათავისუფლების, თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში 13 ექიმს ჰქონდა ტესტირებაში გ. ქ-იზე ნაკლები ქულა, ხოლო მეტი ქულა ქონდა 9 ექიმს. გასაუბრების შედეგების მიხედვით კი, გ. ქ-იზე ნაკლები ქულა არ აქვს არც ერთ ექიმს, ხოლო მეტი ქულა ჰქონდა 20 ექიმს (ტ.1, ს.ფ. 118-119). ამასთან, საქმის ხელახალი განხილვის შედეგად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ქულათა საერთო ჯამით გ. ქ-ი მე-15 ადგილს იკავებს (პროფესიული ტესტების ჩათვლით).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია გადაწყვეტილება უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით, რის გამოც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 30 აპრილის №6474 ბრძანება.

რაც შეეხება სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადაო პერიოდში მოქმედ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას (1); ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ (2).

დასახელებული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. დასახელებული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით.

ანალოგიური საკანონმდებლო დანაწესი მოქმედებს დღეისათვის მოქმედი პენიტენციური კოდექსით, რომლის 31-ე მუხლის შესაბამისად, (1) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე სამსახურში უნდა იქნეს აღდგენილი. (2) მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ. (3) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო. (4) მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან თანამდებობრივი გადაყვანის შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღდგენილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურში აღდგენაზე უარს ამბობს.

მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 15 სექტემბრის №14643 ბრძანებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 262-263) სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია თანამდებობის ვაკანტურობა, კერძოდ, დასახელებული ბრძანების დანართი №1-ით დგინდება, რომ საშტატო ერთეულთა საერთო რაოდენობა გაზრდილია 79 ერთეულამდე და მათ შორის გათვალისწინებულია ექიმის 29 საშტატო ერთეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ იქნა მიჩნეული ექიმ გ. ქ-ის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლება, ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებობს იდენტური უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი იგივე თანამდებობები, მით უფრო გაზრდილი საშტატო რიცხოვნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა №8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პუნქტში ექიმის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია, შესაბამისად, ზემოთ დასახელებული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ასევე საფუძვლიანია მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაც.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე